მძიმე ბავშვობა – რამდენს იწონის მოსწავლის ჩანთა?

მძიმე ბავშვობა – რამდენს იწონის მოსწავლის ჩანთა?

ცუდი განათება, სტრესი, არარეგულარული კვება, სხეულის არასწორი მდებარეობა, ტრავმატიზმი – ეს სასკოლო სწავლების პროცესის რისკებია. მალე ამ ჩამონათვალს, შეიძლება, მოსწავლის ჩანთაც მიემატოს. 

საუბრები იმის შესახებ, რომ თანამედროვე მოსწავლის ჩანთა იმაზე მძიმეა, ვიდრე შეიძლება, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანში მიმდინარეობს, თუმცა, ყველაზე მეტი სალაპარაკო, როგორც რეალობა აჩვენებს, ქართველი მოსწავლეების მშობლებს აქვთ. 
 
მარინა მელქაძის ქალიშვილი მერვე კლასელია. „ყოველ დღე, ცხრილის მიხედვით რა ჩანთაც მიაქვს – მხოლოდ წიგნები, რვეულები და კალამი, არაფერი ზედმეტი – წონა ექვს კილოგრამსა და 800–900 გრამს არ ჩამსოცდა. ამაზე მეტს იწონის, ამაზე ნაკლებს – არასდროს,“ – ამბობს მარინა, – „ამსიმძიმე ჩანთის ტარება საშინელებაა. მეც კი მიჭირს, სანამ სკოლამდე მივუტან. მერვეკლასელია კია, მაღალი, ჯანმრთელი ბავშვია, მაგრამ, ასე თუ გაგრძელდა, ამოდენა ჩანთის თრევა ფიზიკურად გაანადგურებს. მისი თანაკლასელის დედა ექიმია, მან თქვა, რომ ამან, შეიძლება, ზემოქმედება იქონიოს მხედველობაზე, ფეხის ტერფებზე, ნერვულ სისტემაზე, ხერხემალზე, გამოიწვიოს თავის ტკივილები, ბევრი სხვა პრობლემა. ხერხემლის პრობლემა ხომ ისედაც ყველა ბავშვს აქვს, ამ საშინელი მერხების გამო და ახლა ეს თუ დაემატა, ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუუარესდებათ.“

შვიდ კილოგრამამდე ჩანთა ახალი ქართული რეკორდია. მეზობელ აზერბაიჯანში, მცხოვრები საბირა მამედზადე, მაგალითად, ჩიოდა, რომ მისი გოგონას ჩანთა ხუთ კილოგრამამდე იწონის („ცოდნის მძიმე ტვირთი“, საბინა ალიევა, ინტერნეტპორტალი „ზერკალო“). მისი მონათხრობის მიხედვით, თუკი ტვირთის შემსუბუქების მიზნით, ბავშვი რომელიმე სახელმძღვანელოს სახლში ტოვებს, მასწავლებლისგან მკაცრ შენიშვნას იღებს. 

მასწავლებლისგან შენიშნვნას, სავარაუდოდ, არ მიიღებს მარინა მელქაძის ქალიშვილი, რომელის კლასის დამრგებელმაც, გაღიზიანებულ მშობლებს სახელმძღვანელოების დაშლა და ისე ტარება შესთავაზა, თუმცა, ამაზე უარს უკვე ბავშვები ამბობენ. „არ იციან, ამას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საბოლოოდ და იმიტომ, – ამბობს მარინა, – ასეც რომ არ იყოს, ამდენი ფული სახელმძღვანელოებში იმისთვის გადავიხადეთ, რომ საკუთარი ხელთ დაგვეშალა? ავიღებდით ერთ წიგნს, ქსეროქსით გავამრავლებდით და უფრო იაფი დაგვიჯდებოდა. არ შეიძლებოდა, წიგნები ამსიმძიმე არ ყოფილიყო? რაღაც სტანდარტი ხომ უნდა არსებობდეს, რომელიც იტყვის, რა წონას არ უნდა გადააჭარბოს მოსწავლის ჩანთამ! მე ამის გარკვევა ვერ მოვახერხე. საქსტანდარტში მითხრეს, რომ არანაირი ნორმატივი ამაზე არ არსებობს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კი, თუ არ ვცდები, იურიდიულ განყოფილებაში, დამამშვიდეს, შრიფტს შევამცირებთო. როდის იქნება ეს, ან როგორ შემცირდება სახელმძღვანელოების შრიფტი, არავინ ამბობს“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა რუხაძე განმარტავს, რომ ნორმატივი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებდა, საქართველოში არ მოქმედებს. მოხერხდა მხოლოდ ერთი წიგნის („ბავშვთა ჰიგიენა“) მოძიება, რომლის მიხედვითაც, 9 წლამდე ასაკის ბავშვის ხელჩანთა 2–3, ზურგჩანთა კი 3–5 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, „სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესში“ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება #19/ნ, 2010 წლის 15 მარტი) სახელმძღვანელოს წონის შესახებ არაფერი წერია, მოთხოვნების გრძელ ჩამონათვალში ეს პუნქტი არ შედის. 

