ოზურგეთის პარალელურად ქართველებმა მიტინგი ჟენევაშიც გამართეს, რომლის დეტალებზე for.ge ინტერნეტის საშუალებით ესაუბრა გურამ შარაძის ქალიშვილს რუსუდან შარაძეს. ინტერვიუს ბოლოს გთავაზობთ, ჯენევაში მიღებული მიმართვის ტექსტს, რომლითაც ჩვენმა იქაურმა თანამემამულეებმა სამშობლოში მყოფებს მიმართეს.
ვისი ინიციატივით შეიკრიბეთ ქართველები?
რუსუდან შარაძე: 10 ივნისს, ქუთაისის აქციის პარალელურად, შვეიცარიაში მცხოვრები ქართველების მიერ, ჟენევაში გაიმართა პირველი აქცია, სადაც დაფუძნდა “ქართული ოცნების’’ მხარდამჭერთა ჯგუფი. აქციაში ვმონაწილეობდით : ვახო ბეგიაშვილი, ვახტანგ კომახიძე, ნინო შარაშიძე, ბელა შრედერი, ზურაბ შავგულიძე მეუღლით, მანუჩარ უზურაშვილი და ა.შ.
დღეს, 17 ივნისს კი შემოგვიერთდნენ: გია ხუხაშვილის მეუღლე, მელანო კოპაძე, თამარ ბელი, ანა დვალი და სხვები… ყველას ჩამოთვლა რთულია და დანარჩენები მაპატიებენ.
ამ აქციებში მონაწილეობდნენ, როგორც პოლიტიკური ემიგრანტები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ მყოფი ქართველები, აგრეთვე - არალეგალურად მცხოვრები ადამიანებიც, რომლებსაც იმდენად დიდი პროტესტი აქვთ, იმდენად სურთ სამშობლოში დაბრუნება, რომ ბედავენ და თავიანთი მოსვლით საფრთხეს უქმნიან საქართველოში დარჩენილ ახლობლებს, მეტიც, შეიძლება, ის ორი ლუკმის ფულიც დაკარგონ, რომელსაც აქ, ოჯახების გადასარჩენად, ოფლით გამოიმუშავებენ.
თქვენც “ქართული ოცნების“ მხარდაჭერთა ჯგუფის წევრი ხართ?
- მე მხოლოდ, ,,ქართული ოცნების ‘’ და ქართველი ხალხის მიერ გამოხატული პროტესტის ერთ-ერთი მხარდამჭერი ვარ.
სად გამართეთ აქცია?
- აქცია ორივეჯერ გავმართეთ პრეზიდენტ ვილსონის სასახლესთან. ამ ადგილს თავისი დატვირთვა აქვს, რადგან თავის დროზე, ამ სასახლეში განთავსებული იყო ერთა ლიგა და დღეს აქ არის გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი.
მიიღეთ თუ არა რაიმე მიმართვა ?
- დიახ, ორივე აქციაზე მივიღეთ მიმართვა და უცვლელად გამოგიგზავნით.
სიტყვით გამოვიდა თუ არა ვინმე?
- სიტყვით არავინ გამოსულა, მხოლოდ, მიმართვა წავკითხეთ.
აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების“ მაისურები გეცვათ?
- დიახ, უმრავლესობას, “ქართული ოცნების“ მაისურები გვეცვა.
რა შინაარსის პლაკატები გქონდათ, რომელი დროშები ფრიალებდა აქციაზე?
-მე ორივე ხელში მამაჩემის ფოტოები მეჭირა. სხვებს ჰქონდათ “ქართული ოცნებისა“ და ხუთჯვრიანი დროშები. პლაკატებზე კი ეწერა, რომ სააკაშვილი არის დიქტატორი, რომ საქართველოში დემოკრატის ნასახი არაა, არ არსებობს თავისუფალი სასამართლო, პრესა და სხვა…
რა არის თქვენი - მანდ მცხოვრები ქართველების ამგვარი აქტიურობის მიზეზი და მიზანი?
- მიზეზიც და მიზანიც არის ზუსტად იგივე, რასაც საქართველოში ასიათასობით ადამიანი ქუჩაში გამოჰყავს. პარალელურ აქციებს კი კონკრეტული ქალაქის მხარდაჭერის დატვირვა აქვს.
“ქართული ოცნების” შვეიცარიაში მცხოვრებ მხარდამჭერთა ჯგუფის მიმართვა:
“ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო! 17 ივნისს, შვეიცარიაში, ჟენევაში შევიკრიბეთ კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ოზურგეთში გამართული წინასაარჩევნო კამპანიის მიმართ. შვეიცარიაში მცხოვრებ თანამემამულეებს იმედი გვაქვს იმისა, რომ უკვე ახლო მომავალში შევძლებთ სამშობლოში, ჩვენს ოჯახებში დაბრუნებას, ჩვენს ქვეყანაში დასაქმებას.
სააკაშვილმა თავის მიმდევრებთან ერთად უგუნურობით და ბოროტებით დაანგრია სოფლის მეურნეობა, უსახლკაროდ დატოვა ათასობით ჩვენი თანამემამულე; სრულიად გაანადგურა სახელმწიფოში სამართლისა და სამართლიანობის შეგრძნება; ფეხქვეშ გათელა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები; გაანადგურა დამოუკიდებელი ბიზნესი; ფაქტობრივად, დეგრადირებულია სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტები; და ბოლოს, უიმედობის ზღვარზეა მისული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა.
დღევანდელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ქვეყნები, საიდანაც ამდენი მოქალაქე ყოფილიყოს სამშობლოს ფარგლებს გარეთ გადახვეწილი, საკუთარი თავის და ახლობლებისთვის ლუკმაპურის საშოვნელად.
სირთულეების მიუხედავად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველაზე მისაღები გზებით არ მივცეთ უფლება "ნაციონალურ მოძრაობად" წოდებულ ბოროტებას გაახანგრძლივოს უსამართლობის და უგუნურების პერიოდი.
ჩვენ, შვეიცარიაში მცხოვრები ადამიანები შევიკრიბეთ დღეს ჟენევაში, რათა მხარი დავუჭიროთ ოზურგეთში გამართულ წინასაარჩევნო შეკრებას.
ჩვენო თანამემამულეებო, გვიგულეთ თქვენს გვერდით! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ლამაზი საქართველო. შვეიცარიაში მცხოვრები “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ჯგუფი ჟენევა, შვეიცარია 17.06.2012“.