როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები პირობებს არ ასრულებენ. ეს ტენდენცია აშკარაა და თანდათან მზარდიც.
კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ მოხვედრილთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. უწყების მიერ ამჟამად 285 სარეგისტრაციო ჩანაწერია გაკეთებული. 2012 წლის 6 თვეში ჩანაწერთა რაოდენობა 176-ს შეადგენდა. შარშან სიაში 160 კომპანია მოხვდა, ხოლო 2010 წელს შავ სიაში სულ 80-მდე ჩანაწერი აღმოჩნდა.
კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, „შავ სიაში“ ერთი კომპანია, შესაძლოა, რამდენჯერმე აღმოჩნდეს, ამიტომ, ზუსტი მონაცემების დათვლა გარკვეულ ანალიზს საჭიროებს.
2012 წლის „შავი სიაში“ მოხვედრილთა შორის აღმოჩნდა სადაზღვევო კომპანია „ტაო“, რომელსაც ერთი წლით სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალა. „შავ სიაში“ აღმოჩნდნენ აგრეთვე შპს „ინტელექტენერგო XXI+“, საფეხბურთო კლუბი „ერთობა“, „ბერმუდი პლუსი“, „გრინვოლდი“, “ინტერკონტინენტალი”, “ქეარ სერვის ჯგუფი”, “სავანე”, “უნიმედი”, “თბილისის მონოლითმშენი” და სხვა. შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ მრავლად არიან ინდმეწარმებიც.
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განმარტავენ, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილთა რიცხვის ზრდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების ზრდითაა გამოწვეული, ასევე უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით, გაიზარდა როგორც დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა, ასევე იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ.
„შავ სიაში“ მოხვედრა ყველასთვის ცუდია, რადგან მომავალში, სახელმწიფოს მხრიდან შესყიდვების გამარტივების შემთხვევაში, მათ ტენდერში მონაწილეობა ეზღუდებათ. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია დედაქალაქის მერიისთვის, რომელმაც 11 ივნისის სკანდალური გადაწყეტილება გამოიტანა. „მზიურის“ II ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების უფლება შპს „აბგ და კომპანიას“ მიეცა, რომელიც სხვათა შორის ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის მამის საკუთრებაა.
საქმე ისაა, რომ ორიოდე დღის შემდეგ „აბგ და კომპანია” კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტომ „შავ სიაში“ შეიყვანა, შესაბამისად, მინისტრის მამის კომპანიას 1 წლით სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალა. მიუხედავად ამისა, „აბგ და კომპანიასთან” ხელშეკრულება მაინც გაფორმდა და მას სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად 529 498 ლარი გადაულოცეს.
ოპოზიციამ ეს ფაქტი გააპროტესტა. საკრებულოს დეპუტატი ზაზა გაბუნია „მზიურში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის მერიისგან განმარტებებს ითხოვს. ქდმ-ს წევრმა ზაზა გაბუნიამ პირდაპირ “მზიურ-ქალაქთან” (უფრო სწორად ნაქალაქართან) გამართა ბრიფინგი, სარეაბილიტაციო სამუშაოების ირგვლივ შეკითხვებიც დასვა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მერიამ სამუშაოების განხორციელების უფლება „შავ სიაში“ შეყვანილ კომპანიას მისცა, გაუგებარია თავად პროექტის შინაარსიც. „მერია არ ახმოვანებს კონკრეტულ და გასაგებ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა იგულისხმება „სარეაბილიტაციო სამუშაოების II ეტაპის“ მიღმა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაყენებთ ორ ძირითად მოთხოვნას: თბილისის მერიამ დეტალურად აუხსნას საზოგადოებას, რა იგულისხმება სარეაბილიტაციო სამუშაოებში; რამდენად იქნება დაცული „მზიურის” სარეკრეაციო ფუნქცია და მასთან დაკავშირებული სხვა ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები; და მეორე - შედგეს საგანგებო კომისია ოპოზიციური ძალების, სამოქალაქო საზოგადოების და დაინტერესებული ჯგუფებისგან, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის უფლებამოსილება ექნება“, - აღნიშნა გაბუნიამ.
გაბუნიას კითხვებზე პასუხების მოძიებისთვის მერიაში თავი არ მოკლავთ, მაგრამ უგულავას ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ქორქაშვილმა როგორც იქნა რაღაც კომენტარი გაიმეტა.
„2012 წლის 11 ივნისს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად შპს “აბგ და კომპანია” გამოვლინდა, რომელთანაც ხელშეკრულება თბილისის მერიამ კანონმდებლობის სრული დაცვით გააფორმა”, - აცხადებს ქორქაშვილი.
თბილისის მერიამ დასასვენებელი პარკ “მზიურის” რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2012 წლის 30 აპრილს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყო და 21 მაისს დასრულდა, ანუ ამ დროსითვის ჭიაბერაშვილის მამის კომპანია ჯერ „გაშავებული” არ იყო.
ქორქაშვილის თქმით, კომპანია განახორციელებს პარკ “მზიურის” რეაბილიტაციის II ეტაპის სამუშაოებს, ხოლო თუ მისი მხრიდან ადგილი ექნება სამუშაოების არაკეთილსინდისიერად შესრულებას, ხელშეკრულება გაუქმდება და გამოცხადდება ახალი ტენდერი.