ბიძინა ივანიშვილის მიმართვა

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა

მოგესალმებით, გურულებო!

მახსენდება დიდი ფრანგი ფილოსოფოსის სიტყვები: „ვაზროვნებ, ესე იგი, ვარსებობ!“ დარწმუნებული ვარ, დეკარტე გურული რომ ყოფილიყო, პირიქით იტყოდა - ვარსებობ, ესე იგი ვაზროვნებ!

ვერანაირი ოქრო-ვერცხლი ვერ შეედრება ამ სიმდიდრეს - აზროვნებას.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, გურული გლეხი ისე იმსჯელებს მსოფლიო პოლიტიკაზე, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს შეშურდება. ხოლო იმავე გლეხის და მისი რამდენიმე მეზობლის ნამღერი კრიმანჭული, მრავალხმიანი და იმპროვიზაციული სიმღერა, მსოფლიო პოლიფონიის შედევრად რომ არის წოდებული, ყველაზე მაღალი რანგის აზროვნებას გვასწავლის - არადოგმატურს და შემოქმედებითს, უზუსტესს და თავისუფალს.

მე-19 საუკუნის ბოლოს, ცნობილმა ქართველმა ეთნოგრაფმა თედო სახოკიამ გურიაში რომ იმოგზაურა, გაოცებული დარჩა გურულების ნიჭიერებით, სწავლა-განათლებისადმი მიდრეკილებით, ძლიერი ოჯახებით და განსაკუთრებით გურულების სტუმართმოყვარეობით.

დროა, გურულებმა თავისი საკადრისი ადგილი იპოვონ. თქვენი ადგილი კი, საუკეთესოთა შორისაა.

გურულები ყოველთვის გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული იუმორითა და კრიტიკული აზროვნებით და, რაც ყველაზე მთავარია, კრიტიკას არ აკლებენ არც ერთ ხელისუფლებას.

ნოდარ დუმბაძეს უთქვამს, სადაც ორი გურულია, იქ სამი განსხვავებული აზრიაო!

განსხვავებულ აზრს ებრძვის სწორედ ეს ხელისუფლება, და ავიწყდება, რომ ეს კრიმანჭულის, ხასანბეგურას სამშობლოა, აქ ყველა სხვადასხვა ხმას და მელოდიას მღერის, მაგრამ ერთად ისეთი პოლიფონია იქმნება, მსოფლიოში ბადალი რომ არ მოეპოვება!

ასეთებად უნდა დარჩეთ, გურულებო, საქართველოს ასეთები უყვარხართ, ასეთები სჭირდებით!

დიახ, ჩვენ ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, როცა ხელისუფლების ღირსების საქმე იქნება, როგორ მოექცევა იგი განსხვავებული აზრის ადამიანებს.

მე ყოველთვის ვოცნებობდი საქართველოზე, სადაც თავისუფალი ადამიანები იცხოვრებდნენ. მე მჯერა, რომ თავისუფლება ქართველი კაცის მთავარი ღირებულებაა და ჩვენ ერთად ავაშენებთ ასეთ ქვეყანას!

დიახ, ასეთი ხალხისთვის ღირს თავგანწირვა. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ქართველები ჩემი განვლილი ცხოვრების გამო მიჭერენ მხარს და არა იმიტომ, რომ სხვაზე მეტი ფინანსური საშუალება მაქვს. თუმცა, ხელისუფლებას ყველა თავისნაირი ჰგონია და თქვენს მხარდაჭერას ანგარებას და გამორჩენის სურვილს აბრალებს. ეს თქვენი შეურაცხყოფაა, ეს ჩვენი შეურაცხყოფაა!!!

მე მჯერა, ქართველი კაცისთვის ღირსებაა მთავარი და არა ფული. ზუსტად ამას ადასტურებს ამ კუთხის შვილის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება.

როცა პირველად პარიზიდან საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზეს, ექვთიმე თაყაიშვილს უარი უთქვამს, მხოლოდ იმიტომ, რომ კაცს, რომელსაც მთელი ქვეყნის განძი ებარა, პიჯაკი არ ჰქონია რიგიანი. აი, სწორედ ასეთი კაცი, მისი ცხოვრების წესი, სამშობლოსათვის თავდადება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა ზნეობის მაგალითი ქართველებისთვის.

მე ვოცნებობ ისეთ სახელმწიფოზე, რომელშიც ყველას ექნება საშუალება საკუთარი ნიჭითა და შრომით მიაღწიოს წარმატებას.

