„ფულის გამო, მიცვალებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს“

„ფულის გამო, მიცვალებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს“

23 წლის ზვიად მამუკაშვილის ბურუსით მოცული დაღუპვის შემდეგ უპრეცენდენტო რამ მოხდა - ოჯახი ეჭვობს, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ექიმებმა განგებ შეაერთეს, რათა მათგან 12 ათასი ლარი მიეღოთ. ტრაგედია 4 ივნისს მოხდა, ახალგაზრდა კი შვიდი დღის განმავლობაში იწვა არამიანცში და ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილი იყო, რადგან ბავშვის სხეული სრულიად გახრწნილი იყო და, თანაც, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.

For.ge-ს გარდაცვლილის მამა მერაბ მამუკაშვილი ესაუბრა. შესაძლოა, მასალაში მოტანილი ცალკეული დეტალები არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ ეს გასაკვირი არაა, რადგან მომხდარის გამო მერაბ მამუკაშვილის მდგომარეობა გასაგებია. რაც შეეხება მამუკაშვილების ადვოკატ მაია ლიპარტელიანს, მასაც დაეჭვების საბაბს ის უმძაფრებს, რომ ზვიად მამუკაშვილი შპს. მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში (რომლის დირექტორია ინგოროყვა), შეყვანილ იქნა 4 რიცხვში. ამის შემდეგ მისი ოჯახის წევრებს 7 ივნისს გადაეცა ანგარიშფაქტურა, სადაც 11 ივნისის ჩათვლით, კალკულაცით დაფიქსირებულია 12 ათას 726 ლარი. საინტერესოა, ექიმებმა წინასწარ საიდან იცოდნენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი მაინცდამაინც 11 ივნისამდე იცოცხლებდა, და არა, ვთქვათ, - 10 ან 12 ივნისამდე?!

როგორც ვიცი, ტრაგედია ვიდეოთვალმა დააფიქსირა. ამის მიუხედავად, სიმართლის დადგენა რატომ ჭიანურდება

- ჩემი ვაჟი, ზვიად მამუკაშვილი 4 ივნისს მიიყვანეს სასწრაფოთი, მისი ამხანაგები მეუბნებიან, რომ დილის 4 საათზე სასწრაფომ და პატრულმა საკაცით სახლში შემოიყვანესო. ის პატრული და სასწრაფოც არსად ჩანს, აღრიცხული და გატარებული არსადაა. მისი არამიანცში წაყვანის დრო კი დაფიქსირებულია. 4-ში, ორშაბათი დილა თენდებოდა და იქ მიიყვანეს. იქაც გაუგებრობაა, გამოძიება არაფერს გვეუბნება, ადვოკატიც ავიყვანეთ. როგორც ისინი ამბობენ, ყველაფერი ვიდეო თვალის ქვეშ მოხდა, თუმცა არაფერს გვეუბნებიან, გარდა იმისა, - ვადგენთ,  ვმუშაობთო. ერთი კვირაა, არცერთი ცნობა არ მოუციათ ჩემთვის. ოფიციალურად გუშინწინ, 11 ივნისს, სამ საათზე დაიღუპა ბავშვი, თუმცა არ გამომატანეს, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, ერთ საათში კი სახლში ჩამოვასვენეთ. იქვე გვითხრეს, ბალზამირება არ მიიღო, ნემსი აქვს გაკეთებული, ამიტომ მაცივარი იშოვეთო. რომ ჩამოვედით, ვნახეთ, ბავშვის ცხედარი მთლიანად გახრწნილი იყო, სხვებმაც დამიდასტურეს, რომ ბავშვი ადგილზევეა მკვდარი და საავადმყოფოში გარდაცვლილი მიიყვანეს. ფაქტობრივად, მაგათ შვიდი დღის მანძილზე მიცვალებული გააჩერეს. განა შეიძლება დაღუპვიდან სამ საათში ბავშვის ცხედარი გაირყვნეს? სადღაც 12 ათასი ლარი შემაწერეს, მე გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი ვარ და რა შემიძლია გავაკეთო? ვის მივმართო, არ ვიცი. კერძო ადვოკატი რომ დაიქირავო, რვაასი ლარი უნდა, არ მაქვს ამის საშუალება, ამიტომ უპატრონოდ უნდა მიმატოვონ? ამჟამად ადვოკატი მაია ლიპარტელიანი გვეხმარება.

