„გურულები მეკითხებიან, რა დროს ლაზიკაა, როცა საჭმელი არ გვაქვსო?“

„გურულები მეკითხებიან, რა დროს ლაზიკაა, როცა საჭმელი არ გვაქვსო?“

ოზურგეთში 17 ივნისს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ აქციას გურულებიც მოუთმენლად ელიან და ჩვეული იუმორით აცხადებენ - სამსახური მაინც არ გვაქვს და აქციაზე მისვლის გამო ხელისუფლება სახლიდან ხომ არ გამოგვაგდებსო?! ამის შესახებ for.ge-სთან საუბარში „ქართული აკადემიის“ წარმომადგენელმა, პროფესორმა, ფიზიოლოგმა თემურ ნანეიშვილმა განაცხადა, რომელიც  ლანჩხუთის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. მის გარდა, „ქართული აკადემიიდან“ ადგილობრივებს რეჟისორი ნუკრი ქანთარიაც ხვდება, დღეს კი მათ მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი და ფიზიკოსი გელა დოლიძე შეუერთდნენ.

 -სოფელ-სოფელ დავდივართ, „ქართული ოცნების“ ერთი წევრის თანხლებით, და მოსახლეობასთან  ვსაუბრობთ. ხელისუფლების მიმართ გურულების განწყობა უარყოფითია, რაც გასაკვირი არაა, რადგან ყველას უჭირს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ამის შესახებ აქამდეც ვიცოდი, რადგან აქაურ მხარეს კარგად ვიცნობ, სახლი ლანჩხუთში მაქვს და წლიდან წლამდე ეს ყველაფერი ღრმავდება. ადგილობრივებს პრობლემები გაცნობიერებული აქვთ. ძალიან უკვირთ, რომ ახალი ქალაქის მშენებლობაზე ამდენს ლაპარაკობენ და ამ დროს საარსებო მინიმალური პირობები არ აქვთ.

გურულების განსაკუთრებულ ინტერესს ბიძინა ივანიშვილის სოფლის მეურნეობის პროგრამის ძირითადი მონახაზი იმსახურებს. კერძოდ, ბატონი ბიძინას მზაობა, რომ საამისოდ მილიარდიან ფონდს შექმნის. ასევე, დაინტერესებულნი არიან განათლების რეფორმის ძირითადი პუნქტებით. გარდა ამისა, აქაურებს ავადმყოფობის პანიკური შიში აქვთ. ავადმყოფობა ვის უხარია, მაგრამ აცხადებენ, თუ ავად გავხდით, განწირულნი ვართ, რადგან საავადმყოფოებში მკურნალობის საშუალება არ გვაქვსო. ერთმა მათგანმა შემოგვჩივლა, უბრალოდ თითი რომ გამეჭრას და გადავიხვიო, ამის შესაძლებლობაც არ მაქვსო. ჩვენ გვინდა, დავაინტერესოთ ისინი, რათა ბიძინა ივანიშვილის პროგრამას ყურადღება მიაქციონ. ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნებისთვის პროგრამაა მთავარი, მაგრამ ჩვენთან ეს ვერა და ვერ დამკვიდრდა, რადგან არავინ არავის უჯერებს.

უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ რა განწყობაა? ალბათ, გასაგებია, რომ ადამიანების ყველანაირი კატეგორია არსებობს, ზოგს მერკანტილური მიზნები ამოძრავებს, ზოგიც უფრო გლობალურად უყურებს მოვლენებს.

- ბატონი ბიძინას სიტყვას რომ არ დაუჯეროს ქართველმა კაცმა, მე მგონი, ცოტა სირცხვილიც არის. ჩემდა გასაოცრად, ლანჩხუთში, სადაც ახლა ვიმყოფები, არავინ ლაპარაკობს პირად გაჭირვებაზე, იმაზე, რომ მოვიდეს და ბიძინამ ფული მოგვცესო. ასეთნაირად საკითხს არავინ აყენებს.  ერთადერთი, ის აინტერესებთ, რომ  სისტემა და კანონები შეიცვალოს და იმის პოლიტიკური ნება არსებობდეს, რომ სოფლის მეურნეობა, განათლება თუ ჯანდაცვა გამოსწორდეს. სახელმწიფოებრივი ხედვა უნდა შეიცვალოს, - ასეთნაირად უყურებენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას გურულები და არა ისე, რომ ახლა ბიძინა მოვა და ათას-ათას ლარს დაგვირიგებს.

გურიაში თუ დაძლიეს შიშის ფაქტორი, რადგან ზუგდიდის კადრებში კარგად ჩანდა, რომნაცმოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის მომხრეები სკანდირების გადაფარვას ცდილობდნენ. გურია თუა დაზღვეული ამგვარი პროვოკაციებისგან?

