ოზურგეთში “ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართული აქცია ქუთაისისა და თბილისისგან განსხვავებით ახალგაზრდების სიჭარბით გამოირჩეოდა. ოზურგეთში ჩატარებულ მიტინგს ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. აქციაზე მისულ უამრავ ადამიანთან ერთად ბიძინა ივანიშვილსა და სხვა გამომსვლელებს პოლიციელები გატრუნულები უსმენდნენ - ოზურგეთის დრამატული თეატრის სიახლოვეს პოლიციის შემინული შენობიდან უამრავი პოლიციელი იყო გამოსული - ფორმიანიც და უფორმოც; მათი ნაწილი მანქანებში იჯდა, ნაწილი შენობის წინ იდგა.
დრამატულ თეატრთან შეკრებილი გურულები ხშირად სკანდირებდნენ “ბიძინა, ბიძინა”-ს, რასაც ყოველ ჯერზე ივანიშვილის შეძახილი - “საქართველოს გაუმარჯოს“ მოსდევდა.
“ქართული ოცნების“ ტრანსპარანტები იგივე შინაარსის იყო, როგორც ქუთაისსა და თბილისში. ოზურგეთში ბევრი დროშები ფრიალებდა - ხუთჯვრიანი და “ქართული ოცნების“.
აქციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოედანი ხალხით თითქმის გავსებული იყო. ოზურგეთშიც პატრიოტული სიმღერები იყო ჩართული, როგორც თბილისსა და ქუთაისში.
ოზურგეთში ბათუმიდან ჩავედი. გამგზავრებამდე ერთი საათით ადრე, დაახლოებით ოთხის ნახევარზე, ბათუმის ე.წ. პიაცას მიმდებარე ქუჩები გადაკეტილი იყო. “პიაცას“ შესასვლელთან მიხეილ სააკაშვილის ესკორტის მანქანები იდგა. ბათუმელებისგან შევიტყვე, რომ სააკაშვილი “პიაცაზე“ თითქმის ყოველ დღე დადის და მისი სტუმრობის დროს მოძრაობა იზღუდება.
ბათუმიდან ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე, ქაქუთის გადასახვევთან “ტოიოტას“ ფირმის “პიკაპი“ იდგა; მასში ორი ფორმიანი პოლიციელი იჯდა და ერთ-ერთი მათგანი პატარა ვიდეოკამერით ოზურგეთისკენ მიმავალ მანქანებს იღებდა.
მიტინგის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დავინახეთ თბილისის კორტებთან დახვრეტილი ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი. იქვე, ახლოს, აქციის მონაწილეებს შორის დავინახეთ “რესპუბლიკელი“ გია მასალკინი. სცენის მარცხენა მხარეს ვნახეთ “სამოქალაქო ფრონტიდან“ ჯაბა ჯიშკარიანი. მომიტინგეებს შორის იდგნენ: “წინააღმდეგობის მოძრაობიდან“ სოსო მანჯავიძე, არჩილ ლეკიშვილი და “ობიექტივიდან“ ბონდო მძინარაშვილი და მერაბ ჭიქაშვილი; “მრეწველებიდან“ გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე; მამუკა გიორგაძის “სახალხო პარტიის“ წევრები.
თეატრთან ახლოს, სპეციალურად შემოსაზღვრულ ადგილას, სცენის მარჯვენა მხარეს იდგნენ: ნოდარ მგალობლიშვილი, მანანა კობახიძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მურმან დუმბაძე, ზურა აბაშიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ალექსი პეტრიაშვილი, თემო გოცაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ზვიად ძიძიგური, ქეთი დოლიძე, კახა შარტავა, ნუკრი ქანთარია, ავთო ბერიძე, ეკა ბესელია, ბესო ზანგური, კარლო კოპალიანი, გელა დოლიძე, თამაზ დიასამიძე, თემურ ნანეიშვილი, რეზო შავიშვილი, ლუკა კურტანიძე, მაია ფანჯიკიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ბიძინა გუჯაბიძე, გუბაზ სანიკიძე, გია ცაგარეიშვილი; “ცისფერი ტრიო“; ანსამბლები: “ქართული ხმები“ და “თბილისი“.
ფოტოები შემაღლებული ადგილიდან გადავიღე. აქციის რამდენიმე მონაწილეს ვკითხე, რამდენი ადამიანი ეტეოდა მოედანზე. ყველაზე ორიგინალური იყო შუახანს გადაცილებული მამაკაცის იუმორნარევი პასუხი - “ამ მოედანზე სტალინის ძეგლს, რომ ვყარაულობდი, მაშინ ორმოცდაათი ათასი კაცი იყო და ახლა თუ დამელოდები დავითვლი და გეტყვიო“. ოზურგეთის აქციაზე გახმოვანება არ იყო ისეთი კარგი, როგორც თბილისსა და ქუთაისში.
ბიძინა ივანიშვილი, თავის შვილთან, ბერასთან ერთად, აქციაზე გერმანული სიზუსტით, ზუსტად შვიდ საათზე მოვიდა.
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავიდან ჩამოსულებისგან შევიტყვე, რომ სოფელში სამჯერ ჩამოიარეს და ხალხს დაჭერით დაემუქრნენ - “თუ გაბედავთ და წახვალთ, ციხეებში აღმოჩნდებითო“. იქვე ახლოს სოფელ შრომიდან ჩამოსულებიც იდგნენ. მათ მითხრეს, რომ ოზურგეთში “გლობალ ტვ“-ს სატელიტური თეფშები “ნაცმოძრაობის“ წევრებმაც დაამონტაჟებინეს.
ბიძინა ივანიშვილმა გურიის რეგიონში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა, რომელთაგან პოლიტიკაში ჩართული აქამდე, არც ერთი ყოფილა. “ქართული ოცნებიდან“ ოზურგეთში კენჭს იყრის ზვიად კვაჭანტირაძე, ლანჩხუთში – თემურ ჩხაიძე, ხოლო ჩოხატაურში – თემურ ჭკუასელი.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე; ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ნათელა თოხაძე, რეჟისორი ქეთი დოლიძე და თავად ბიძინა ივანიშვილი. მიტინგი შვიდზე დაიწყო და ზუსტად ერთ საათში დასრულდა, რის შემდეგაც სცენაზე ბერა ივანიშვილი ავიდა. კონერტი 20 წუთი გაგრძელდა. ცხრის ნახევარი არ იყო შესრულებული, როცა ოზურგეთში კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ამ დროს ხალხი უკვე იშლებოდა. ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების“ შემდეგი აქციაც დააანონსა - 1 ივლისს თიანეთში შეიკრიბებიან.