ექსპერტიზა სად ჩაუტარეს?

- ექსპერტიზა ინგოროყვას კლინიკის უკან ჩატარდა, ახლა გამოძიებას ველოდები, მაინტერესებს, რა წერია იმ ექსპერტიზაში. ის მაინც მითხრან, რომ მერე შევადაროთ. შაბათს მინდოდა დამეკრძალა, მაგრამ ამიკრძალეს. ხუთშაბათს უნდა დავკრძალო იმიტომ, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, მაცივარში, ყინულში გვიდევს ბავშვი. ერთ საათში ჩამოყვანილი ბავშვი ისეთი შეცვლილი იყო, ხალხი კინაღამ გაგიჟდა, მოწმეები არიან, აქაურები.

ტრაგედია როგორ მოხდა?

- ამხანაგი აცხადებს, გარეთ ვიჩხუბეთო, „პოპულის“ ქვეშ. დროს არასწორად ამბობენ, სხვადასხვა დროს ასახელებენ. სასწრაფომ და პატრულმა მიიყვანა, „ნასილკით“ შევიყვანეთო, თუმცა ამის ფაქტურა და დაწერილი არ არსებობს. თბილისში, მათ სახლში მცხოვრები მეზობლები ამბობენ, მთელი ღამე დიდი ჩხუბი და ყვირილი გვესმოდაო. ვფიქრობ, იქვე მოხდა რაღაც და მისი ამხანაგები მალავენ. ამდგარან ეს ბიჭები, სამუშაოზე წასულან, ჩემი შვილი კი 12 საათი გათიშული დაუტოვებიათ. ექსპერტმა მითხრა, არამიანცში, ტვინი და ფილტვი გათიშული აქვსო, უკან, ხერხემლის მალა გატეხილი ჰქონია, ბლაგვი რაღაც ჰქონდა ჩარტყმული. ამიტომ ადგილზევე უნდა იყოს მკვდარი და მკვდარია მიტანილი. ოპერაცია რომ დაიწყეს, სოფელში დამირეკეს, საგარეჯოს რაიონში, და ერთი საათის შემდეგ ჩავედი, ექიმი ერთხელაც არ მეჩვენა, არადა, მასთან შეხვედრას ვითხოვდი, ერთხელ ძლივს გამოვიდა და მითხრა, შანსი არ არის, ერთი პროცენტიაო. ასე მატყუებდნენ რაღაცებს.

რამდენი წლის იყო თქვენი ვაჟი და ბიჭებს შორის დაპირისპირება კონკრეტულად სად მოხდა?

- თითქოს თავისუფლებაზე, ტაბიძის ქუჩაზე არის მომხდარი, როგორც მისი ამხანაგები ამბობენ და იქიდან, 40-60 მეტრში იყო გადაყვანილი. დადიანის 16-ში ცხოვრობდნენ ექვსივენი, მისი ამხანაგები, და იქვე ახლო-მახლო ტერიტორიაზე მუშაობდნენ.

მშენებლობაზე მუშაობდა თქვენი ვაჟი?
- დიახ, მანდვე მშენებლობა რომ იყო, იქ იყო. სხვათაშორის, გუშინწინ გახდა 23 წლის და დაბადების დღეს დაიღუპა.

ექსპერტებმა რა პასუხი გაგცეს?

