მიშა VS მიშა (VIDEO)

მიშა VS მიშა (VIDEO)

სააკაშვილმა სააკაშვილის კრიტიკა დაიწყო, ასეთი შეფასება მისცეს მის ვიზიტს და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ კრიტიკას ფოთელებმა და არამარტო მათ. მართალია, სააკაშვილი ქვეყნის „არაჩვეულებრივ პროგრესზე“ ხშირად საუბრობს, მაგრამ შიგადაშიგ, განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში, მის მიერ დაანონსებულ „სასწაულებს“ ელფერს თავადვე უკარგავს. ერთ-ერთი მათგანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ  ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მუშაობაა, უფრო სწორად უმუშევრობა.

სააკაშვილი რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ღიად ილაშქრებს, ამას უკვე ექსპერტები და პოლიტიკოსები აშკარადა ამჩნევენ. ზოგი მათგანი ამ ყველაფერს, მის ცხრა წლის წინანდელ ოპოზიციაში ყოფნის ნოსტალგიას უკავშირებს, ზოგიერთიც-წინასაარჩევნო პიარს.

„პრობლემაა, რომ ზონამ, როგორც ჩვენ მოველოდით ისე არ გაამართლა. იმიტომ, რომ საწარმოების უნდა გახსნილიყო შიგნით და ეს ჯერჯერობით ძალიან ნელა მიდის... თითქმის არ მიდის ამ ზონის შიგნით. პატარ-პატარა რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. პორტი, როცა იყიდეს დანიელებმა, ეს არ იყო ცუდი, მაგრამ, პირველი, რაც გააკეთეს ხალხი დაითხოვეს სამუშაოდან“, - აღნიშნა სააკაშვილმა და რეალობაში დაბრუნებულმა, ეს „მყისიერი სისუსტე“, ისევ ილუზიებით გააჯერა და ფოთის ინდუსტრიულ ცენტრად ქცევის ახალი გეგმა მოხაზა. 

„ამიტომ, ამ ყველაფრის გადალახვის საშუალება არის ახალი, დიდი საწარმოო სიმძლავრეების გაჩენა“, - დასძინა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ირგვლივ მსხდომი მოსახლეობიდან, არცერთ მათგანს „არ გასჩენია“ შეკითხვა, თუ როგორ გაჩნდება „ახალი, დიდი სიმძლავრეების საწარმო“ ზონის გარეთ, მაშინ, როცა ზონის შიგნით, სადაც უპრეცენდენტო საგადასახადო შეღავათებია დაწესებული, ფაქტობრივად მხოლოდ ცხენების საბალახო შემოღობილ ტერიტორიადაა ქცეული.

არადა, სააკაშვილი, ზონის გახსნის დღეს აცხადებდა, რომ მომდევნო 50 თვის განმავლობაში, მოზიდული იქნებოდა სულ მცირე 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დასაქმდებოდა ათობით ათასი ადამიანი. ფოთის ინდუსტრიულ ცენტრში, 400-ზე მეტი საწარმოს შექმნაც იგეგმებოდა. 50 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, პროექტის იდეის ავტორისგან, პრეზიდენტისგან ვიგებთ, რომ „თითქმის არ მიდის“.

2008 წლის 15 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ფოთის პორტში თბომავალით „პატრიოტი“ შევიდა. პრეზიდენტთან ერთად თბომავალით პორტში შევიდნენ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძეც. ღონისძიებას ესწრებოდა ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე და საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

სააკაშვილმა, საჯაროდ მოაწერა ხელი შესაბამის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს საქმე ქვეყნისთვის ოქროს საწყისი იქნებოდა. 

