დიტო გელოვანი: მიხაილ ნიკალაევიჩი პროფესიას იცვლის

დიტო გელოვანი: მიხაილ ნიკალაევიჩი პროფესიას იცვლის

ისინი აი იქ უნდა გენახათ, ერთმანეთის ოჯახებში, წვეულებებზე, ანდა – საჭირო ზევითურა ხალხის თანდასწრებით ხომ... რა პეწი ახლდათ, რა სიკოხტავე, როგორვითარი მზადყოფნა, ანდა რანაირი სიტყვა-პასუხი; ხვეწნურად ძლიერ მომლოდინე მზერას აღაპყრობდნენ ნემსთყუნწშიგამძვრალთ, დახვეწილები გახლდნენ ისეთი, უცხო თვალს მათთვის რომ შეეხედა? - სულო და გულო... ატაშეების მიხვრა-მოხვრა ჰქონდათ. სულ სხვანი იყვნენ ქალაქგარეთა რესტორანში, კაბინეტთაგან ყველაზე უშუალოში მოყუჩებულნი, სიცხეში ცივი შამპანურით აგრილებულნი, და თანავდროულად ახურებულნი მაინც, პერანგჩახსნილნი, ჭიპამდე დეკოლტეთი ისხდნენ და სვამდნენ, მეორე დილით კარგი იყო მაცივრისმიერი შინდის კომპოტი, დაფუფქულივით ენა-ხახაში სასიამოვნოდ იჟღინთებოდა, საერთოდ, ზაფხულს, ნაზად ნატიფი საჭმელები უფრო უყვარდა, ხბო, ბატკანი, ვთქვათ და სულ სხვა რამ ეშხი ჰქონდა დეკემბრობით საფერავსა და ღორის მწვადს, ჯიგრის ყაურმას...

(გურამ დოჩანაშვილი, „განსმდგომი შუაკაცი“)

სხვისი არ ვიცი და, პირადად მე სააკაშვილის აბაშაში სტუმრობისას (არადა, თავი ყველგან მასპინძელი ჰგონია) ის ძველი, კეთილი საბჭოთა ფილმი გამახსენდა - „ივან ვასილიევიჩი პროფესიას იცვლის“. რატომ და რაზე გამახსენდა... „გამარჯობათ... გამარჯობათ... გამარჯობათ... როგორ ხართ, ხომ ხართ მაგრად? გამარჯობათ, გამარჯობათ...“ - ხვიხვინებდა, კუჭკუჭებდა, ხითხითებდა, კისკისებდა... ფილმში ასეა: „Царь, очень приятно... Царь, очень приятно... Очень приятно, царь... Очень приятно... Царь... Царь...“

ერთი ერთზე, ერთი ერთზე!

ერთხელ კიდევ უნდა ვნახო ეს ფილმი, რაღაცეები უნდა გავიხსენო, თუმცა რაღაც-რაღაცეები კარგად მახსოვს. მახსოვს წუწუნი და დაყვედრება: „გგონიათ იოლია მეფობა? მე თუ მკითხავ, რძეს უფასოდ უნდა გვაძლევდნენ“. და ისიც მახსოვს, შვედების ელჩს არყისა და საკუთარი ბუნების ზეგავლენით, ისე, სხვათა შორის, ტერიტორიებს რომ დაუთმობს - ღმერთო ჩემო, წაიღეთ, თქვენი იყოსო, და ბინების ქურდი, მილოსლავსკი ლამის წიხლებით რომ შედგება - შე ნაბიჭვარო, ვის მიწებსაა, რომ ანიავებო (ტი ჩტო, ცარსკაია მორდა, კაზიონნიე ზემლი რაზბაზარივაეშ!!!).

ტანცუიუტ ვსე!!! და ნაშები ცეკვავენ, ამას - თავი მაგიდაზე უდევს, იდორბლება, და ამ დროს რუსული ყაზარმული მართლმადიდებლობის გაბურძგნული წარმომადგენელი შემოვარდება: Войско взбунтовалось, говорят – царь не настоящий!!!

