სააკაშვილი და ვინმე დ. იაკობ გოგებაშვილის წინააღმდეგ

სააკაშვილი და ვინმე დ. იაკობ გოგებაშვილის წინააღმდეგ

For.ge-ს ერთგულო მკითხველებო,

თქვენ დღეს შესაძლებლობა გაქვთ, წაიკითხოთ ”უნიკალური” სტატია, რომელიც პირველად და უკანასკნელად საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1905 წლის იანვარში დაიბეჭდა.

ჟურნალს, რომელმაც იგი გამოაქვეყნა, სახელად ერქვა ”მოგზაური”.

რედაქტორ-გამომცემელი, ვინც პუბლიკაციას მწვანე შუქი აუნთო, იყო ავადსახსენებელი ფილიპე მახარაძე, ცნობილი ბოლშევიკი, შულავერის კომიტეტის წევრი და გასაბჭოების შემდეგ მაღალჩინოსანი საბჭოთა ფუნქციონერი. ეს ის ფილიპე მახარაძეა, ეროვნული მოძრაობის აზვირთებამდე მშვიდად რომ განისვენებდა მთამწმინდის პანთეონში, სანამ ”მადლიერმა შთამომავლობამ” წერაქვებით არ ამოაბრძანა მისი წაბილწული ნეშტი.

ეს ის ”მოგზაურია”, იმავე 1905 წელს ვინმე ვ.ნ-ს ფსევდონიმით ცილისმწამებლური წერილების სერიალი რომ გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძეზე, რომელშიც ერის უგვირგვინო მეფე სისხლისმსმელ მებატონედ და გლეხთა მჩაგვრელად წარმოაჩინა. სამართლიანად თვლიან, რომ სწორედ ამ სტატიებით დაიწყო ნიადაგის შემზადება ილიას მკვლელობისთვის. თუ რა როლი ითამაშა ამ სისხლიან აქტში უშუალოდ ფილიპე მახარაძემ, ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული.

წინამდებარე სტატიას ხელს აწერს ვინმე დ. მისი ვინაობის გარკვევით საგანგებოდ არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს. წაიკითხეთ და დარწმუნდებით, რომ იგი ფილიპესა და ვ.ნ-ს თანამოაზრე და ღირსეული პარტნიორია; კაცი, რომელიც ქართველი ერის ზნეობრივი დეგრადაციის მიზეზების ძიებამ... იაკობ გოგებაშვილის ”დედა ენა”-მდე მიიყვანა.

ქართული პუბლიცისტიკის წინამდებარე ”შედევრი” მთლად უცნობი არაა ჟურნალისტიკის ისტორიაში. მისი არსებობის შესახებ საქმის კურსშია პედაგოგიკისა და საქართველოს უახლესი ისტორიის სპეციალისტთა ვიწრო წრე, ვისაც სამეცნიერო კვლევის დროს შეხება ჰქონია დასახელებულ ჟურნალთან. თუმცა, ვიმეორებ, მასობრივი მკითხველისთვის იგი ხელმიუწვდომელი იყო, რადგან სრული სახით აღარასოდეს გამოქვეყნებულა. ამდენად, თქვენ 107 წლის შემდეგ შესაძლებლობა გაქვთ, კიდევ ერთხელ გაეცნოთ ეროვნული გამოთაყვანების მატიანის ერთ პატარა, ჭუჭყიან ფურცელს.

რატომ ვთვლით საჭიროდ ამ სტატიის ხელახლა გამოქვეყნებას?

პირველ რიგში, იმიტომ, რომ დღეს დიდი იაკობის გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა.

