„ფარმაცევტული ბაზრის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ადგილობრივი გენერიკების წარმოება, რაშიც წამყვან როლს „ავერსი“ და „პე-ეს-პე“ ასრულებენ. ამ მოვლენას აქვს პოტენციალი, რომ გაზარდოს მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, როგორც კი ამ გენერიკების ფასი მისაღები გახდება. ამჟამად, ეს ასე არ არის, რადგან ყველაზე დაბალფასიანი გენერიკების ფასნამატები 100%-ს უახლოვდება და, როგორც ჩანს, კომპანიები ამ სექტორიდან დიდ მოგებას ღებულობენ.
ამ მხრივ შეშფოთებას იწვევს ის გარემოებები, რომ „ავერსისა“ და „პე-ეს-პე“-ს აფთიაქებში დასაქმებულ ფარმაცევტებს სავარაუდოდ ამ კომპანიების მიერ წარმოებული მედიკამენტების გაყიდვას აიძულებენ, ექიმებს კი სავარაუდოდ ეს კომპანიები მათი მედიკამენტების გამოწერისათვის ანაზღაურებას სთავაზობენ“, - ასეთია ქართული ფარმაცევტული ბაზრის მოკლე შეფასება, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.
მართლაც თითოეული ჩვენგანი არაერთხელ გამხდარა ექიმისა და ფარმაცევტის ზეწოლის ობიექტი. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში ექიმი ისეთ მედიკამენტებს გიწერს, რომლებიც სავარაუდოდ არ გჭირდება, მაგალითად, ერთი ჯგუფის რამდენიმე სხვადასხვა მედიკამენტს, რომელთაგან ერთის დანიშნვაც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ამაში ქართველი მედიკოსები ფარმაცევტული კომპანიებისგან შემოსავალს ღებულობენ. გარდა ამისა, მოქალაქეებს ფარმაცევტებიც ხშრად სთავაზობენ ისეთ მედიკამენტებს, რაც მათ არ სჭირდებათ, მაგრამ სამაგიეროდ, მათი რეალიზება ფარმაცევტულ კომპანიას სურს და ამიტომ, ჩვენს მიერ მოთხოვნილი წამლის ნაცვლად მათთვის სასურველ მედიკამენტს გვთავაზობენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევა რამდენიმე ინდიკატორის შესაბამისად ჩატარდა. ესენია - საბაზრო წილები, ბაზრის განვითარება, ბაზარზე შესვლის ბარიერები (ლიცენზირების წესები, დეფიციტური რესურსების ხელმისაწვდომობა, გაფართოების ბარიერები, ფასების მახასიათებლები), რეგულირების წესები და ფასნამატები.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იზრდება და როგორც ჩანს, მომგებიან სფეროს წარმოადგენს. საქსტატის მონაცემებით, ფარმაცევტული პროდუქტების საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2006 წელს 196.6 მილიონ ლარს შეადგენდა, 201 წელს კი 543.3 მილიონ ლარს მიაღწია. ფარმაცევტულ პროდუქციაზე არსებული მოთხოვნა 2005-2010 წლებში საშუალოდ წელიწადში 17 პროცენტით იზრდებოდა. 2010 წელს საქართველოში საშუალო ოჯახი მისი სუფთა შემოსავლის 34 პროცენტს ჯანდაცვაზე ხარჯავდა, მაშინ, როდესაც 2002 წელს ეს მაჩვენებელი 15 პროცენტს შეადგენდა. საშუალო ოჯახი 2007 წელს ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის 50%-ს ფარმაცევტულ პროდუქციაზე ხარჯავდა, 2010 წელს კი ამ მაჩვენებელმა 60%-ს მიაღწია. ფარმაცევტულ პროდუქტებზე გაწეული დანახარჯები 2007-2010 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 23.7%-ით იზრდებოდა. მსოფლიო ბანკის „ჯანდაცვის გამოყენებისა და დანახარჯების კვლევის“ შედეგების მიხედვით, ამის მთავარი მიზეზი ამბულატორიული მედიკამენტების ფასების ზრდაა.
