მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა, დღეს საქართველოს პრეზიდენტს ახალი იდეა აღარ მოსვლია და ამჯერად, ხალხს ოპონენტთა დაპირებების შესრულებას დაპირდა. სააკაშვილმა ახალი ფაზა საყოველთაო დაზღვევის სისტემაზე გადასვლით დაიწყო და სავარაუდოდ, მალე სოფლის მეურნეობაში სხვისი, ან საკუთარი გადანახული მილიარდის ჩადებასაც დაგვპირდება და თუ საქმე მეტისმეტად გართულდება, ეგებ შუქისა და გაზის ტარიფის შემცირებაზეც დასცდეს რამე.
„მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 2012 წლის არჩევნები მისთვის არის წაგებული და ყველანაირად ცდილობს, რომ ეს მარცხი არ იყოს ძალიან მტკივნეული მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის. ის, რაზეც ახლა საუბრობს სააკაშვილი, ჯანდაცვაზე, საყოველთაო დაზღვევაზე, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში უკვე დევს, ეს პროგრამა ძალიან მალე გამოქვეყნდება და ამაზე ამ წუთებშიც ვესაუბრები ჩოხატაურის მოსახლეობას“, - აცხადებს ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი გია ცაგარეიშვილი.
ცაგარეიშვილი ამბობს, რომ თუ სააკაშვილს რაიმე სასიკეთოს გაკეთება სურდა ამ ქვეყნისთვის, ამისათვის საკმარისი დრო ჰქონდა.
„ჩვენ ვაპირებთ დავაზღვიოთ საქართველოს ყველა მოქალაქე განურჩევლად ასაკისა და მდგომარეობისა, სოციალური სტატუსისა, თქვენ იცით, რომ სააკაშვილი 9 წელია აზღვევს ჩვენს მოქალაქეებს და ვერ დააზღვია ბოლომდე. თან, ისე აზღვევს, რომ წაუხდინა სახელი ამ ზოგადად, კეთილშობილურ იდეას. ადამიანებს უკვე არა სჯერათ. ერთია, აიღო ეს პოლისი, ხოლო მეორე - გაანაღდო. ამ პოლისებს ფაქტობრივად, ზურგს არაფერი უმაგრებს“.
სააკაშვილი კი მიიჩნევს რომ ჯანდაცვა ფეხზე დააყენა, მართალია „ცალ ფეხზე“ მაგრამ სულ წაქცეულს ხომ სჯობს.
ქართული ოპოზიციის საყვარელი დაცინვის ერთ-ერთი თემა ასი საავადმყოფოს პროექტი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ახლა ამ თემაზე „ყველას პირი მოკეტილი აქვს“, რადგან „100 საავადმყოფო გადაიქცა 150 საავადმყოფოდ და ეს საავადმყოფოები უკვე აშენებულია“.
პრეზიდენტმა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარ პრობლემად კვლავ რჩება მომსახურე პერსონალისა და ხელმისაწვდომობის საკითხი.
„ჯერ დააკვირდით, როგორ ავადმყოფურ გამონათქვამებს იყენებს, როგორ შეიძლება ვიღაცის გულის გასახეთქად გახსნა რაღაცა. ჩვენ კი ნუ გვეჯინება, თუ რამის გაკეთება უნდა, თავისი ხალხის სიყვარულისთვის გააკეთოს. გააკეთოს იმისთვის, რომ მას ეკუთვნის ამისი გაკეთება. მე რას ვილაპარაკებ და როგორ გავაკრიტიკებ, ეს ჩემი საქმეა და არა სხვისი, ამიტოს სჯობს თავის საქმეს მიხედოს, რომელსაც აქამდე თავი ვერ მოაბა. მეცხრე წელია ეს კაცი ქვეყნის სათავეშია, კატასტროფულ მდგომარეობაშია ჩვენი ჯანდაცვა და ის რომ ამბობს, რომ პორობლემებია ჯანდაცვაშიო, ეს კარგია, მაგრამ სრულიადაც არ არის საკმარისი, რადგან ეს პრობლემები იყო გუშინ, არის დღეს და ასე იქნება მუდმივად, თუ ავდგებით და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებში“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
მართალია, სააკაშვილმა ოპოზიციის ან მტრის „გულის გასახეთქად“ 50 საავადმყოფოთი მეტი ააშენებინა ფარმაცევტულ კომპანიებს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა იმაზე მეტად დაცულია, ვიდრე ამ საავადმყოფოების აშენებამდე იყო.
სააკაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს სისტემატიური მუშაობა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. პრეზიდენტმა მკაცრად გააფრთხილა სადაზღვევო კომპანიები, სათანადოდ მოხდეს სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება.
„თუ ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფოები და იქ ისევ მივიღეთ ექიმები, რომლებიც უყურებენ პაციენტს ხელში, როდის ჩაუდებს ჯიბეში ფულს, ჩვენ შევალთ ისევ კატასტროფულ ჩიხში. ამიტომ, მივმართავ სადაზღვევოებს, რომ შექმნან ისეთი სისტება, სადაც მსგავსი რამ აბსოლუტურად გამორიცხული იქნება. ღმერთმა არ ქნას, რომ სადმე სამედიცინო პერსონალი ხელფასის გარეშე იყოს დარჩენილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილი ამბობს, როგორც იქნა ჯანდაცვის სისტემა ცალ ფეხზე დადგა, მაგრამ რომ არ წაიქცეს, მას მეორე ფეხიც სჭირდება და ამისათვის აუცილებელია საყოველთაო დაზღვევის შემოღება.
„ის დაზღვევა, რაც გვაქვს კარგია, მაგრამ ყველასათვის არ არის მკურნალობა და წამლები ხელმისაწვდომი“.
მოკლედ, სააკაშვილი გვპირდება, რომ ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ როგორც ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, თვითონ სისტემაა არასწორი და „ცალ ფეხზე“ მდგომ ჯანდაცვას უკვე ყავარჯნებიც ვერ უშველის, მეორე ფეხის გამობმაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.
For.ge ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარეს, თინა ტურძილაძეს დაუკავშირდა და სთხოვა აეხსნა, რატომ არის ძნელად ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის არა თუ მკურნალობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მედიკამენტების შეძენა.
თინა ტურძილაძე: საქართველოში კოსმიურად მაღალია სადისტრიბუციო დარიცხვები. იმპორტირებული წამლის ფასი ფორმირდება სიფ(CIP) თბილისის (გაყიდვის არსებითი პირობა, რომლის დროსაც საქონლის ფასში შედის დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირებისა და ტვირთის დაზღვევის ხარჯები) და სადისტრიბუციო კომპანიის საოპერაციო ხარჯებით ლოჯისტიკაზე, პერსონალზე, მენეჯმენტზე და რეკლამაზე, როცა ამას ემატება სადაზღვეო და ჰოსპიტალური ბიზნესი, ეს საოპერაციო ხარჯებიც წამლის ფასში აისახება. ამიტომაცაა ქართულ ბაზარზე წამალი ასე კატასტროფულად ძვირი.
ანუ, კომპანიებს მოუხდათ ჰოსპიტალების მშენებლობასა თუ გარემონტებაში სერიოზული ინვესტიციების გაღება, რაც შესაბამისად, ხარჯებში და წამლის თვითღირებულებაში აისახა. ამას დაემატა იმ აგრესიული „პრომოუშენის“ ხარჯები, ვგულისხმობ ექიმებთან სხვადასხვა სახის ურთიერთობას, ზოგან შესაძლოა, ამას ხელშეკრულებითი ურთიერთობის სახე ჰქონდეს, შესაძლოა, ეს იყოს ექიმების ვოიაჟების დაფინანსება, კაბინეტის მოწყობა ან მათთვის წიგნების შეძენა და კონფერენციების მოწყობა. ზოგიერთი კომპანია ექიმებს პირდაპირ ნაღდი ფულითაც უხდის, იმისათვის, რომ მისი წამლები დანიშნონ.
