„მეოცნებეებზე“ ნადირობის „ჩვენებური“ თავისებურებანი

„მეოცნებეებზე“ ნადირობის „ჩვენებური“ თავისებურებანი

ხელისუფლება „ქართულ ოცნებაზე“ ნადირობას აგრძელებს, ცალკე - კონტროლის პალატა აჯარიმებს ბიძინა ივანიშვილს, მასთან დაკავშირებულ ფირმებსა თუ ფიზიკურ პირებს, ცალკე - სამართალდამცველები მუშაობენ „ქართული ოცნების“ ცალკეულ წარმომადგენლებზე.

ფეხბურთელი კახი კალაძე კარგა ხანია, ნაციონალური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია და მხოლოდ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები კი არა, ქართული უშიშროების წარმომადგენლებიც კი გაემგზავრნენ სპეციალური მივლინებით მილანში იმისათვის, რომ ქართველი ფეხბურთელის გაყიდულ მატჩებთან და ნარკოტიკებთან დამაკავშირებელი „სამხილები“ მოეძებნათ. მას შემდეგ, რაც იტალიელმა სამართალდამცველებმა კალაძის „გულშემატკივართა“ ეჭვები არ დაადასტურეს, ქართველი სამართალდამცველები „გეგმა B“-ზე გადავიდნენ და კახა კალაძის თუ ივანიშვილის გამოჭერა სხვა მიმართულებიდან სცადეს, ახალ საქმეს კი უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილიც მიაბეს.

როგორც ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, მის ოჯახს ანგარიშები დაუყადაღეს. არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ვერ გაარკვია რა მოხდა, მას სამართალდამცველი ორგანოები არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან, სამაგიეროდ, ზოგიერეთ მედია გამოცემაში დაწვრილებით არის მონათხრობი, რას ერჩიან ლაშა ნაცვლიშვილს, რაში სდებენ ბრალს და რატომ გაიყინა მისი საბანკო ანგარიშები.

ლაშა ნაცვლიშვილის საქმეში კომპეტენტურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით, თურმე „ივანიშვილის ფულის გათეთრების მცდელობას ლაშა ნაცვლიშვილის სახლი შეეწირა, საიდანაც წილი, ნაცვლიშვილის ცოლსაც ერგება. ივანიშვილი კონტროლის პალატამ არაერთხელ გამოიჭირა ფინანსურ მაქინაციებში. ამიტომ, ოლიგარქი ნაღდი ფულის პოლიტიკაში ტრიალს შეეშვა და ახლა უძრავი ქონებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. 

ივანიშვილმა 2.5 მლნ კახი კალაძეს ჩაურიცხა და ლაშა ნაცვლიშვილის სახლის ყიდვა დაავალა. აქედან ბინის მეპატრონე რეალურად 800 ათასს აიღებს, დანარჩენი ფული კი „ქართულ ოცნებას“ მოხმარდება“.

როგორც ლაშა ნაცვლიშვილმა For.ge-ს განუცხადა მისმა სიმამრმა მართლაც გაყიდა სახლი, მაგრამ, თანხის მიღება ვერ მოახერხა, რადგან ოჯახის ყველა წევრის ანგარიში მოულოდნელად დააყადაღეს.

ლაშა ნაცვლიშვილი: ჩემმა სიმამრმა გაყიდა სახლი, მისაღები თანხა, ხაზს ვუსვამ – მისაღები და არა მიღებული თანხა, გაუნაწილა შთამომავლებს. ნაწილს თვითონ იტოვებდა, ნაწილს კი თავის სამ შვილსა და შვილიშვილს უნაწილებდა. შედგა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და მეორე დღეს დაყადაღდა ამ ხელშეკრულებაში მითითებული ყველა პიროვნების ყველა ანგარიში, პლუს ჩემი ანგარიშიც. ეს მოხდა ისე, რომ ანგარიშსწორება არ მომხდარა. ანგარიშსწორება კი იმის გამო ვერ ხდება, რომ ანგარიშები როგორც კედელი ბურთს ისე ისხლეტს ამ თანხებს. 12 მაისის შემდეგ საქართველოს ყველა ბანკში არსებული და არარსებული ანგარიშები დაყადაღდა. მაგალითად, ყადაღა დაადეს ისეთ ანგარიშებს, რომლებიც საერთოდ არ არსებობს. მაგალითად, ჩემს შვილს, რომელსაც საქართველოში ანგარიში არ აქვს, რადგან ბოლო რვა წელია ცხოვრობს და სწავლობს საზღვარგარეთ, და რომელსაც ბაბუა ჩუქნიდა გაყიდული სახლიდან თანხის ნაწილს, მასაც დაყადაღებული აქვს ანგარიშები, რომელებიც საქართველოში არ გააჩნია.

