მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან

მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან

გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან. როგორც დავით გარეჯის ლავრის მღვდელმონაზონი კირიონი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, 21 მაისს საქართველოს ხელისუფლების დაპირების შემდეგ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია 10 სამუშაო დღეში უნდა დაეტოვებინათ. თუმცა, მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა და, თუ აქამდე მთის თხემზე ორი მესაზღვრე იდგა, ახლა უკვე ექვსი მესაზღვრე დგას. მისივე თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მთის თხემზე ასულ ხალხს აზერბაიჯანის მხარეს ფოტოს გადაღებას უკრძალავენ.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი განმარტავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტრის ტერიტორიის დატოვებას არ ითვალისწინებდა. ამასთან, უტიაშვილი უარყოფს, თითქოს 

აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორია შეთანხმებიდან 10 დღეში უნდა დაეტოვებინათ. უბრალოდ, შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სასულიერო პირები, მომლოცველები და ტურისტები დაუბრკოლებლად უნდა გაეტარებინათ, რაც ხორციელდება კიდეც.

ყველაფერ ამას კი წინ უძღოდა მორწმუნეების საპროტესტო აქციები საქართველოს ხელისუფლების მისამართით. მეტიც - 20 მაისს გამართულ აქციაზე მრევლი კულტურის მინისტრ ნიკა რურუასა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, დავით გარეჯთან მიმართებით გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებების გამო.

„ამ ადამიანებმა აღნიშნეს, რომ დავით გარეჯის სულ რაღაც 2 %-ზეა საუბარი და, თითქოს ეს ტერიტორია აზერბაიჯანულ მხარეს ეკუთვნის. განა კვადრატული მეტრობით ვანგარიშობთ ჩვენს სიწმინდეებს?!“ - აღშფოთებით კითხულობენ ახალგაზრდები.

მათი თქმით, ქართველმა ჩინოვნიკებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიცია, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ამგვარი კაპიტულანტური განცხადება. მეტიც - მათი აზრით, დავით გარეჯის, როგორც წმინდა ადგილის, დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს და იქ არც ქართველი და არც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ უნდა იდგნენ.

სანამ ჩიკაგოში მყოფი მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი დავით გარეჯის შესახებ მსჯელობდნენ, საქართველოში მოვლენები დრამატულად ვითარდებოდა: მორწმუნეები მსვლელობებს მსვლელობებზე აწყობდნენ და მანძილის სიშორის მიუხედავად, დავით გარეჯის უდაბნოში ჩასვლას (რომლის სამჯერ მოხილვაც იერუსალიმში ჩასვლის ტოლფასად ითვლება) უფრო ხშირად აპირებდნენ. თუმცა, ერთი შეხედვით, შეთანხმების მიღწევის შემდეგ მათი პოზიცია შერბილდა.

„დავით გარეჯი ერთი სამონასტრო კომპლექსია და მსოფლიოში არსად არ ხდება, რომ შუა სამონასტრო კომპლექსში საზღვარი გადიოდეს“,- ასეთი იყო მათი პოზიცია.

For.ge მღვდელმონაზონ კირიონს ესაუბრა.

როგორც ცნობილი იყო, საქართველოში სამოქალაქო მღელვარების ფონზე, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უკან დაიხიეს და პირვანდელი დისლოკაციის არეს დაუბრუნდნენ. თუმცა ამჯერად თქვენ აცხადებთ, რომ გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან, ოღონდ, გასამმაგებული რაოდენობით. რა შეიცვალა 20 მაისის შემდეგ, როცა ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ხალხი საქართველოს ხელისულებამ დაამშვიდა და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა?

- როცა თბილისში სახალხო ეროვნული აქცია მოეწყო, იმავე დღეს სასაზღვრო დეპარტამენტიდან ჩვენთან მოვიდნენ მაღალჩინოსნები და გვითხრეს, რომ ათ სამუშაო დღეში ამ საკითხს მთლიანად მოაგვარებდნენ. ანუ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თავიანთ საწყის პოზიციას დაუბრუნდებოდნენ, რომელიც მათ 6 მაისამდე ეკავათ.

სასაზღვრო მაღალჩინოსნები ვინ იყვნენ? ქართველები თუ აზერბაიჯანლები?

