სასამართლოს შენობასა და ეზოში მობილური ტელეფონის შეტანაც იკრძალება

სასამართლოს შენობასა და ეზოში მობილური ტელეფონის შეტანაც იკრძალება

სასამართლოში მობილური ტელეფონისა და სხვა ჩამწერი საშუალებების შეტანა აიკრძალა. შესაბამისი ბრძანება თბილისის საქალაქო სასამართლოს თანმჯდომარემ 19 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზად სასამართლოში სხვადასხვა პირების მიერ ფარული ჩანაწერების გაკეთების მცდელობას ასახელებენ.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონით და წინა ბრძანებით იკრძალებოდა სასამართლოში და სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღებები და ტრანსლაცია, ხოლო სტენოგრაფირება და აუდიო ჩაწერა დასაშვები იყო მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, დამსწრე პირების მხრიდან ხშირად ადგილი ჰქონდა ფარული ჩაწერების განხორციელების მცდელობას მობილური ტელეფონების, პერსონალური კომპიუტერების და თავისუფალ გაყიდვაში არსებული კალმის, მაჯის საათის, პერანგის ღილის, მეხსიერების ბარათისა და გასაღების ჩამოსაკიდის ფორმის ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი საშუალებებით.

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 ივნისის ბრძანება მიზნად ისახავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოში განმარტავენ, რომ ეს შეზღუდვები მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზში შემსვლელებზე გავრცელდება, ხოლო სასამართლოს კანცელარიის, მისაღები განყოფილების და საინფორმაციო ცენტრის მომხმარებლებს არ შეეხება.

თუმცა, თავად ამ ბრძანებაში ჩამოთვლილი შეზღუდვები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. კერძოდ, ბრძანებაში წერია, რომ მანდატური ვალდებულია, სასამართლოში (სასამართლოს ეზო, სასამართლოს შენობა) შესვლისას ვიზუალურად და სათანადო ტექნიკური საშუალებებით შეამოწმოს ხომ არ შეაქვს პირს სასამართლოში ფოტო, კინო, ვიდეოაპარატურა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებები, ხოლო თუ ასეთი დადასტურდა, არ დაუშვას მათი შეტანა; არ დაუშვას სასამართლოში ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების წარმოება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი; არ დაუშვას სასამართლოში აუდიოჩამწერი აპარატურის ჩართულ რეჟიმში შეტანა, აგრეთვე სასამართლოს შენობაში (გარდა სასამართლო სხდომის დარბაზისა სხდომის მიმდინარეობის დროს) აუდიოჩაწერა და სტენოგრაფირება; არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში მობილური ტელეფონის შეტანა; უზრუნველყოს აუდიოჩაწერისა და სტენოგრაფირების შეზღუდვის შესახებ სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მიერ მიღებული განკარგულების შესრულება; არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში იმ პირთა თვითნებური გადაადგილება, რომლებიც ახორციელებენ სასამართლო სხდომის სტენოგრაფირებას ან აუდიოჩაწერას, ასევე ამ პირთა მიერ ტექნიკური მოწყობილობის გადაადგილება იმ ადგილიდან სადაც იგია განთავსებული; დროულად აღკვეთოს სასამართლო სხდომის დარბაზში ნებისმიერი ხმაური რაც გამოწვეულია სტენოგრაფირების ან აუდიოჩაწერის შედეგად.

ამდენად, მართალია, სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეზღუდვები მხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზს ეხება, მაგრამ მეორეს მხრივ, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით მანდატურებს პირდაპირი მითითება აქვთ მიცემული, რომ სასამართლოს ეზოსა და შენობაში შემსვლელებზეც ამგვარი შეზღუდვები გაავრცელონ. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდში ამგავრი შეზღუდვების დაწესება ქმნის განცდას, რომ ხელისუფლება ისეთი ქმედებების ჩადენას აპირებს, რაც საზოგადოების და მით უმეტეს, მედიის მახვილი თვალისგან დაფარული უნდა იყოს. ამასთანავე, ცხადია, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის და მასთან ასოცირებული კომპანიების სასამართლო პროცესებსაც უკავშირდება.

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ეს ყველაფერი იმ სცენარის გაგრძელებაა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კოხრეიძე-რამიშვილის საქმის განხილვის შემდეგ დაიწყო.

„ევროსასამართლოს მოსამართლეებმა ნახეს კოხრეიძე-რამიშვილის საქმის ქართული სასამართლოების მიერ განხილვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, მათ შორის იმ სხდომისაც, რომელზეც აღმკვეთი ღონისძიების საკითხი იხილებოდა. ევროსასამართლო შევიდა დეტალურ განხილვაში, როგორ მიმდინარეობდა ეს სხდომა და თქვა, ამ პროცესზე სრულად წარმოუდგენელი რაღაცეები მოხდა“, - ამბობს ლია მუხაშავრია for.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ამის შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ სასამართლო პროცესის ამსახველმა ვიდეომასალამ შეიძლება მისი უკანონო ქმედებები გამოავლინოს და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეიტანეს ცვლილება, რომლითაც სასამართლო სხდომის დარბაზში ყოველგვარი ვიდეო და აუდიო ჩაწერის განხორციელება აირკძალა. აღსანიშნავია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ სასამართლო სხდომაზე მოსამართლის თანხმობით შეიძლებოდა აუდიო ჩანაწერის გაკეთება. 19 ივნისის ბრძანებით კი ესეც აიკრძალა.

