კახეთში „კინჯალიანი ბელადები“ გამოჩნდნენ

კახეთში „კინჯალიანი ბელადები“ გამოჩნდნენ

500-მდე ადამიანს, რომლებმაც კახეთში ნებაყოფლობითი რეზერვის ფარგლებში ხუთდღიანი წვრთვნა გაიარა, თავდაცვის სამინისტრომ „გერბერის“ ფირმის დანები დაურიგა. ინფორმაცია ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიაშვილმა გაავრცელა. მოსიაშვილის თქმით, სოფლებში უკვე გამოჩნდნენ სამხედრო უნიფორმითა და ცივი იარაღით, კერძოდ, „გერბერის“ დანებით აღჭურვილი პირები, რომლებიც კახეთში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს აღრიცხავენ.

„პირველ ეტაპზე, ზოგიერთ სოფელში უკვე „გადამზადებული“ რეზერვიდან შეირჩნენ ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლებამ „ლიდერები“ უწოდა. მათი საქმიანობაა სოფელში მოსახლეობის განწყობის შესწავლა, რეზერვისთვის მოხალისეების მიზიდვა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ მისამართზე გადამზადებული მოხალისეების მობილიზება და სხვა“, - აცხადებს გიორგი მოსიაშვილი.

მისივე თქმით, ხუთდღიანი გადამზადების კურსით, იარაღის მოხმარების შესწავლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. არადა, ხუთდღიან წვრთვნას მეტად შთამბეჭდავი დასახელება აქვს - „დაიცავი შენი სოფელი“.

სპეციალისტებში უკვე ჩნდება კითხვები: კახეთის ცალკეული სოფლის ათკაციანმა რეზევისტების ჯგუფმა ვისგან უნდა დაიცვას სოფელი?! ან კიდევ, როგორ უნდა დაიცვან სოფელი მხოლოდ და მხოლოდ ცივი  იარაღის ამარა?!  რატომ ჰპირდებიან ამ ადამიანებს, რომ მათ მალე ცეცხლსასროლ იარაღსაც დაურიგებენ, რომლებსაც საკუთარი ნომრით რომელიმე ერთ კონკრეტულ ადგილას შეინახავენ და, საჭიროებისამებრ, სახლშიც გაატანენ. ამას სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ერთ-ერთი  რეზერვისტიც ადასტურებს, რომელიც აცხადებს, რომ მათ სუვენირებად დაურიგეს დანები, თუმცა სამომავლოდ ცეცხლსასროლ იარაღსაც დაჰპირდნენ.

საინტერესოა, ხომ არ დაემთხვევა ეს „საჭირო დრო და საჭირო თარიღი“ ოქტომბერში მოახლოებულ არჩევნებს? ამასთან, დამაფიქრებელია, კახეთში ხუთდღიანი რეზერვის გაჩენა რამდენად ეხმაურება ირაკლი ალასანიას მიერ თავის დროზე გავრცელებულ განცხადებას დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის შესახებ, რომელსაც დღემდე ხელისუფლებისგან რეაქცია არ მოჰყოლია?!

ადგილობრივები აცხადებენ, რომ კახეთში ნებაყოფლობით რეზერვში გაწვევა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო, ამჟამად კი რეზერვისტების მეორე ნაკადი მზადდება. თუმცა, პარალელურად, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს არჩევნების მოსაგებად და საამისოდ ადგილობრივების დაშინება-მუქარასაც არ ერიდება.

გიორგი მოსიაშვილის თქმით, ასეთი დაჯგუფებები ზუსტად არჩევნებისთვის მზადდება და მათ საჭიროების დროს კონკრეტულ ადგილებზე გამოიძახებენ, ხოლო ხელისუფლების ფანტაზია უშრეტია და ისინი „კინჯალიანი ბელადების“ გამოყენებას შეეცდებიან.

კახეთში რეზერვისტებისთვის იარაღის დარიგებასთან დაკავშირებით For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის ხელისუფლებისგან გადადგმული ნებისმიერი უგუნური ნაბიჯი გასაკვირი არაა. თუმცა მიიჩნევს, რომ პროცესი შეუქცევადია და არც კახელი რეზერვისტები იქნებიან იმ განწყობაზე, ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი  გამოიყენონ.

„ხელისუფლებამ, შეიძლება, იფაფხუროს, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან  რეზერვისტებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ამიტომ, ჩვენი ხელისუფალნი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ეს ყველაფერი ცუდად არ შეუტრიალდეთ, რადგან იარაღი ისეთი რამეა, შეიძლება, ორივე მხარემ გაისროლოს. ასე რომ, თავად არ აღმოჩნდნენ თავისი უგუნურების სამიზნე. პროცესი დაძრულია, ამიტომ აჯობებს, ხელისუფლება დაშვიდდეს და მიიღოს შედეგების სიამოვნება, ისევე, როგორც - მთელი ქართული მოსახლეობა უნდა დაელოდოს სასიამოვნო შედეგებს“, - აცხადებს ექსპერტი.