საქართველო ამჟამად ფარმაცევტულ პროდუქციაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს ხარჯავს, რაც ორჯერ მეტია აშშ-ის ანალოგიურ მაჩვენებელზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებასა და უმსხვილეს ფარმაცევტულ ქსელებს შორის ძლიერი კავშირია და „ავერსი ფარმა“, „პე-ეს-პე“ და „ჯიპისი“ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიების ყველაზე მსხვილ დამფინანსებლებს შორის იყვნენ. მაგალითად, „ავერსი ფარმამ“ 2007-2010 წლებში „ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიები 200 000 ლარით დააფინანსა და სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში 823 997 ლარის საერთო ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. „პე-ეს-პე აფთიაქმა“ მმართველი პარტიისთვის 200 000 ლარის შემოწირულობა გაიღო და სახელმწიფოსთან 141 044 ლარის კონტრაქტები გააფორმა. „ჯიპისი“-მ 2007-2010 წლებში მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიები 175 000 ლარით დააფინანსა და 61 847 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები გააფორმა.
არსებული რეალობა ისეთია, რომ მთელი ფარმაცევტული ბაზარი ამ სფეროში მოღვაწე ხუთ იმპორტიორზეა დამოკიდებული, რადგან მათ უცხოელ პარტნიორებთან გაფორმებული ექსკლუზიური კონტრაქტების წყალობით იმპორტირებული მედიკამენტების დიდ ნაწილზე ექსკლუზიური წვდომა აქვთ. აქედან სამ, ყველაზე მსხვილ დისტრიბუტორ საცალო მოვაჭრეს შორის გავრცელებული პრაქტიკაა ერთმანეთთან იმ ფარმაცევტული პროდუქტების ფასების შეთანხმება, რომელთა მომწოდებლებთანაც მათ ექსკლუზიური კონტრაქტები აქვთ გაფორმებული. ამან განაპირობა ის, რომ სამ ყველაზე მსხვილ კომპანიას ხელი ყველა პროდუქტზე მიუწვდება, ყველა სხვა აფთიაქი კი მათზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეს სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი დანარჩენ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტებს ძალიან მაღალ ფასად აწვდის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ში აცხადებენ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ყველაზე დიდი წილები „ავერსსა“ (24%) და „პე-ეს-პე“-ს (20%) აქვთ, მათ შემდეგ კი „ჯიპისი“ (11%) და „ეიბისი ფარმაცია“ (12%) მოდიან. 2009 წელს საცალო გაყიდვების ბაზარზე „ეიბისი ფარმაციის“ შესვლამ ფასების საერთო კლება გამოიწვია, რადგან იმპორტის მაღალი წილის წყალობით კომპანიამ შეძლო, რომ თავის აფთიაქებში მედიკამენტების ფასები დამოუკიდებლად განესაზღვრა და ისინი მომხმარებლისთვის დაბალ ფასად შეეთავაზებინა. მიუხედავად ამისა, ამ პოზიტიურ მოვლენას არ შეუცვლია სისტემა, რომელშიც 2 000-მდე აფთიაქი საქონლის 60%-ზე მეტს „ავერსის“, „პე-ეს-პე“-სა და „ჯიპისი“-სგან ყიდულობს.
„ბაზარზე „ეიბისი ფარმაციის“ გამოჩენამ და „ფარმადეპოს“ ბრენდის ქვეშ მოქმედი აფთიაქების გახსნამ, როგორც ჩანს, სხვა კომპანიებს რეაგირებისკენ უბიძგა. მას შემდეგ, რაც „ფარმადეპომ“ აფთიაქები გახსნა და გაყიდვების აგრესიული კამპანიის წყალობით ბევრი მომხმარებელი მიიზიდა, ბაზარზე ახალი საცალო მოვაჭრე „ფარმაცენტრი“ გააქტიურდა. მისი აფთიაქები, „ფარმადეპოს“ აფთიაქების მსგავსად, მედიკამენტებს 20-25%-იანი ფასდაკლებით ყიდდნენ. ამასთანავე, „ფარმაცენტრის“ აფთიაქები ყოველთვის „ფარმადეპოს“ ფილიალების ახლოს იხსნებოდა და მათ მომხმარებელს ართმევდა.
არსებობს ირიბი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, „ფარმაცენტრი“ „პე-ეს-პე“-სთან იყო დაკავშირებული. „ფარმაცენტრის“ დირექტორად კახაბერ ფანჩულიძე იყო რეგისტრირებული, რომელიც „პე-ეს-პე“-ს დირექტორადაც მუშაობდა. ამასთანავე, „ფარმაცენტრის“ ადრინდელი იურიდიული მისამართი იყო ინგოროყვას ქ. N1, რომელიც ამჟამად „პე-ეს-პე აფთიაქის“ მისამართია“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ში.