ლია მუხაშავრია ამბობს, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში, მისივე დაფინანსებით სასამართლო დარბაზების უმეტესობაში ვიდეო და აუდიო ჩამწერი აპარატურა დამონტაჟდა და სასამართლოს თანამშრომლებს ამ აპარატურის გამოყენებაც შეასწავლეს. ამდენად, ყველა სასამართლო პროცესი იწერება, მაგრამ საზოგადოებას, მათ შორის ჟურნალისტებს ამ ჩანაწერებზე ხელი არ მიუწვდებათ.

„თუკი სასამართლო სხდომის დარბაზში ვიდეო და აუდიო ჩამწერი აპარატურაა დამონტაჟებული და პროცესს იწერს, მე რაღატომ უნდა ვიწვალო და მივიტანო ვიდეო-კამერა? ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გონიერი ადამიანი არც კი მოისურვებს, რომ ჩანთაში რამე ჩაიგდოს. აქვე გეტყვით, როგორ გავიგეთ ამ აპარატურის სასამართლოებში დამონტაჟების შესახებ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა რეკლამები, რომ სასამართლო სხდომის ჩანაწერის მოპოვება უფრო ადვილი გახდა, რადგან სხდომათა დარბაზებში შესაბამისი აპარატურა დამონტაჟდა“, - აღნიშნავს მუხაშავრია.

მისი თქმით, მისმა ორგანიზაციამ მოკვლევა ჩაატარა და გაარვკია, რომ ამგავრი აპარატურა მართლაც ყველგან არის დამონტაჟებული და საკმარისია, ჩანაწერები მოითხოვო, რომ უპრობლემოდ უნდა მოგცენ. იდეა ასეთი იყო, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ ხდებოდა. ლია მუხაშავრია ამბობს, პრაქტიკაშიც რომ ასე ხდებოდეს, სასამართლოს ამგვარი განკარგულების გაცემა აღარ დასჭირდებოდა.

ადვოკატის თქმით, დღეს საქართველოში სასამართლო პროცესის საჯაროობისა და საქვეყნოობის პრინციპი ირღვევა. მუხაშავრია ამბობს, რომ საქვეყნოობა იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მაინცდამაინც სასამართლო დარბაზში უნდა ადევნებდეს თვალს. არსებობს ტექნიკური საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხდომის ვიდეო და აუდიო ჩანაწერი მიიღოს.

„სასამართლო ცდილობს საკუთარი კარი საზოგადოებას მიუხუროს. ეს ხდება მაშინ, როდესაც სასამართლოში უნდა განხორციელდეს უკანონობა, რომელიც საზოგადოებისგან დამალული და მედიისგან მიყრუებული უნდა იყოს“, - აღნიშნავს ლია მუხაშავრია.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მომავალ არჩევნებს უკავშირდება, რადგან ბოლო პერიოდში ქართულ სასამართლოებში იმდენად დაუჯერებელი გადაწყვეტილებები გამოდის, რომ ამგვარი პროცესების ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ნახვის შემთხვევაში საზოგადოება აღშფოთდება და არჩევნების პროცესში არა ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს დაუჭერენ მხარს. ამიტომ, ლია მუხაშავრია სასამართლოს ამ ბრძანებას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვად აფასებს.

რეგიონული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელი, გაზეთ „გურია ნიუსის“ რედაქტორი ია მამალაძე კი for.ge-სთან საუბარში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როდესაც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი სასამართლო პროცესზე შესვლის წინ საგანგებოდ გაჩხრიკეს, რათა მას დარბაზში რაიმე ჩამწერი საშუალება არ შეეტანა. ჟურნალისტს ჩანთაში დიქტოფონი ჰქონდა, რომელიც ამ პროცესზე არ გამოუყენებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ია მამალაძის თქმით, სასამართლოს მანდატურებმა დიქტოფონზე არსებული ყველა ჩანაწერი შეამოწმეს.

„არ მგონია, რომ სასამართლოს ამ ბრძანებას რომელიმე გონიერმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს, რადგან თუნდაც დღევანდელი მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ჩვენ სრული ინფორმაციული იზოლაციისკენ მივდივართ, თან ისე, რომ ეს კანონიერების ყოველგვარ ფარგლებს სცილდება“, - აღნიშნავს ია მამალაძე.

მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მალე საქართველო იმ ქვეყნების რიცხვში ჩაეწერება, სადაც ინფორმაცია ნაწილობრივაც კი აღარ არის თავისუფალი და ადამიანის უფლებები ნაწილობრივ დაცულიც კი არ არის. ია მამალაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას აწყობს ისეთი საზოგადოება, რომელიც ვერც სასამართლო დარბაზიდან, ვერც დამოუკიდებელი ტელევიზიის მეშვეობით ინფორმაციას ვერ ღებულობს. აქვე მამალაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თვითმმართველობის სისტემაშიც ანალოგიური სიტუაციაა. კერძოდ, თვითმმართველობა, რომელიც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს უნდა იყოს, საზოგადოებისთვის მაქსიმალურად დახურულია.

„ძალიან საშიში და ცუდი ტენდენციაა და ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო მძიმე პერიოდი საქართველოში ინფორმაციის თავისუფლებას ახლა უდგას“, - აცხადებს ია მამალაძე.