რუსთაველი ამომრჩევლების  მოსყიდვას, ამჯერად, საცურაო აუზით ცდილობენ

რუსთაველი ამომრჩევლების მოსყიდვას, ამჯერად, საცურაო აუზით ცდილობენ

20 ინვისს რუსთავს, საცურაო აუზ „არენას“ გასახსნელად, პრეზიდენტი ესტუმრა.

„აქ  სიარული იქნება უფასო და ნებისმიერ დროს! უფასოდ ივლიან, როგორც ათოსნები, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახები. ისინი ვისაც ამისი საშულაბა არ აქვთ. ეს არ არის აუზი ცხვირაწეული ხალხისთვის“, - მიმართავდა სააკაშვილი აუზის შენობასთან შეკრებილ ბავშვებს.

მიუხედავად  ამისა, დღეს ირკვევა, რომ სოციალურად ფეხზე მყარად მდგარ საზოგადოებას აუზი 50%-იანი ფასდაკლებით და თან, ბიუჯეტის ხარჯზე მოემსახურება.

„სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე პირებს და მათ ოჯახის წევრებს, ჩვენთან 50%-იანი ფასდაკლება აქვთ. მათ,  გადასახდელი თანხის 50%-ს ქალაქის მერია გადაუხდის“, - გვიხსნის აუზ „არენას“ ადმინისტრატორი, ნატო ლობჟანიძე.

მისი თქმით, ამ შეღავათით რუსთავის თვითმმართველობაში დასაქმებულების გარდა, გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ისარგებლებენ.

ცხადია, სურთ  თუ არა მოქალაქეებს საკუთარი გადახდილი გადასახადებით დააფინანსონ აუზში რეგიონის გუბერნატორ, დავით კირკიტაძის და სხვა საჯარო მოხელეების ნებივრობა არავის უკითხავს.

ამ საინტერესო ფასდაკლების გარდა აუზს სხვა შეღავათებიც აქვს.  

„გვაქვს განსაკუთებული შეღავათები რუსთაველებისთვის.  ქალაქის მერია აკეთებს ფასდაკლებებს, როგორც  ბავშვებისთვის ასევე დიდებისთვის. ათოსანი მოსწავლეები და მზურნველობამოკლებული ბავშვები ჩვენი მომსახურებით  უფასოდ ისარგებლებენ. გვაქვს 70%-იანი ფასდაკლება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ასევე, არის პედაგოგებზე და მათ ოჯახის წევრებზე 50%-იანი ფასდაკლება.

გვაქვს შეღავათები დევნილებზე,  სტუდენტებზე, ომის მონაწილეებზე. მივიღეთ    ბრძანება, რომლის თანახმადაც თუ ვინმეს არ აქვს საშუალება და სურს აუზით სარგებლობა, რუსთავის  მერიას უნდა მიმართოს და მისი განცხადება განიხილება“, - საუბრობს აუზ „არენას“ ადმინისტრატორი, ნატო ლობჟანიძე.

საცურაო აუზ „არენასთან“ ურთიერთობაზე საუბარი არ სურთ რუსთავის თვითმმართველობაში. კითხვაზე, რა ხელშეკრულება დაიდო მათ შორის, რუსთავის მერიაში არ გვპასუხობენ, ხოლო პრესსამსახური თემაზე პასუხისმგებელ პირს არ გვახვედრებს.

„კარგი საცურაო აუზია. ღია პლიაჟი აქვს მეორე სართულზე. ასევე შიგნითაა სილამაზის სალონი, კაფე და სავარჯიშო კაბინეტი. ყველაფერი კეთილმოწყობილია. რაც შეეხება ფასებს, ყველანი კარგად ვხდებით, რომ ეს შეღავათები, მხოლოდ წინასაარჩევნოდ დაწესდა, ხალხის გულისმოსაგებად“, - საუბრობს ადგილობრივი ნინო ქირია. 

გამოდის, გარდა იმისა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ჯანსაღ ცხოვრების წესს ვუფინანსებთ სახელმწიფო მოხელეებს, შესაძლოა, „არენას“ ფასდაკლებები სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა.

„არენას“ საცურაო კომპლექსის მშენებლობის პროექტის განასხორციელებალდ 1 მლნ ლარი პრეზდიენტის ფონდიდან გამოიყო. ახლა კი ბიუჯეტის ხარჯზე აშენებული აუზი სხვადასხვა სოციალურ ფენას მმართველი გუნდის სახელით შეღავათებს სთავაზობს.

„ჩვენი იურიდიული სტატუსი ჯერ არ არის გარკვეული. მისამართიც არ გვაქვს სამართლებრივად ზუსტი. შესაძლოა კერძო კომპანიად  ჩამოვყალიბდეთ და  მმართველობაში ადგილობრივი თვითმმართველობა ჩაჯდეს.  ისე ახლა, ჩვენი დირექტორი დავით ხამაშურიძეა“ - საუბრობს ,,არენას“ ადმინისტრატორი.

მიუხედავად, იმისა, რომ „არენას“ გახსნის დღეს ყველას დირექტორად გურამ გოგოლაძე გააცნეს, ვიგებთ, რომ ხელმძღვანელი ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ხამაშურიძეა. ის ასევე, ადგილობრივი ტელევიზიის აქციების 51%-ს ფლობს.

პრეზიდენტის ფონდიდან აშენებულ „აუზს“ გუბერნატორის ნდობით აღჭურვილი კადრი ისე ამუშავებს, როგორც საქმეს სჭირდება.

ხამაშურიძე თავიდან ინტერვიუზე გვთანხმდება. სასაუბროდ ფოიედან ოთახში შევყავართ, თუმცა როგორც კი ჩვენს  ვინაობას იგებს, მოუცლელობას იმიზეზებს და  სასაუბროდ ადმინისტრატორს გვიგზავნის.

საცურაო აუზ „არენა“-სთან  დაკავშირებით მომავალში მისთვის არასასიამოვნო საუბრები იწინასწარმეტყველა პრეზიდენტმაც,  თუმცა, მისი წინასწარმეტყველება თემატურად არ დაემთხვა.

„ხვალიდან დაიწყებენ ლაპარაკს აუზი, რომ გახსნეს იქ წყალი ჩამოდის, ქარი უბერასვ.... იტყვიან კიდე ათასგვარ სისულელეს. ილაპარაკონ და ილანძღონ, რამდენიც  უნდათ. მთავრია, რომ საქმე გაკეთდეს“, - უხსნიდა სააკაშვილი რუსთავში სტუმრობისას ადგილობრივებს.