კიდევ იმის გამო, რომ სისხლიანი ხელებით ტახტს ჩაბღაუჭებულ ხელისუფლებას არც ამჯერად გაახსენდა ქართული პედაგოგიკის პატრიარქი, ისევე, როგორც შარშანწინ ”გამოეპარა” მისი დაბადებიდან 170 წლის იუბილე. ამაში გასაოცარი არაფერია – საქართველოს პრეზიდენტს ვერა და ვერ მოუნელებია ის ფაქტი, რომ იაკობ გოგებაშვილს ერთ-ერთ თხზულებაში ყირიმელი თათრების შემოსევის დროს ქალაქ გორის მხსნელი სომხის ტერტერა სააკაშვილად ჰყავს მოხსენიებული.

წინამდებარე პუბლიკაციის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ფილიპეების, ვ. ნ-ებისა და დ-ების იდეური შთამომავლები იმყოფებიან. მათი დამოკიდებულება სასიქადულო წინაპრის მიმართ ისეთივეა, როგორც საუკუნის წინ და ცოცხალი რომ იყოს, დღესაც სიამოვნებით დაახლიდნენ შუბლში ტყვიას.

თუმცა, წინასიტყვაობა საკმაოდ გამიჭიანურდა. მე აქ შევჩერდები, თქვენ კი წაიკითხეთ და კიდევ ერთხელ დაფიქრდით- რანი ვიყავით, ვინ ვართ და საით მივდივართ!

*************

დედაენა, როგორც წარმართობის დამნერგველი ჩვენს მოზარდ თაობასა და ხალხში

ბევრს ვლაპარაკობთ, ბევრს ვწერთ, რომ ჩვენი ხალხი ერთობ დაეცა ნივთიერად და ზნეობრივად, ძმა ძმად აღარ მიგვაჩნია, მეზობელი მეზობლად, თანამემამულე თანამემამულედ, სიწმინდე სიწმინდედ, სამშობლო სამშობლოდ. დიახ, ვსტირით და ვგოდებთ ჩვენს ასეთს უბედურ ყოფასა. თითქოს ვცდილობთ კიდეც გამოვიცნოთ ამის მიზეზები, მაგრამ ერთობ მცირედ, უგულოდ, ვითომც არც-კი არსებობდეს ესენი ჩვენთვის. მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ჩვენი ყოველი ავი და კარგი ჩვენი მოზარდი თაობის და ხალხის აღზრდაზეა დამოკიდებული. ეს ყველამ ვიცით და აკი ვცდილობთ კიდეც, რომ უკეთ აღვზარდოთ ჩვენი შვილები!? მაშ რისგან არის, რომ ჩვენს ამოდენა ცდას ნაყოფი არ უჩანს და ჩვენი ხალხი წინ კი არა და უკან კი მიდის ყოველის მხრით? რისგან არის, რომ ღვთაებრივის სიყვარულის, მოთმენის, შეწყალების, მოყვასთათვის თავდადების და სხვა სათნოებათა მაგივრად, ჩვენი ხალხი წარმოუდგენელს წარმართობას (язычество) იჩენს?!- რისგან და იმისგან, რომ მთლათ ჩვენი ცხოვრება და განსაკუთრებით თვით სკოლური სწავლა-განათლება ნამდვილი წარმართულია. განსაცვიფრებელს მოვლენას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქრისტიანობამ 1600 წლის განმავლობაშიც ვერა და ვერ ამოკვეთა ჩვენს ხალხში ადამის ჯამის წარმართობა, ვერა და ვერ შეგვაგნებინა ყოველის ჩვენგანის დანიშნულება ამ ქვეყნად, ვერა და ვერ შეგვაქმნევინა სასუფეველი მართალთა ამ ქვეყნად... მიზეზი კი სულ თვით ჩვენი ვითომ და განმანათლებლების გაუნათლებლობა და წარმართობაა!გაიცანით ბ-ნებო დედა ენა ი. გოგებაშვილისა და დარწმუნდებით, რომ ჩვენ მართალს ვამბობთ, რომ ჩვენის ხალხის და ოჯახების გათახსირება და წარმართობა სწორედ ამ წიგნიდამ იწყობა. რომ წერილი არ გაგვიგრძელდეს, სხვა მრავალთა შორის, მოვიყვანოთ აქ უფრო თვალ საჩინო წერილები ამ წიგნიდამ, რომლებიც ყოვლად წარმართულია და ამიტომ თვის დღეში არც ადგილი უნდა ჰქონდეთ მისთანა წერილებს საყმაწვილო წიგნებში.

