სააკაშვილი, როგორც ჩანს, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს იღონებს

სააკაშვილი, როგორც ჩანს, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს იღონებს

სულ რაღაც ხუთი თვე რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში, რასაც ქვეყნის პარლამენტის სრული შემადგენლობის განახლების და უკიდურესად ანომალიური სიტუაციის დასრულების იმედები უკავშირდება.

ის ანომალიურია, რადგან საქართველოს პარლამენტში არ არიან პოლიტიკური პარტიები – მათ ოთხი წლის წინ უარი თქვეს მანდატებზე, არ აღიარეს რა თავად არჩევნების შედეგები, რომელსაც სააკაშვილის პარტიის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) გამარჯვება მოჰყვა. მათ პარლამენტის 150 ადგილიდან 119 დაიკავეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, კენჭისყრის დროს ადგილი ჰქონდა უმძიმეს დარღვევებს და გაყალბებას სააკაშვილის სასარგებლოდ, შესაბამისად, ოპოზიციამ მიიჩნია, რომ ამ შედეგების ლეგიტიმურად ცნობა არასწორი იქნებოდა. თავად ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დამკვირვებლებმაც აღიარეს კენჭისყრის პროცესში მრავალრიცხოვანი დარღვევები, მაგრამ მიიჩნიეს, რომ ეს არჩევნები ყველა წინა არჩევნებზე უკეთესი იყო…

შედეგად, დასვლური მთავრობების შუამავლობით, ამ პოლიტიკოსების ნაწილი ოპოზიციის რიგებიდან დათანხმდა პარლამენტში შესვლას, მაგრამ მათ ძალთა წონასწორობაზე რაიმე ზეგავლენის ან ამ ბალანსის შეცვლის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნდათ. 2008 წლიდან დღემდე, სააკაშვილის პარტიას მის „ბულგარულ უმრავლესობასთან“ ერთად არასდროს შექმნია პრობლემები მმართვის და კანონების მიღების თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, უამრავი ანალიტიკოსი ეთანხმება იმას, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ გამართულა არცერთი სერიოზული პოლიტიკური დებატი ქვეყნის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებას შორის. მმართველობის ეს „ერთპარტიული“ სტილი პარლამენტში ნაგატიურად აისახა საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტების „ზრდასა“ და „სიმწიფზე“.

დღეს საქართველოს შიდა პოლიტიკა უკიდურესად რთულია. პრეზიდენტი სრულად მოწყვეტილია ქვეყნის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ხელისუფლების პარტია მკვეთრად უპირისპირდება ოპოზიციას და ოპოზიციონერებს, და როგორც ეს ადრე ავღნიშნეთ, ხშირად იყენებს რუსულ საფრთხეს იმისთვის, რომ ოპოზიციის ლიდერების დისკრედიტაცია მოახდინოს და ადგილობრივ მოსახლეობას მათი მტერთან (ამ შემთხვევაში კრემლთან) „კოლაბორაციონიზმზე“ ეჭვები გაუჩინოს. ოპოზიცია კი თამაშის ტაქტიკის შეცვლას ცდილობდა და ერთადერთი კანდიდატის ირგვლივ დაიწყო გაერთიანება.

ახალი კანდიდატი ბიძინა ივანიშვილია, ფრანკო-ქართველი მილიარდერი, ბიზნესმენი, რომელიც ღირსეული კანდიდატის სახით სცენაზე რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში ერთვება, რათა სააკაშვილი დაამარცხოს და საქართველოში დაამყაროს „რეალური დემოკრატია და არა მისი კარიკატურა“. ბიძინა ივანიშვილმა უკვე შექმნა პარტია „ქართული ოცნება“ და დაიწყო მანიფესტაციის ორგანიზება თბილისში ნიადაგის მოსასინჯად და ხალხის რეაქციის გასაგებად. ამ წლის მაისში სააკაშვილის საწინააღმდეგო მანიფესტაციაზე მან ქუჩაში 50 000-დან 100 000-მდე ადამიანი გამოიყვანა ქვეყანაში, სადაც სულ ოთხი მილიონი მცხოვრებია.