ერთი ერთზე, ერთი ერთზე... როგორც გრიგოლ ვაშაძე და ლოქო ქინძმარში... „საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის“ - აღნიშნა გასულ კვირაში ნინო ანანიაშვილის თანამეცხედრე-თანამეპუანტემ. ანუ, მისი აზრით, საქართველო და ნატო ისევეა ერთმანეთისგან განუყოფელი, როგორც თვითონ და ქინძი, ძმართნ ერთად. მოკლედ, ასე ამბობს ქინძთან შეზავებული ვაშაძე, რომელიც ტრადიციული ქართული კერძის აუცილებელ ინგრედიენტს წარმოადგენს.

ჰო, მაგრამ თუ ლოქო გაფუჭებულია? მაგალითად, თუ მრავალი წლის განმავლობაში ინახებოდა ვარშავის პაქტის ქვეყნების მთავარი კანტორის მოძველებული „ზილ-მასკვას“ გაფუჭებულ საყინულეში.

...ტელევიზორი ჩართული მაქვს. „ითიშება დენი?“ - ეკითხება სააკაშვილი ფოთელებს. „არა, არა“ - პასუხობენ ფოთელები და ფიქრობენ: „სამაგიეროდ, გათიშული პრეზიდენტი გვყავს ნანახი მახათას მთაზე“.

ნატოს თემას დავუბრუნდეთ... „15 ივნისს, 12:00 საათზე, კონკურს „ჩემი სიტყვა ნატო-ს“ და გამოფენა „ჩემი ნატო“ გამარჯვებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვევიან. მის: გმირ კურსანტთა ქუჩა #1, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია“.

იმ დღეს ველოდები, როდესაც ასეთ ანონსს წავიკითხავ: „15 ნოემბერს, 12 საათზე კონკურს „ჩემი სკაბრეზული სიტყვა მიშას“ და გამოფენა „შენი, მიშა...“ გამარჯვებულები შსს აკადემიას ეწვევიან. მის: შეშინებული მიშას ჩიხი #1“. დამეთანხმებით, ეს ანონსი ჯობს იმ ანონსს და ამასაც: „15 ივნისს, 12:00 საათზე, „პრაიმ თაიმის“ პრესკლუბში სტუმრად იქნება ცნობილი ლიბანელი პროდიუსერი და ბიზნესმენი, მიშელ ელეფტერიადესი და ნანუ სუხიშვილი. თემა: „ქართულ-ლიბანური კულტურული ურთიერთობები“.

ისევ ნატო... „საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“ - გახარებული იყო გია ბარამიძე, რომელმაც არც გასულ კვირაში დააკონკრეტა, თუ სულ რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ნატოსკენ და ამ ნაბიჯებში რამდენი (გეგმით და გეგმა-ვალდებულებით) უნდა იყოს „მნიშვნელოვანი“. ბარამიძეს არ უყვარს კონკრეტიკა. ბარამიძეს უყვარს აბსტრაქცია და პერფორმანსები ჰიჩკოკის სტილში. მაგ. „თბილი ცხედრები, ცივი არაყი და ცხელი კუბდარი“, ან „ზურამ ნარდი ითამაშა და გაზით გაიგუდა“ და ა.შ.

კონკრეტიკა სააკაშვილს უყვარს. „შეხვედრის შემდეგ, როდესაც ჰილარი მანქანაში ჯდებოდა, მოტრიალდა, მოკიდა მთელ დელეგაციას ხელი, ყველა თავის ჟურნალისტს და წამოვიდა, თვითონ ხელახლა ჩაუტარა ექსკურსია მათ იუსტიციის სახლში და დაამატა, რომ ამერიკაში ეს ალბათ, არასდროს არ გვექნება ჩვენდა საუბედუროდო. გამაოგნებელიაო - ერთი ხუთჯერ გაიმეორა“ - იხსენებდა გასულ კვირაში სააკაშვილი. დააკვირდით: კონკრეტულად ჰილარიმ, კონკრეტულად ხუთჯერ, კონკრეტულად მთელ დელეგაციას და კონკრეტულად „თავის ჟურნალისტებს“.