საქართველოში წამალი რომ ძვირია, რამდენიმე ვალიდური კვლევითაც დადასტურდა (ბოლო იყო „კურაციოს“ კვლევა, რომელმაც დაადასტურა რომ ქართულ ბაზარზე წამლის მარჟა მაღალია და ქართული ფასები აღემატება ევროპულ ბაზარზე იგივე წამლების ფასს). როდესაც ვაფასებთ, რამდენად ეფექტურია ლოჯისტიკა ან სადისტრიბუციო სისტემა, უნდა გავითვალისწინოთ რომ მთავარი მოთამაშე ბაზარზე მწარმოებელია, ყველა სხვა ეკონომიკური აგენტი, დისტრიბუტორი თუ ე.წ. „დისპენსერი“, ის ინსტრუმენტებია, რომლებიც უზრუნველყოფენ წამლით პაციენტის დაინტერესებას და მისთვის ამ პროდუქტის მიწოდებას, მაგრამ თუკი სადისტრიბუციო სისტემა უფრო ძვირი ჯდება ვიდრე თავად პროდუქტის წარმოება, ცხადია ეს სისტემა უვარგისია“.
როგორც თინა ტურძილაძე ამბობს, მაგალითად, აშშ-ში სულ სამი ჰიპერ - მსხვილი დისტრიბუტორია.
„მათი მარჟა წამლის ღირებულების 5%-ს არ აღემატება, ევროპაში მარჟა 8-10%-ია. საქართველოში მარჟა 100%-ს აღემატება, შესაბამისად, ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სადისტრიბუციო სისტემა უხარისხოა. სისტემის პრობლემა მდგომარეობს როგორც მის მონოპოლიურ ძალაუფლებაში, ისე იმ ოპერაციულ ხარჯებში რასაც ის ახორციელებს და რაც საბოლოო ჯამში წამლის ფასში აისახება, მაგალითად ჰოსპიტალური ხარჯები, უხარისხო წამლების საოპერაციო ხარჯები (რაც მთელი ნომენკლატურის ჯამურ ხარჯს ზრდის), ხარჯები რაც კომპანიებს ემატება, აიძულებს მათ ფასი გაზარდონ. წამლები ძვირდება ლოგიკურადაც და მათი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარეც.
ქართულ ბაზარზე მონოპოლიური ძალაუფლებაა და ამის დასადასტურებლად უამრავი კვლევაც გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ ბაზარი მონოპოლიზირებულიც რომ არ იყოს, როდესაც კომპანიებს მაღალი საოპერაციო ხარჯები აქვთ, წამალს მაინც ვერ გააიაფებენ. არ შეიძლებოდა ფარმაცევტული კომპანიებისთვის ჰოსპიტალური სექტორი გადაეცათ.
ჰოსპიტალური ჯანდაცვა 15 საწოლიანი კლინიკებით არარენტაბელურია და მათი შენახვა ფარმაცევტული ბიზნესის ხარჯზე ხდება, რაც პირდაპირ კორელაციაშია წამლის ფასთან, ამიტომ ამ დისტრიბუტორების წამლების გაიაფებას, მათზე სერიოზული ზეწოლის გარეშე არ ველოდები.
თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არის ბაზარზე, ეს არა წამლის სიძვირე, არამედ მისი ხარისხია. დაზღვევის სისტემის მეშვეობით წამალზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ასე თუ ისე, მაინც შესაძლებელია, მაგრამ ფასი მხოლოდ აისბერგის წვერია. აისბერგის ძირი არის წამლის ხარისხი, რომლის შეფასების უნარი სამოქალაქო საზოგადოებას სამწუხაროდ, არ გააჩნია და შედეგები შესაძლოა, მხოლოდ შორეულ მომავალში გამოვლინდეს.
