სახელმწიფომ სადაზღვევო სექტორი ღრმა კრიზისში შეიყვანა

სახელმწიფომ სადაზღვევო სექტორი ღრმა კრიზისში შეიყვანა

რა მიმართულებითაც სახელწიფო ბიზნესში ჩაერია, იქვე თავი უზარმაზარმა პრობლემებმა იჩინა. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო სექტორში სახელმწიფოს დაკვეთებმა თავსი დროზე თითქოსდა დადებითი როლი ითამაშეს, ახლა ირკვევა, რომ არც ასე ყოფილა საქმე. უამრავმა გვერდითმა მოვლენამ მზღვეველები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, ხოლო დარგი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. სახელმწიფომ სადაზღვევო სექტორი ღრმა კრიზისში შეიყვანა.

სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობაში მზღვეველებს დიდი პრობლემები ექმნებათ. სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო ბალანსზე არსებული ავტომობილების დაზღვევისგან, ძირითადად, თავს იკავებენ. რამდენიმე სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ავტომობილების დაზღვევა მათთვის ხშირ შემთხვევაში ზარალიანია, რადგან ასეთ მანქანებს, როგორც წესი, გაუფრთხილებლად ეპყრობიან და შესაბამისად, ასანაზღაურებელი ზარალიც დიდია. სხვათა შორის, პოლიციის მანქანების დაზღვევის გამო, არაერთმა სადაზღვევო კომპანიამ იზარალა.

ყველაზე დიდი დარტყმა სადაზღვევო კომპანიებმა ჰოსპიტალუტი პროგრამაში მონაწოლეობისათვის მიიღეს. აქ ზარალის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ რამდენიმე მზღვეველი საერთოდ გაკოტრდა, მათ შორის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი „იმედი L“. არაოფიციალურ საუბრებში ყველა სადაზღვევო კომპანიაში ამბობენ, რომ დიდი ფინანსური პრობლემები აქვთ.

„100 საავადმყოფოს პროექტმა სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილი გაკოტრების პირას მიიყვანა. კომპანიებმა სერიოზული ფინანსები მიმართეს ჰოსპიტალური სექტორისაკენ. ცხადია, ეს ყველაფერი ჯერ არ არის მომგებიანი. სახელმწიფოს ასეთი პირდაპირი ჩარევა კერძო სექტორში არ არის მისი განვითარებისთვის ხელსაყრელი“, - ამბობს დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი.

რადგან თავს ზევით ძალა არ იყო, სადაზღვევო კომპანიებმა ნაცვლად საკუთარი ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვისა, კომერციული ბანკებიდან უზარმაზარი კრედიტები აიღეს. შემდეგ კი კომპანიებმა გააძვირეს ინდივიდუალური თუ კორპორაციული მომხმარებლებისთვის სადაზღვევო პაკეტები და ხშირ შემთხვევაში, გააუარესეს ის სერვისები, რომლებიც თუნდაც ერთი წლის წინ ხელმისაწვდომი იყო.

„ადრე თუ გვიან მივედით იმ შედეგამდე, რომ დღევანდელ სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი კომპანიებიც კი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და აღარ არიან გადახდისუნარიანები”, - აცხადებს დეპუტატი გიორგი თარგამაძე.

ცნობილი გახდა კიდევ ერთი სახის პრობლემის შესახებ, რომელიც ასევე სახელმწიფო ტენდერს უკავშირდება: სადაზღვევო კომპანია „ტაოს“ ერთი წლით სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალა. „კონკურენციის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ” კომპანია ე.წ. „შავ სიაში” შეიყვანა. მიზეზი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების არასრულად შესრულებაა.

თუმცა, „ტაო” სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. სადაზღვევო კომპანიაში განმარტავენ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ტაო” ბაზარზე 2007 წლიდან მოქმედებს და მისი 100%-იანი მფლობელი უკრაინული „პრივატბანკია”.

ბოლო პერიოდში სადაზღვევო სექტორში კიდევ ერთი ტენდენცია გამოიკვეთა: ეროვნული ბანკის 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემების თანახმად, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე კომპანიებს მოზიდულ პრემიის მიხედვით ის კომპანიები უსწრებენ, რომლებიც კორპორაციულ ბაზარზე აქტიურობდნენ.

ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულმა კომპანიებმა გარკვეულწილად მოქნილობა დაკარგეს და კორპორაციულ სეგმენტს ნაკლები ყურადღება მიაქციეს.