მათივე თქმით, უკანასკნელ წლებში ორიგინალი ბრენდების მედიკამენტებზე ფასები მცირდება, მაგრამ ყველაზე დაბალფასიანი გენერიკების ფასი კი მკვეთრად იზრდება. ყველაფერი ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სამი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია წინასწარ განზრახულ სტრატეგიას ახორციელებს, რომლის მიზანს ბაზრიდან სხვა ფარმაცევტული ქსელების განდევნა და მათი ზრდისთვის ხელის შეშლა წარმოადგენს.
აქვე საუბარია მედიკამენტების ადგილობრივ წარმოებაზეც. „ავერსი რაციონალი“ და „ჯი-ემ-პი“ („პე-ეს-პე“) ფლობენ სერტიფიკატებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათი წარმოება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტს შეესაბამება - „სათანადო წარმოების პრაქტიკას“ (GMP). საქართველოში ამჟამად GMP სერტიფიკატის გამცემი სააგენტო არ არსებობს, თუმცა საქართველოში მთავრობა აცხადებს, რომ ამგვარი სააგენტოს შექმნა 2016 წლისთვის იგეგმება. აღნიშნულმა კომპანიებმა კი სერიტიფიკატები ავტორიტეტული კერძო აუდიტორული ფირმისგან მიიღეს.
„სერტიფიკატის გამცემი სამთავრობო სააგენტოს არსებობს უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ სწრაფად მზარდი სექტორისათვის, რადგანაც ის უსაფრთხოებასა და სანდოობას განამტკიცებს და ხელს შეუწყობს ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებას“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს ანგარიშში.
აქვე ნათქვამია, რომ „პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისთვის“ (PSI) დასკვნით, საქართველოში ექიმების დიდი ნაწილი წამლების გამოწერას საბაზრო სტიმულირებიდან გამომდინარე აწარმოებს და არა მედიკამენტების ფასის ან ხარისხის მიხედვით. როგორც ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა ექიმების გამოკითხვამ აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმთა 86% წამლის ფასს მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს, რეცეპტის გამოწერისას ამ ფაქტორს მხოლოდ მათი 7% ითვალისწინებს. ამასთანავე, ექიმების ანაზღაურება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობით გამოწერენ კონრეტული ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარმოებულ წამლებს. როგორც PSI-ს გამოკითხვა, ისე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს მიერ ჩატარებული ინტერვიუების შედეგები მიუთითებს, რომ ამგვარი პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული.
ორგანიზაციის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ საქართველოში მედიკამენტების ხარისხზე პრაქტიკულად არანაირი კონტროლი არ ხორციელდება. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, როდესაც რეგულირების სააგენტო მედიკამენტის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს, მან დისტრიბუტორს 10 დღის ვადაში უნდა აცნობოს, რეგისტრაციაზე უარის დოკუმენტების არასრულად წარდგენის, ინფორმაციის ნაკლებობის, თუ სხვა მსგავსი მიზეზის გამო უთხრა უარი. თუ სააგენტო დისტრიბუტორს 10 დღის ვადაში უარის თქმის მიზეზს არ აცნობებს, დისტრიბუტორს მადიკამენტის ბაზარზე შემოტანის უფლება ეძლევა.
„სააგენტოს საქმიანობაში კარგად ჩახედულმა ერთ-ერთმა პირმა გვითხრა, რომ სააგენტოს შესაბამისი განცხადებების მიღებიდან 10 დღის ვადაში ყველა მედიკამენტის შემოწმების ადამიანური და ფინანსური რესურსები არ გააჩნია. აღნიშნული რესურსების ნაკლებობას ხაზი ბევრმა ჩვენმა რესპონდენტმა გაუსვა. სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ აღნიშნული მოკლე ვადისა და რესურსების ნაკლებობის გამო, ის მედიკამენტები, რომელთა რეგისტრაციაზე სააგენტო უარს ამბობს, ხშირად ბაზარზე სააგენტოს მიერ დისტრიბუტორისთვის შეტყობინების დაგვიანების გამო ხვდება“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ში.
ამასთანავე, ვინაიდან სააგენტო არ აქვეყნებს ინფორმაციას იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთა რეგისტრაციაზეც მან უარი თქვა, სრულიად უცნობია, ამჟამად ბაზარზე ამ მედიკამენტების რა ნაწილი იყიდება.