ნიჭი და ნიჭიერება გურულების მოგონილია. ამისი რომ შურს, ალბათ, იმიტომ მიაგდო და მიატოვა ასე გურია ხელისუფლებამ. წლებია არაფერი გაკეთებულა! და რაც იყო, ისიც გაპარტახდა!

უჭირს გურიას, სტუმართმოყვარეობით განთქმულ გურულებს აღარც სტუმრის გამასპინძლება შეუძლია და არც საკუთარი თავის რჩენა. გურული რისი გურულია, ამ გაჭირვებულ ყოფასაც მსუბუქი იუმორით რომ არ უყურებდეს.

სულ რამდენიმე ხნის წინ ასეთი რამ მოვისმინე:

საღამო ხანია, გურული მარტოა სახლში, ნაადრევად დაწვა - ეგება ჩამეძინოს და შიმშილმა გადამიაროსო...

ცოტა ხნის მერე, კარზე ბრახუნმა გამოაღვიძა. წამოხტა და იკითხა: რომელი ხარო?

ყაჩაღები ვართ, გაგვიღე დროზე კარი, სანამ შემოგვინგრევიაო, - გააგონეს გარედან.

უჰ, თქვენ აგაშენათ ღმერთმაო, მე სტუმრები მეგონეთ და გამისკდა შიშით გულიო...

ხუმრობა იქით იყოს და, რომ ვუყურებ დღევანდელ ჩვენს ყოფას და განსაკუთრებით იმას, რაც ხდება გურიაში, სულ ერთი ფრაზა მიტრიალებს თავში - ეს ხომ უნდა მოახერხო, ხომ უნდა მოახერხო და ასეთი მადლიანი მხარე შიმშილის პირას მიიყვანო, უნდა მოახერხო, რომ ასეთი მადლიანი ქვეყანა - საქართველო - სიდუხჭირეში აცხოვრო. ხომ უნდა მოახერხო, რომ ასეთ გულღია და სიცოცხლისმოყვარე ხალხს დაუკარგო მომავლის იმედი და გაამწარო.

ნოდარ დუმბაძის სიტყვებია: „...ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ, ამხანაგი უყვართ, ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ.... თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდეც, სამოთხესავით ქვეყანაა საქართველო, სამოთხესავით...“.

რამდენად არ უნდა გესმოდეს არც ეკონომიკა, არც ბიზნესი, არც პოლიტიკა და, რამდენად არ უნდა იცნობდე საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ბოლოს და ბოლოს, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, რომ მისი სხვა ქვეყნად გადაქცევა განიზრახო!

ასე ექცევა ეს ხელისუფლება საქართველოს, საქართველო მათი სამშობლო კი არა, ძალაუფლების ასპარეზია. ძალაუფლების დაკარგვის შიშით კი, ეს ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, ყველაფერს კადრულობს.

როგორც კი გაიგო ოზურგეთში „ქართული ოცნება“ იკრიბებაო, სააკაშვილი სასწრაფოდ გამოიქცა ოზურგეთსა და ურეკში და დაპირებების კორიანტელი დააყენა.

ტყუილი რომაა, გურულებო, ეს დაპირებები, თქვენ კარგად იცით. ხომ გახსოვთ, წინა ჩამოსვლაზე რა სპექტაკლი დადგა გურიაში - კალანდობა გაითამაშა საქვეყნოდ, ამისთვის თეატრის მსახიობები ათამაშა, - ნახეთ, რა დალხენილად ცხოვრობენ გურულებიო. მაგრამ არაფერი გამოუვიდა, გურულებს რას მოატყუებ! 

ან როგორ უნდა იკადროს ხელისუფლებამ აგდებული და უდიერი მასხარაობა იმ უშიშარ და მებრძოლ ხალხთან, რომელიც ყოველთვის განთქმული იყო უსამართლობასთან ბრძოლის ჟინით. ეს იყო გურიაში ფირალობის ნამდვილი მიზეზი. დროთა განმავლობაში ფირალები მითიურ გმირებადაც გადაიქცნენ. რამდენი ლეგენდა, ლექსი და სიმღერაა ფირალებზე, რაც ჩვენი ისტორიის და კულტურის ნაწილი გახდა.

გურულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ პოლიტიკაა, ამაზე, მგონი, მთელი ქვეყანა შეთანხმებული ვართ. გურულები ყოველთვის იქ არიან, სადაც პოლიტიკაა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დამფუძნებელი კრების წარმომადგენელებს შორის უმეტესობა გურული იყო. თავად დამოუკიდებლობის აქტზე პირველი ხელმოწერაც გურულისაა (ნოე ჟორდანიასი) და ბოლოც (გერონტი ქიქოძის), პირველი 9 ხელმომწერიდან 6 გურულია.

ჩემო მეგობრებო,

რვა წლის წინ, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, იმედი გვქონდა, რომ ქართული სახელმწიფო, ბოლოს და ბოლოს, დაადგებოდა ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიის გზას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთი უბედურებიდან მეორეში ჩავცვივდით.

დღეს უკვე ხელისუფლების უგუნურება იქამდე მივიდა, რომ ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ყველანი სამშობლოს დავკარგავთ.

ეს რომ აშკარად დავინახე, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, წინ აღვდგომოდი ამ უგუნურებას.

ჩემს ბუნებაშია და ხასიათი მაქვს ასეთი - სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, კარგად უნდა გავიაზრო და ავწონ-დავწონო ყველაფერი. ამ ხასიათს არც პოლიტიკაში ვუღალატე - გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც თავიდანვე მქონდა დაგეგმილი და გააზრებული.

ამ გეგმით ვმოქმედებთ, ყველაფერი გათვლილი გვაქვს. ხელისუფლებამ რაც არ უნდა დაგეგმოს, რაც არ უნდა დაგვიპირისპიროს, დაწყებულ პროცესებს ვერავინ შეაჩერებს და ვერც შემოაბრუნებს. ეს პროცესები აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ამის სიტყვას მე გაძლევთ!

ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს საქართველოს ყოველი მოქალაქის ცხოვრება და ვიცით, რა არის ამისთვის საჭირო!

მე ეს ძალიან კარგად ვიცი, რადგან ცხოვრებას ჩემთვის ლანგრით არაფერი მოურთმევია. სოფელში დავიბადე და გავიზარდე, ბავშვობიდან ვშრომობ და კარგად ვიცი მისი ფასი, გლეხის შრომის ფასიც ვიცი, წარმატებული ბიზნესიც ხომ მხოლოდ დიდი შრომით მოდის.

მთელი ჩემი ცხოვრება, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, დავხმარებოდი ჩემს ხალხს, განსაკუთრებით მათ, ვისაც, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და კულტურაში წვლილი აქვს შეტანილი; ასევე ვცდილობდი, დავხმარებოდი ახალგაზრდა ხელისუფლებას დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, მინდოდა ხელი შემეწყო ჯარის, პოლიციისა და განათლების რეფორმებისათვის.

მაგრამ მალე მივხვდი, რომ ჩემი დახმარება არ იყო საკმარისი ჩემი ქვეყნისთვის, რადგან უამრავი ჩემი თანამემამულე უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. მივხვდი, რომ, რა სიმდიდრის პატრონიც არ უნდა იყო, ვერასოდეს იქნები ბედნიერი, როცა შენს სამშობლოს ასე უჭირს.

სწორედ ამიტომ მოვედი პოლიტიკაში.

პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც და ყოველდღიურ ურთიერთობებშიც არსებობს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული პრინციპი - ერთია "დაყავი და იბატონე", მეორე კი - "ძალა ერთობაშია".

ბიზნესში ჩემი წარმატების საიდუმლო ის იყო, რომ ნიჭიერი ხალხი შემოვიკრიბე და გავაერთიანე. და დღეს, საქართველოსთვის ბრძოლაშიც ამ პრინციპის ერთგული ვრჩები - ძალა ერთობაშია. მაგრამ, ამავე დროს ძალა თითოეულ ჩვენგანშია, ესაა თავისუფლების ძალა, სამართლიანობის ძალა, აღმშენებლობის ძალა, რომელიც ჩვენ უდავოდ შეგვწევს და სწორედ ამიტომ არის ძალა ჩვენს ერთობაში!

ახლა ორიოდე სიტყვით იმის თაობაზე, მარტონი ვართ ამ ბრძოლაში, თუ მხარს გვიჭერს ცივილიზებული მსოფლიო. ვიცი, ეს თქვენ განსაკუთრებით გაინტერესებთ, რადგან კარგად გესმით ამის მნიშვნელობა.

სააკაშვილი ცდილობს, ჩააგონოს ჩვენს მოსახლეობას, რომ დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით კი ამერიკა, მხარს უჭერს პირადად მას და მის გუნდს. ჩვენს მეგობარ ქვეყნებს კი იმას უმტკიცებს, რომ თვითონ და მისი გუნდია პროგრესული, თორემ საქართველოს მოსახლეობა გაუნათლებელია და ჩამორჩენილი.

