პირველი დაბადების დღე ოტიას გარეშე

პირველი დაბადების დღე ოტიას გარეშე

ოტია იოსელიანის გარეშე პირველ დაბადების დღეს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მოკრძალებულად აღნიშნავენ - 16 ივნისს მწერლის დაბადებიდან 82 წელი სრულდება.

იმაზე თურა ტიპის ღონისძიებების გამართვა იგეგმება მწერლის მშობლიურ რაიონში და როგორი იქნება ოტია იოსელიანის საფლავი, for.ge შეხვდა და ესაუბრა მწერლის ვაჟს, დაჩი იოსელიანს და ოტია იოსელიანის შვილიშვილს, ზვიად შვანგირაძეს.

შეგახსენებთ, რომ ოტია იოსელიანი 2011 წლის 11 ივლისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საერო პირთაგან ერთადერთია, ვისაც გელათის ტაძრიდან გამოსვენების პატივი ხვდა წილად. ოტია იოსელიანი დაკრძალულია წყალტუბოში, საკუთარი სახლის ეზოში, ხელოვნების ქუჩა N1-ში.

16 ივნისს დღის 12 საათზე მწერლის საფლავთან შეიკრიბებიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები. სასულიერო პირები ოტია იოსელიანის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან, რომლის დასრულების შემდეგ, იქვე, საფლავთან, მწერლის ცხოვრების ეპიზოდებს  გაიხსენებენ.

დაახლოებით 14 საათზე მწერლის სახლში მისი პროზისა და პოეზიის მიხედვით მომზადებული თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება, რომლის ინსცენირების ავტორები არიან დაჩი იოსელიანი და წყალტუბოს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ქალბატონი სულიკო სვანიძე.

წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას წყალტუბოელი მსახიობები და უფროსი კლასის მოსწავლეები მიიღებენ, დაახლოებით, საათნახევის განმავლობაში გასტანს. ამის შემდეგ, მწერლის ახლობლები და სტუმრები  სუფრასთან გადაინაცვლებენ.

როგორც დაჩი იოსელიანმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მწერლის დაბადების დღის ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია წყალტუბოს რაიონის გამგეობა და საკრებულო.

ზვიად შვანგირაძის თქმით, ოტია იოსელიანის გარდაცვალებიდან დღემდე მიმდინარეობს მისი ვიდეო, აუდიო, საგაზეთო ინტერვიუების, ფოტომასალის თავმოყრა და მწერლის არქივის დახარისხება, რაც საბოლოოდ მიზნად ისახავს მწერლის საცხოვრებელი სახლის  მუზეუმად გადაკეთებას.

ოტია იოსელიანის საფლავი მისი შვილების შექმნილი პროექტის მიხედვით გაკეთდა. გრანიტის ქვა წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთიდან ჩამოიტანეს, რომელიც მონაცრისფრო-მოცისფრო ფერისაა.

საფლავზე დაახლოებით 1.60 სანტიმეტრი სიმაღლის გრანიტია აღმართული, მასზე ბრინჯაოში ჩამოსხმული მწერლის ბარელიეფია დამაგრებული,  წარწერით - ოტია. მიწაზე დადებულ გრანიტის ფილაზე კი გამოკვეთილია ეტრატის გრაგნილი მწერლის  სიტყვებით - “ადამიანისგან რაც რჩება, მისი სიცოცხლეც ესაა“ და  ბატის ფრთის კალამი.

უკვე დასრულებულია ოტია იოსელიანის დაკრძალვაზე (2011 წლის 20 ივლისი) გადაღებული ექვსსაათიანი ვიდეომასალის დამონტაჟება, რომელსაც დოკუმენტური ფილმის სახე აქვს და ასახულია მწერლის სახლიდან გელათში გადასვენება, შემდეგ უკან, სახლში გადმოსვენება და დაკრძალვა. ვიდეომასალის მონტაჟზე მწერლის ოჯახის წევრები და შვილიშვილები - უმცროსი ოტია იოსელიანი და ზვიად შვანგირაძე მუშაობდნენ.

დამონტაჟებული ვიდეომასალიდან ფრაგმენტები ინტერნეტში მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე, აიტვირთება და სურვილის შემთხვევაში ადამიანები თავად ნახავენ, რა მასშტაბი ჰქონდა მწერლის დაკრძალვას, როგორ და ვინ მიაგო მას პატივი.