- ქართველები იყვნენ, ჩვენი საზღვრის დეპარტამენტის მაღალი ჩინოივნიკები. თუმცა, არათუ ათი სამუშაო დღე, უკვე 20 სამუშაო დღეც გავიდა და აზერბაიჯანლები ისევ დგანან ამ მთის თხემზე. პლიუს ამას, არათუ ორი კაცის რაოდენობით, როგორც ადრე იდგნენ, არამედ დღეს უკვე ექვსნი დგანან. აქედან ჩანს, რომ სახელმწიფო არ უდგება ამ საკითხს სერიოზულად და პრინციპულად და ამ ოცი დღის განმავლობაში, არავითარი ქმედითი, სერიოზული ზომები არ მიუღიათ, თორემ შეუძლებელია, აზერბაიჯანული მხარისთვის რაიმე პრინციპულად მოგვეთხოვა და მათ ამ საკითხში წინააღმდეგობა გაეწიათ. ეს შეუძლებელია.

გამორიცხული არაა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს...

- რატომაც არა. იქნებ, ხვალ გვითხრან, რომ მაღლა აღარავინ ამოვიდესო. რას გაიგებ? თამაშის წამყვანი მოთამაშეები ისინი არიან. მათ აქვთ სადავეები ხელში და ისინი გვიყენებენ პირობებს და არა-ჩვენ.

ბერებისთვის, ისევე, როგორც ტურისტებისთვის, რამდენად სახიფათოა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მანდ ყოფნა?

- ყველანაირად სახიფათოა. გაეროს ჩარჩო-ხელშეკრულებით, არცერთ მხარეს უფლება არ აქვს, ცალმხრივად დაარღვიოს არსებული დე-ფაქტო მდგომარეობა. 6 მაისს აზერბაიჯანმა ჩვენს მიმართ დე-ფაქტოდ არსებული მდგომარეობა ცალმხრივად დაარღვია. სანამ სახელმწიფო საზღვარი არ გაივლება, არ მოხდება დემილიტაცია, დემარკაცია და შემდეგ დოკუმენტის რატიფიკაცია პარლამენტისა და პრეზიდენტის დონეზე, იქამდე არცერთ მხარეს ცალმხრივად უფლება არ აქვს, საზღვარზე რაიმე მანევრი განახორციელოს. მათ შორის, ელემენტარული ცვლილება მოახდონოს. ფაქტია, რომ 6 მაისს აზერბაიჯანელებმა ცალმხრივად გააკეთეს ეს მანევრი და მთის თხემზე ამოვიდნენ, რისი უფლებაც არ ჰქონდათ.

ნინო კალანდაძისა და ნიკა რურუას განცხადებებმა და საქართველოს ხელისუფლების გაურკვეველმა პოზიციამაც ხომ არ შეუწყო ხელი, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ასე თავისუფლად რომ გადაადგილდებიან?

- ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამან შეუწყო ხელი, რადგან ფაქტია, რომ ნინო კალანდაძის განცხადების შემდგომ, ექვს საათში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე სპეც-სპიკერმა დადო ინფორმაცია, როგორც თქვენი მინისტრის მოადგილე, ქალბატონი კალანდაძე ბრძანებს, ეს ტერიტორია აზერბაიჯანისაა, ალბანური კულტურის ძეგლია და ის ტერიტორიულ დავას არ ექვემდებარებაო. ანუ, აზერბაიჯანის სახელმწიფომ ჩვენი განცხადების შემდეგ დადო ეს განცხადება, რომ დიახ, ეს ტერიტორია ჩვენია და დავას არ ექვემდებარება, როდესაც მანამდე აზერბაიჯანის ოფიციალური სახელმწიფოს მიდგომა ასეთი იყო - ამ ტერიტორიების ბედი ჯერ გაურკვეველია.

ანუ ჩვენ მივეცით ლავირების საშუალება?

- რა თქმა უნდა, პირდაპირ შეიძლება, ამასთან ხაზის გავლება. აღარანაირ გონიერებაზე აღარაა საუბარი.

პრობლემის მოგვარებაში საპატრიარქო რომ ჩაერიოს, ხელეწიფება?

- ახლა საპატრიარქოს არ წარმოვადგენ?! ვამბობ იმას, რაც ხდება, მაგრამ რა...

მაისში საპროტესტო აქციის შემდეგ მორწმუნეები მთაწმინდაზე, მამა დავითის მთაზე მოსალოცად ავიდნენ, მეორე დღეს კი დავით გარეჯში წამოვიდნენ, 31 მაისსაც, დავით გარეჯის ხსენების დღეს, დაგეგმილი იყო მრევლის მსვლელობა დავით გარეჯისკენ, თუმცა იმ პერიოდში სააკაშვილი ალიევს შეხვდა და ქართული მხარე გარკვეულ შეთანხმებაზე საუბრობდა. რამდენად რეალურად მოხდა შეთანხმება?

- როგორც გაირკვა, შეთანხმება იყო მხოლოდ ხალხისა და მომლოცველების დაშვება, რომ ისინი მთის თხემზე ასულიყვნენ,დანარჩენი-არაფერი. ასევე, იმედი მოგვცეს, რომ თითქოს ათ სამუშაო დღეში აზერბაიჯანული მხარე მთის თხემს დატოვებდა და საწყის პოზიციას დაუბრუნდებოდა.

ანუ, რეალურად, ტერიტორია მაშინაც დატოვებული არ ჰქონიათ? მიუხედავად იმისა, რომ გაცხადდა, თითქოს ისინი დატოვებდნენ ტერიტორიას?!

- არა, რეალურად დატოვებული არ ჰქონიათ. მაშინ ორნი იდგნენ და პირობა გვქონდა, რომ მხოლოდ ორი მესაზღვრე იდგებოდა ათი სამუშაო დღის განმავლობაში და ამ ვადის შემდეგ თავიანთ საწყის პოზიციებს დაუბრუნდებოდნენ. ათი სამუშაო დღეც გავიდა, ოციც გავიდა, მაგრამ აზერბაიჯანლები საზღვარზე უკვე ექვსნი გახდნენ.

აგრესიულად ხომ არ იქცევიან? მოსალოცად რომ ადიხართ, პრობლემებს ხომ არ გიქმნიან?

- არა, აგრესიულად არ იქცევიან. უბრალოდ, ასეთი ახირება აქვთ, რომ ტურისტსა და მომლოცველს არ აღებინებენ სურათს დასავლეთის მხარისკენ, ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიისკენ. თითქოს ეს სახელმწიფო მნიშვნელობისაა და არ შეიძლება. ახლა, ეს ელემენტარულად სიბრიყვე და სისულელეა, ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, შეხვალთ Google-ს პროგრამაში და ყველაფერს ზემოდან დახედავთ, ამ ტერიტორიებს. ან რა სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორიაა, დასახლებაა, დაბაა, რაიონია, ქალაქია, ბაზებია თუ რა არის? ჩვეულებრივი მინდორია, საძოვარია. უბრალოდ, ამით ძალის დემონსტრირებას ახდენენ, რომ აქ მე ვარ წამყვანი, მე ვადგენ თამაშის წესებს და არა თქვენ-ქართველები.

გამოსავალს რაში ხედავთ? საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაში?

- გამოსავალი არის სახელმწიფოსა და ერის პრინციპული პოზიცია. ერის პრინციპული პოზიცია სახელმწიფოს მიმართ, რომ სახელმწიფოს მოსთხოვოს და აიძულოს, დაიცვას ჩვენი ერისა და სახელმწიფოს ინტერესები პრიციპულ დონეზე.

სახალხო აქციებში თუ ხედავთ გამოსავალს?

- ყველაფერში ვხედავ გამოსავალს, ყველამ, მთელმა ერმა და ბერმა, უნდა იაქტიუროს, ეს ყველას ვალია, ამის გულისთვის ადრე უსიტყვოდ ქუდზე კაცის შეკრება ცხადდებოდა. აბა, როგორ?! ეს ტერიტორია, უწმინდესი მიწებია, ეს არ არის ჩვეულებრივი, რიგითი ქართული მიწა, არამედ ქართულ მიწებში გამორჩეული ტერიტორიაა.

გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ სხვა ტერიტორია გავუცვალოთ, ოღონდ, დავით გარეჯის ისტორიული ძეგლი შევინარჩუნოთ.

- კი ბატონო, გამოუვალი მდგომარეობა თუკი შეიქმნა და, თუ ჩვენ ამით ერთა შორის კონფლიქტს, პრობლემასა და ომს ავირიდებთ, რატომაც არა. საძოვარი მივცეთ და ეს უწმინდესი ტერიტორიები დაგვიბრუნონ. თუკი შეიძლება, რომ რეგიონში ჩვენს მახლობლად მდებარე ორ მეზობელთან-სომხეთთან და აზერბაიჯანთან რაღაც დონეზე მაინც არ გაართულო ურთიერთობა და დესტაბილიზაცია ავიცილოთ, კიდევ შეიძლება, ამაზე ერი წავიდეს.

საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა აზერბაიჯანს ახლა არც უნდა აწყობდეს, რადგან სომხეთთან პრობლემა აქვს?

- რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი დღეს უკვე საომარ კონფლიქტშია შესული სომხეთთან, მიმდინარეობს ბრძოლები და ერთმანეთთან დაძაბულობაა. ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ აზერბაიჯანმა უარი თქვას, ზღაპარია, მაგრამ ამ პრობლემის მაღალ დონეზე გააზრების ნება არ არსებობს.