- ეს ისეთი ხალხია, რომ ამათ უფლება არ აქვთ, რამე მითხრან. ჩემს პრობაციაში რომ ყოფილიყო, ცნობას დავწერდი და დასკვნას გავაკეთებდიო, მაგრამ უფლება არ მაქვსო. გამოძიებამ არ გამომატანა, ექსპერტის გარეშე ვერ გაგატანთო, საექსპერტიზოში კი გადაიყვანეს და რა გააკეთეს, არ ვიცი. გამოვიდნენ და მითხრეს, მაცივარი იშოვეთო, ჯერ ფული მოგვთხოვეს, 200 ლარი, რომ ტანსაცმელი ჩავაცვათ და ბალზამირება გავუკეთოთო; მერე გამოდის და მეუბნება, ბალზამირებას ვუკეთებთ და არ მიიღო, ყინული ნახეთო. წამოვედი ყინული ვიპოვე.

ვინ ჩაატარა ეს ექსპერიზა?

- ექსპერტიზა ვინ ჩაატარა, არ ვიცი.

არამიანცის ექიმი ვინ იყო, ვისზეც ეჭვი გაქვთ, რომ ტყუილად  ჰყავდა აპარატზე შეერთებული?

- გელა მენთეშაშვილი, არამიანცის ახალი საავადმყოფო რომ არის აშენებული, ინგოროყვას კერძო კლინიკაში.

ანუ გარდაცვლილი პაციენტი ცოცხლად გაასაღეს თქვენგან ფულის მიღების მიზნით? რა თანხაზეა საუბარი?

- ასი პროცენტით ასეა. ეს ფულის გამო გააკეთა. თანაც, წინასწარ იმდენი თანხა გამომიწერეს, რამდენი დღის შემდეგაც გათიშეს. 4 დღის წინ გამომიწერეს 12 ათას რაღაც ლარი, დღეები რომ გავა, დასჭირდებაო, მერე სხვა საშუალებას გამოვიყენებთ, შევხედავთო. ბოლოს გამომიცხადეს, დაიღუპაო, რა გავიგო? ხუთშაბათს გადაიყვანეს, ხუთშაბათს გაკვეთეს, მე შიგნით არ მიშვებდნენ და არაფერი.

პროკურატურისთვის არ მიგიმართავთ?

- სამმართველოში განცხადება დავწერე, თავიდან სხვა აწარმოებდა გამოძიებას, შემდეგ საქმე მეორე გამომძიებელს გადასცეს. ვმუშაობთ, ვმუშაობთო, - მეუბნებიან. მე ასლებს ხომ არ ვითხოვ, ვეუბნები, ვიდეო კამერის ქვეშ რა მოხდა, ერთხელ მაინც მაჩვენეთ-თქო, მაინტერესებს, მართლა იყო ჩხუბი თუ არა. ან დამიდგინე, ან რაიმე მითხარი. ვმუშაობთო, ასე, ერთი კვირაა, მუშაობენ. ვიდეოკამერაზე ხომ დაფიქსირდებოდა ჩხუბი, თუკი ასეთი რამ მართლა მოხდა და, თუ ბიჭები არ ტყუიან. იქ თვითმხილველები არსებობენ, გადავიდნენ ეს მოჩხუბრები, მერე დაცვის ბიჭებს ელაპარაკნენ ძმაკაცურად. ერთ საათში უნდა გაეხსნათ მომხდარი, თუკი გახსნა უნდოდათ.

ფიქრობთ, საავადმყოფოში ტყუილად იყო შეერთებული აპარატს? თუ არც იყო შეერთებული და იმიტაციას ახდენდნენ?

- შევედი, ვნახე, რომ გული აპარატზე იყო შეერთებული. გული კი ფეთქავდა, მაგრამ ბავშვი ცოცხალი არ იყო. ბოლოს რომ შევედით, მეუღლემ მითხრა, პირიდან ბოლი ამოსდიოდა, ვიკითხე, ეს რა არის-თქო და მითხრეს, არა, ქალბატონო, ჯერ არ მოგვიწმენდიაო. ჩემმა მეუღლემ ბავშვს ხელზე სილურჯეც შეამჩნია და ნამტირალევი გამოვიდა. ეს ამბავი მარტო მე მითხრა, მეორე დღეს კი გამოგვიცხადეს, რომ დაიღუპა.

