საპარლამენტო უმრავლესობას ქალაქ ლაზიკის ასაშენებლად საჭირო თანხებზე ინფორმაცია კვლავაც არ აქვს. ბუნებრივია, კვლავ რჩება კითხვა, თუნდაც რიტორიკული - როგორ და რითი აპირებს ხელისუფლება ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქის აშენებას?!
სწორედ რიტორიკულად შეაფასა ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა თანხები იქნება გათვალისწინებული ლაზიკისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში და რა თანხები დაიხარჯება წელს.
ამ კითხვების საპასუხოდ, საპარლამენტო უმრავლესობიდან თავდაპირველად მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ლაზიკა მაღალი თვითმმართველობის მქონე ურბანული ცენტრი იქნება.
ბაქრაძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში იწერება არა „დაარსდეს ქალაქი ლაზიკა“, არამედ „ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვროს ორგანული კანონით“. „ეს კი ხარჯებთან დაკავშირებული არ არის“, - განაცხადა ბაქრაძემ და განმარტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არანაირ ხარჯებს არ იწვევს. საკონსტიტუციო ცვლილებები არა, მაგრამ ქალაქის აშენებას, თან ნულიდნ და თანაც ჭაობში რომ სერიოზული თანხები სჭირდება არავინ მალავს. არავინ დაობს იმაზეც, თუნდაც ოპოზიციაში, რომ აღმშენებლობა, ზოგადად კარგია. თუმცა, ყველას აინტერესებს, როგორ და რითი შენდება.
მსგავსი შეკითხვები, ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვებისას რეგიონებშიც დაისვა, მათ შორის ფოთში. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც განხილვაზე, თავად ხელისუფლებამ მიიყვანა და ხელისუფლებისავე სამსახურშია, დაინტერესდნენ - რა ხარჯებით შენდება ლაზიკა, მაშინ, როცა 20-25 კილომეტრით მოშორებულ ფოთში, ფაქტობრივი უძრაობაა.
კონკრეტული პასუხი, არც ამ შეხვედრებზე და არც გუშინდელ საპარლამენტო დებატებზე, მმართველი გუნდის წევრებს შეკითხვების ავტორებისთვის არ გაუციათ, პირიქით, ბაქრაძემ ბაღათურიას კონკრეტული ხარჯებით და თანხებით დაინტერესების შემთხვევაში ურჩია, რომ კონკრეტული შეკითხვით კონკრეტულ უწყებას მიმართოს და თავადაც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ყურადღებას მიაქცევს, რომ კითხვა ადრესატამდე მივიდეს(!).
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი ოთარ კიკვაძე აღნიშნავს, რომ ლაზიკას არც ტურისტული და არც ეკონომიკური მიმზიდველობა არ გააჩნია, რომ მხოლოდ მოზიდული ინვესტიციების ხარჯზე აშენდეს, სახელმწიფოს კი - შესაბამისი ფინანსები.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არანაირი გეგმა არ არის წარმოდგენილი, აქედან, ამ გადასახედიდან, შეიძლება ცოტა უტოპიურად მოგვეჩვენოს ეს იდეა, იმიტომ, რომ აქ როგორც აცხადებენ, ამ ქალაქში უნდა იცხოვროს ნახევარმა მილიონმა ადამიანმა 10 წლის განმავლობაში და ეს იქნება საპორტო და ტურისტული ტიპის ქალაქი. მოდით განვიხილოთ თითოეული კომპონენტი, ჩემი აზრით, ტურისტული კომპონენტი ამ შემთხვევაში შეიძლება ნაკლები იყოს, იმიტომ, რომ თუკი მოხდება ჭაობების დაშრობა და იქ არსებული ფლორის და ფაუნის განადგურება, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს იმ ტერიტორიაზე, ბუნებრივია, მაშინ, ტურისტულ მიმზიდველობას ეს ქალაქი დაკარგავს, რაც შეეხება საპორტო მნიშვნელობას, აქაც გასათვალისწინებელი იქნება ის ფაქტორები, რომ არც ბათუმს და არც ფოთს გააჩნია არც იმდენი დატვირთვა, რომ საჭირო იყოს აქ პორტის აშენება. გარდა ამისა, რომც გაკეთდეს იქ კარგი პორტი (როგორც ამბობენ ყველაზე კარგი მისადგომები ამ ქალაქს გააჩნია), წარმოუდგენელია ასი ათასი ადამიანი დასაქმდეს ერთ პორტში, ყველა მცხოვრები იქ ვერ იქნება დასაქმებული, ამიტომ, ეს ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი, შესამუშავებელია ბიზნეს გეგმა, უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული მიმართულებები, თუ რა გზით წავა ეკონომიკური პოლიტიკა ამ ქალაქში. რაც შეეხება თანხების მოზიდვას, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე გზა არსებობს - ამისთვის საჭიროა, 1,5 მილიარდი დოლარი. ბუნებრივია, ამის რესურსი საქართველოს ბიუჯეტს არ გააჩნია. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, თანხების მოძიებას აპირებენ უცხოელი ინვესტორებისგან, რაც ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა იმიტომ, რომ თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდის სტატისტიკას, ინვესტიციების მოცულობა ბოლო წლების განმავლობაში 1,5 მილიარდი არც არის და როგორ წარმოგიდგენიათ ერთი ქალაქისთვის გამოიყოს ამხელა რესურსი თუნდაც უცხოური ინვესტიციების ხარჯზე? კიდევ ერთი წყარო არის გრძელვადიანი კრედიტის აღება, რომელიც კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენს მდგომარეობას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ საგარეო ვალი 50%-თან მიახლოებულია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელთან და თუ ვალი 50%-ს გადასცდება, ეს ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციაზე ძალიან ცუდად აისახება“, - განმარტავს ექსპერტი.
ლაზიკას იდეა, პრეზიდენტ სააკაშვილს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის აქციაზე ბიძინა ივანიშვილმაც დაუწუნა. კოალიციის ლიდერმა ხელისუფლებას მოუწოდა, ახალი ქალაქების მშენებლობის ნაცვლად, უკვე აშენებულს მიხედოს, თუნდაც ზღვისპირა ურეკს.
ფოთში მოსახლეობასთან შეხვდრაზე სააკაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო ახალი ქალაქის მშენებლობის პროექტს და განაცხადა, რომ ლაზიკას იდეა არის ის, რომ გააძლიეროს ფოთი და მთლიანად რეგიონი.
პრეზიდენტის აზრს არ იზიარებს საზოგადოებრივი მოძრაობა ფაზისელის წარმომადგენელი, ზვიად შუბითიძე, რომელიც თვლის, რომ ისედაც მივიწყებული ფოთი, ლაზიკას მშენენებლობით, ეკონომიკურად კიდევ უფრო დასუსტდება.
ჩვენი რესპოდენტებისგან განსხვავებით, ნაკლებ ინფორმირებულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც ასევე რიტორიკულ კთხვას სვამენ - „ფული გაქვს, რომ აშენებ?!“, სწორედ მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, აშშს ელჩმა ფოთელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები, დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველდღიური საუბრის ნაწილი უნდა იყოს.