ვანო ჩხარტიშვილმა ლონდონში  საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი “ქართული გალობა” დააფუძნა

ვანო ჩხარტიშვილმა ლონდონში საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი “ქართული გალობა” დააფუძნა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო ერის სულიერი და კულტურული საგანძურის შემქმნელი და მისთვის მზრუნველი. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს –პატრიარქი ილია II  ღირსეულად აგრძელებს ამ ტრადიციას, რისი დამადასტურებელიცაა  ის ღვაწლი, რომელიც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს  შეაქვს ტრადიციული გალობისა და სიმღერის მოვლა–პატრონობის  საქმეში. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა თუნდაც ის ფაქტი, რომ მისმა უწმინდესობამ 14 მაისი გამოაცხადა ქართული გალობისა და სიმღერის დღედ და მისი კურთხევითვე ბიზნესმენმა ვანო(ივანე) ჩხარტიშვილმა დააფუძნა ფონდი „ქართული გალობა“, რომელიც ყოველწლიურად გამოყოფს    20 000 ლარს საპატრიარქო პრემიისათვის. აღნიშნული პრემიით  14 მაისს დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილზე გასული რეგიონებში მოღვაწე მუსიკალური კოლექტივები.

ამავე დღეს,14 მაისს, ვანო ჩხარტიშვილისვე ინიციატივით,  ახაგაზრდა მეცნიერები დაჯილდოვდებიან ახლახანს გარდაცვლილი ლოტბარისა და ეთნომუსიკოლოგის გიგი გარაყანიძის სახელობის პრემიით.  პრემიის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს და იგი  I, II და III ადგილზე გასულ მკვლევარებზე განაწილდება . 

მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ   ფონდი ხელს შეუწყობს   საზღვარგარეთის ქართულ ეკლესიებთან გალობის ცენტრების შექმნას.  ამასთან გაიხსნება  ფონდის ვებ–გვერდი, რომელიც ქართულ ტრადიციულ მუსიკალურ ხელოვნებას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის .

ფონდის საქმიანობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტრადიციული გალობისა და სიმღერის  მეცნიერული კვლევის, უძველესი ნიმუშებისა და ჩანაწერების მოძიება-აღდგენის, შესაბამისი აუდიო, ვიდეო და ელექტრონული ვერსიების შექმნა  და შესაბამისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბება.    

ფონდი მჭიდროდ ითანამშრომლებს  გიორგი მთაწმინდელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან, როგორც მაღალკვალიფიციური ლოტბარებისა და რეგენტების მომზადების მთავარ კერასთან და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების  დასაქმებას.

ქართული გალობისა და სიმღერის  საქართველოსა და უცხოეთში პოპულარიზაციისათვის ფონდი ხელს შეუწყობს მართლმადიდებელი სამყაროს ტრადიციული გალობის და ფოლკლორის საერთაშორისო  ფესტივალებში ქართული გუნდების მონაწილეობას და ანალოგიური  ფესტივალების ორგანიზებას საქართველოში.

ფონდი ითანამშრომლებს  ტრადიციული მუსიკით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან როგორც  საქართველოში, ისე  მის ფარგლებს გარეთ; მოიზიდავს ფინანსებს  და  საჭიროებისამებრ გასცემს გრანტების გარკვეული მიზნების განსახორციელებლად.

ფონდის სათაო ოფისი განთავსებულია ლონდონში. ფონდის   საბჭოს, რომლის წევრები არიან ლექსო თორაძე, ანზორ ერქომაიშვილი და არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე), უხელმძღვანელებს ფონდის  საპატიო პრეზიდენტი,  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი,  ილია II.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორია ნინო თორაძე.  ფონდის პროგრამების ხელმძღვანელი გიორგიდონაძე,  ჯგუფის წევრები სვიმონ ჯანგულაშვილი და ბადრი ბერაია.

ვიმედოვნებთ, რომ ფონდის  საქმიანობით ხელი შეეწყობა  ჩვენი ეროვნული  იდენტობის განმსაზვრელი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი  საგანძურის, ტრადიციული გალობისა და სიმღერის განვითარება–პოპულარიზაციას.

ფონდ ქართული გალობის  პრეს-ცენტრი