შუშის ხიდი ძველ თბილისში, შუშის გამჭვირვალე შენობები მთელ ქვეყანაში და ამჯერად, შუშის ლიფტი ბაგრატის ტაძარზე. 24 მეტრზე ასვლა მავანთათვის ლიფტით უფრო იოლია და რა დროს მე-10 საუკუნის ძეგლის ავთენტურობის დარღვევაზე, ან ღვთის სახლის შეურაცხყოფაზეა საუბარი?! მეტიც, თურმე თანამედროვეობამ მოიტანა ეს ყველაფერი და სავალალოა, რომ მე-10 საუკუნეში გამოგონებული არ ყოფილა ლიფტი, თორემ ბაგრატ მესამეს ვინ დაასწრებდა ტაძარზე ლიფტის დამონტაჟებას?! ბაგრატ მესამის სახელით საუბარი, ალბათ, ზედმეტი თავმდაბლობის ნიშანია, მაგრამ ქუთაისის სიონის ფონდის დირექტორ ზურაბ ქაჯაიას თვალსაზრისით, სწორედ ასე მოიქცეოდა ბაგრატ მესამე, რადგან დღეს ლიფტი აუცილებელი ატრიბუტია. თანაც, ამ ლიფტის დამონტაჟებაზე ხომ იტალიელი არქიტექტორი მუშაობს, რომლის თვალსაზრისიც შეუვალია.
სპეციალისტებისთვის კითხვა კითხვად რჩება - ვისი იდეა იყო ბაგრატის ტაძარზე ლიფტის დამონტაჟება?! იტალიელი არქიტექტორის თუ საქართველოს პრეზიდენტის?! ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ბაგრატის ძეგლზე ევრორემონტის ჩატარება ნიკა ვაჩეიშვილის დონეზე არ გადაწყვეტილა და ლიფტის დამონტაჟების კაპრიზი მხოლოდ ერთი ადამიანისგან წამოვიდა.
პრეზიდენტის მოთხოვნით, ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს. ამიტომაც ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. ტაძარს უკვე დადგმული აქვს გუმბათი. ეს მაშინ, როცა იუნესკომ საქართველოს მთავრობას ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აუკრძალა. 36-ე სესიაზე კი შემზარავი დასკვნა დადო - ბაგრატის ტაძარი იუნესკოს კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს. მეტიც, იუნესკომ ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების იმ სიაში შეიტანა, რომლებსაც განადგურების საფრთხე ემუქრება და განმარტა: „ქართულმა მხარემ პატივი არ სცა და არ გაითვალისწინა დაწესებული შეზღუდვა და გააგრძელა სარეაბილიტაციო სამუშაოები“.
არქიტექტორ ივანე გრემელაშვილის მიერ განახლებული ტაძრის პროექტი თავის დროზე საპატრიარქომ მოიწონა. თუმცა მოულოდნელად, პროექტში, გრემელაშვილთან შეუთანხმებლად, იტალიელი რესტავრატორის პროექტი შეიტანეს, რომელიც პროფესიონალებთან განხილვის გარეშე, სავარადუდოდ, პირდაპირ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გადაწყვიტეს.
როგორი იყო ბაგრატის ძეგლის თავდაპირველი სახე, დღესდღეობით უცნობია, ამიტომაც იუნესკომ მოითხოვა, პირვანდელი სახით არ აღედგინათ და არ დაეზიანებინათ ძეგლი. ამის მიუხედავად, იუნესკოს მოთხოვნები ქართულმა მხარემ დაარღვია. ჯერ კიდევ 2009 წლიდან ტაძრის საძირკველი მთელ პერიმეტრზე ჩააბეტონეს და არქეოლოგიური შრეები გადაფარეს. ავთენტური სვეტის ბაზები კი დახერხეს და მათ ნაცვლად რკინა-ბეტონის სვეტები ჩაამაგრეს. ამის შემხედვარე იტალიელმა არქიტექტორმა სილვიო კალვიმ 2009 წელსვე უმძიმესად შეაფასა ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია ასეთი უხეში სამშენებლო კონსტრუქციებით. სილვიო კალვი მაშინ არ მალავდა, რომ ბაგრატის ტაძრის შემყურეს საშინელი იმედგაცრუება დაეუფლა.
„ეს რესტავრაციაც კი არ არის, არამედ ნგრევა და ყალბი აღდგენაა“.
ასეთი მძაფრი კრიტიკის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ იუნესკოსთან აქტიური თანამშრომლობა გადაწყვიტა... თუმცა იუნესკოს მოლოდინი კვლავაც არ გამართლდა.