ამასთან, გია ხუხაშვილი ურჩევს ხელისუფალთ, დამშვიდდნენ, რადგან მათ არანაირი საშიშროება არ ემუქრებათ, უბრალოდ, ჩვეულებრივი მოქალაქის სტატუსით ცხოვრება მოუწევთ ამ ქვეყანაში, თუ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშული არ აქვთ ჩადენილი.    

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ დანა ყველას აქვს სახლში და ამ ლოგიკით, დანით ადამიანების შეიარაღება არასერიოზულია. თანაც, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, როცა დანას ქვეყნის თავდაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ნებისმიერი აღჭურვილობა თუ სხვა ნივთი, რომელსაც რეზერვისტებს აძლევენ, მათ რაღაცაში უნდა გამოადგეს. ეს შეიძლება იყოს სავარჯიშო, გარკვეული იარაღი, მაგრამ დანა და ეს ყველაფერი, არასერიოზულია და სამახსოვრო საჩუქარს უფრო წააგავს, ვიდრე რაიმე საქმეში გამოსაყენებელ ნივთს. თუმცა, მთავარი პრინციპი მაინც ისაა, რომ სარეზერვო სისტემა, ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვი, თავისი შინაარსით, იმდენად სისულელეა და იმდენად არაეფექტურია, რომ, თუ ხელისუფლება და თავდაცვის სამინისტრო ამ დანებით აპირებს სისტემის შელამაზებას, მართლა კარგად ჰქონიათ საქმე. თუ იმის ფანტაზია აქვთ, რომ დანებით უნდა უზრუნველყონ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, მაშინ, შესაძლოა, სხვა ტიპის სპეციალისტი იყოს საჭირო,“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

რაც შეეხება ხელისუფლებისგან რეზერვისტებისთვის დაპირებულ ცეცხლსასროლ იარაღს, ამას ირაკლი სესიაშვილი კანონდარღვევად და კრიმინალად აფასებს. მისი განმარტებით, ყოველგვარი მიზნისა და ამოცანის გარეშე იარაღის ჩამორიგება უდიდესი სკანდალია.

„სარეზერვო სისტემის არსში უნდა გავითვალისწინოთ მისი როლი, მისი ადგილი და მისი კონცეპტუალური ხედვა. ეს ყველაფერი საქართველოში არ არსებობს, ამიტომ რომ მითხრან, თითოეულ რეზერვისტს ტანკი უნდა დაურიგინო, ამ ხელისუფლებისგან ამასაც დავიჯერებ. ამას წინათ პრეზიდენტი ქართული წარმოების იარაღს ათვალიერებდა, იქ ყუმბარმტყორცნი იყო ნაჩვენები, ხელში აიღო და ქარხნისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ეუბნებოდა, იმდენი გამოუშვით, ყველა რეზერვისტს დავურიგოთო. ასეთ სისულელეს რიგითი ჯარისკაციც არ იტყოდა, რომ ყველასთვის ყუმბარმტყორცნი დაერიგებინათ. ასე რომ, აქ სიტუაციის გონივრული ანალიზი რთულია“.

ხუთდღიან რეზერვთან მიმართებით კი ირაკლი სესიაშვილი დაეჭვებულია და ფიქრობს, იგი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული.

„არ ვარ ისეთი გულუბრყვილო, დანები მაინცდამაინც არჩევნებს დავუკავშირო, რადგან ნებისმიერი ცივი იარაღი ნებისმიერ ადამიანს აქვს სახლში (ბოლოს და ბოლოს, პურის საჭრელი დანაც არსებობს), მაგრამ, თუ ასეთი მიდგომაა, გინდათ თუ არა, დანებით გამოვარდით და დაერიეთ „ქართულ ოცნებასო“, ეს უკვე სხვა სინდრომია. მაინც მგონია, რომ თავდაცვის სამინისტრო დანების ჩუქებით უაზრო სარეზერვო სისტემის შელამაზებას აპირებს“.        

შეგახსენებთ, თავის დროზე ნებაყოფლობით რეზერვთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. მისი თქმით, ვინც რეზერვისტთა იდეაზე ხელს აღმართავს, ის საქართველოს მტერს ემსახურება. ხოლო მინისტრ ბაჩო ახალაიას თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, სამუშაოები რამდენიმე რეგიონში ჩატარდა, სარეზერვო სამსახურები შექმნილია და მთლიანობაში, 100 ათასი მოხალისე ეყოლება საქართველოს. ამასთან, ახალაია ირწმუნება, რომ რეზერვისტები საომარი ვითარების დროს, ჯარისკაცების დახმარების და სტიქიური უბედურებებისას, დამხმარე საშუალებაა, მხარეებს შორის დაპირისპირებისას კი მათი გამოყენება არ შეიძლება.