აი, ამის დამტკიცებას ცდილობს სააკაშვილი მთელი მსოფლიოსათვის. ამ სიყალბის შექმნას მოანდომა მან წლები და დაახარჯა უამრავი ფული, ბიუჯეტის ფული, ჩვენი გაჭირვებული ხალხის ფული.

აი, ახლა, როცა უკვე ოპოზიციასაც გაუჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ხმა მიაწვდინოს მთელ მსოფლიოს, და გააგებინოს, რა ხდება რეალურად საქართველოში, ყველამ დაინახა, უფრო ზუსტად, იძულებული გახდა, დაენახა, თუ ვინ არის სინამდვილეში სააკაშვილი. ჩვენი დიდი ძალისხმევით, საბოლოოდ ჩამოვხსენით მას ნიღაბი.

ამ ხელისუფლებაში ბევრია ისეთი, ვინც შოვნას და მოხვეჭას დახარბებული მოვიდა მთავრობაში. კარგადაც მოიხვეჭეს და ახლა მხოლოდ იმის შიში აქვთ, მათ ქონებას რამე არ დაემუქროს. ამ ადამიანებს, ცხადია, ძალიან გაუჭირდებათ ხელისუფლების დათმობა.

მაგრამ ჩვენ მხარესაა სიმართლე, ჩვენ მხარეს არიან დემოკრატიული ქვეყნები. ისინი საქართველოს მხარეს არიან, ისინი ჩვენი ქვეყნის განვითარებას უჭერენ მხარს და არა სააკაშვილს და მის კრიმინალურ ჯგუფს. ჩვენ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ კანონიერი გზით, არჩევნებით გავისტუმრებთ ამ თავგასულ და ახირებულ ხელისუფლებას.

აკვიატება და ახირებაა, აბა სხვა რა შეიძლება უწოდო, ლაზიკის პროექტს, რომელსაც სააკაშვილი სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას. ახლა აჩემებული აქვს ლაზიკა - თუ ქალაქი! თუ - ტანკი!!! ვის ატყუებს, საინტერესოა! 

კაცმა არ იცის, ვისთვის აპირებს ახალი ქალაქის აშენებას, რა თანხებით უნდა ააშენოს, ან როგორ შეიძლება ჭაობზე აშენებული ქალაქი ვინმესთვის იყოს საიმედო.

რაც შეეხება ტანკს - ლაზიკას, სად არის საქართველოში ტანკის საწარმოებლად საჭირო ერთი დეტალი მაინც, ტანკის წარმოება რომ შეძლო, კილომეტრებზე გადაჭიმული მანქანათმშენებლობის ქარხანა უნდა გქონდეს ქვეყანაში. გინახავთ სადმე ასეთი საწარმო? 

ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ამდენ ტყუილს რომ დაიჯერებს. ნუთუ ასეთი ბრიყვები ვგონივართ?!

ამით სააკაშვილი მთელ ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას, ჩვენს ხალხს აყენებს შეურაცხყოფას, ჩვენს ინტელექტსა და აზროვნებას.

სამეგრელოში ჯერ სხვა ქალაქებია მისახედი, ანაკლია ხომ ააშენა და იურმალას დაუმეგობრა? ახლა ლაზიკას გადაწვდა!

ანაკლიის ხიდს რა ბედიც ეწია, ყველამ კარგად ვიცით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჯერ ჩვენი ხალხია მისახედი.

თუ ახალი ქალაქის აშენებისთვის რაღაც თანხები შეიძლება გამოინახოს, რატომ არ შეიძლება, რომ ეს თანხები მოხმარდეს ურეკს, რომელიც მთელ მსოფლიოში აღიარებულია როგორც სამკურნალო თვისებების მატარებელი, უნიკალური მაგნიტური ქვიშის მქონე კურორტი.

ურეკს კი მართლა სჭირდება მიხედვა, აქაა საჭირო ინვესტიციების მოზიდვა. ურეკი უნდა გახდეს საერთაშიროსო მნიშვნელობის კურორტი, რისი პოტენციაც მას რეალურად აქვს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ჩვენ ამას შევძლებთ, გპირდებით!

შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ დიდი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ეს იქნება ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დასაბრუნებლად და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ! 