1)თავის თავის დასჯა (გვ.47). ”პატარა ნიკოს ჯავრი სჭირდა თავის დისა. სადილის დროს ჩუმად ლობიოს შეჭამანდში ცოტა (!) ნაცარი ჩაუყარა. დამ თვალი შეასწრო და ძმას ჩუმადვე (!) ჯამი შეუცვალა. როცა სადილი გაათავეს, დამ სიცილით უთხრა ნიკოსა: ”ნაცრიანი შეჭამანდი გაამოსო”.

გვიბრძანეთ: რას ასწავლის იგი მოზარდ თაობას? ქრისტიანულს მიტევებას, თუ წარმართულს ”კბილი კბილზედა”-ს? თქმა არ უნდა უკანასკნელს. და აკი კიდეც დილის მზის ნათელის სისწრაფით ეფინება იგი ჩვენს მოზარდ თაობას და თვით ხალხსაც...

2)ქურდი (54.გვ.). ”გლეხს ფულები მოჰპარეს. ქურდი ეძებეს, ვერ იპოვნეს. შეიკრიბნენ ერთად გლეხები. მამასახლისმა უცებ დაიყვირა: დახე, დახე, ქურდს ქუდი ეწვისო. ერთმა გლეხმა ფიცხლაც ქუდს ხელი იტაცა. მაშინ ყველამ შეიტყო, რომ ის იყო ქურდი”.

საინტერესოა ვიცოდეთ, რა მოსაზრებით ჩაურთავს ბ-ნს გოგებაშვილს ეს წერილი საყმაწვილო წიგნში? თუ იმისთვის, რომ ბავშვებს ასწავლოს ეს უებარი წამალი ქურდების დაჭერაში, ძალიან სცდება, რადგან ჯერ მაგალითი არ ყოფილა, რომ ქურდები ასეთი უბრყვილონი იყვნენ, როგორც ავტორის ქურდია. ჩვენ ამ წერილით ახალთაობა იმას უფრო ისწავლის, თუ როგორ დამალოს ქურდობა.

3)ნაპოვნი სავარცხელი (54 გვ.). ”ორი კაცი ერთად მიდიოდა, ორნივ ქაჩლები იყვნენ. გზაზე სავარცხელი იპოვნეს და წაიჩხუბნენ: არა მე მერგება, და არა მეო. მესამემ დაინახა, გაიცინა და უთხრა: ”კაცნო, სავარცხელისათვის რა გაჩხუბებთ? დასავარცხნი თმა არც ერთს გაბადია და არც მეორესაო”.

ზედ-გამოჭრილი წარმართული წერილია, დასცინის ქაჩლებს, კუტებს, ბრმებს, კოჭლებს, კუზიანებს და ამასვე ასწავლის და უნერგავს მოსწავლეთა.

4) ჩხუბი სულ არაფერზედ (59 გვ.). ”ორნი ძმანი გაიყარნენ. ერთი ქვევრი ღვინო უნდა გაეყოთ. შევიდნენ მარანში. მე ბევრი მერგებაო სთქვა ერთმა. არა, მე უფრო მეტი უნდა წავიღოვო, უთხრა მეორემ. მოუვიდათ სულელობა, გამართეს ჩხუბი. მოხადეს ქვევრი და ცარიელი კ. დახვდათ”.

ესეც ნამდვილი წარმართული წერილია. ასწავლის დაცინვასა და სიამოვნებას სხვების უბედურებით იმის მაგივრათ, რომ შეაბრალოს.