ისე, კარგად რომ დავაკვირდეთ, არის რაღაც, და ბევრი რაღაც, საერთო ჰილარისა და მიშას შორის. მიშასაც მთელი დელეგაციებისთვის აქვს ხელი შევლებული; თავისი ჟურნალისტები მიშასაც ყავს და ხშირად ხელსაც კიდებს; მასაც უყვარს მოულოდნელი შემოტრიალებები და, რაც მთავარია, ჰილარის ერთ დროს თვეში ერთხელ მოსდიოდა და მიშასაც, თვე არ გაივლის, ერთხელ მაინც რომ არ მოუაროს. თან, ისიც მიდის და ესეც.

მიდის-მეთქი და, დავით საყვარელიძე პროკურატურიდან წავიდა - პროკურატურაში ჩემი თავი ამოვწურეო, მაგრამ, ბარამიძისა არ იყოს, კონკრეტიკა არც მას უყვარს, რადგან არ დაუკონკრეტებია, საკუთარ თავთან ერთად რამდენის სიცოცხლე, რამდენის ჯანმრთელობა და რამდენის იმედი და ოცნება ამოწურა. ახლა, ტოკიოს უნივერსიტეტის მაგისტრანტია და ამბობს, რომ „დიდი განსხვავება არ იქნება ჩემი პოლიტიკაში გადასვლით, იმიტომ რომ მთავარი ის კი არაა, სად იქნება მაღალჩინოსანი, არამედ ის, რომ მან თავისი რესურსი და გამოცდილება სათანადოდ გამოიყენოს“.

მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, საყვარელიძე პარლამენტში იქნება თუ პროკურატურაში? ვირი, გინდა ღობის შიგნით დააბი და გინდა - ღობის გარეთ, მაინც ვირია და პროკურორიც ყველგან პროკურორად რჩება, როდესაც ტოლერანტობა ნულის ტოლია და როდესაც პრეზიდენტის რეზიდენციას დიიიდზე-დიდი ასოებით აწერია „არავინ დაინდოთ, ადგილზე გაანადგურეთ“!

კაცო, ბოლო-ბოლო, გამახსენეთ და გამაგებინეთ, აი... ციხის გალავანზე რომ აიჭრა და მტერს თავები რომ დააყრევინა, ის ხომ მახმუტი იყო? ეგ მახსოვს, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, ვინ იყო პროკურატურის ის მაღალჩინოსანი, საკუთარი შეყვარებულისა და მისი ოჯახის წევრების ტელეფონები მოსმენაზე რომ დააყენა.

არა, ცუდს კი არაფერს ვამბობ, უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ბევრ სასიქადულო ჩინოვნიკს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უნარ-ჩვევებში აქვს გადასული. „დავით საყვარელიძის უნარ–ჩვევები საკანონმდებლო ორგანოს წაადგება“ - დარწმუნებულია უნარიანი პავლე კუბლაშვილი. 

ბარემ, აქვე გეტყვით, კიდევ ვის უნარ-ჩვევებზე ემართებათ საარჩევნო ორგაზმი პავლე კუბლაშვილს და მის ნაციონალურ საძმოს: კრწანისის რაიონში – მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძემ უნდა იყაროს კენჭი, მთაწმინდაზე - არჩილ გეგენავამ, საბურთალოზე – ანდრია ურუშაძემ, ისანში – გიორგი ვაშაძემ, სამგორში – მიხეილ მაჭავარიანმა, დიდუბეში – გიორგი ბარამიძემ, ჩუღურეთში –ანდრო ალავიძემ, გლდანში –ნიკოლოზ ხაჩირიშვილმა, ნაძალადევში – მერაბ სამადაშვილმა და ვაკეში - გიორგი კარბელაშვილმა.

სულო ცოდვილო და, ამ ჩამონათვალზე და ქუთაისში აშენებული პარლამენტის ჩამონგრევაზე ისიც გავიფიქრე, ხომ არ ჯობს მომავალი პარლამენტი მხოლოდ ნაც-ბოზ-ბანდით და მისი სატელიტებით დაკომპლექტდეს მეთქი... ხომ ხვდებით - ერთი წკაპ და, სანამ დიდი ქვაბით შილას ჩამოატარებენ, გრიგოლ ვაშაძისგან მხოლოდ მაგიდის ქვეშ დაყრილი ფხები დარჩება. ჯერჯერობით კი ვაშაძე უკრაინაშია და უკვირს, არ მეგონა იბრაგიმოვიჩები შვედები თუ იყვნენო. კაიფობთ, ვაშაძე რა მაწაკია?! იბრაგიმოვიჩს ერთხელ უთქვამს, არ მეგონა, თუ დაპყრობილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დამპყრობელი ქვეყნის მოქალაქე იქნებოდაო.

