25 წელი თეატრში მუშაობის შემდეგ, ეთერ ბასილაშვილი თეატრალური საზოგადოებისგან შორს აღმოჩნდა. წინა წლებში თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელი, 2011 წლიდან რუსთავის თეატრში საარქივო მასალების მწარმოებელი იყო.
დღეს, ბასილაშვილი თავისი განთავისუფლების მიზეზებზე ჟურნალისტებთან საუბრობს. მისი თქმით, თეატრის ახალ მმართველს, თეა ჟვანიას მისი კანდიდატურა არასოდეს მოსწონდა, თუმცა ფიქრობს, რომ გათავისუფლების მიზეზი მხოლოდ თეატრის მმართველის მის მიმართ დამოკიდებულება არ იყო.
„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში რუსთავის თეატრის შენობაში აქტიურად იმართებოდა ფარული პარტიული კრებები. ერთ-ერთი ასეთი შეკრებისას ჩემთან, აბსოლუტურად სხვა საქმეზე მოსული იყო გაზეთ „რუსთავის ამბების“ რედაქტორი, თამარ ბატიაშვილი. შემიძლია გითხრათ, რომ იმ წუთას არც ვიცოდი, თუ მორიგი დახურული შეხვედრა თეატრის დარბაზში იმართებოდა.
ბატიაშვილს ჩემთან საქმე ჰქონდა. მას თეატრის საარქივო მასალები სჭირდებოდა და ვეხმარებოდი. მის გამოჩენას გარკვეული გაღიზიანება მოყვა, კონკრეტულად კი, კაბინეტში შემიყვანეს, სადაც რუსთავის მერის მოადგილე, შორენა გარდაფხაძე და რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძე დამხვდნენ.
გურგენიძემ მითხრა, რომ ჯობდა ბატიაშვილისთვის გადამეცა ის, რაც აინტერსებდა და შენობიდან გამეყვანა. მითხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შემექმნებოდა.
ამ ფარულ შეხვედარას და ბატიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს გაგრძელება მალევე მოყვა. დაუკავშირდნენ ჩემს დას, რომელიც ამჟამად გუბერნატორის ადმინისტრაციაში მუშაობს და უთხრეს, რომ მე შვებულებაში გასვლის განცხადება აუცილებლად უნდა დამეწერა.
მათ, ალბათ, იფიქრეს, რომ სხვა პარტიული შეხვედრებიც იგეგმებოდა თეატრში და მე ხელს შევუშლიდი. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა შვებულებაში გასვლის განცხადების დაწერა. გული, უკვე, ცუდს მიგრძნობდა, თუმცა ეს ამბავი არ გამიპროტესტებია, რადგან გარკვეული ოჯახური პრობლემაც მქონდა და ვიფიქრე, დროს ამ საქმისთვის გამოვიყენებდი.
მე, თეატრთან 3 თვიანი ხელშეკრულება მაქვს დადებული. მას მოქმედების დრო 31 მაისს გაუვიდა. შვებულენიდან გამოსულმა ვიკითხე, როგორ იყო ჩემი საქმე და რატომ არ მიდებდნენ ახალ ხელშეკრულებას. ამაზე მითხრეს, რომ ჩემი გათავისფლების ბრძანება იყო დაწერილი და ახალი ხელშეკრულება არ დაიდებოდა“ - საუბრობს, ეთერ ბასილაშვილი.
რუსთავის თეატრში 17 აპრილს გამართულ ფარულ პარტიულ შეხვედრას გაზეთ „რუსთავის ამბების" რედაქტორი, თამარ ბატიაშვილიც იხსენებს.
„იმ პარტიული შეკრების დროს სულ სხვა საქმეზე ვიყავი თეატრში მისული. კიბეებთან, რუსთავის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო კორძაია ამედევნა. შემდეგ თავზე მადგა ბასილაშვილის კაბინეტში და მუშაობის საშუალებას არ მაძლევდა. მითხრა, რომ თუ შენობას არ დავტოვებდი პრობლემები შემექმნებოდა...
შავ სიაში ქალბატონ ეთერის მოხვედრა, ჩემი აზრით, ამ შეხვედრამაც განაპირობა. ასევე, ამას დაერთო მისი თანამშრომლობა ჩვენ გაზეთთან. მოგეხსენებათ, ის ხშირად საუბრობდა ჩვენთან თეატრის პრობლემებზე“ - ამბობს თამარ ბატიაშვილი.
რუსთავის თეატრის მმართველი, თეა ჟვანია კი მიიჩნევს, რომ ბასილაშვილის გათავისუფლებას ნაციონალების ფარულ პარტიულ შეხვედრებთან კავშირი არ აქვს.
„მე პატივს ვცემ ამ ქალბატონს, არც იმას ვამბობ, რომ ის ცუდი თანამშრომელი იყო. უბრალოდ, თეატრს ახლა ფიზიკურად არ შეუძლია ამ შტატის შენახვა. ჩვენ ქალბატონ ეთერთან სამთვიანი ხელშეკრულება გვქონდა დადებული და ურთიერთობა მხოლოდ ამ დროს გასვლის შემდეგ გავწყვიტეთ.
რაც შეეხება საუბარს ბასილაშვილსა და საკრებულოს ხელმძღვანელს შორის, მე არ შევსწრებივარ და ვერაფერს გეტვით.
თუ შეიცვლება თეატრის ფინანსური მდგომარეობა არ გამოვრიცხავთ, რომ ხელმეორედ დავუდოთ ხელშეკრულება ქალბატონ ეთერს" - გვითხრა თეა ჟვანიამ.
თავად კახა გურგენიძეს ბასილაშვილთან საუბრის შესახებ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურს. სატელეფონო საუბარში, რუსთავის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, თამარ აქუბარდია გვიხსნის, რომ არავითარი შეხვედრა გურგენიძესა და ბასილაშვილს შორის არ შემდგარა.
„კახა გურგენიძე არ ერევა თეატრის თანამშრომლების დანიშნვის და მოხსნის საკითხში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ბასილაშვილსა და გურგენიძეს შორის საუბარზე, გეტყვით, რომ მსგავსი საუბარი საერთოდ არ შემდგარა“ - ირწმუნება აქუბარდია.