5)გვრიტი (62 გვ.). სავსებით წარმართული წერილია. წაიკითხეთ ამის ბოლო და დარწმუნდებით ამაში. აი, ეს ბოლო: ”ამასობაში გლეხს გამოეღვიძა, წამოვარდა ზეზედ, ბუხართან მივიდა, ცეცხლი უნდა აენღო. ამ დროს ფილთაქვა გასქდა და ნაღვერდალი თვალებში შეეყარა, მახათი ბარძაყში შეერჭო, მამალმა ზევიდან დაჰყივლა, ვირმა ერთი ღონიერი წიხლი ჰკრა და გონება სულ დაუბნია”...განმარტება საჭირო აღარაა.

6) ჩიტი და მელა (69 გვ.). ცნობილი ზღაპარია, სახალისო ბავშვთათვის, მაგრამ ავტორმა თავის წარმართულის ჩამატებით უმანკო ზღაპარი სრულიად გააწარმართა. წაიკითხეთ ბოლო და დარწმუნდებით: ”მონადირემ ჰკითხა ჩიორას: ეგრე მწარედ რამ დაგაღონაო?- არ გებრალები, ერთმა წუწკმა (!) მელამ შვილები სულ დამიჭამაო.- ”აბა, წამო, მაჩვენე ის წყეული (!) და მე გაყურებინებ მის სეირსაო”. ჩიტი გაუძღვა მონადირეს და მელასთან მიიყვანა. მონადირემ მელას თოფი ესროლა, შიგ პირში მოარტყა და კბილები ჩააყრევინა.”

7) ასევე წარმართულია წერილი ”მელა და მწყერჩიტა” (93 გვ.). მწყერ-ჩიტას ოინებით საწყალს ხარს რქა მოსტეხეს, მაწვნით სავსე ქილა გატეხეს, ბავშს და მელიას თავი გაუტეხეს და ავტორი კი ყველა ასეთ საქციელს სიცილს ეძახის. წარმართობაა, მა რა?!

8) ცალ თვალა ირემი (95 გვ.). ”იყო ერთი ცალ თვალა ირემი. ცალ მხრიდან მიპარვისა ეშინოდა და ძოვნის დროს სიფრთხილეში იყო. ბოლოს იფიქრა: წავალ, ზღვის პირასა, ბრმა თვალს ზღვისაკენ ვიქ, საღს ხმელეთისაკენ და სიფრთხილე არ მომინდებაო. სწორედ ასეც მოიქცა, მაგრამ მონადირემ შენიშნა ირმის დაუდევრობა, ზღვიდგან ნავით მიეპარა, ესროლა ისარი და მოჰკლა ირემი.”

აქ ადამიანმა მართალია მეტი მოხერხება გამოიჩინა, მაგრამ მეტი უგულობა და სიმხეცეც. მე რომ ვყოფილიყავი, ასეთს გონიერს და შეგნებულს ირემს, როგორც ავტორი გვიხატავს, თავის დღეში არ გავიმეტებდი მოსაკლავად. ჩვენი ავტორი კი განუსჯელად ადგილს აძლევს ამ წერილს საყმაწვილო წიგნში, თითქოს მედიდურად ასწავლის ყველას: ”თქვენც ხერხიანები იყავით, ყმაწვილებო, გაჟლიტეთ ყველა მარჯვნივ და მარცხნივაო!..

9)ძაღლი და ძროხა (96 გვ.). ერთი ძაღლი დაწოლილიყო თივის ბულულზედ, მივიდაძროხა სიმშილისგან დაბნედილი ძროხა და თივას ჭამა დაუწყო. ძაღლი კბილების ღრენით მივარდა ძროხასა და იქით გააგდო. ძროხამ უთხრა: ”შე უმსგავსო მძოვრო (!), რადა გაქვს იმდენად შურიანი თვალი, რომ შენთვის გამოუყენებელი თივაც კი არ გემეტება მშიერის ძროხისთვის?”

