ხუთთვიანი განუხილველობის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ სასამართლო პროცესი ხვალ დილას, 10.00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოშია დანიშნული. თუმცა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები - არჩილ კბილაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი ამ სასამართლოსგანაც სიურპრიზს და ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას არ ელიან. უბრალოდ, ხუთთვიანი გაჭიანურებული პროცესი ხვალ დასრულდება და სასამართლო, სავარაუდოდ, იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც აქამდეც მიუღია - ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არაა.
ადვოკატებისთვის ეს უპრეცენდენტო ფაქტია, რადგან საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელსაც მეორადი მოქალაქეობა ჩამოერთვა. ამდენად, ეს პოლიტიკური აბსურდი, ლოგიკური ჩიხია, რომელსაც ქართული სასამართლო არგუმენტირებულ პასუხს ვერ სცემს. მეტიც, სასამართლო მაქსიმალურად ცდილობს, დაეხმაროს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს, ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი არ გადაწყდეს და ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქის პასპორტით არ მიიღოს.
როგორც ცნობილია, 2011 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის №602-ე ბრძანება კანონიერად ცნო და მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძესთან მიმართებით დააკმაყოფილა ადვოკატების სარჩელი, ხოლო ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით კი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხსენებული გადაწყვეტილება ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციოში 2012 წლის 24 იანვარს გაასაჩივრეს. თუმცა ხუთთვიანი დუმილის შემდეგ სასამართლომ მხოლოდ 15 ივნისს დანიშნა პროცესი.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი უკანონო გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ მსჯელობაზე, თითქოს კანონი არ ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას, ერთის მხრივ, დაბადებით ან ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქისა და, მეორე მხრივ, უცხო ქვეყნის იმ მოქალაქის მიმართ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისის წესით მიანიჭეს. ეს მსჯელობა არასწორი და უკანონოა, რადგან ამგვარი დიფერენცირებული მიდგომა თავად საგამონაკლისო წესის არსებობაში დევს. კანონმდებელმა ქვეყნის ძირითად კანონში განაცხადა, რომ როგორც საერთო წესი, საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება, იმავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს, მაგრამ ამ წესისგან შეიძლება, დაშვებულ იქნას გამონაკლისი, თუ ამის პირობები არსებობს. მაშასადამე, გვაქვს ორი წესი, რომელთაგან მეორე პირველისგან გამონაკლისს, პირველის ანტითეზას წარმოადგენს“, - აღნიშნა ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო არც კი შეეცადა, ადვოკატთა მსჯელობა საკუთარი მოსაზრებით გაებათილებინა და ყოველგვარი ანალიზის გარეშე დაასკვნა, რომ დიფერენცირებული მიდგომა კანონით გათვალისწინებული არაა, მაშინ, როცა ეს თავად კონსტიტუციაში წერია.
აქვე ადვოკატები აცხადებენ, რომ გავრცელებული ვერსია, ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან დეპორტაციასთან დაკავშირებით უკანონოა, რადგან მას, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, საქართველოში 360 დღის მანძილზე უწყვეტად ყოფნის უფლება აქვს. უფრო მეტიც, კიდეც რომ დაირღვეს ეს ვადა, ევროპული კონვენციით, მისი დეპორტაცია მაინც აკრძლულია, რადგან ბიძინა ივანიშვილს საქართველოში მცხოვრები ოჯახი ჰყავს, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. გარდა ამისა, დაუშვებელია ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება აქვს მინიჭებული, დეპორტაციას 360 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დაექვემდებაროს.
რაც შეეხება მოარულ ხმებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მზადაა, კომპრომისზე წავიდეს და საკონსტიტუციო ცვლილებით ისარგებლოს, ადვოკატები ამას გამორიცხავენ. მათი თქმით, ივანიშვილი ამ წინადადებაზე დათანხმებას ქვეყნის პრესტიჟის გადასარჩენად აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამის გამო კონსტიტუცია შეცვალეს, იგი ამ პირობას არ დათანხმდება. აქვე, ადვოკატებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ვერტმფრენით ფრენის ლიცენზია უკვე, კარგა ხანია, შეუჩერეს, თუმცა კითხვის დასასმელად ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, გიორგი კარბელაშვილთან გადაგვამისამართეს.
For.ge ადვოკატ არჩილ კბილაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისა და ხელისუფლების შეცლის შესახებ განცხადება გააკეთა. სწორედ ამ თარიღს ემთხვევა 11 ოქტომბერს პრეზიდენტის მიერ მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა, რაც იურისტის ხედვით, უკანონო გადაწყვეტილებაა, რადგან პროცედურა 7-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ერთთვიანი პროცედურის გავლისა და მხარის მიწვევის გარეშე განხორციელდა.
„ამდენად, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. შევარდნაძის დროს ცალსახა აკრძალვა იყო, რომ პირი დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდებოდა, თუმცა 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეს მოცემულობა 180 გრადუსით შეიცვალა და, გამონაკლისის წესით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი დღის წესრიგში დადგა. ამჟამად სიტუაცია აბსურდს დაემსგავსა, რადგან ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გახდეს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავჯდომარე მხოლოდ ფრანგული პასპორტით, ამ დროს კი, თუ მას ქართული პასპორტიც ექნება, ამის უფლებას არ აძლევენ“.
