სკანდალი პარლამენტში?

სკანდალი პარლამენტში?

(იბეჭდება შემოკლებით)

პროკურორებს უკვე იმდენი ხანია აშინებენ გამოცდებით, რომ ბევრი პირიქით იხვეწება, მალე ჩამიტარეთ ეს ოხერი გამოცდებიო. მაგრამ პროკურორების მეორე კატეგორია ყველა ხერხით ცდილობს გამოცდას თავი აარიდოს, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ეს მხოლოდ ატესტაციის გავლა იქნება თუ სამეცნიერო ხარისხის მოპოვება.

სიტუაცია დაძაბულია. პროკურატურაში ორი დღეა მხოლოდ პარლამენტში მომხდარი ფაქტის შესახებ საუბრობენ. გავრცელებული ხმებით, თუ მანამდე ანზორ ბალუაშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, 22 აპრილს პარლამენტში უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კამათი თურმე ხელის შეხებამდეც მისულა. კომისიის წევრებს, რომელთაც პროკურატურის შესახებ კანონპროექტზე უნდა ემსჯელათ, ფაქტობრივად, მოჩხუბრების გაშველების მეტი არაფერი უკეთებიათ.

ინფორმაციისთვის: თავის დროზე კომისია პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა და მას პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა დაევალა. კომისიის პირველი სხდომა ფაქტობრივად ჩაიშალა, რადგან პროკურატურა კომისიის წევრების დამატებას მოითხოვდა. მაშინ ვერაფერზე შეთანხმდნენ, მხოლოდ მეორე სხდომის თარიღის დანიშვნა მოახერხეს.

14 აპრილს დანიშნული მეორე სხდომა კომისიის ერთ-ერთი წევრის ალე შუშანაშვილის გარდაცვალების გამო გადაიდო. სხდომა 22 აპრილისთვის დაინიშნა.

„ალიას“ ინფორმაციით, შაბათს უწყებათაშორისი კომისიის სხდომას ყველა წევრი დაესწრო. თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, მაგრამ კომისიის წევრების კეთილგანწყობა თურმე მაშინ დაირღვა, როცა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში პროკურატურას გახრწნილი და კორუმპირებული სისტემა უწოდა. ამ სიტყვებზე სააკაშვილს ფეხზე გენპროკურორის პირველი მოადგილე ანზორ ბალუაშვილი წამოუხტა და კონკრეტული გვარების დასახელება მოუთხოვია. სააკაშვილს გვარები არ დაუსახელებია, სამაგიეროდ ბალუაშვილი მწყობრიდან გამოუყვანია სიტყვებით: - „მთელი პროკურატურა სინაგოგად გადააქციე, რა გვარებს მთხოვ?“

სინაგოგის ხსენებაზე ბალუაშვილი იმდენად გაბრაზებულა, სააკაშვილისკენ გაუწევია. პროკურატურის წარმომადგენლები ბალუაშვილს ამშვიდებდნენ, რომელსაც სხდომა მიუტოვებია. ამ ისტორიას გუშინ პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს ჩუმად უყვებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დახურულ სხდომას ხმამაღალი გინება და გაწევ-გამოწევაც არ აკლდა.

შელაპარაკების ფაქტი ბალუაშვილმა უარყო.

-არაფერი მომხდარა, ყველაფერი რიგზეა. პატარა კამათი იყო, სერიოზული არაფერი.

მაგრამ იმ სხდომას სხვებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილმა ბრალი პროკურატურის სინაგოგად გადაქცევაში დაგდოთ. რისი გერიდებათ?

-თუ ვინმე რამეს გამიბედავს, თავს თვითონვე დავიცავ. ამ თემაზე კი საუბარი აღარ მსურს.

პროკურატურაში გუშინ იმასაც ამბობდნენ, ბალუაშვილის ტელეფონი ერთი წუთითაც არ გაჩერებულა, მას სააკაშვილი ბოდიშის მოსახდელად ურეკავდაო.

მიშა სააკაშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

-საბოდიშო მე არაფერი გამიკეთებია.

მაშინ რატომ რეკავდით მთელი დღე პროკურატურაში?

-რას ამბობთ, მე ვრეკავდი, რატომ უნდა დამერეკა?

ე.ი. ბალუაშვილისთვის არ გითქვამთ, პროკურატურა სინაგოგად გადააქციეო?!...

-რა თქმა უნდა, არ მითქვამს. ვინც ებრაელობის თემას ცუდად შეეხება, ჩემი მტერი იქნება. ეს პროკურატურის ზოგიერთი ხელმძღვანელის მცდელობაა, როგორღაც დაპირისპირება გააღრმავოს. ჩვენ პროკურატურის ბევრ თანამშრომელთან პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ზოგიერთი თანამდებობის პირი სავარძელს რომ უნდა გამოემშვიდობოს, ეს ფაქტია. ამას ვერ ეგუებიან და ჭორებსაც ამიტომ ავრცელებენ.

მაგრამ რამდენიმე კაცი ჭორს ერთი და იგივე შინაარსით არ მოჰყვებოდა...

-ესკალაცია აწყობთ.

ესე იგი, სინაგოგა არ გიხსენებიათ?

-რა თქმა უნდა, არა. გარეთ რაღაც ვუთხარი ადეიშვილს, საუბარში, უბრალოდ, სინაგოგა ვახსენე. არ მახსოვს რასთან დაკავშირებით. ალბათ ამას ყური მოჰკრეს. არ ვიცი რა მოეჩვენათ.

გაწევ-გამოწევა იყო?

-არა, რას ამბობთ. ეხლა მე სემიტიზმშიც მადანაშაულებენ. მაინც ვერაფერს გახდებიან, პროკურატურაში რეფორმა აუცილებლად ჩატარდება და კანონშიც შესაბამისი ცვლილებები შევა. გიმეორებთ, მე შეიძლება იქ კამათის დროს მართლაც ავღელდი, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მითქვამს.