ჩვენს ბაზარზე არის დადგენილი ხარისხის წამლებიც და დაუდგენელი ხარისხის წამლებიც. თუ ხარისხიან ჯანდაცვაზე ვლაპარაკობთ, ხარისხიანი წამლები ყოველთვის ძვირია და სახელმწიფო იმაში უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს, რომ ეს მათთვის ხელმისაწვდომი იყოს. როდესაც ქვეყანაში არ შემოდის დადგენილი ხარისხის წამალი, როგორი საყოველთაოც არ უნდა იყოს დაზღვევა, ხარჯი მაინც არარაციონალურია და სისტემა ვერ გამოვა კრიზისიდან, სადაც უკვე დიდი ხანია შესულია“,- აცხადებს ტურძილაძე.
როგორც გია ცაგარეიშვილი ამბობს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რეგიონებშია. ხალხს კი აქვს დაზღვევა, მაგრამ მისი საჭიროებისამებრ გამოყენება პრაქტიკულად, შეუძლებელია.
„მე შემიძლია ორი ფაქტი გავიხსენო იმ შეხვედრებიდან, რომელსაც ვატარებ იმერეთსა და გურიაში. ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში, რომელიც კატასტროფის ზრვარზეა, რადგან უმუშევრობა და სიღატაკეა, ქალბატონი შემხვდა, რომელსაც ხელში 6 თვის ბავშვი ეჭირა, ასე მითხრა, ჩემი შვილი საავადმყოფოდან ძლივს გამოვისყიდეო. მშობიარობა 800 ლარი ღირდა და ამ თანხის გადახდა რომ ვერ შეძლო, სამშობიაროდან ბავშვს არ ატანდნენ. მერე როგორღაც მეუღლემ მევახშისგან ამ ფულის სესხება მოახერხა და ბავშვი ასე გამოიყვანა. ეს არის სააკაშვილის ჯანდაცვის რეფორმა და ასეა ჩვენი ხალხი დაზღვეული. ასეთ პირობებში უწევს ჩვენს ხალხს გამრავლება.
მეორე შემთხვევა იყო ხონში, დედამ, რომელსაც ბავშვი სოკოთი მოეწამლა, საავადმყოფოში რომ შეიყვანა ბავშვი (ლაპარაკია ხონის რაიონულ საავადმყოფოზე, რომელიც სააკაშვილმა და ბობოხიძემ 6 თვის წინ გახსნეს), ორგრამიანი შპრიცი არ აღმოაჩნდათ, რომ ნემსი გაეკეთებინათ. გადავედი აფთიაქში და ხუთი შპრიცი ვიყიდე, ერთი ჩემი შვილისთვის და ოთხის საავადმყოფოს ვაჩუქეო. ეს არის სააკაშვილის დაზღვევის სისტემა, მისი ამბულატორიები და საავადმყოფოები. რაც გახსნილია საქართველოში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ადამიანი იქ ვერ მკურნალობს, ოპერაციას ვერ იკეთებს. არცერთი გადაუდებელი მკურნალობა ფაქტობრივად, დაფინანსებული არ არის სახელმწიფოს მიერ და სრული კატასტროფაა ამ მიმართულებით. ჩემი თვალით რომ არ მენახა, შესაძლოა სხვისთვის არ დამეჯერებინა. დედოფლისწყაროში იყო სააკაშვილი ჩაბრძანებული და ქალმა შესჩივლა C ჰეპატიტი მჭირს, რამე მიშველეთო, იცით რა უთხრა ბატონმა სააკაშვილმა? პროგრამას ვაკეთებთ C ჰეპატიტიანებისთვის, მოგვაკითხეთ და გეშველებათო.