რომელ ბანკში გქონდათ ანგარიში ან როგორ მიიღეთ ინფორმაცია, რომ ანგარიშები დაყადაღებული იყო?

- მე მივიღე ეს ინფორმაცია ჩემი მომსახურე ბანკიდან. ეს არის „ქართუ ბანკი“, სადაც მაქვს სახელფასო ბარათი, რომლის ანგარიშზეც მქონდა ათას ლარზე მეტი და რომელიღაც მომსახურებისთვის ვერ გადავიხადე 20 თუ 30 ლარი. გამიკვირდა, რატომ იყო ბარათი დაბლოკილი. ბანკმა მითხრა, რომ ჩემი ანგარიშები დაყადაღებული იყო. ანუ, ანგარიშები ისე დაყადაღდა, პროკურატურას, სასამართლოს არც ერთი ჩვენგანი არც მოწმის სახით, არ დაუკითხავს, არანაირი ცნობა, იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა, არ მოუწოდებია. უფრო მეტიც – სასამართლო უარს აცხადებს იმ განჩინების გადმოცემაზე, რომელი განჩინებითაც დააყადაღა ანგარიშები. მოკლედ, სრული აბსურდია.

მივმართე სასამართლოს სადაც ეს განჩინება მოვითხოვე და არ მაძლევს, მივმართე სააპელაციო სასამართლოს და გავასაჩივრე განჩინება, რომელიც თვალით არ მინახავს, მაგრამ დაახლოებით ვიცი, რაც წერია შიგნით, იმაზეც სრული დუმილია, იმალებიან სამარცხვინოდ და სასამართლოში როგორც კი მოვდივართ, ეგრევე გვიგზავნიან ხან presa.ge-ს ხან „რეალ TV-ს“. მაგალითად, presa.ge -ზე დევს ჩემი მშობლების სახლის კოლაჟი და აწერია „ამ სახლს ყიდდა ლაშა ნაცვლიშვილი“?

ანუ, როგორც ამ საქმეში ჩახედული მედია ამბობს, ეტყობა, ივანიშვილს ფულის გათეთრებაში უშლიან ხელს...

- მიხეილ სააკაშვილი ფულს დასდევს, როგორც ყაჩაღი. სადაც გაიგებს, რომ არის ან შეიძლება იყოს ფული, როგორც ყაჩაღი, ისე დაგხვდება გზაზე. ამას მოწმობს, ახლა ამერიკის მოქალაქის მაგალითიც. მას ჰგონია, რომ მისი მარცხის საიდუმლო ამ ფულშია. არ არის ეს ასე და რა ქნას, სანამ გაიგებს...

ჩემი სიმამრის საპენსიო ანგარიშიც კი დააყადაღეს. მე ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არ მინდოდა, მივმართე სასამართლოს, პროკურატურას, სახალხო დამცველს, თუმცა –უშედეგოდ. ვფიქრობდი, რომ ეს პარანოია გაუვლიდათ, ან რაღაცას იფიქრებენ და რომ მიხვდებიან სისულელეს აკეთებენ, გაჩერდებიან-მეთქი.

რომელიმე სამართალდამცველ უწყებას სიტყვიერადაც არ უთქვამს, რას უკავშირებენ ანგარიშების დაყადაღებას?

- თითქოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაა დაწყებულიო, რაღაცის ლეგალიზების ფაქტზეო, მაგრამ რა ფაქტზეა ლაპარაკი და ვინ იძიებს – არ გვეუბნებიან, ვის უკანონო შემოსავლებზეა ლაპარაკი – არ გვეუბნებიან, ჩვენს სამართლებრივ-პროცესუალურ სტატუსზე არაფერს ამბობენ – ვინ ვართ, მოწმენი თუ ეჭვმიტანილნი, არაფერს ამბობენ, საერთოდ, საქმეში ბრალდებული თუ არსებობს, იმას არ გვეუბნებიან, ვისთან და რასთან გვაკავშირებენ, რომ ვკითხულობთ, სრული დუმილია და რატომღაც მათ მაგივრად გველაპარაკება „რეალ TV“. ჩვენ მივმართავთ მართლმსაჯულებას მათ ნაცვლად კი გველაპარაკება ITV, presa.ge და „რეალ TV“. ეს უკვე პარანოიაა.

რას გულისხმობთ, ITV, presa.ge და „რეალ TV“ როგორ გელაპარაკებათ?

