14 ივნისს დაახლოებით 16.00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „გლობალ TV”-ს ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი დააკავეს. იგი ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ საპასპოტრო კონტროლის გავლისას რონჟესი ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს. ცოტა მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რონჟესი უკანონო შემოსავლების ლეგალიზების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა.
“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21“-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს.
ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას თანხის დეკლალირება არ მოახდინა, მიზანშეწონილია ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნეს დაკითხული”, - ნათქვამია განცხადებაში.
რონჟესი აეროპორტშივე დაკითხეს და გამოუშვეს, რადგან როგორც მისი ადვოკატი ლილი გელაშვილი აცხადებს, ამ ადამიანს ყველანაირი დოკუმენტაცია მოწესრიგებული აქვს და არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ასევე ადვოკატი ვარაუდობს, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს და „ქართულ ოცნებასა“ და „გლობალ TV“-ს უკავშირდება.
რონჟესის ადვოკატი ლილი გელაშვილი for.ge-ს ამ ადამიანის დაკავების და დაკითხვის დეტალებზე ესაუბრება.
ლილი გელაშვილი: „ამერიკის მოქალაქე ალექსანდრე რონჟესი ტოვებდა საქართველოს, უკვე რეგისტრაციაც ჰქონდა აეროპორტში გავლილი, რა დროსაც გაფრენის წინა მოსაცდელ დარბაზში მასთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე ადამიანი მივიდა და უთხრეს, რომ მათ უნდა გაჰყოლოდა. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით რონჟესმა პროტესტი გამოხატა და მოითხოვა, აეხსნათ მისთვის, რაში იყო საქმე. ამის საპასუხოდ იგი ძალის გამოყენებით გაიყვანეს დარბაზიდან, რაც მან დაკითხვის ოქმშიც დააფიქსირა. აქვე აღვნიშნავ, რომ ძალის გამოყენებაში მე არ ვგულისხმობ ცემა-ტყეპას, ან ხელების გადაგრეხვას, მაგრამ ეს ადამიანი ხელის კვრით ძალით შეიყვანეს სპეციალურ ოთახში, სადაც მას პროკურატურის სხვა თანამშრომლებიც დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით დაკითხეს და იქნებ გვითხრათ, რას ედავებიან მას?
- დიახ, იგი მოწმის სახით დაიკითხა. მან მაშინვე მოითხოვა, რომ ადვოკატის თანდასწრებით დაკითხულიყო. ჩვენ მაშინვე გამოვცხადდით ადგილზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორდერებიც წარვადგინეთ და განვმარტეთ, რომ ვართ დაკავებული პირის დამცველები, გარკვეული დროის განმავლობაში განმავლობაში ჩვენ რონჟესთან შესვლის საშუალება არ მოგვცეს. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მთავარი პროკურატურის ცხელ ხაზზე დავტოვეთ შეტყობინება მომხდართან დაკავშირებით, ჩვენი შეხვედრა შედგა.
თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ცალკე გასაუბრების საშუალება გქონდათ?
- რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ეს უფლება, მოვითხოვეთ მასთან ცალკე გასაუბრება და ეს ასეც მოხდა. მან მოგვითხრო, როგორ მოხდა მისი დაკავება. სიტყვა “დაკავება”-ს ვუსვამ ხაზს, რადგან როდესაც მას დაუსვეს კითხვა, როგორ და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება, მან განმარტა, რომ მასთან მივიდა რამდენიმე ადამიანი და უთხრა, რომ იგი მართალია, მოწმის სახით, მაგრამ იყო დაკავებული.
ალექსანდრე რონჟესი ჩვენი თანდასწრებით დაიკითხა. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლით (შემოსავლების უკანონო ლეგალიზაცია) არის დაწყებული.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ამ ადამიანს ედავებიან, რომ მან იყიდა რაღაც ფართი, რომელიც შემდეგ გაყიდა და მისი რეალიზაციიდან მიღებული თანხის საბაჟოზე დეკლარირება არ მოახდინა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- საუბარი არ არის საბაჟოზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ადამიანი ბიზნესმენია და ამ საქმის გარკვეულ დეტალებზე საუბრისგან მე თავს შევიკავებ. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ყველა კითხვა, რაც მას დაკითხვის დროს დაუსვეს, სწორედ ამ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დეტალებს უკავშირდებოდა.
ეს კომერციული ფართი იყო?