ექიმის ოჯახში ვარ გაზრდილი და ვიცი, ეს ისეთი დაავადებაა, შესაძლოა, ერთ წელიწადში ადამიანი დაიღუპოს. სოფლებში შეხვედრისაც შემხვედრიან ქალბატონები, რომლებსაც მკერდის სიმსივნე აქვთ და ოპერაციებს ვერ იკეთებენ, ჩიყვით დაავადებულები ექიმთან ვერ მიდიან, მკურნალობა ძალზე ძვირია“,- აცხადებს ცაგარეიშვილი.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველო კატასტროფულ მდგომარეობაშია და ყველას რომ მოუსმინო, გული სისხლისგან დაგეცლება.
„ამ დროს ეს ადამიანი გამოდის და ნიშნისმოგებით გველაპარაკება, როცა ეს სფერო სერიოზულად მისახედია. ჩვენ რას გველაპარაკება ნიშნისმოგებით, როცა არც ერთი მუნიციპალური საავადმყოფო აღარ დარჩა, ყველაფერი გასხვისებულია, ხელში ჩაუვარდა უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიებს, დაწესებულია მონოპოლიური ფასები და საავადმყოფოებში მკურნალობა უძვირესია. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, დავშლით ამ მონოპოლიებს და სულ რამდენიმე თვეში ნახავთ, რომ ხელმისაწვდომი გახდება ჯანდაცვა“,-აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
გასაკვირია, მაგრამ სააკაშვილი სოციალურ უსამართლობაზეც ალაპარაკდა. პრეზიდენტის თქმით, საავადმყოფოებში ხელფასებში დიდი განსხვავება და სოციალური უსამართლობა სერიოზული პრობლემაა.
„ექთნები და სხვა უმცროსი სამედიცინო პერსონალი იღებს 75-100 ლარს და იმავე საავადმყოფოში ქირურგი შეიძლება იღებდეს 5000 ლარს, ან, საშუალო ექიმი იღებს 1700 ლარს. ან ეს ექიმი როგორ იღებს 1700 ლარს, ან როგორ ემუშავება იმ ექთანს, რომელიც იღებს 75 ლარს? ეს არის იდიოტიზმის სფერო და ეს არის ერთხელ და სამუდამოდ დასამთავრებელი. დღეიდან დავიწყოთ მუშაობა, რომ მე არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი იღებს 75-100 და 150 ლარს. მაშინ ასეთი საავადმყოფო უნდა დავხუროთ. კატეგორიული გაფრთხილება სადაზღვევოებს, სამედიცინო პერსონალს და ჯანდაცვის სამინისტროს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოკლედ, სააკაშვილი საკუთარ თავსა და გუნდს ოპოზიციაში ჩაუდგა და პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში დაგროვდა, სავადაუდოდ, საკუთარი გუნდის წვრილფეხობას შეაწმენდს.
გია ცაგარეიშვილი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ სააკაშვილი დასასრულის მოახლოებას გრძნობს.
„ივანიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის პირადი ტრაგედიაა, რაც თავისთავად, ამ ქვეყნის ტრაგედიაა, იმიტომ, რომ არც ერთი ხელისუფლების შენარჩუნება არ ღირს ქვეყნის განადგურებად. ხელისუფლებები უნდა იცვლებოდეს და ქვეყანა უნდა რჩებოდეს. სძულს ამ ადამიანს თავისი სამშობლო და ეს ჩანს მის ყველა ნამოქმედარში. ყველაფერს აკეთებს, რომ თავი გადაირჩინოს, მაგრამ მისი და მისი გუნდის დღეები პოლიტიკაში არის დათვლილი. თბილისის 300-ათასკაციანი და ქუთაისის 50-ათასკაციანი მიტინგი მისთვის იმის მანიშნებელია, რომ ხალხი ჩახმახივით შემართულია გამარჯვებისთვის“,- აცხადებს ცაგარეიშვილი.