ბაგრატის ტაძარი ჩვენს თვალწინ გაანადგურეს, პირვანდელი სახე დაუკარგეს, რეკონსტრუქციის დროს რკინა-ბეტონი არ აკმარეს, ტაძარში ლიფტი ჩაამონტაჟეს და ახლა, იუნესკოს წინასწარ დასკვნაზე გვეუბნებიან, არაპროფესიული და არაკვალიფიციურიაო.
ანუ, საქართველოს ხელისუფლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის, სავარძელს ჩაბღაუჭებული და მიხეილ სააკაშვილის აკვიატებების შემსრულებლის, ნიკა ვაჩეიშვილის პირით კიდევ ერთხელ, ურცხვად თვალში ნაცარს გვაყრის, დაგვცინის და ამბობს, რომ რეკონსტრუქციისას აქცენტი სიძველეზეა და არა სიახლეზე და რომ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები რეალობას არ ასახავდა.
ბაგრატის ტაძარში ლიფტის ჩამონტაჟება იმის შედეგია, რომ სამი წლის წინ რეკონსტრუქციისას რკინა-ბეტონის გამოყენებას საზოგადოებამ მიუყურისძირა. მაშინ, ისევე, როგორც დღეს, თითზე ჩამოსათვლელმა ხელოვნებათმცოდნეებმა ამოიღეს ხმა. მაშინაც, ისევე, როგორც დღეს, ალბათ, სამსახურებსა და შიგადაშიგ, სიჩუმის სანაცვლოდ მიღებულ გრანტებს უფრთხილდებოდნენ. არადა, განგაშის ზარები უნდა შემოეკრათ, ხმის ჩახლეჩვამდე უნდა ეყვირათ, მაგრამ, როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყვის, ნურას უკაცრავად - ეს არც რკინა-ბეტონის გამოყენებისას გაუკეთებიათ და არც 10 ივნისს, სტუდია “ჯიენესის“ მიერ “მაესტროს“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ შემოუკრავთ განგაშის ზარები, რაც, ჩემი აზრით, ბაგრატის ტაძრის განადგურების საქმეში თანამონაწილეობის ტოლფასია. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა სწორედ ამ სიუჟეტში ნახა ბაგრატის ტაძარში ჩამონტაჟებული ლიფტი.
საქართველოს ხელისუფლებამ თუ გაბედა და თურქეთის რესპუბლიკასთან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო ხელშეკრულება გაფორმა, მაშინ, დიდწილად სავარაუდოა, რომ ოშკშიც ლიფტს ჩაამონტაჟებენ. ამ ვარაუდის საფუძველს ის მაძლევს, რომ ოშკის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი ვანო გრემელაშვილია (რომელიც რამდენიმე დღის წინ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა). ამავე არქიტექტორის პროექტის მიხედვით დაიწყო და გრძელდება ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია.
იუნესკო: “ვწუხვართ, რომ ბაგრატის კათედრალის დაცვა ვერ მოვახერხეთ“
„ჩემთვის მოულოდნელი იყო მისი ამგვარი არაპროფესიონალური, არაკვალიფიციული და საქმეში ჩაუხედავი დასკვნა, იმიტომ რომ სხვა სურათია და ამას, იუნესკოს ძალიან წონიანი ექსპერტებიც, იმ წლების განმავლობაში, როდესაც ერთად ვმუშაობდით, ადასტურებენ. პროცესი გრძელდება და სახელმწიფო მხარე თავის შენიშვნებსა და პოზიციებს აფიქსირებს, შემდეგ ეს დასკვნა ხდება კარდინალურად შეცვლილი და გადახედილი. ვფიქრობ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვექნება ბაგრატის შეთხვევაშიც საქმე“, - ესაა ნიკა ვაჩეიშვილის კომენტარი, რომელიც მან იუნესკოს წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით ჟურნალ “ლიბერალს“ მისცა.
ვაჩეიშვილის განმარტებით, ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია გაგრძელდება იმგვარად, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. იგი იმედოვნებს, რომ თვის ბოლოს იუნესკოს კომიტეტის შეხვედრაზე ორგანიზაციის წინასწარი დასკვნა გადაიხედება და შეიცვლება.
“ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ საზღვრების გახსნასა და ნომინაციის გაფართოვებაზე. ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში 1994 წელს ერთი კრიტერიუმის მიხედვით შევიდა. ამჯერად ჩვენ გაქვს მისი სხვა კრიტერიუმებში ჩართვისა და ნომინაციის გაფართოვების საშუალება“, - ამბობს ვაჩეიშვილი და იქვე განმარტავს, რომ ინტერნეტ–სივრცეში გავრცელებულ რესტავრირებული ბაგრატის ტაძრის ფოტო არ ასახავდა ტაძრის სრულ და ადეკვატურ გამოსახულებას:
“ჩვენს პროექტში აქცენტი სიძველეზეა და არა სიახლეზე, რენდერი ამას არ ასახავდა. ლიფტი უნდა იყოს. ლიფტი არ იქნება ცენტრალური კონსტრუქცია, ის კეთდება ფუნქციურ კუთხეში, იმისთვის, რომ ადამიანი ავიდეს დაუბრკოლებლად. ეს არ არის საეკლესიო სივრცე, ეს საერო სივრცე“.
როგორ მოგწონთ - “ეს არ არის საეკლესიო სივრცე, ეს საერო სივრცეა“? გეგონება ქუთაისში პარლამენტის მოუმთავრებელ შენობაზე ლაპარაკობდეს და არა ტაძარზე.
იუნესკო წუხს იმის გამო, რომ ბაგრატის დაცვა ვერ შეძლო. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებები დროულად რომ გაკეთებულიყო, ბაგრატის ტაძარში ლიფტის ჩამონტაჟებას კი არა, რეკონსტრუქციის დროს რკინა-ბეტონის გამოყენებასაც გადავრჩებოდით, მაგრამ უცხოს რა უნდა მოკითხო, მაშინ, როცა უნიკალური ტაძარი შინაურმა არ დაინდო და ურჯულოსავით მოექცა.
„უკიდურესად შეწუხებულები აღვნიშნავთ, რომ ბაგრატის რეკონსტრუქცია უკვე სეროზულ ფაზაშია შესული და იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელზეც კომიტეტმა 34-ე სესიაზე უარი განცხადა. რეკონსტრუქციისას რკინა-ბეტონი , გუმბათი და გამოყენებული ქვები თითქმის მთლიანად ფარავს ორიგინალურ და ავთენტურ ქვისწყობას", - წერია იუნესკოს 36 სესიის დასკვნაში.
იუნესკო ხაზს უსვამს, რომ შენობის ტოპოლოგიური და არქეოლოგიური კვლევის მიუხედავად, რეკონსტრუქციისას ჩამოცვენილი და გადარჩენილი დაახლოებით 400-მდე ქვა არ გამოიყენეს; თუმცა, მათი ზუსტი ადგილმდებარეობა ცნობილი იყო.
“ძლიერ განვიცდით, რომ ქვათა ორიგინალური წყობა რეკონსტრუქციამდე მხედველობაში გათვალისწინებული არ იყო. ინტერვენციის შეუქცევადი ხასიათის გამო ამის გათვალისწინება უკვე შეუძლებელია. ვწუხვართ, რომ ბაგრატის კათედრალის დაცვა ვერ მოვახერხეთ” - აღნიშნულია ორგანიზაციის წინასწარ დასკვნაში, რომელიც ასევე “ლიბერალში“ იყო გამოქვეყნებული.