რეჟისორ ქეთი დოლიძეს სასამართლოს მიერ დაკისრებული 5 000 ლარის გამო „ქართუ ბანკში“ პირადი ანგარიში დაუყადაღეს. ქეთი დოლიძე ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ არც იმ ანგარიშზე აქვს ფული, რომელიც მას დაუყადაღეს და არც სხვა რაიმე ქონება გააჩნია, რის შესახებაც შეიძლება აღმასრულებელს ინფორმაცია მიაწოდოს.
საქმე ეხება ძველ სესხს, რომელიც ქეთი დოლიძეს ვინმე იამზე დვალისგან ჰქონია აღებული და რომელიც, როგორ დოლიძე ამბობს, სრულად აქვს გადახდილი, მაგრამ დვალი მისგან თანხის გადახდას მაინც ითხოვს. აქვე რეჟისორი ამბობს, რომ მოდავე მხარე მის მიმართ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და აცხადებდა, მიხეილ სააკაშვილი ქეთი დოლიძეს იმდენად ვერ იტანს, რომ სასამართლო აუცილებლად მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანსო.
For.ge მომხდართან დაკავშირებით ქეთი დოლიძეს ესაუბრა.
ქეთი დოლიძე: „საქმე ეხება ერთ თაღლით ქალს, რომელიც გაპროცენტებული ფულით ცხოვრობს. მისგან ხუთი წლის წინ იპოთეკის მეშვეობით სრულიად ოფიციალურად ვისესხეთ ფული, ორი წლის მანძილზე ეს სესხი თანდათან თავისი პროცენტების ჩათვლით მთლიანად დავფარეთ. როგორც ჩანს, ეს ქალი შეგულიანებული იყო იმით, რომ ამის შემდეგ დიდი ხანი გავიდა და იფიქრა, რომ ყველა საბუთი გადაყრილი გვექნებოდა. შარშან ეს ქალბატონი გამოგვეცხადა და თქვა, რომ მისი 16 000 დოლარი ვალი მაქვს. ჩვენ თავის დროზე მისგან სულ 5000 დოლარი ვისესხეთ და როგორც მოგახსენეთ, სრულად დავუბრუნეთ.
სასამართლოზე რა მოხდა?
- ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ ამ ქალისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ ვინაიდან ძალიან „კარგი“ და „სამართლიანი“ სასამართლო გვაქვს, გადაწყვეტილება მაინც ჩვენს წინააღმდეგ გამოიტანეს. ერთ-ერთი საბუთი, რომელიც ბოლო გადახდას ადასტურებს, იპოთეკარმა ვერ მონახა და სწორედ ამაზე დაყრდნობით გამოვიდა სასამართლო გადაწყვეტილება.
საქმე ისაა, რომ ზუსტად ორ საათში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თანხა სრულად გვაქვს გადახდილი, მაგრამ რადგან იპოთეკარმა ეს ერთი საბუთი ვერ იპოვა, იამზე დვალმა იფიქრა, რამეს მაინც გამოვკრავ ხელსო და ჯერ 6000 დოლარი მოითხოვა, შემდეგ 1500-ზე ჩამოვიდა.
ღმერთო ნუ მიწყენ, მაგრამ ეს ქალი სულ იმით სპეკულანტობს, რომ შვილი ჰყავს გარდაცვლილი. როგორც მოგახსენეთ, თანხა ორ წელიწადში დავფარეთ, რის შემდეგაც უკვე სამი წელი გავიდა და თუ სამი წელი მისი ფული მემართა, გაუგებარია, რატომ იყო იგი ჩუმად? უბრალოდ, მას ეგონა, რომ ჩვენ თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთები დაკარგული გვექნებოდა და ამის იმედით დაიწყო ეს დავა.