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ერთ–ერთი ხელმძღვანელი, თინათინ მამულაშვილი ამბობს, რომ, მართალია, წონის შეზღუდვა სახელმძღვანელოებზე წელს არ იყო, მაგრამ, შესაძლოა, იგი მომავალ წელს დაწესდეს. სახელმძღვანელოებს საქართველოში სხვადასხვა გამომცემლობები ამზადებენ, დაზუსტებით იმის თქმა კი, გაჩნდება თუ არა გრიფირების წესში რაიმე ტიპის პირობა სახელმძღვანელოს წონასთან დაკავშირებით, მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეუძლიათ. მაგრამ იქ დუმან. სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსმა, ნინო პოტრჟებსკაიამ კითხვების ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა მთხოვა. მათზე პასუხები ჯერაც არ ჩანს.  

უფრო წარმატებული აღმოჩნდა ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა საბინა ალიევა, რომელმაც საკუთარი განათლების სამინისტროსგან კომენტარის მიღება მოახერხა. როგორც აღმოჩნდა, არც აზერბაიჯანში აქვთ პასუხი იმაზე, თუ რამდენს უნდა იწონიდეს მოსწავლის ჩანთა. სულ სხვა სურათია ესტონეთში, ერთ–ერთ ყველაზე განვითარებულ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. ესტონეთის ხელისუფლება აწესებს, რომ მეორე–მესამე კლასელის ჩანთა, სახელმძღვანელოებთან და სხვა შიგთავსთან ერთად, სამ, მეოთხეკლასელისა კი სამნახევარ კილოგრამზე მძიმე არ უნდა იყოს (http://www.delfi.ee/). 

როგორც ამ ინტერნეტპორტალმა გაარკვია, მოსწავლეთა 30 პროცენტი ოთხ კილოგრამზე მძიმე ჩანთას ატარებს, მე–12 კლასელების ჩანთები კი, ხშირ შემთხვევაში, ხუთნახევარ კილოგრამს აღწევს. განგაშის ზარს ისევ ესტონეთის ხელისუფლებამ შემოჰკრა და მშობლებს მოუწოდა, ყურადრებით შეამოწმონ თავიანთი შვილების ჩანთები და იქიდან ამოიღონ სწავლისთვის უსარგებლო ნივთები, რომელსაც ბავშვები, ხშირად, თან დაატარებენ. 

ესტონეთში არ დგას მძიმე სახელმძღვანელოების პრობლემა, იქ ადამიანებზე – დიდებსა თუ პატარებზე – ერთნაირად ზრუნავენ. კანონი ძირითადი სკოლისა და გიმნაზიების შესახებ, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, ასევე, განათლებისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროების დადგენილებები არეგულირებენ, პრაქტიკულად, ყველა საკითხს – სასკოლო დატვირთვას, სწავლების პროცესს, გაკვეთილების ხანგრძილობასა და თანმიმდევრობას, სკოლაში მიღებას, კვებას, დღის განრიგს, სასკოლო პროცესის ორგანიზებას, მერხების სიმაღლეს, კაბინეტების განათებას, ზომას, ვენტილაციის სისტემის მოწყობილობებს...  

ერთ–ერთი დადგენილების მიხედვით, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას ეხება, სასკოლო ჩანთებისა და ზურგჩანთების წონა შემდეგნაირადაა რეგლამენტირებული: პირველი–მესამე კლასები – მაქსიმალური წონა სამი კილოგრამი, მეოთხე–მეექვსე კლასები – მაქსიმალური წონა სამნახევარი კილოგრამი, მეშვიდე–მეცხრე კლასები – მაქსიმალური წონა ოთხნახევარი კილოგრამი. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ამ წონის ტვირთი ბავშვმა აუცილებლად ზურგჩანთით უნდა ატაროს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნას. 

