„პატიმარ ილგარ მამედზადეს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუკი მას ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ“ - ამის შესახებ for.ge-ს მამედზადეს ადვოკატმა თედო კობახიძემ შეატყობინა, რომელიც დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ორი ოპერაციის შემდეგ პატიმარს ჯერ რეაბილიტაციის პროცესი არ გაუვლია და ამ წუთებში მას ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას უპირებენ.
ადვოკატი ამბობს, რომ მამედზადე თავს შეუძლოდ გრძნობდა და მას ოჯახის ხარჯებით სამედიცინო გამკვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ პატიმარს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ადვოკატმა 16 მაისს შესაბამისი თხოვნით მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. ამას მოჰყვა მეორე განცხადება, სადაც დასაბუთებული იყო, რომ სასწრაფო სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მამედზადეს სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდა და ამჯერად ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. პატიმარი 11 ივნისს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ცენტრში მკურნალობის ხარჯებს მთლიანად პატიმრის ოჯახი ფარავს და ეს იმიტომ კეთდება, რომ ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო და შემდგომი გართულებები არ ყოფილიყო.
12 ივნისს ილგარ მამედზადეს ორი ოპერაცია ჩაუტარდა - თიაქარ-ბადის პლასტიკა ბადის ინპლანტით და ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.
„ოპერაციის შემდეგ ძალიან მალევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თითქოს საბადრაგო სამსახური აპირებდა ილგარ მამედზადე პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვენა. დავით ტატიშვილის ცენტრს ოფიციალური განცხადებით მივმართე და მოვითხოვე განემარტათ ჩემთვის, ჩატარებული ოპერაციების შემდეგ რამდენი ხნით იყო საჭირო პაციენტის ამ ცენტრში გაჩერება, ესაჭიროებოდა თუ არა ექიმის მეთვალყურეობა და ასევე ვწერდი, რომ პაციენტის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ ტატიშვილის ცენტრს ეკისრებოდა, რადგან ოჯახმა ამხელა ხარჯები იმიტომ გაიღო, რომ ოპერაციასაც და შემდგომი რეაბილიტაციის პროცესსაც ჯანსაღად ჩაევლო და რაიმე გართულებები არ მოჰყოლოდა“, - აცხადება ადვოკატი თედო კობახიძე for.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, დღეს მისთვის პატიმრის დედისგან გახდა ცნობილი, რომ საბადრაგო სამსახურს სასჯელაღსრულების სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ითხოვენ, რომ ილგარ მამედზადე გადაყვანილი იყოს პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. ადვოკატის თქმით, დავით ტატიშვილის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორიც და მამედზადეს მკურნალო ექიმი თეიმურაზ ბეშკენაძეც აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პატიმრის ცენტრიდან გადაყვანა არ შეიძლება და აუცილებელია, რომ კიდევ მინიმუმ 2-3 დღის განმავლობაში პატიმარმა ცენტრში მკურნალობა განაგრძოს.
„მამედზადეს დედის, ია ქაჯაიას განცხადებით, მიუხედავად ექიმების პოზიციისა, საბადრაგო სამსახურს გამუდმებით ურეკავენ სამინისტროდან და პატიმრის გადაყვანას ითხოვენ. როდესაც ექიმები ფაქტის წინაშეე დააყენეს, რომ ილგარ მამედზადეს ტატიშვილის ცენტრიდან გადაყვანაზე ხელი მოეწერათ, მათ ამაზე უარი განაცხადეს. მათ აღნიშნეს, რომ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ აიღებდნენ და მათი თანხმობით პატიმრის სხვაგან გადაყვანა არ მოხდებოდა. ექიმებმა პირიქით მოითხოვეს, რომ თუ ვინმე ტატიშვილის ცენტრიდან გაიყვანდა პაციენტს, თავად ამ ადამიანებმა უნდა მოაწერონ ხელი იმაზე, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას იღებენ“, - ამბობს ადვოკატი კობახიძე.
იგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ექიმებზე განხორციელდეს ზეწოლა, რადგან ისინი მამედზადეს სხვაგან გადაყვანაზე უარს აცხადებენ, სასჯელაღსრულების სამინისტრო კი ითხოვს, რომ პატიმარი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ, რაც ადვოკატის თქმით, შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.
შეგახსენებთ, ეს ის პატიმარია, რომელსაც გასული წლის 15 სექტემბერს სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში სცემეს. მაშინ მამედზადემ ამ დანაშაულში ციხის დირექტორი ლაშა ბრეგვაძე, მისი მოადგილეები და ციხის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ამხილა. მან შესაბამისი საჩივრით მთავარ პროკურატურას მიმართა, ფაქტზე საქმე აღიძრა და პატიმარი ამ საქმეზე დაიკითხა კიდეც. აღსანიშნავია, რომ საჩივარს, რომელიც მამედზადემ ამ ფაქტთან დაკავშირებით ადვოკატს გადასცა, თედო კობახიძეს ციხიდან არ ატანდნენ და იგი ამის გამო რამდენიმე საათით დააკავეს კიდეც. თუმცა ადვოკატმა საჩივრის გამოტანა მაინც მოახერხა.
ილგარ მამედზადეს საქმეს ციხეში პატიმრებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. კერძოდ, ადვოკატი კობახიძე მაშინ ამბობდა, რომ პატიმრებს აწერინებდნენ ხელწერილებს, რომ თითქოს, მაშინ მამედზადემ თვითდაზიანებები მიიყენა. პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა ამას ხელი მოაწერა კიდეც და მათ პატიმართა დანარჩენი ნაწილი დაუპირისპირდა, რომლებმაც ცრუ ჩვენებებს ხელი არ მოაწერეს. ამის გამო ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა დაახლოებით 300-მდე პატიმრის ეტაპირება მოეხდინა, რათა ციხის ბუნტი აეცილებინა თავიდან.