მეც არ მეგონა, თუ თბილისში ამდენი ქინძისთავი და ასომთავრული იყო... სახელდახელოდ შექმნეს გულშემატკივართა (იტალიის, ინგლისის, ესპანეთის...) კლუბები და ასევე სახელდახელოდ აკეთებენ დამაიმედებელ განცხადებებს: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღეს გავიმარჯვოთ“, „კარგად ვართ მომზადებულები“, „ჩვენი გუნდი ყველაზე ძლიერია“... გოიმები, ქაჯები! თუმცა, ყველაზე სასაცილოდ სატირალი ის იყო, „რუსთავი-2“-მა თუ „რუსთავი რომელიღაცამ“ საბერძნეთის გულშემატკივართა კლუბი რომ გააძრო. ვითომ ბერძნებს გულშემატკივრობდნენ, სინამდვილეში კი რუსებს თარსავდნენ. კაცები ხართ თუ კაცმაცუნები და ნაცმაცუნები?! კაცები არ ხართ? თქვით რა ხმამაღლა: „იქით პუტინს გავარტყი და აქეთ - პავლიუჩენკოს დედას“! ვერ იტყვიან - ჯორჯ მაიკლზე და გოგა ხაჩიძის ყმუილზე გაზრდილებს იმას ვერ მოთხოვ, რაც „დიიფ ფარფლისა“ და „ლედ ზეპელინის“ მოყვარულებს მოეთხოვებათ. ამათი ჩარეცხვა შეუძლებელია, ისინი კი - ჩარეცხილებად დაიბადნენ.

გასულ კვირაში ლეიბორისტული პარტია მეორედ დაიბადა. მთელი ათი დღის განმავლობაში ხმა ვრცელდებოდა, ნათელაშვილი პოლიტიკიდან მიდისო, ლეიბორისტული პარტია იშლებაო. როგორც სააკაშვილი იტყოდა (და, ალბათ, თქვა კიდეც) - ვერ მოგართვით! „ლეიბორისტული პარტია“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განცხადება დღეს, მეტეხის ეკლესიის ეზოში პარტიის სხვა ლიდერებთან და რამდენიმე ათეულ მხარდამჭერთან ერთად გააკეთა. ნათელაშვილმა ამომორჩეველს მიმართა და აღნიშნა, რომ ასარჩევი ბევრი არაფერია“ - შემატყობინა მოძმე სააგენტომ და ისიც მითხრა, თუ ვინ უხელმძღვანელებს ამ პარტიის საარჩევნო შტაბებს რეგიონებში: თბილისის საარჩევნო შტაბს კახა ძაგანია უხელმძღვანელებს, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და მესხეთ-ჯავახეთის შტაბს - პაატა ჯიბლაძე, კახეთისა და ქვემო ქართლის შტაბს – სოსო შატბერაშვილი, იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის შტაბებს უხელმძღვანელებს გიორგი გუგავა, სამეგრელო, ზემო სვანეთს – კონსტანტინე გუგუშვილი, ხოლო აჭარისა და გურიის საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელი იქნება დავით რობაქიძე.

პოლიტკორექტულობის შესახებ მიკიჟინებენ ხოლმე, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ, დრომ და ნერვებმა მოიტანეს და, საერთოდ კორექტულობასთანაც მწყრალად ვარ. ასე რომ არ იყოს, ლეიბორისტებს არ ვეტყოდი იმას, რასაც ახლა ვეტყვი - გადააფსით ერთმანეთს. 