ამ ბრძოლაში ჩვენ მხარესაა ქართველი ხალხი, რომელიც არ მიეჩვევა მონობას და თავის დახრას, ხოლო ჩვენ წინააღმდეგაა ერთი მშიშარა კაცი, რომელსაც სიცრუისა და ძალადობის გარდა სხვა აღარაფერი შერჩენია. ეს უნდა დამთავრდეს!

ამ ბრძოლაში ყველანი ჯარისკაცებად უნდა ვიქცეთ, თანამებრძოლებად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ თვითონ არის მთავარი, რომ მის გარეშე საერთო გამარჯვება ვერ მიიღწევა. ჩვენ ყველანი თანამებრძოლები ვართ!

ჩემო მეგობრებო! ჩემო თანამებრძოლებო!

ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომ „ქართული ოცნების“ პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვა.

საქართველოში იმდენად კარგი კლიმატური პირობებია, იმდენია მიწა და სამუშაო ძალა, სირცხვილია, ჩვენი სოფლის მეურნეობა ასე რომ არის გაპარტახებული. ეს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

ჩვენ შევცვლით არსებულ პოლიტიკას და ქართულ ბაზარზე კვლავ დაბრუნდება ჩვენს მიწაზე მოყვანილი მოსავალი. ჩვენი ბაზრებიდან ხომ თითქმის მთლიანად განდევნილია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, ხოლო უცხო ქვეყნებიდან შემოტანილმა საეჭვო ხარისხის მდარე პროდუქციამ სადამდეც მიგვიყვანა, ყველამ კარგად ვიცით. აღარაფერს ვიტყვი იმ ადამიანებზე, რომლებიც თავის დროზე ამ სფეროში იყვნენ დასაქმებული, ახლა კი, უმუშევრობისა და სიღატაკისთვის არიან განწირული.

სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნებას“ დაგეგმილი აქვს ააღორძინოს ქართული სოფელი და შექმნას ერთმილიარდიანი ფონდი, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობისთვის იქნება განკუთვნილი.

ამ გეგმის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები შეძლებენ გრძელვადიანი, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სესხების აღებას და ამით სარგებლობას; მოწესრიგდება მიწის დაკანონების საკითხები და შეიქმნება სათანადო გარანტიები.

ხელი შეეწყობათ გლეხებს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში, დაფუძნდება კერძო საწარმოები, რომლებიც მომხმარებელს შესთავაზებენ სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს - ტრაქტორებს და ყველა საჭირო აღჭურვილობას, ეს საწარმოები ხელს შეუწყობენ მათ მოსავლის აღებაში, დაბინავებაში და, საჭიროების შემთხვევაში, დასაწყობებაში, ბაზარზე გატანასა და გასაღებაში.

გურიაში სოფლის მეურნეობის არა ერთი დარგი იყო განვითარებული, ჩაით, ციტრუსითა და თხილით განთქმული მხარე დღეს თითქმის გაპარტახებულია და მხოლოდ თხილის პლანტაციებია შემორჩენილი. 

დღეს გურულებს თხილიღა შემორჩათ ისედაც მწირი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ. მე ვიცი, როგორ თავდაუზოგავად შრომობთ, მაგრამ ამ შრომის შესატყვისი შემოსავალი არა გაქვთ. არა გაქვთ იმიტომ, რომ დღეს მონოპოლიზებულია თხილის ბიზნესი, ჩაბარების ფასები ხელისუფლებისგან ხელდასმული ერთი ჯგუფის ხელშია და ამ ჯგუფის გადასაწყვეტია, რა ფასად ჩაიბარებს თხილს, და თქვენც იძულებული ხართ, ჩალის ფასად ჩააბაროთ. ეს უნდა დამთავრდეს!

ერთი მცირე ჯგუფი ვეღარასოდეს გადაწყვეტს ვერც ერთი ადამიანის ბედს. ყველას ექნება საკუთარი შრომით ოჯახის ღირსეულად რჩენის შესაძლებლობა. მე გპირდებით ამას!

მაშინ როცა, ჩვენთან, გურიაში პლანტაციები გავერანებულია, ჩვენი მოქალაქეები - ჩვენი სისხლი და ხორცი - თურქეთსა და საბერძნეთში ოჯახის სარჩენადაა გადახვეწილი და იქ თხილის, ჩაისა და ციტრუსის პლანტაციებში მუშაობით წელშია გაწყვეტილი. რა გჭირს ასეთი ქართველებს, რა დაგვემართა, რომ ჩვენი ხალხის ადგილი ჩვენსავე სამშობლოში აღარ არის! ეს უნდა დასრულდეს!