For.ge-სთან საუბარში ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე ეპოქალური მნიშვნელობის ძეგლებზე რესტავრაციას დაუშვებლად მიიჩნევს, რასაც ახსნას მარტო საკუთარი შეხედულებით კი არ უძებნის, არამედ - იუნესკოსთან არსებული ძეგლთა საგანგებო განყოფილებისა და მსოფლიოში მიღებული მოსაზრებით.
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია ეს ლიფტი და ეს ამბავი. არ ვიცი, ვისთან არის შეთანხმებული, რა დონეზე, მაგრამ ეს ძეგლი ხომ იუნესკოს ნუსხაშია შეტანილი?! იუნესკოსთან არსებულმა სპეციალურმა კომისიამ, როდესაც ქრისტიანული ძეგლები დაათვალიერა მთელ ქრისტიანულ სამყაროში, ოთხი ქართული ძეგლი შეიტანა ამ საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში - მათ შორის, ბაგრატი ერთ-ერთია. თუ ბაგრატის ტაძარს სახეს შეუცვლიან, მას ძეგლთა ნუსხიდან ამოიღებენ. შესაძლოა, ვინმეს ბაგრატის ტაძარზე ლიფტის დამონტაჟება სწორად მიაჩნია, მაგრამ იუნესკოსთან არსებული საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილებისა და გადაწყვეტილების შეცვლა დაუშვებელია. ძეგლზე კონსერვაცია უნდა ჩატარდეს, რომ როგორმე კედლები გამაგრდეს, რა დროს ლიფტების დამონტაჟებაა?!“ - კითხულობს მარიკა ლორთქიფანიძე.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ბაგრატის ტაძარზე ლიფტის მონტაჟს ვანდალობად და პროვინციულ აქტად აღიქვამს, რაზეც კომენტარის გაკეთება შეუძლებლად მიაჩნია.
„იქ ბეტონის ჩასხმა, ასეთი რესტავრირების პრინციპი, უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისშივეა უარყოფილი. არსებობს პართენონი, რომის უამრავი ძეგლი, მათ შორის, კოლიზეუმი. ყველა მათგანის აღდგენა შესაძლებელია ბევრად მეტი ალბათობის სიზუსტით, ზოგიერთი ძეგლი კი, შეიძლება, მთლიანად აღდგეს. თუმცა ეს არ ითქმის ბაგრატზე, რომც იცოდე მაინც ამ ძეგლის წყობა, მაინც არ შეიძლება. ფოტო რომ გქონდეს, თუ როგორი იყო ეს ტაძარი, მაშინ კიდევ რამეს იფიქრებდი. რა სიმაღლის იყო მისი გუმბათი, რამდენ წახნაგიანი სარკმელი ჰქონდა, რა ფორმის, რა ჩუქურთმის, ამის შესახებ არაფერი არ ვიცით, ე.ი. ეს სრული თვითშემოქმედებაა, ესაა ძალიან მარტივი, პრიმიტიული, ეგოისტურ-ცხოველური ინსტიქტი, რომ მოდი, მე ჩემსას გავაკეთებ. საიდანაც მოდის, გასაგებია. დაახლოებით ასეა, რუსები რომ წერენ ძეგლებზე, „ზდეს პაბივალი ვანია ი მაშა“.
ასეთი საკითხები კულტურის მინისტრის დონეზე არ წყდება, ვინ კითხავს კულტურის მინისტრს?! ყველაფერი ერთი პირის კაპრიზია, ბაგრატის ტაძარი ხდება მიშას ტაძარი“, - გვითხრა გოგი ხოშტარიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ბაგრატმა კულტურული ღირებულება დაკარგა, ამიტომ, იუნესკო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღებს. მისი თქმით, რამდენადაც ზუსტად არ უნდა მისდევდე ძეგლის ფორმებს, მას მაინც შეემჩნევა ხელოვნურობა.
„ამათ ფეხებზე ჰკიდიათ იუნესკოც და ყველაფერიც. ყველა ლოგიკით, იუნესკო ამ ტაძარს ნუსხიდან ამოიღებს, თუ ჩააწყობენ, არ ვიცი. იუნესკოს პრინციპია ძველი ძეგლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ბაგრატი კი უკვე აღარ იქნება ძველი ძეგლი, ის უკვე ახალი ძეგლი გამოდის,“ - აღნიშნა გოგო ხოშტარიამ For.ge-სთან საუბარში.
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის, კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ ბაგრატის ტაძარზე ლიფტის სავარაუდო დამონტაჟებაზე საუბრისგან თავი იმ მოტივით შეიკავა, რომ პროექტს არ იცნობს და ისიც არ იცის, ზუსტად ასეა გადაწყვეტილი თუ არა. თუმცა აღნიშნა, რომ პროექტი დამუშავების სტადიაშია.
„რამდენადაც ვიცი, მთელი ეს ამბავი რომ ატყდა, - იუნესკოს წესები დავიცვათო და სხვა, ამას მოჰყვა, რომ თავად იუნესკოს ექსპერტმა გააკეთა ეს პროექტი. ასე მარტივად ნუ მივუდგებით, ლიფტი სხვა რაღაც შეიძლება იყოს. თანაც, ამდენი ყვირილ-წივილი - იუნესკოს წესებით გაკეთდესო, საჭირო არ იყო. პროექტი უკვე გაკეთდა იუნესკოს ექსპერტის მიერ და ამდენი ალიაქოთი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, სხვანაირად მომხდარიყო. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი აქტიურობა ხანდახან ძალიან ცუდ შედეგს იძლევა. ზოგჯერ სჯობს, საქმე სიჩუმეში გაკეთდეს, ვიდრე ხმაურით“, - განუცხადა მარიამ დიდებულიძემ For.ge-ს.
მისი თქმით, იუნესკოს ნუსხაში ძეგლები განსხვავებული სახით არის შეტანილი. თუ შეტანილია, როგორც არქეოლოგიური ძეგლი, მაშინ იგულისხმება, რომ ნუსხაში შეტანის მომენტიდან იქ არაფერი არ უნდა შეიცვალოს და მისი შენარჩუნება უნდა მოხდეს, რაც ხანდახან ძალიან ძნელია. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა იუნესკო საამისოდ თანხებს არ გაძლევს. ხოლო, თუ ძეგლი შეტანილია, როგორც ფუნქციონირებადი ძეგლი, მაშინ იქ დასაშვებია განვითარება, რადგან ფუნქცია გულისხმობს განვითარებას და სხვადასხვანაირად ხდება დასაშვები და არადასაშვები ქმედებების განსაზღვრა.
„თავის დროზე, 90-იან წლებში, ჩვენი ძეგლები სწორედ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსით იყო შეტანილი. ბაგრატის ტაძრის აღდგენა, რომელიც ქართული იდენტურობის დიდ ფასეულობას წარმოადგენს და ყველა მანიფესტში წერია, რომ ასეთ განსაკუთრებულ ძეგლებს განსხვავებული მიდგომა სჭირდება, რა თქმა უნდა, დასაშვებია. არსებობდა კიდეც ეს პროექტი, მაგრამ მოგვიანებით იმდენი ხმაური ატეხეს და იმდენი კითხვა დასვეს, ამ სახით რატომ აღადგენენო, რომ ბოლოს იუნესკოს ექსპერტი დაპატიჟეს და სწორედ მან გააკეთა ასეთი პროექტი. 94 თუ 95 წელს ბაგრატი იუნესკოს ნუსხაში შეიტანეს, როგორც არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც, როგორც არის, ისეთად უნდა დარჩეს. მოგეხსენებათ, რომ უკვე მაშინ ბაგრატი არ ყოფილა თავდაპირველი ნანგრევების სახით და ეს არ იყო სრულიად ავთენტური ძეგლი, არამედ 60-70-იანი წლების რესტავრაციის სახე ჰქონდა. ძალიან დიდი და სერიოზული სარესტავრაციო სამუშაო ჩაატარა მაშინ ბატონმა ვახტანგ ცინცაძემ. თვითონ ბაგრატის ტაძარი ვინაიდან ქრისტიანული ტაძარია და ფუნქციონირება გააჩნია, მას სხვა მოთხოვნები აქვს“.
მარიამ დიდებულიძის თქმით, ბაგრატის ტაძრის რომის კოლიზეუმთან შედარება არასწორია, რადგან კოლიზეუმს ახლა ფუნქცია არ გააჩნია და იგი შეიძლება იმ სახით დარჩეს, როგორც არის, რადგან იქ აღარ ტარდება გლადიატორების ბრძოლები. ქრისტიანულ ტაძარს კი, რომელიც ერისა და სახელმწიფოებრივ მთლიანობას განასახიერებს, სულ სხვა მიდგომა სჭირდება.