- ჯერჯერობით, აქ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, ვინმეს რამე შეებედა ჩვენთვის. შესაძლოა, ვინმე შეგეკამათოს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს რამე ზედმეტად უთხრეს. არ ვიცი, ჩემი კოლეგები რას იტყვიან, რადგან ჩვენ ცალ-ცალკე დავდივართ. მსგავსი არაფერი შემინიშნავს, რომ ვინმე ჩვენი ჩასვლის წინააღმდეგი იყოს. პირიქით, ძალიან გულგახსნილები არიან და გვეკითხებიან, როდის მოხდება ეს ფაქტი და ეს ხელისუფლება როდის წავა?! ხომ იცით, ცოტა წყევლაც იციან და სათქმელს პირდაპირ, გააზრებულად ამბობენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან შეხვედრის სურვილს ვინც გამოთქვამს, ვერ იტყვი, რომ რამის ეშინია. ისე, ბუნებრივია, მთელი სოფელი ხომ არ გამოვა?! ეს ზღაპარია.

ხელისუფლების მიმართ განწყობას არ მალავენ?

- გურულები ძალიან ენაკვიმატი ხალხია და ყველაფერს იუმორით უყურებენ. რა დროს ლაზიკაა, როცა საჭმელი არაა?! ამაზე იცინიან, სააკაშვილი კონცერტებში ფულს ხარჯავს და ამ დროს, 21-ე საუკუნეში თოხითა და ბარით სიმინდის მოყვანა სწორი რომ არაა, ეს ძალიან კარგად ესმით. მიუხედავად იმისა, რომ გურიამდე ის სატელევიზიო არხები ვერ აღწევს, რომელიც რეალურ ინფორმაციას იძლევა, ყველაფერი მაინც კარგად იციან. კმაყოფილები არიან, რომ თბილისსა და ქუთაისში ასეთი ერთსულოვნება გამოიჩინა ხალხმა და იმედოვნებენ, რომ გურიის რეგიონი არ შეირცხვენს თავს.

პირადად თქვენ რამდენ მომიტინგეს ელით 17 ივნისის აქციაზე?

- 17 ივნისს თეატრის წინ 19.00 საათზეა დანიშნული აქცია. ოზურგეთის გამგეობას მოელაპარაკნენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოღვაწეები და შეთანხმებას მიაღწიეს. რამდენი ადამიანი გამოვა აქციაზე, არ ვიცი, მაგრამ 7-10 ათასი ადგილობრივი მკვიდრი რომ მოგროვდეს, რეკორდული მაჩვენებელი იქნება. ასე თუ ისე, გურია, იმერეთთან შედარებით, ძალიან პატარაა.

თანაც, ალბათ, რაიონები დაცლილია.

- გურიაში სულ სამი რაიონია და ხალხი წასულია. პირადად ჩემს სოფელში, ჩემი სახლის ირგვლივ, ერთი მოსახლეა დარჩენილი, ექვსი თუ შვიდი ოჯახი კი წასულია, ან ქალაქში არიან, ან უფრო თურქეთსა და საბერძნეთში, სავაჭროდ და მოსამსახურეებად.

ადგილობრივები, ალბათ, ოფიციალურ სამსახურებში ნაკლებად მუშაობენ, მაგრამ, ქუთაისლების მსგავსად, გურიაში დასაქმებულებსაც პრობლემებით ხომ არ დაემუქრნენ?

- სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ვიკითხე, ხომ არ მოსულან და ხომ არაფერი უთქვამთ-თქო?! მიპასუხეს, არ მოსულან, მაგრამ ჩვენ რა უნდა გვითხრან, არ ვმუშაობთ და არაფერიო. ახლა სახლიდან თუ გამოგვაგდეს, არ ვიცითო. ამ თემაზე ცოტა აგდებულად საუბრობენ. ჩვენ მაინც ლანჩხუთში ვმისიონერობთ და, ალბათ, ლანჩხუთის კოლონას გავუძღვებით 17 ივნისს. დაყოფილი ვართ, ლანჩხუთში სამი თუ ოთხი ჯგუფი მუშაობს, ასეთივე ჯგუფები მუშაობენ ოზურგეთსა და ჩოხატაურში. იცით, როგორ სოფლებში დავდივართ?! ტრასიდან ძალიან მოშორებით რომ მდებარეობს.

გზები მაინც არის დაგებული?
- არა, ბატონო, გზიდან გადახვალ თუ არა, ურემი რომ ვერ გაივლის, ისეთი გზებია.