- იცით, როგორი დამთხვევაა? არის საყოველთაო დუმილი. მივალ სასამართლოში, შევლენ სადღაც ოთახში, იფუჩუნებენ, იქიდან წამოსულს ნახევარ საათში მირეკავს presa.ge და გამოაცხობს პასკვილს. მივედი პროკურატურაში, წამოსული არ ვიყავი, რომ „რეალ TV“ მივიდა ბიძაჩემთან.

რამე დასამალი კი არ მაქვს, მე ყველაფერი უშუალოდ პროკურატურას მივწერე, რომ ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობის გამო, რაც არაერთხელ გამოიხატა ხელისუფლების საჯარო და მწვავე კრიტიკაში, აღნიშნულ ფისკალური ხასიათის დისკრიმინაციულ ღონისძიებებს განვიხილავ, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობას და მოივითხოვ კანონიერების აღდგენას, რა გავაკეთო მეტი? ადევს ყადაღა ყველაფერს და არ ხსნის სასამართლო. არსებობს პარანოიული შიში და ამ შიშის გაფანტვა მე არ შემიძლია.. ეს შეუძლიათ გააკეთონ საქართველოს ამომრჩევლებმა ოქტომბერში.

ფული უნდა ჰქონდეს მარტო მიშას და თუ საქართველოში ვინმე სხვას ფული აქვს, ეს უკვე არის დანაშაული.

150 მილიონით რომ დააჯარიმებენ ბიძინა ივანიშვილს, რაღაზე ვილაპარაკო?! დავუშვათ, მივმართე საელჩოებს... შემდეგ რა იქნება? არც არაფერი! მე არ მინდა კანონის გარეშე ერთი ნაბიჯი გადავდგა. ასე რომ მდომებოდა, ამ ანგარიშსწორებას საზღვარგარეთ მოვახდენდი, მაგრამ არ გავაკეთებ. ესენი კანონის მოთხოვნით მოხსნიან ყადაღას და ანგარიშსწორება მოხდება საქართველოს ბანკებში, ისე, როგორც წერია ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

ნუთუ ადამიანს არ შეუძლია გაყიდოს საკუთარი უძრავი ქონება, მიიღოს ამაში თანხა და გადაანაწილოს საკუთარ მემკვიდრეებზე? 79 წლის კაცი აპარატზეა შეერთებული და ამ ნერვიულობას რა მოჰყვება და რა დაუჯდება ეს ჩემს ოჯახს მორალური და მატერიალური თვალსაზრისით? ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი? ეს მოსამართლეებმა, და პროკურორებმა უნდა იცოდნენ.

ეს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ადამიანებზე ზეწოლაა თუ, უბრალოდ, უნდათ, რომ საზოგადოებაში შიში დანერგონ?

- მათ ჰგონიათ, რომ ფულს, რომელსაც აიღებს პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, ამ ფულს მოახმარს მიხეილ სააკაშვილითან პოლიტიკურ ბრძოლას, მაგრამ კიდევ გეუბნებით – არ ჭირდება მიხეილ სააკაშვილის ისედაც ლეგიტიმაციამორღვეულ რეჟიმთან ბრძოლას ფული. ამ რეჟიმთან ბრძოლას ჭირდებოდა ნდობით აღჭურვილი პიროვნება და ვიპოვეთ ადამიანი, ვისაც ვენდობით. ამ კაცს ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. რა ფულიც არის ტექნიკურად საჭირო არჩევნების ჩასატარებლად, იმ თნხას საქართველოს მოსახლეობა სოლიდარულად შევაგროვებთ როგორმე, ბიძინა ივანიშვილზე გაცილებით მეტი ფული გვაქვს ყველა ქართველს ერთად. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ფული არ გვჭირდებოდა. ეს, სააკაშვილს ჰგონია, რომ ივანიშვილის ფული გვჭირდებოდა, ჩვენ მაღალი ნდობით აღჭურვილი სოციალური კაპიტალი გვჭირდებოდა, მაგრამ სააკაშვილი ვერ გაიგებს ამას. საჯარო პოლიტიკურ პროცესში თვითონ არის ბანკროტი და ივანიშვილი, პოლიტიკურად, მილიარდერი კი არა, ტრილიარდერია. მაგდენი ფული დედამიწაზე არ მოჭრილა, რამდენიც ღირს პოლიტიკოსი, რომელსაც ენდობიან. ამას ვერ იგებს სააკაშვილი, და სანამ ცხვირით არ დაენარცხება, ვერც მიხვდება.