რაკი თქვენ შენიშნეთ, რომ გული ფეთქავდა, .. ცოცხალი ყოფილა?!

- ის აპარატი ხელოვნურად აფეთქებდა გულს, რადგან შეუძლია, ფილტვები აამუშავოს და გვაჩვენოს, თითქოს ფეთქავს, მაგრამ გამორიცხულია, 12 საათის განმავლობაში ტვინგათიშული და ფილტვებგათიშული ადამიანი ცოცხალი იყოს, თანაც თავის უკან, გატეხილი აქვს, ბლაგვი რაღაც აქვს ჩარტყმული, სადაც თურმე 32 ნერვი მიდის. შანსი არ იყო, მას ეცოცხლა.

თქვენი შვილი თავისუფლებაზევეა მოკლული?

- თავისუფლებაზე უნდა იყოს მოკლული, თუ სახლში, არ ვიცით. დილის 4 საათზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ „პრარაბმა“ მოიკითხა, გონში ვერ ჩააგდო და სასწრაფო გამოიძახა. სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა და დაიწყეს ოპერაცია.

გამოდის, სახლში მოკლეს?

- ჩვენც ამას ვვარაუდობთ.

და ამხანაგებს რატომ უნდა მოეკლათ?

- შესაძლოა, იქ ჩხუბი მოხდა, წაკამათება, ერთი ამხანაგი გამოექცა. ჩემი ბიჭი გულიანი იყო. იმ ბიჭს მარჯვენა თვალში ჰქონდა დარტყმული, ჩემი ბიჭი ცაცია იყო, ვვარაუდობ, რომ იმან შეაგინა, ან დაარტყა და შვიდი კაციდან მარტო ერთმა, მისმა ბიძამ გაიგო ეს ამბავი, დანარჩენები მალავენ, ჩვენ გვეძინაო. ვეკითხები ბიძამისს, მომხდარი ფაქტი რაღა მარტო შენ გაიგე, იმათ რატომ არ გაიგეს ეს ამბავი? არ ვიცი, წადი, ადვოკატი აიყვანე, მე ნუ მაწუხებო. თანაც, არ არიან ისეთი ადამიანები, რომ მათ დავუჯერო.

ჩხუბი რაზე მოხდა, ესეც არ გითხრეს?
- არაფერს გვეუბნებიან. რა ვიცი, სიგარეტის გამო შელაპარაკდნენო. სიგარეტის გულისთვის კი კაცს არ კლავენ.

ჩვენ დავუკავშირდით მერაბ მამუკაშვილის ადვოკატს მაია ლიპარტელიანს. მისი თქმით, გამომძიებელს ექსპერტიზა დანიშნული აქვს არა მარტო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ გაირკვევა სიკვდილის გამომწვევი მიზეზებიც. მათ შორის, დადგინდება გარდაცვალების დრო.

„ოჯახის წევრები დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ ეჭვი აქვთ, მათი ვაჟი უფრო ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ეს ექიმებმა განაცხადეს. დაზარალებულ მხარეს შევთავაზე, თუ უნდობლობას უცხადებდნენ გამომძიებლის მიერ დანიშნულ ექსპერტიზას, მაშინ ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად ჩაგვეტარებინა ექსპერტიზა ეროვნულ ბიუროში. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ფინანსური მდგომარეობის გამო უარი განაცხადეს. ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და ამის საშუალება არ აქვთ. ექსპერტიზას კი დაახლოებით, ალბათ, 800 ლარი დასჭირდება, ხუთაშაბათს კი მიცვალებული უნდა დაიკრძალოს“, - აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, ახალი საპროცესო კანონმდებლობით, ადვოკატი მთელი რიგი შუამდგომლობების დაყენებას, გამოძიების მასალების გაცნობას მოკლებულია.  შესაბამისად, ამ ეტაპზე იგი მტკიცებულებებს ვერ ეცნობა და მხოლოდ გამომძიებლის განმარტებაზეა დამოკიდებული. თუმცა, ამ ეტაპზე გამოძიებასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს.