როგორ მოგწონს, მკითხველო, ასეთი ლანძღვა საყმაწვილო წიგნში: ”შე უმსგავსო მძოვრო”.

10)ცრუ (96 გვ.). სავსებით წარმართული წერილია. გარდა იმისა, რომ უმანკო ბავშვებს ასეთს სულელურს მოტყუებას ასწავლის, თან იმასაც უქადაგებს, რომ თუ ვინმემ ორჯერ-სამჯერ მოგატყუვოს, ნუღარ მიეშველები, დეე, მგლებმა შეჭამონ იგიო!

11)მარგალიტი (113 გვ.). ესეც სრულიად წარმართული წერილია. ”გლეხმა ძვირფასი მარგალიტი იპოვნა და მეფეს წაუღო. კარის-კაცმა უთხრა: ”რასაც მეფე გიწყალობებს, თუ იმის ნახევარს მე მომცემ, შეგიშვებ მეფესთანაო, თუარა-და აქედგან დაიკარგეო”. გლეხი ნებას დაჰყვა. მეფემ ჰკითხა: ”რა საჩუქარი მოგცე ამ ძვირფასის ძღვენისთვისაო?”- ”მე გთხოვთ ორმოცდაათი მათრახის დაკვრით დამასაჩუქროთო,მაგრამ რადგან პირობა მივეცი შენის სასახლის კარის-კაცსა შუაზედ გაუყო საჩუქარი ამიტომ ოცდახუთი მათრახი მე დამკრან და ოცდახუთი მაგას გადაუჭირონო”. მეფემ გაიცინა, კარისკაცი მაშინვე გააგდო და გლეხს კი ასი თუმანი უწყალობა” - აბოლოვებს ბრძნულად ბ-ნი გოგებაშვილი. აქ რაც სიტყვაა, იმდენი წარმართობაა: კარის-კაცი ქრთამს თხოულობს, გლეხი ატყუებს- კარგიო და იმის მაგივრად კი მეფესთან ერთად მათრახით და გაგდებით უხდის მას და ყველა ამას თვით მოსწავლეთაც იმას უნერგავს, რომ თქვენც ასე მოიქეცითო, ე.ი. დასჭამეთ ერთმანეთიო...

გვეყოფა. რომელი ერთი წერილი ავიღოთ, რომ სულ ყველა ასეთის მიმართულებისა და შინაარსისა არ იყოს. დროა, შევიგნოთ უშინსკის სიტყვები რომ პირველი საკითხავი წიგნის შემდგენელი უპირველეს ყოვლისა ყოვლად სრული უნდა იყოს, მოსილი უმაღლესი ზნითა და სანამ ასეთი ავტორი არ დაებადება ჩვენს ქვეყანას, ვერც ერი წაიწევს წინ თვისს ზნეობრივ წარმატებაში.

მარტო ამ მხრით არ არის დასაწუნი ”დედა ენა” ი. გოგებაშვილისა. ყოველი სწავლა უპირველეს ყოვლისა მე მისთვის მინდა, რომ უკეთესი გავხდე, უკუთესი ცხოვრება შევისწავლო, ეს კი მარტო მაშინ შეიძლება, როცა მე საუკეთესო ცოდნა მექნება. ეს საუკეთესო ცოდნა კი დღევანდელს სკოლაში უმთავრესად პირველმა საკითხავმა წიგნმა უნდა მისცეს. ”დედა ენა” მთელი სამი და ოთხი წლის განმავლობაში, ყოვლად უმნიშვნელო და თან, როგორც ვნახეთ, წარმართულ წერილებს და ზღაპრებს აწვდის ბავშთა გონებას!..

საკვირველი არ არის, რომ ამ წიგნმა თვის თითქმის ნახევარ საუკუნის სიცოცხლეში და ოჯახსა და სკოლაში ხმარებით იოტითაც ფეხი ვერ წამოადგმევინა ჩვენს ხალხს თვის ზნეობრივსა და გონებრივს ამაღლება-წარმატებაში.