იმავე დღეს მან საკუთარი პარტიის პროგრამა წარადგინა და ქვეყნის აღორძინების პირობა დადო, დაიწყო რა ქართული საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენით, რომელსაც ისეთი თემები აინტერესებს, როგორიცაა პენსია, მინიმალური ხელფასი, სოფლის მეურნეობის მდგომარეობა. მან განაცხადა, რომ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და ნატოსთან კავშირების განმტკიცების პოლიტიკის გაძლიერებას, რათა ალიანსში გაწევრიანების პროცესი დააჩქაროს და ასე შემდეგ.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების ალიანსი ჩამოაყალიბა და სახალხო მხარდაჭერის მოპოვება დაიწყო, სააკაშვილის პარტია თავად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.

ეს სერიოზული საქმეა და ის ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების უმკაცრესი დაკვირვების ქვეშაა, პოლიტიკოსების რომლებმაც ეს ამბავი ცუდად აღიქვეს. თავდაპირველად საქმე ბიძინა ივანიშვილის ორმაგ მოქალაქეობას ეხებოდა, რისი გამოყენებაც სააკაშვილს თავის სასარგებლოდ სურს. ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის პოზიცია ძალიან მკაცრია. ითქვა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მხოლოდ ახლა შეამჩნია ის, რომ მას არასდროს არ მიუნიჭებია ივანიშვილისთვის ორმაგი მოქალაქეობა (საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ) და შესაბამისად მას საფრანგეთის მოქალაქედ მიიჩნევს. ამ გზით ადგილი აქვს ივანიშვილისთვის არჩევნებში კანდიდატურის დაყენებაზე უარის თქმის მცდელობას, მაგრამ ასეთი უარის მიზეზის არგუმენტირება მართლაც რთულია.

კანონი ორმაგ მოქალაქეობაზე თავად სააკაშვილმა შემოიღო, და ამისთვის მას პოლიტიკოსები მკაცრად აკრიტიკებდნენ. მოკლედ თუ ვიტყვით, ორმაგი მოქალაქეობა ფაქტობრივად დაშვებულია: კანონი ეხება დაბადებით ქართველებს, რომლებიც მეორე მოქალაქეობას სხვა ქვეყანაში იღებენ. ის განსხვავდება საქართველოში უცხოელი მოქალაქეების ნატურალიზაციის შესახებ კანონისგან. ის ძალაშია, მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალური თანხმობის შემდეგ. ჩვეულებრივ ასეთ თანხმობას რეგულარულად აძლევენ ყველას, ვინც განაცხადს წარადგენს, და დღემდე ამ ტიპის პრობლემები არ დაფიქსირებულა.

რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ქვეყნის საზოგადოების დიდმა ნაწილმა, თბილისსა და მის შემოგარენში ჩატარებული მრავალრიცხოვანი ინტერვიუების შედეგების მიხედვით, ამ უარის უკან პოლიტიკური მოტივი დაინახა. ისინი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ჩარევას და ივანიშვილთან დაკავშირებული სიტუაციის უფრო ყურადღებით გაანალიზებას მოითხოვენ.

შესაბამისად, საქართველოში არსებული სიტუაცია დღეს ძალიან დინამიკურია: ერთი მხრივ, ბევრი ოპოზიციური პარტია შეთანხმდა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებაზე საკუთარი პოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, მეორე მხრივ კი მხარდაჭერის დაკარგვით და დასავლეთის მხრიდან ერთგვარი კრიტიკით შეწუხებული სააკაშვილის პარტია, ქვეყანაზე კონტროლის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

როგორც ჩანს საქართველოს შიდა პოლიტიკას ცხელი ზაფხული ელის, თანაც ბევრი რამ დამოკიდებულია იმ ოფიციალურ პოზიციაზე, რასაც აშშ და ევროკავშირი დაიკავებს.
foreignpress.ge