- ეს იყო ფართი, რომელიც პრინციპში არაფრისთვის არ იყო გამოყენებული. როგორც თვითონ ამბობს, ეს უძრავი ქონება 2004 წელს შეიძინა მაშინდელ საბაზრო ფასში. მოგეხსენებათ, 2004 წლის შემდეგ უძრავი ქონების ფასებმა კატასტროფულად მოიმატა და ახლა ამ ადამიანმა ეს ფართი შესაბამის ფასად გაასხვისა. გამოძიების კითხვები სწორედ ამ ქონების ყიდვა-გაყიდვას შეეხებოდა. მათ აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა რონჟესს ოფიციალურად ეს ყველაფერ რეგისტრირებული, ჰქონდა თუ არა თანხა დეკლარირებული და ა.შ. ალექსანდრე რონჟესს ყველა ეს დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა. ასევე მან გნაცხადა, რომ შეეძლო შესაბამისი ქვითრების წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება, რომ ამ ფართის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა გადასახადი გადახდილი აქვს.
ცოტა გაუგებარია, რა უნდა გადაეხადა მას და რა არ გადაიხადა, ან რას ედავებოდნენ მას?
- რონჟესს ეკითხებოდნენ, გადაიხადა თუ არა მან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საშემოსავლო გადასახადი და ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია წესრიგში იყო თუ არა. აღვნიშნავ, რომ მას ყველა შესაბამისი გადასახადი გადახდილი ჰქონდა და როგორც უკვე გითხარით, ყველა შესაბამისი დეოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა და ეს დოკუმენტაცია მან წარმოადგინა კიდეც. აქვე მინდა იმედი გამოვახტო, რომ ვინაიდან ყველა კითხვა სწორედ ამ უძრავი ნივთის ყიდვა-გაყიდვას ეხებოდა და ვინაიდან დადასტურდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, ამ საქმეს ალბათ მსვლელობა აღარ მიეცემა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ძალიან ჯანსაღად მოაზროვნე და ძალიან კარგი კლიენტი იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. ყველა კითხვაზე მას არგუმენტირებული და ჯანსაღი პასუხი ჰქონდა. მასთან შედავების აღარანაირი საფუძველი ჰქონდათ და სწორედ ამიტომ იგი მოწმის სახით დაკითხეს და გამოუშვეს.
იმ ფინანსური დოკუმენტაციის მოპოვება, რაც ალექსანდრე რონჟესმა გამოძიებას წარუდგინა, პრაქტიკულად მათ თვითონვე ძალიან მარტივად შეეძლოთ. თქვენი აზრით, რატომ მოხდა რონჟესის დაკავება და ხომ არ უკავშირებთ ამ ყველაფერს „გლობალ TV”-ს და პოლიტიკას?
- შეიძლება, როგორც ადვოკატი ასეთ განცხადებას არ უნდა ვაკეთებდე, მაგრამ ჩემი სუბიქტური პოზიცია ასეთია - როდესაც ფინანსების მოძრაობასთან დაკავშირებით უჩნდებათ კითხვები და ეს კითხვები ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე „გლობალ TV”-ს ან რაღაც ასე ვთქვათ, ოპოზიციურ სახეებს ეხება, ცხადია, რომ ასეთ საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ამ ფინანსური დოკუმენტაციის მოპოვება გამოძიებას თავადაც შეეძლო. მოგეხსენებათ, საპროცესო კანონმდებლობით გაწერილია ის პროცედურები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მოწმის დაკითხვაზე დაბარება. ჩემს კითხვაზე, ყველაფერ ამის ფონზე რატომ მოხდა ბატონი რონჟესის ამ ფორმით დაკავება, მიპასუხეს, რომ გამოძიება დღეს დაიწყო და ვინაიდან გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე რონჟესი ქვეყანას ტოვებდა, მათ ამ პროცედურების ჩასატარებლად დრო აღარ ჰქონდათ.
რა თქმა უნდა, ეს მათ არ ამართლებს, რადგან რაღაცის გადამოწმება არ შეიძლება თუნდაც ერთი პიროვნების (მით უმეტეს უცხო ქვეყნის მოქალაქის) უფლებების დარღვევის ხარჯზე. ცალკე საკითხია, ჰქონდათ თუ არა საქმის აღძვრის საფუძველი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ნიშანს ატარებს და „ქართულ ოცნებასთან“ არის მიბმული. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დაკითხვაზე გარდა ამ ფართის ყიდვა-გაყიდვისა, სხვა არანაირ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა.
იმ დროს, როდესაც ალექსანდრე რონჟესი იკითხებოდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკითხვა ცოტა ხნით შეწყდა და ეს ადამიანი ამერიკის კონსულს ესაუბრებოდა. რონჟესმა მომხდარის შესახებ ამერიკულ მხარეს გააცნო ინფორმაცია?
- როდესაც დაკითხვა მიმდინარეობდა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილზე მოვიდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები. იყო სამი პიროვნება, რომელთაგან ორი როგორც მოგვიანებით გაირკვა, იყო კონსული. რონჟესმა მათთან გასაუბრება მოითხოვა და მას ამის საშუალება მიეცა, მაგრამ ეს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა მასა და საელჩოს წარმომადგენლებს შორის. ამიტომ ჩვენთვის ამ საუბრის დეტალების უცნობია.