ჩვენ გვჯერა, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინების სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს. ამას იგრძნობთ თქვენც, გურულები და თქვენს წვლილს შეიტანთ ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეში.

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის იქნება განათლება. დღევანდელი ხელისუფლება თავს იწონებს წარმატებული განათლების რეფორმით, თუმცა რა შედეგი მოჰყვა ამას, ჩვენ ყველამ ვიწვნიეთ.

ჩვენ ყველა სოფელში აღვადგენთ სკოლას, ყველა მოსწავლეს ექნება ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება და აღარ მოუწევთ ამისთვის სოფელ-სოფელ სიარული. ოჯახებს აღარ ექნებათ სახელმძღვანელოების შეძენის პრობლემა. მასწავლებლობა პრესტიჟული პროფესია გახდება, თავისი შრომის შესატყვისი ხელფასით და სოციალური დაცვის გარანტიებით.

მჯერა, გურულებს დაგაინტერესებთ, რადგან ცნობილი ხართ განათლების მიღების წყურვილით: ცივილიზებულ ქვეყნებში დიდი ხანია, განავითარეს ასეთი სისტემა - განათლება მთელი ცხოვრების მანძილზე! რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, შეისწავლოს ის დარგი, ის მეცნიერება, რომელიც აინტერესებს. ყველას უნდა შეეძლოს ახალი პროფესიის შეძენა, ან თავისი პროფესიული განათლების სრულყოფა. ჩვენ ამაში ხელს შეგიწყობთ!

ძვირფასო მეგობრებო!

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ყველასთვის არის ჯანდაცვის საკითხი. ამ მხრივ ბოლო 20 წელზე მეტია ჩვენი მოქალაქეები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, თითქოს რაღაც იცვლება, საავადმყოფოებიც შენდება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ 21-ე საუკუნეში უექიმობისა და უწამლობის გამო კვდებიან ადამიანები. მკურნალობის ხარჯის გამო კაცს სახლ-კარის გაყიდვა უწევს. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის სიძვირის გამო შეუძლებელია საავადმყოფოში დაწოლა, ძვირია წამლები, ძვირია ოპერაცია.

გაჭირვებული და წელში გატეხილი ხალხი ადვილი სამართავია - მიუგდებ დახმარებას და მუდამ მადლიერი და მორჩილი გეყოლება, - ასე ფიქრობს სააკაშვილის ხელისუფლება.

მე და ჩემს გუნდს არ გვინდა, დაბეჩავებული ხალხის ხელისუფლება ვიყოთ, ჩვენ ღირსეული, ამაყი და წელში გამართული ხალხის ხელისუფლება უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ადამიანს მივხედავთ, ხალხს ადამიანურად ცხოვრების საშუალებას მივცემთ. ამიტომ, ოქტომბერში, საპარლამენტო არჩვენებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს თითოეული მოქალაქის - უკლებლივ ყველას ჯანმრთელობაზე იზრუნებს სახელმწიფო!

ჩვენ მივხედავთ თქვენს ჯანდაცვას, გპირდებით!

ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ, ამის სიტყვას მე გაძლევთ!

ამ ბოლო დღეებში, სააკაშვილის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მილიონობით ჯარიმა დამაკისრა. ეს სააკაშვილის უბადრუკი ოინებია! ვიცი, რომ საზოგადოება ღელავს ამის გამო, ხალხი შეშფოთებულია. მაგრამ, ნუ შეგეშინდებათ, მე ამით ვერ შემაჩერებენ, ჩვენ ვერ შეგვაჩერებენ! რადგან ერთად ვართ, ჩვენ ვერავინ გვაჯობებს. არაფერი გამოუვათ, მე ვერ შემაჩერებენ!

მე გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას!

მე გპირდებით, რომ ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს, პენსია არანაკლები იქნება, ვიდრე საარსებო მინიმუმია. თავად საარსებო მინიმუმის ოდენობაც გადაიხედება, შეიცვლება და რეალურ ციფრს მიუახლოვდება!

მე გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც არავის აღარ დასჭირდება ლუკმაპურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა!

მე გპირდებით, რომ ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოში კულტურული ცხოვრების აღორძინებას, დავიბრუნებთ ღირსებისა და სიამაყის განცდას!

მე გპირდებით, რომ თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ და არჩევნებით შევცვლით ამ ხელისუფლებას!

ამ ბრძოლაში ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!


ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას!