აშშ-საქართველოს 20-წლიანი ურთიერთობის სამი წელი საქართველოში ჯონ ბასის მოღვაწეობით აღინიშნა. საქართველოს მოსახლეობა ამერიკელი დიპლომატის თბილისურ კარიერას განსხვავებულად აფასებს. მაინც ვინ არის ჯონ ბასი - წინააღმდეგობრივი ფიგურა, რომელსაც შეუძლია, დაუფარავად ამხილოს საქართველოს ხელისუფლება და, იმავდროულად, სახალხო კრების აქციების მსვლელობისას მწვანე შუქი აუნთოს ნაციონალებს ხალხის დასარბევად?! სწორედ ასე აღიქვა საზოგადოების ნაწილმა ბასის იმდროინდელი განცხადება, რომ რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ჯგუფები ძალადობრივი კონფრონტაციის გამოწვევას ცდილობდნენ. ასეა თუ ისე, ჯონ ბასს ბევრი არ უვიწყებს, რომ იგი გასული წლის 25 მაისს მოუქნელად მოიქცა და, რომ მისი სიტყვიერი სანქცია მიტინგის დასარბევად საჭირო სულაც არ იყო, რადგან მიტინგს ისედაც დაარბევდნენ. მოგვიანებით ჯონ ბასმა, საკუთარი ნათქვამის გამო, სავარაუდოდ,პასუხისმგებლობა იგრძნო და დარბევიდან ერთი წლის თავზე წუხილი გამოთქვა დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო გარკვეული პირების პასუხისგებაში მიუცემლობით.
თუმცა, ასეთი იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჯონ ბასი სიტყვიერად იქ იყო, სადაც ქართულ საზოგადოებას უჭირდა. საკუთარ აზრებს იგი ხან პირად საუბარში, ხანაც „ფეისბუკის“ მეშვეობით გამოხატავდა. ბასი იყო პირველი დიპლომატი საქართველოში, რომელმაც საკუთარი ნათქვამის დამახინჯებისგან დაცვის მიზნით ქართულ ენაზე სუბტიტრებით გამოხატა სათქმელი, რაც მესიჯი იყო ზეწოლის ქვეშ მომუშავე ცალკეული მედიასაშუალებებისთვის, რომ ელჩი მათ არ ენდობოდა.
პერიოდულად ჯონ ბასის შეხედულებები მოულოდნელ ემოციებს იწვევდა და იწვევს. იგი იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების სიმწირეა, რომ რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტები უფრო რელევანტურ კითხვებს სვამენ, ვიდრე - ნაციონალური მაუწყებლების, რომ საქართველოში განსახვავებული პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური მოსაზრებების მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობაა, რაც ქართველებისთვის ცოტა მოულოდნელია, რადგან ისტორიულად სწორედ საქართველომ შეიფარა უამრავი სხვა რჯულისა და ეროვნების ადამიანი.
ბასი შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ წევრებზე ზეწოლის ფაქტებით, კონტროლის პალატის ზღვარგადასული ქმედებებით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ინფორმაციის მიუწვდომლობით, განსხვავებული პოლიტიკური პარტიების აზრის ჩახშობით... ამიტომაც საქართველოს საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ელოდება.
„ამერიკას საკმაოდ ორიგინალური ელჩები ჰყავს, რომლებიც დაწესებულ წითელ ხაზს ხშირად კვეთენ“, - მიიჩნევს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და ბასის ცალკეულ განცხადებებს დიპლომატიურ ფორმას უწუნებს, რასაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქვამს. სულ სხვანაირად ფიქრობენ სხვა ექსპერტები, რომელთა აზრითაც, ჯონ ბასს დიპლომატიური ეტიკეტი არ დაურღვევია და, უბრალოდ, აშშ-ის მთავრობისგან მიცემულ ნებართვას ასრულებდა - მას უფლება ჰქონდა, აქტიურად ჩარეულიყო საქართველოში მიმდინარე პროცესებში და მწვავე განცხადებებსაც არ მორიდებოდა.
ჯონ ბასი და კაკო ბობოხიძე - ეს კიდევ ერთი ამოუწურავი თემაა. „ვინ არის ჯონ ბასი, რომ მისი გაღიზიანება ჩვენთვის შემაშფოთებელი იყოს?! - კითხულობს კაკო ბობოხიძე და უკვირს, საქართველოში რატომ უნდა იყოს აშშ-ის ელჩი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა, ვიდრე თუნდაც რუმინეთის ელჩი?! ის, რომ ჯონ ბასი შეშფოთდა, რა თქმა უნდა, ბობოხიძეს კარგ ნიშნად არ მიაჩნია, მაგრამ ეს მისთვის გადამწყვეტი არაა და „ნაციონალები“ ვერასდროს იქნებიან იმაზე ორიენტირებულნი, შეშფოთდება თუ არა ჯონ ბასი.
რას ფიქრობენ საქართველოში ჯონ ბასის სამწლიანი მოღვაწეობის შესახებ?! For.ge პოლიტოლოგებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა.
პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის შეხედულებით, ჯონ ბასმა საქართველოს ცხოვრებას უდაოდ დიდი კვალი დაამჩნია, ოღონდ – უარყოფითი თვალსაზრისით. ჰამლეტ ჭიპაშვილი საქართველოში აკრედიტირებულ თითქმის ყველა ელჩს ახლოს იცნობდა, ჯონ ბასის გარდა, თუმცა მიაჩნია, რომ ბასი არის პიროვნება, რომელიც ხმალამოღებით მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას და არცერთი პარამეტრით არ იზიარებს საქართველოს მოსახლეობის აზრს:
„აცხადებენ, რომ აშშ არის საქართველოს პარტნიორი, ეს – სიტყვით, თორემ რა პარტნიორობა შეიძლება იყოს პირველ ქვეყანას შორის, რომელიც ყველა პარამეტრით, ასი ათასჯერ მაღლაა?! დავუშვათ, ეს არის პარტნიორობა, ამ პარტნიორობაში უფრო მეტად ჭკუის სწავლება, ჭკუის დარიგება, რჩევების მიცემა უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ამას ახორციელებს კიდეც აშშ-ის ელჩი, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული“.
რაც შეეხება ჩვენს კონტრშეკითხვას – თუ ჯონ ბასი მართლაც საქართველოს ხელისუფლების უდაო მხარდამჭერია, მაშინ ნაციონალების თვალსაჩინო სახე კაკო ბობოხიძე რატომ სვამს კითხვებს ჯონ ბასის მისამართით?! – ჰამლეტ ჭიპაშვილს ამის შესახებ ასეთი მოსაზრება აქვს:
„კაკო ბობოხიძე არ არის ჩემთვის არც პოლიტიკოსი და არც პიროვნება, რომელიც საერთაშორისო ცხოვრებაშია ჩახედული. ეს არის ერთი ქუთაისელი გოიმი, რომელიც წლების განმავლობაში პარლამენტშია და ცუდის მეტს არაფერს აკეთებს. თუმცა, თავისი მოქმედებით ბასი ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში ამერიკის ინტერესი გატარდეს, მას ქართული ინტერესები არ აინტერესებს, ეს დიდი ქვეყნის მთავარი კანონია. ხანდახან აკრიტიკებს ხელისუფლებას, მის კრიტიკას კი მოჰყვება ხოლმე ბობოხიძისნაირების ნათქვამი, მაგრამ, საერთო ჯამში, ბასი ის პიროვნებაა, რომელმაც ხელი შეუწყო ამერიკის პოზიციების საქართველოში განმტკიცებას“.
ჰამლეტ ჭიპაშვილის აზრით, ჯონ ბასის განცხადებები მედიის, არჩევნების თავისუფლების, კონტროლის პალატის დარღვევების შესახებ, მორიგი პრიმიტიული განცხადებებია, რადგან, ცხადია, ყოველთვის თავზე ხელს ვერ გადაუსვამს სააკაშვილს და მის ნაციონალებს. ჭიპაშვილისთვის მთავარია, რომ კრიტიკას ქმედება მოჰყვეს. ამ თვალსაზრისით, კი არც ბასი, არც აშშ არ გამოირჩევა.
„ვითომ აკრიტიკებენ, რეალურად კი – მხარეს უჭერენ ნაციონალების ხელისუფლებას, რომელსაც მართავს აშშ-ის მიერ საქართველოში დასმული ჯილა საკაშვილი. ბასის კრიკიტა ისეთ საზოგადოებაზეა გათვლილი, რომელიც ყოველთვის ბარომეტრად მიიჩნევს აშშ-ს. მაგრამ ეს ქართული საზოგადოებისთვის ნატყორცნი ტყუილია“.
აქვე ჰამლეტ ჭიპაშვილი შენიშნავს, რომ ჯონ ბასის წინამორბედი ელჩები გაცილებით უფრო დელიკატურნი და თავშეკავებულნი იყვნენ, ვიდრე ბასი, თუმცა ისინიც მხარს უჭერდნენ სააკაშვილს. ასევე, პოლიტოლოგი სწორედ ბასს მიიჩნევს გასული წლის 26 მაისის დარბევის „გამპრავებლად“.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე ფიქრობს, რომ ქართველები რატომღაც ცდილობენ, საკუთარი ცოდვები ყოველთვის დიპლომატიურ წარმომადგენლობას გადააბრალონ. ასევე მოხდა ჯონ ბასის შემთხვევაშიც. ვიქტორ დოლიძის აზრით, 26 მაისის ტრაგედია მოაწყო სააკაშვილმა, ისევე, როგორც 7 ნოემბერი, როგორც - გირგვლიანის დაღუპვა.