„დღეს ჩემს მიერ ხელმოწერილი აქტის საფუძველზე, ფოთის ისტორიული პორტის მიმდებარედ იწყება ახალი, სამჯერ უფრო დიდი პორტის მშენებლობა, რომელის ტვირთბრუნვა იქნება მინიმუმ 21,000,000 ტონა; ახალი პორტი აღიჭურვება საპორტო ტექნოლოგიების ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ახალი პორტი გააათმაგებს ეკონომიკურ საქმიანობას მთელს რეგიონსა და საქართველოში. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ დიდი საქმის დასაწყებად. შევიკრიბეთ, რათა პასუხი გავცეთ ჩვენი ხალხის გაჭირვებას. შევიკრიბეთ, რათა დავადგეთ გზატკეცილს რომელიც ძალიან მალე სიღარიბისგან თავისუფალ საქართველომდე მიგვიყვანს. საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიციების მოსაზიდად, ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისათვის ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად, ეკონომიკური წინსვლის ყველა ქართულ ოჯახამდე მისატანად, ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის დასაძლევად, ჩვენს მეზობლებთან და მთელს მსოფლიოსთან ახალი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დასამყარებლად: ჩვენ ვიწყებთ საქმეს, რომელიც შეცვლის ქართულ ეკონომიკურ რეალობას და ჩვენს ოჯახებს დაუბრუნებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას. ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა საქართველოს ახალი ოქროს ხანისა და ახალი ქართული ეკონომიკური სასწაულის დასაწყისია“, - ასეთი შეფასება გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფოთის ახალი პორტის მშენებლობისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

სააკაშვილის მაშინდელი განცხადებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას მრავალმილიარდიანი ინვესტიცია უნდა მოეზიდა და ასობით ათას ახალ სამუშაო ადგილი შეაქმნა, სადაც „საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებოდნენ“.

„ახალი პორტის მშენებლობის და შემდეგ ექსპლოატაციის პროცესში შექმნის 30 ათას სამუშაო ადგილს არა უცხოელების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ჩემი ურყევი ნებაა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, დასაქმების მთავარი ობიექტი საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ. უცხოელების სასარგებლოდ ქართველებმა სამუშაო ადგილები აღარ უნდა დაკარგონ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსას თავისი ცხოვრების პროექტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გრძელვადიან შედეგებს ათწლეულები დასჭირდება, თუმცა მიმდებარე რეგიონების სიღარიბიდან გამოყვანა გაცილებით ადრე დაიწყება, ვიდრე მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

რეალობაში ის მხოლოდ 4 წლის შემდეგ დაბრუნდა და მისივე დაანონსებული „ეკონომიკური სასწაული“ კი, ისევ წარსულში დაანონსებულად დარჩა.

ჯერ კიდევ 4 წლის წინ, ხელისუფლების მიერ მომზადებული სატელევიზიო კლიპის მიხედვით, ინდუსტრიული ზონის გახსნის შემდეგ, ფოთში, ასეულობით უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, მოსახლეობის რაოდენობის გასამმაგება და ცათამბჯენების აშენება უნდა მომხდარიყო. თუმცა, ეკონომიკური სასწაული არ მოხდა. ინდუსტრიული ზონის წარუმატებლობაზე, პრემიერ მინისტრის შემდეგ, პრეზიდენტი ალაპარაკდა.

ინდუსტრიულ ზონას წარუმატებელ პროექტად მიიჩნევს, ფოთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გოჩა დოლბაია, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის დაპირებას, თავიდანვე პიარის დატვირთვა ჰქონდა.

რიგითმა ფოთელებს კი, ზონის შესახებ მხოლოდ სმენიათ, დანარჩენი არც არაფერი იციან, არაფერს ვამბობთ, ამ ზონაში მათ დასაქმებაზე.

არაბულმა საინვესტიციო ფონდმა „რას ალ ხაიმა ინვენსტმენტ აუტორიტი ჯორჯია“-მ, 2008 წელს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურის იჯარით აღებასა და ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას გულისხმობდა. „რაკიამ“, ფოთის პორტის 51%-ანი და ნავსადგურის განვითარების ზონაში არსებული შენობა-ნაგებობები, მათზე დამაგრებული 300 ჰა მიწის ნაკვეთით 90 მილიონ დოლარად შეისყიდა. იმავე წლის ბოლოს, კომპანიამ 65 მილიონ დოლარად ფოთის პორტის დარჩენილი 49% აქციებიც შეიძინა. ამ ეტაპზე, „რაკია“ ნავსადგურის 20 და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 100%-ანი წილის მფლობელად რჩება.