ნიუსი: „საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, აკაკი ბობოხიძეს ქუთაისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, გუბაზ სანიკიძის წარმატების არ სჯერა. როგორც ჟურნალისტებს აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, გუბაზ სანიკიძეს მმართველი გუნდიდან ამჟამინდელი მერი, გიორგი თევდორაძე დაუპირისპირდება, რომელიც ნამდვილად გაიმარჯვებს. მისი თქმით, ყველა პროცესი, რომელიც ქალაქ ქუთაისში ხორციელდება, სწორედ თევდორაძის სახელთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ბობოხიძე დარწმუნებულია, რომ გუბაზ სანიკიძეს ქუთაისში არანაირი შანსი არ აქვს“.

ოოო... რა უნდა ვუთხრა ბობოხიძეს? ბობოხიძეს - არაფერი. აი, ლეიბორისტებს კი ვეტყვი: „ერთმანეთს რომ გადააფსავთ, ბობოხიძე შუაში დაიყენეთ და ნურც გურამ ჩახვაძეს დაივიწყებთ. „ბუნებრივია, ეს სტატუსი განსაზღვრავს გარკვეულწილად ავტონომიას, ეს იქნება თვითმმართველობა, რომელსაც უფლება ექნება მიიღოს თავისი ნორმატიული აქტები და ეკონომიკური საქმიანობისთვის უფრო მეტი თავისუფლება“, – დასძინა გურამ ჩახვაძემ, რომელსაც ლაზიკასთან მიმართებაში კარგ მაგალითად ჰამბურგი მიაჩნია, სადაც ადგილობრივი კონსტიტუცია მოქმედებს და მას ე.წ. პრეზიდენტი მართავს, რომელსაც შეიძლება ქალაქის თავი ეწოდოს“ - ჩახვაძეს ლაზიკაზე აბოდებს და აღიარებს, რომ ელიტარულ კორუფციაზე საუბრისას ღრმა კოშმარებში იმყოფებოდა და გონს მხოლოდ საკუთარი შარვლიდან ამომავალმა სუნმა მოიყვანა.

ლაზიკის დომენტი სიჭინავას სახელობის სტადიონი; ლაზიკის სოფო ნიჟარაძის სახელობის ფილარმონია; სამოდელო სახლი „კობა ხაბაზი“ და ზაზა გოროზიას სახელობის სასიმინდე-ნალია... იმიტომ ჩამოვთვალე, რომ ლაზიკის საკანალიზაციო სისტემას აუცილებლად გურამ ჩახვაძის სახელი მიენიჭება. მოკლედ, დიდი პერსპექტივებია, დიდი! და თან, გასულ კვირაში, სააკაშვილმა ბათუმში ცათამბჯენების აგება, ლაზიკაში კი ბრიტანული სამართლის დანერგვა დააანონსა. მომავალ კვირაში დააანონსებს შვედურ მაგიდას თელავში, ბულგარულ წიწაკას - მესტიაში და ფრანგულ კოცნას - ფარცხანაყანებში. ნუ... შარდენზე ყველაფერი დაკავებულია და დაკავებულია მათ მიერ, ვისაც მიშამ დააკავებინა.

„როდესაც შარდენზე ერთი კაფე იყო, იქ ბევრი ხალხი არ მიდიოდა და ეს კაფეც ასე თუ ისე შაბათ-კვირას მუშაობდა. აბა ახლა გადით შარდენზე - ის დატვირთულია კაფეებით, რესტორნებით და კონკურენციისგან ხალხის ნაკლებობას თუ განიცდის რომელიმე მათგანი? სწორედ ასე უნდა განვიხილოთ ბათუმის, ფოთის, ყულევის, ანაკლიის სანაპირო, რაც საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არის დღესდღეობით...“ - პეტრე ცისკარიშვილი შარდენზე საუბრით იყო დაკავებული, ყველა მაგიდა დაკავებულიაო.

დაგვცინის თუ მართლა ასე ჰგონია? ან, ერთი ჩემი მეგობრის ფრთიანი გამონათქვამისა არ იყოს, შიგა აქვს თუ თავს იშიგავებს?! რავი... გვარად ცისკარიშვილი იყო და საქმით - ბნელეთის მოციქული?! გასაკვირი ამბავია.

„რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეზე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი „კარგად შეკრული საქმეა“. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძის ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა“ - ნიუსია, თორემ აბა იმ ბრიფინგზე მე რა მინდოდა? კარგად შეკრული, მე, „ნოლშესტი“ ვიცი და პირველი პარტიის „აძინაცატები“, საერთოდ კი ნაცარამზადების კარგად გაკეთებული „შეკრული საქმე“ ჯერ არავის გაუგია, კარგად შეკერილი საქმეები - ბევრზე ბევრი.

„პრეტენზია გვაქვს ვიყოთ პირველები! ბიძინა ივანიშვილი, როგორც მოვლენა, სპილოს ჰგავს, მაღაზიაში რომ შევა და ყველაფერს ამტვრევს. ის, რაც არაბუნებრივად ვითარდება, ყოველთვის განწირულია მარცხისთვის და არას“ - უთქვამს გასულ კვირაში გიორგი თარგამაძეს... სამაგიეროდ, გიორგი თარგამაძე, როგორც მოვლენა და როგორც ფიზიონომია, ჰგავს ხვლიკს - რამდენჯერაც არ უნდა მოაწყვიტო, მაინც ამოსდის ახალი კუდი და ის კუდი ყოველთვის სადღაც უდევს და, კუდი და სოდი რა გაყო?

გაყოფაზე არა, მაგრამ გასულ კვირაში  მამუკა კაციტაძემ მისთვის ყოფით საკითხებთან დაკავშირებით ერთი რიტორიკული შეკითხვა დასვა - „ვისგან მივიღო შენიშვნა, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბლოკისა და მისი მთავრობის ყოფილი ელჩებისგან?!“

ვაჰ, ეს რა ხალხია! რავა, სააკაშვილისა და მისი ყოფილი ელჩების გარდა ამ ქვეყანაში აღარავინ დარჩა? ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს გეპეის მეშვიდე კორპუსის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, გეპეის საერთო საცხოვრებლის ბინადარნი, გეპეის ახალგაზრდული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები...

მოსკოვში სიცოცხლით ტკბება ასლან აბაშიძე, საჩხერეში კი ძალაუფლებით ვეღარ ტკბება მისი თავგადაკლული ფანი, აწ კი საჩხერი გამგებელი, ზურაბ ცერცვაძე, მეტსახელად „ფანდალა“... ნუგზარ წიკლაურის მეტსახელია „ბოცო“, მისი მხარდამჭერების - „ნაბოცვრები“. როგორ ფიქრობთ, რა იქნება „ფანდალას“ ფან-კლუბის თიკუნი? რა თქმა უნდა - „ფანდალასტები“.

საჩხერის რაიონის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მას დაასახელებს. როგორც ზურაბ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რჩება რაიონის გამგებლად, ამავდროულად მმართველი გუნდის წევრად და საკუთარი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს“.

რა არის ასეთების მოვალეობა? რა და - გაუფრთხილდნენ იმას, რაც სააკაშვილმა დააკავებინათ, ანუ თანამდებობები. აგრძელებენ რა „საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, გვაიძულებენ უფრო ხმამაღლა ვიყვიროთ: „სააკაშვილი ფანდალასტ! ფანდალასტები ფანდალასტ!“

რამდენი რამ მოხდა კიდევ... რამდენი რამ... რამდენი ვინ და რამდენი რატომ.

სხვა დროს იყოს.

.. (მიშას ეძინება) ...მერე დროულად ჩართო ტელევიზორი, ფეხბურთს გემოზე წამოწოლილმა უყურა, თან ცივ კომპოტს დროდადრო სვამდა – კარგი რამეა აგვისტოში; მერე ერთ ათვისებულ ქალს დაურეკა და ორგანიზმის მოთხოვნილება ხვალისათვის დათქვეს (ხვალ: „მოდი აქ ჩემთან, მოდი აქ ქალო“), ძილის დროც რბილად რომ მოახლოვდა – მთქნარებამ ამცნო, შიშველა ტანზე მხოლოდ ზეწარი წაიფარა, ისიც – მუცლამდე, ნავარჯიშევზე, ხელები უკან, მადიანად, დანებებულივით გადააგდო და გულაღმა, წყნარად, უშფოთველად, მთლად აჩისავით ჩაეძინა.

(გურამ დოჩანაშვილი, „განსმდგომი შუაკაცი“)