მეტიც – დღეს ესტონეთში უკვე ამ წონის შემცირებაზე მსჯელობენ. საუბარია სკოლებში სახელმძღვანელოების დამატებითი კომპლექტების არსებობაზე, რაც მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, მძიმე ჩანთის ტარება თავიდან აიცილონ. იქაურ სკოლებში ახლაც დევს სახელმძღვანელოები, რომელთა გამოყენება ბავშვებს ადგილზე შეუძლიათ. დღის წესრიგში მათი რაოდენობის გაზრდაა, თუმცა, ამას, როგორც ესტონელი სპეციალისტები მბობენ, თავად სკოლების ფინანსური შესაძლებლობა განსაზღვრავს. 

ცოტა უფრო შორეულ საზღვარგარეთში, ავსტრიაში, განათლების სამინისტრომ ჯერ კიდევ 1996 წელს მიიღო გადაწყვეტილება სასკოლო ჩანთებისა და ზურგჩანთების მაქსიმალური წონის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მათი წონა ბავშვის წონის 10%–ს არ უნდა აჭარბებდეს. ასეთი დასკვნა ავსტრიაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ მიიღეს. ექიმები იმ დროისთის უკვე მეცნიერულად ადასტურებდნენ, რომ მძიმე სასკოლო ჩანთები იყო სკოლის ასაკის ბავშვების კისრის, ბეწებისა და წელის ტკივილის ძირითადი მიზეზი. 

იმ დროს მოსწავლისთვის ყველაზე საუკეთესოდ ზურგჩანთა აღიარეს. ამასთან, მეცნიერებმა მშობლებს ურჩიეს, შვილებისთვის შეეძინათ ზურგჩანთები ორთოპედიული ზურგით, რომ ბავშვის ჩამოუყალიბებელი ხერხემალი, ჩანთაში უწესრიგოდ განთავსებული წიგნების გამო არ გამრუდებულიყო. 

გასული საუკუნის მიწურულს, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: მოსწავლეების ზურგჩანთები სპეციალური სენსორებით აღჭურვეს და შედეგებს დააკვირდნენ. დაკვირვების ობიექტები იყვნენ ბავშვები, რომელთა ჩანთები მათივე წონის 10, 20 და 30 პროცენტს აღწევდა. აღმოჩნდა, რომ 20 პროცენტით მძიმე ზურგჩანთებიდან დაწყებული, წნევა მოსწავლეების მარცხენა მხარზე აღწევდა ვერცხლისწყლის 70, მარჯვენაზე კი 110 მმ–ს, რაც 2–3–ჯერ აღემატება წნევას, რომელმაც, შეიძლება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს.  

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოწოდებულია, საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო. ეს გარემო ეფუძნება არჩევანის თავისუფლებისა და თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო ერთიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს და ხელს უწყობს ადამიანებს, შეიძინონ და განავითარონ სოციალური წარმატებისთვისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები“ – ასეთი გახლავთ ამ უწყების მისია (http://www.mes.gov.ge).

შეიძლება, მასალის მომზადებისას გამოჩენილი გულცივობის ბრალია, მაგრამ ეს განაცხადი ისეთივე ტრაფარეტული ჩანს, როგორიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდი, რომელიც არ ტოვებს ბავშვზე ორიენტირებული უწყების წარმდგენის შთაბეჭდილებას. განსხვავებით ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინსტორის ვებ გვერდისა (http://www.hm.ee), რომელზეც, ვერც მთავარ, ვერც სხვა გვერდებზე მინისტრის და მისი აქტივობის ამსახველ ფოტოებს ვერ იპოვით – იქ სულ ბავშვები არიან.

მარინა მელქაძისთვის, ისევე, როგორც ყველა მშობლისთვის, ვინც საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მნიშვნელობა არ აქვს, დღეში რამდენ შეხვედრას გამართავს ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მისთვის მთავარია შედეგები, რომელიც ამ შეხვედრებს, მინისტრისთვის აუცილებელ ღრმა და შინაარსიან საქმიანობას უნდა მოჰყვეს. ჯერჯერობით კი შედეგები შემაშფოთებელია.