ექსპერტ გია ხუხაშვილის ოჯახის დამხმარე ქალბატონის ინფორმაციით, ერთი სართულით ზემოთ მცხოვრები მეზობლის სახლიდან ჩაქუჩის ხმა დაახლოებით 2 კვირის წინ ჩამოდიოდა. იგი ვარაუდობს, რომ სწორედ მაშინ მოხდა მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება. ჩაქუჩს ისე ძლიერად ურტყამდნენ ჭერს, რომ სამშენებლო მასალაც კი ჩამოცვივდა. მისივე განმართებით, „მეზობელი ჩამოვიდა და მკითხა, რა გვქონდა მისგან გაყვანილი. ჩვენ გავოცდით ამ შეკითხვით, ავედით და ვნახეთ, რომ იყო მოწყობილობა, რომელზეც დამაგრებული იყო მიკროფონი, რომელიც ამონგრეულ იატაკში იდო, ზემოდან გაზეთები იყო გადაფარებული“.
გია ხუხაშვილის მეზობლის სახლი კრიმინალისტებმა დაათვალიერეს, დაიკითხნენ ხუხაშვილის მეზობლები.For.ge ამ საკითხთან დაკავშირებით გია ხუხაშვილს ესაუბრა.
ბატონო გია, თქვენ თუ ნახეთ რა მოწყობილობაზეა საუბარი?
- ეს სხვისი კერძო საკუთრებაა და მე იქ არ უნდა შევსულიყავი. თუმცა ეს ნახეს ჟურნალისტებმა, კრიმინალისტებმა.
ვინ აღმოაჩინა ეს მოწყობილობა და თქვენ როგორ გაიგეთ ეს ამბავი?
- ეს აღმოაჩინა ბინის მეპატრონის წარმომადგენელმა, ისიც არ ვიცი ვინ არის, მე თვალითაც არ მყავდა ნანახი, როდესაც ეს აღმოაჩინა, ჩამოვიდა და ჩვენი ოჯახის მეგობარ ქალბატონს უთხრა. მე დამირეკეს და ეს ამბავი შემატყობინეს, თვითონ არ შევსულვარ იმ სახლში და არ მინახავს, მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა.
ბატონო გია, ვარაუდები თუ გაქვთ რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?
- ვარაუდებზე ლაპარაკი ამ შემთხვევაში ძალზე რიტორიკულია და თავს შევიკავებ. ეს სისტემური პრობლემაა და როდესაც ეს პრობლემა მოგვარდება, ყველაფერი მაშინ გახდება ცნობილი.
შესალოა თქვენი მოსმენა ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს?
- კი ვთქვი, რომ პოლიტიკოსი ვარ მეთქი, მაგრამ ნათელაშვილი ნამდვილად არ ვარ რომ ახლა ამაზე პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო. შევხედავ პროცესს როგორც განვითარდება და შესაბამისი რეაქციები მექნება.
რა შეიძლება თქვენგან აინტერესებდეთ, შესაძლოა ვიღაცისთვის საინტერესო იყოს თქვენს ოჯახში რა ხდება?
- არ ვიცი, რა აინტერესებთ, იმიტომ რომ მე პრაქტიკულად სახლში არ ვართ. სახლში ძირითადად, ჩემი ძაღლია ხოლმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძაღლთან მეგობრობს და კვირაში სამჯერ ერთად სეირნობენ ხოლმე და შეიძლება მისგან უნდათ ინფორმაციის მიღება, იმიტომ, რომ ძირითადად ის არის სახლში. ისე მეც მაინტერესებს რისი გაგება უნდოდათ.
როგორც მახსოვს, ადრეც იყო თქვენზე რაღაც ზეწოლა...
- ეს მთელი ისტორიაა და ალბათ, გახსოვთ, რაც ხდებოდა 2007-2008 წლებში ჩემი მისამართით, მაგრამ პირად თემებზე არ მიყვარს საუბარი.
თუკი მოსასმენ აპარატურას ამონტაჟებდნენ, ხომ შეიძლება მომავალში რაღაც უფრო სერიოზული ზეწოლა განხორციელდეს თქვენი მისამართით?
- რაკი ამ საქმეს მოვკიდე ხელი, ე.ი. ყველაფრისთვის მზად ვარ. მე რა თქმა უნდა, საფრთხეებსაც ვითვალისწინებ და ყველაფერსაც. პათეტიკაა, მაგრამ მე მიყვარს ეს ქვეყანა და მე ამ საქმეს შეგნებულად ვაკეთებ და არა შემთხვევით.