„ვნახოთ, შემდგომში, როცა საქმის მასალებს გავეცნობი, რა იქნება. დღეის მდგომარეობით კი, დანაშაულის ჩამდენი პირიც არ არის დადგენილი. გამოძიებას გიორგი ბაილოძე წარმართავს“.

ადვოკატის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლის უფლება მას არ ჰქონდა და მხოლოდ ოჯახის წევრები შედიოდნენ. გარდა ამისა, იგი ამ დარგის სპეციალისტი არ არის და ვიზუალურად ვერც მიხვდებოდა, უფრო ადრე იყო თუ არა გარდაცვლილი ახალგაზრდა. მით უფრო, რომ კომატოზურ მდგომარეობაში ძნელი გასარჩევია, გარდაცვლილია თუ არა ადამიანი.

მაია ლიპარტელიანის განმარტებით, ექსპერტიზა გამომძიებლის მიერ დაინიშნა, რადგან გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის დაზიანებას ნიშნავს. ანუ, უნდა დადგინდეს სხეულის დაზიანების ხარისხი.

რაც შეეხება ვიდეო კამერის მასალების გასაიდუმლოებას, ადვოკატის თქმით, საპროცესო კანონმდებლობა მას საშუალებას არ აძლევს, გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს. თუმცა ეს მასალები გამომძიებლის მიერ მოძიებულია.

„გამოძიება მიმდინარეობს და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დადგინდება დანაშაულის ჩამდენი პირი და ბრალი წარედგინება. მტკიცებულების გარეშე კი ვერც ამხანაგებს დავადებ ხელს, რომლებიც მე არ დამიკითხავს. ისინი გამომძიებელმა დაკითხა“.

ადვოკატ მაია ლიპარტელიანს დაეჭვების საბაბს ისიც აძლევს, რომ ზვიად მამუკაშვილი შპს. მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილ იქნა 4 რიცხვში. ამის შემდეგ მისი ოჯახის წევრებს 7 ივნისს გადაეცა ანგარიშფაქტურა, სადაც კალკულაცით დაფიქსირებულია 12 ათას 726 ლარი, ამაში შედის დამანატი 3 ათასი ლარი, ოპერაციის თანხა.

„ეჭვებს ამძაფრებს ისიც, რომ 7 რიცხვში უკვე დაანგარიშებულია თანხა 11 ივნისის ჩათვლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებმა წინასწარ, 7 რიცხვშივე იცოდნენ, რომ 11 ივნისამდე იცოცხლებდა ახალგაზრდა, ანუ ხომ შეიძლებოდა დაზარალებული გარდაცვლილიყო 10 ან 12 ივნისს?! ამ დროს კი კალკულაციამ მოითხოვა ზუსტად 11 ივნისის ანგარიშფაქტურა. ამიტომ ოჯახის წევრების ვარაუდი, რომ ზვიად მამუკაშვილი უფრო ადრეა გარდაცვლილი, ვიდრე ეს 11 რიცხვში გაცხადდა, უკვე ნამდვილად საეჭვოა“, - გვითხრა მაია ლიპარტელიანმა.

ადვოკატმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა გამომძიებელს, რომელსაც უახლოეს ხანში მტკიცებულებას და ანგარიშფაქტურას წარუდგენს. 

ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით გამომძიებელს გიორგი ბაილოძეს, თუმცა მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარზე უარი განაცხადა.