დასიცხული მგზავრები და უბენზინო მძღოლები

დასიცხული მგზავრები და უბენზინო მძღოლები

ზაფხულის ცხელ დღეებში, სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება გაუსაძლისი ხდება. გახშირდა კონფლიქტები მიკროავტობუსების მძღოლებსა და უკმაყოფილო მგზავრებს შორის, რომლებიც კონდიციონერის ჩართვას ითხოვენ.

მძღოლები კონდიციონერის არჩართვის მიზეზად მის გაფუჭებას ასახელებენ, ზოგიერთი მათგანი პირად საუბარში იმასაც ამბობს, რომ რეალურად ამის მიზეზი სხვაა - ჩართულ კონდიციონერს გაცილებით მეტი საწვავი სჭირდება, ეს კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდ ხარჯებთან ასოცირდება.

მძღოლების უმეტესობა აცხადებს, რომ მიკროავტობუსების უმრავლესობაში კონდიციონერი გაფუჭებულია.

„ხალხის კარგად მესმის, ამ სიცხეში ძნელია ისეთი ტრანსპორტით მგზავრობა, სადაც კონდიციონერი არ მუშაობს. კომპანიის წარმომადგენლები მოდიან ხოლმე ხშირად და ამოწმებენ.

კონდიციონერი ჩართული არ არის იმიტომ, რომ გაფუჭდა. როგორც ამბობენ, თვის ბოლომდე ყველა „მარშრუტკაში“ იქნება ეს სისტემა მწყობრში. ხალხის კარგად გვესმის, მაგრამ უკვე რამდენჯერმე გაფუჭდა და გავაკეთეთ. თურქეთიდან ჰყავდათ სპეციალისტები ჩამოყვანილი, მაგრამ იმდენად უხარისხოა თვითონ ეს სისტემა, მაინც მალე ფუჭდება და თითქმის ყოველთვიურად საჭიროებს ხელახლა გაკეთებას“, - ამბობენ მძღოლები.

სანამ მძღოლები და მგზავრები ერთმანეთში არჩევენ კომფორტულად მგზავრობის დეტალებს, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის მიხედვითაც კონდიცირების სისტემა სამარშრუტო ტაქსებში მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში ჩაირთვება. კომპანიის ცნობით, ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში (ივლისსა და აგვისტოში) ვალდებული იქნება, კონდიცირების სისტემა ჩართოს, რათა მგზავრებმა კომფორტულად გადაადგილება შეძლონ.

ამჟამად, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” ტექნიკური სამსახური თითოეული მანქანის კონდიცირების სისტემას ამოწმებს, რათა მათ ზაფხულის ცხელი დღეების განმავლობაში გამართულად და შეუფერხებლად იმუშაოს.

„მძღოლები ახლაც ვალდებულები არიან, მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში კონდიციონერი ჩართონ, თუმცა შეიძლება, ისეთი მგზავრიც აღმოჩნდეს, რომელსაც ეს არ სიამოვნებს.

ეს ინდივიდუალურია, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე ცხელი პერიოდი ივლისი და აგვისტოა, შესაბამისად, ამპერიოდში „თბილისის მიკროავტობუსი” მის მფლოებლობაში მყოფ ქალაქში მოძრავ ყველა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს კატეგორიულად მოსთხოვს, კონდიცირების სისტემა ყოველდღიურად ჩართონ. ესვმკაცრად გაკონტროლდება და ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში,ვმძღოლს შესაძლოა, წერილობითი ან ზეპირი გაფრთხილება მიეცეს ანვსანქცია დაეკისროს“, - განმარტავს კომპანიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი თეონა ნიორაძე.

მთელი დღის განმავლობაში კონდიცირების სისტემის ჩართვის შემთხვევაში სამარშრუტო ტაქსი, საშუალოდ, დაახლოებით, 20 ლიტრით მეტ საწვავს ხარჯავს.

შეგახსენებთ, რომ მგზავრობის საფასურის 50-დან 80 თეთრამდე გაზრდის მიზეზად თბილისის მერიის, საკრებულოს დეპუტატებისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ერთ-ერთ არგუმენტად ის სახელდებოდა, რომ ახალ სამარშუტო ტაქსებში მაქსიმალური კომფორტი იქნებოდა, მათ შორის, კონდიცირების სისტემაც.