როდესაც მას ეს დოკუმენტები წარვუდგინეთ, მან განაცხადა, ალბათ, დამავიწყდა, რომ ფულს მიბრუნებდითო. მის ამ ქმედებასთან დაკავშირებით პროკურატურაშიც შევიტანე საჩივარი, მაგრამ საგამოძიებომ თქვა, რომ საქმის აღძვრისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არისო და საქმე შეწყვიტეს, თორემ ისე ქალბატონი იამზე დვალი ნამდვილად ციხეში უნდა იჯდეს, რადგან იგი გამომძალველია. იგი იპოთეკართან პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ მას მართლაც დავუბრუნეთ მთლიანი თანხა, მაგრამ მის შვილს თურმე ზაფხულისთვის ფული სჭირდება და თუკი ამ ფულს ასე მოვიპოვებ, რატომაც არაო.
ქალბატონო ქეთი, თქვენ ამბობთ, რომ ამ ადამიანისგან 5000 დოლარი ისესხეთ და დააბრუნეთ. 16 000 ათას დოლარს რის საფუძველზე ითხოვდა იგი?
- საქმე ისაა, რომ მან თავიდან განაცხადა, თითქოს, მე მისთვის საერთოდ არაფერი გადამიხდია და ამდენი ხნის განმავლობაში ეს თანხა გაიზარდა და 16 000 დოლარი შეადგინა.
თქვენ ახსენეთ იპოთეკარი და ეს არის ადამიანი, რომელიც შუამავალი იყო თქვენსა და იმ ქალბატონს შორის?
- დიახ, იამზე დვალი ფულს აპროცენტებს და აქედან მიღებული პროცენტებით ცხოვრობს. აქვე ვიტყვი, რომ დაკისრებულ თანხას მე არავითარ შემთხვევაში არ გადავიხდი.
როდის გამოიტანა სასამართლომ თქვენს წინააღმდეგ ეს გადაწყვეტილება?
- ეს მოხდა გუშინწინ და გუშინ ჩემთან უკვე აღმასრულებელი მოვიდა, ჩემი ანგარიშიც დააყადაღეს და მთხოვენ, რომ ჩემი ქონება აღვწერო. ვერაფერს ვერ აღვწერ, რადგან აღარაფერი გამაჩნია და იმ ანგარიშზეც ფული არ არის, ასე რომ, ეძებოს ქალბატონმა დვალმა ფული და კარგად იპოვის.
თუკი თქვენ წარადგინეთ იმის მტკიცებულებები, რომ თანხა გადახდილია, რატომ გამოიტანა სასამართლომ თქვენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება?
- ამას მე ნუ მეკითხებით, ჰკითხეთ სასამართლოს. სასამართლო პროცესზე ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობდა სამი მოწმე და მათი ჩვენებები მოსამართლეს უნდა გაეთვალისწინებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. აქვე აღვნიშნავ, იამზე დვალის ადვოკატი სულ ამბობდა, სააკაშვილი იმდენად ვერ იტანს დოლიძეს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, საქმეს მაინც წავაგებინებთო.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია იყო იამზე დვალის ხელწერილები, რომლებითაც იგი თანხის მიღებას ადასტურებდა. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ იყოთ მოსამართლე და ნახოთ, რომ თქვენს თვალწინ ადამიანი იტყუება, თითოს თანხა საერთოდ არ მიუღია და 16 000 დოლარს თხოულობს, მეორე მხარე კი წარმოადგენს ხელწერილებს, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეს თანხა მიღებული აქვს, ხომ დარწმუნდებოდით, რომ ეს ქალბატონი მატყუარაა?
უბრალოდ, ჩვენ ვერ წარმოვადგინეთ ბოლო 1500 დოლარის გადახდის დამადასტურებელი ხელწერილი, რადგან ამ თანხის გადახდისას მე ვიყავი მოსკოვში, თანხა იქიდან გამოვუგზავნე იპოთეკარს და მან მიუტანა იამზე დვალს. სამწუხაროდ, იპოთეკარმა უბრალოდ ვეღარ იპოვა ეს ბოლო ხელწერილი და ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ჩვენ 5000 ლარის გადახდა დაგვაკისრეს.