„ჯონ ბასი საკმაოდ მაღალი რანგის დიპლომატია, რომელიც ცდილობდა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ხელი შეეწყო. მისი აქ ყოფნის დროს, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის პირობებში, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და ხორციელდება, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს თავისუფალი მედიის განვითარებას“.
ეუთოში ელჩობის პირადი გამოცდილების საფუძველზე, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ძალიან კარგად იცის, როგორ ხდება ნებისმიერი ინსტრუქციის შესრულება დიპლომატთა მიერ. კერძოდ, არავინ არ თვითნებობს და ელჩის პოზიცია, ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, რომელსაც ელჩი, უბრალოდ, აჟღერებს.
„ვინც დიპლომატიური ენა იცის, ჯონ ბასის განცხადებებს სწორად გაიგებს. შესაძლოა, მისი ნებისმიერი განცხადება მოზომილი იყო, ან არ ყოფილა ძალიან მკვეთრი, მაგრამ ეს აბსოლუტურად გასაგებია. ეს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაა, თანაც, დიპლომატიური, მაქსიმალურად გაწონასწორებული. ამიტომ გადაბრალება, რომ 26 მაისი ჯონ ბასის განცხადების გამო დატრიალდა, სულ მცირე, არაკორექტულია“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
მისი აზრით, ჩვენი ხელისუფლების სამარცხვინოდ, რომლებიც კონსტიტუციას სათავისოდ ჭრიან და კერავენ, ამ საქმეში თუ ვინმე არ ჩაერია და მკვეთრი პოზიცია არ დააფიქსირა, არაფერი გამოდის. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი შემაკავებელი ბერკეტი აშშ-ის წარმომადგენელია.
„აშშ-ის ნებისმიერი ელჩი და, საერთოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მხარს უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ტერიტორიულ მთლიანობას. ეკონომიკურ დახმარებაზე ხომ საუბარი ზედმეტია, რამდენი დახმარება მიგვიღია ამერიკისგან“.
ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჯონ ბასს ძალიან მაღალი რანგის დიპლომატად აფასებს, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს მკვეთრად გამოხატავს. მისი შეფასებით, ბასი დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩევა, განსაკუთრებით კი, პასუხისმგებლობა აქვს ქართველი ხალხის მიმართ.
„საქართველოში ელჩები გვყოლია, ქენთ ბრაუნიდან დაწყებული, კენეტ იალოვეცით გაგრძელებული, თუმცა ჯონ ბასმა პირველად თარგმნა ტიტრებით თავისი გამოსვლები, რომ არ დაეშვა ნათქვამის ნებისმიერი ფორმით ინტერპრეტაცია. იგი მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა, როგორც დიპლომატი. ამავე დროს, 26 მაისთან დაკავშირებული მისი დამოკიდებულება, გამონათქვამები, ჩემი აზრით, სცილდებოდა დიპლომატიურობას და მკვეთრად გამოხატავდა იმ პოზიციას, რომ არსებული ხელისუფლება გარანტირებულად დაცული ყოფილიყო მოვლენათა შესაძლო ესკალაციისგან. ასეთი დაცულობის აუცილებლობას იმდენად მკვეთრად გამოხატავდა, რომ, გარკვეულწილად, ქართველი ერის ინტერესსაც ეხებოდა. კერძოდ, ერის იმ ნაწილის ინტერესს, რომელსაც სრულიად ლეგიტიმური უფლება ჰქონდა და დღესაც აქვს უფლება, გამოხატოს უკიდურესი პროტესტი იმ ვოლუნტარისტული პოლიტიკის მიმართ, რასაც ჩვენი ხელისუფლება ყოველდღიურად ახორციელებს“, - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
თუმცა, დეპუტატის აზრით, ჯონ ბასი ნანობს 25 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რისი დასტურიცაა, 26 მაისთან დაკავშირებული მისი შემდგომი განცხადება და მომხდარის გამოძიების მოთხოვნა.
„ამით მან ტრაგიკულ 26 მაისამდე გაკეთებული მკვეთრი განცხადებების ერთგვარი ნეიტრალიზება მოახდინა. მთლიანობაში, საკმაოდ დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი ბასის, როგორც დიპლომატის მიმართ, რომელსაც თავისუფლების ძალიან მაღალი ხარისხი გააჩნია, წინამორბედ ტეფტისგან განსხვავებით. გაგახსენებთ მის დაუფარავ კრიტიკას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე, რამაც აკაკი მინაშვილის, პალიკო კუბლაშვილის ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ მათ ბრიფინგზეც ვერ დამალეს, რომ, შესაძლოა, ელჩი ვერ აძლევდა სწორ ინტერპრეტაციას აღნიშნულ ცვლილებებს კანონმდებლობაში“.