ხვალინდელი სასამართლო სხდომის იმედი არ გაქვთ. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის პროცედურა როგორ გესახებათ?
- მოქალაქეობის აღდგენის პროცედურა ძალიან რთულად, უფრო სწორად, შეუძლებლადაც გვესახება, რადგან აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლება ერთ პოზიციაზეა და ერთი პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებთ. თუ რაიმე ისეთი არ შეიცვალა, დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს მოქალაქე არ იქნება.
ამ შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობისთვის გათვლა მის მეუღლესა და უფროს ვაჟზე კეთდება?
- მეუღლე და ვაჟი საქართველოს მოქალაქეები არიან და ეს გამოსავლად არ გვესახება. მაგრამ, თუკი გამოსავლად იმ აზრს მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის რესურსი არჩევნებისთვის იქნას გამოყენებული, აქ პრობლემას ვერ ვხედავთ, რადგან როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, კოალიცია სახელდებულ იქნება „ივანიშვილი - ბლოკი „ქართული ოცნება.“ ასე რომ, ამომრჩევლისთვის იმთავითვე ნათელი იქნება, რომ ეს კოალიცია ივანიშვილის კოალიციაა. სიაში მითითებული იქნება თუ არა, ამას განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ ექნება. კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში კი, მისი მოქალაქეობის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება.
რაც შეეხება დიპლომატების მცდელობას მოქალაქეობისა აღდგენასთან დაკავშირებით, მათი ზეგავლენა საქართველოს ხელისუფლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა?
- მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩართული და ინფორმირებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, - ელჩებიც. რამდენადაც ვიცი, მათი მკაფიო მოთხოვნა იყო, რომ საარჩევნო გარემო ყველასთვის თანაბარი ყოფილიყო, სწორედ ამ ზეწოლის შედეგად ხელისუფლებამ კონსტიტუციური ცვლილება განახორციელა. საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევამ შედეგი იმ მხრივ გამოიღო, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად თქვა, მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ არა მოქალაქეობის აღდგენის ხაზით, რადგან ჩათვალა, რომ ამით საზოგადოებაში ავტორიტეტი შეელახებოდა. პატივმოყვარეობას ვერ უღალატეს.
მაგრამ ეს შეთავაზება თავად ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღო.
- არ მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ ზნეობრივი არ ყოფილა.
ამის გამო ელჩები უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ ჩავარდნენ?
- არა მგონია, რადგან ერთია სამართლებრივი შესაძლებლობა, რაც გაჩნდა, მაგრამ მეორეა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკითხი ზნეობრივ ასპექტში გადაიტანა. მართლაც, ჩვენც ვაცხადებდით, რომ ეს კონსტიტუციური ცვლილება უკანონო, არასამართლიანი და არაზნეობრივია. მან მიიღო გადაწყვეყილება, რომ ამ უკანონობაში მონაწილეობა არ მიიღოს.
თქვენ ახსენეთ ელენე გედევანიშვილის, საქართველოს ნაკრებში მოთამაშე ამერიკელი კალათბურთელების, მიხეილ არკადიევის მაგალითი, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ადამიანებს არ ჩამოართმევს საქართველოს მოქალაქეობას, ამდენად, ესეც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ორმაგი სტანდარტი მოქმედებს?
- ბიძინა ივანიშვილის შემთხვევა საქართველოში ერთადერთია, როდესაც მეორადი მოქალაქეობის მქონე პირს მეორადი მოქალაქეობა ჩამოერთვა იმის გამო, რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა. ამერიკელ კალათბურთელებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ, სიბერის ჟამს, როცა ნაკრებში აღარ ითამაშებენ, ნუთუ გაუუქმდებათ საქართველოს მოქალაქეობა?! ან, თუ გადავლენ აზერბაიჯანის ნაკრებში, დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას?! ასეთი შემთხვევა ათასობითაა. თუნდაც ის, რომ შვეიცარიელ ბიზნესმენს პრეზიდენტმა მოქალაქეობა მიანიჭა, ახლა იგი გერმანიის მოქალაქე რომ გახდეს, ამიტომ დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას?! ეს ირონიას იწვევს. როცა მეორადი მოქალაქეობა ენიჭება ადამიანს, მას ორიდან ერთი საფუძველი უნად ჰქონდეს: ან კაცობრიობის წინაშე დამსახურება, ან სახელმწიფოს მხრიდან ინტერესი.
აქედან გამომდინარე, ხომ არ ნანობთ, რომ თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე, რომ არ განაცხადეთ, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო? ან საერთოდ, რატომ გაცხადდა ამის შესახებ? საინტერესოა, მაშინ რას მოიმოქმედებდა ხელისუფლება?
- მანამდე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ვიცოდით და მასთან პირადი ურთიერთობა არ გვქონია. ასეც რომ ყოფილიყო, ვერ მოვიაზრებდით, რომ მეორადი მოქალაქეობის ჩამორთმევას დაუშვებდნენ. ეს ფაქტი თუ არ ექნებოდათ, სხვას მონახავდნენ. ახლა დაერქვა ამას სხვა სახელი - მეორადი მოქალაქეობა იმიტომ ჩამოერთვა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდაო, ანუ ჯერ საქართველოს მოქალაქე იყო, შემდეგ- საფრანგეთისო. ამას თუ ვერ იპოვიდნენ გამოსავლად, მაშინ სხვა სახელს დაარქმევდნენ.