ინვალიდთა ასოციაცია საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს

ინვალიდთა ასოციაცია საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს

14 ივნისს 12 საათზე for.ge-ს პრეს-კლუბში ინვალიდთა ლიგის პრეს-კონფერენცია გაიმართება, სადაც ლიგის პრეზიდენტი ზაზა სიხარულიძე ორგანიზაციის მიერ ინვალიდთა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრებს. 17 ივნისს 12 საათზე კი ინვალიდთა ასოციაცია ვაკის პარკში სოციალური სოლიდარობის ფორუმს აწყობს იმ მიზნით, რომ ინვლიდების პრობლემების შესახებ იმსჯელონ. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირიდან, მეილიქიშვილის ქუჩის გავლით მოაწყობენ მსვლელობას, რომელიც პარლამენტის შენობასთან გამაფრთხილებელი აქციით დასრულდება.

ზაზა სიხარულიძე: „14 ივნისს საქართველოში ინვალიდთა დაცვის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით 12 ივნისიდან ინვალიდთა კვირეულის დაწყება გამოვაცხადეთ, რომელიც 17 ივნისს დასრულდება. ამ კვირეულის ფარგლებში ჩვენ გვინდა რამდენიმე აქციის ჩატარება, პრეს-კონფერენციების გამართვა, რომ საზოგადოების ყურადღება ინვალიდთა პრობლემებს მივაპყროთ. ამ კვირეულს სოციალური სოლიდარობის კვირეული დავარქვით.

აქ მხოლოდ ინვალიდთა პრობლემებზე კი არ იქნება ყურადღება გამახვილებული, არამედ ასე ვთქვათ, ინვალიდთა პრობლემების პრიზმაში გვინდა ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს ვთხოვთ, ამ კვირეულის გამართვაში ჩაებას. სოციალურად დაუცველ ადამიანებში ვგულისხმობ ვეტერანებსაც, დევნილებსაც, ბანკის მევალეებსაც, ემიგრანტთა ოჯახის წევრებსაც. დღეს საქართველოში მილიონამდე პენსიონერია, მათ შორის 200 000 ინვალიდია. ეს რიცხვი მთლად ზუსტი არ არის, რადგან ამ კატეგორიის პირთა აღრიცხვა არ არსებობს. საერთოდ კი საერთაშორისო პარამეტრებით ინვალიდთა ოდენობა მოსახლეობის 10%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა ერთიანი სოციალური ფრონტის შექმნა (ფრონტს პირობითად ვაქრმევ), რომელიც არა მხოლოდ ინვალიდების, არამედ ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანის ინტერესების დასაცავად იბრძოლებს.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, ინვალიდები დღეს რა  პრობლემების წინაშე დგანან?

- საერთოდ ინვალიდებს ძალიან ბევრი პრობლემა გვაწუხებს, როგორიც არის ინვალიდობის ჯგუფის დადგენა, სოციალური დაზღვევა, პენსია-შემწეობების დანიშნვნა და გაცემა და ა.შ. მაგრამ ამ ეტაპზე გვინდა საზოგადოების ყურადღება შემდეგ ორ საკითხს მივაპყროთ. პირველ რიგში, ეს არის ხელფასების, პენსიების, შემწეობებისა და დახმარებების საარსებო მინიმუმთან გათანაბრება. საარსებო მინიმუმი დღეს დაახლოებით 300 ლარს შეადგენს. მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ 2006 წელს გაეროს მიღებული აქვს ინვალიდთა უფლებების დაცვის კონვენცია. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენ ისევ უკანასკნელთა რიცხვში აღმოვჩნდით, ჩვენთან ეს კონვენცია რატიფიცირებული არ არის. იმიტომ არ ვართ მიერთებული ამ კონვენციას, რომ თურმე ხელისუფლებას მისი ფინანსურად უზრუნველყოფა არ შეუძლია.

ბუნებრივია, აღნიშნული კონვენციის მუხლების მოთხოვნის დარღვევისთვის სახელმწიფო ჯარიმდება და საკმაოდ სოლიდური ჯარიმებიც არის გათვალისწინებული. ჩვენი მთავრობა ამბობს, რომ ამის გადახდა არ შეუძლიათ. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ამის გადახდა არ შეუძლიათ და უზარმაზარი ძვირადღირებული შენობების აშენება შეუძლიათ? მაგალითად საქართველოში ამ კონვენციის ის მუხლი რომ ამოქმედდეს, რომლის თანახმადაც როდესაც ადამიანი რაიმე ობიექტს აშენებს (კერძო იქნება, თუ სახელმწიფო, მნიშნელობა არ აქვს) მან აუცილებლად უნდა დაიცვას ინვალიდთა ხელმისაწვდომობის სტანდარტები, ანუ მაგალითად, აუცილებლად უნდა გააკეთოს პანდუსი (ინვალიდის ეტლის შენობაში შესასვლელი სპეციალური ბილიკი), თუ არ გააკეთებს, ის უნდა დაჯარიმდეს, და ამ ჯარიმებიდან შემოსული თანხა საკმაოდ სოლიდური იქნება, რადგან სანამ მენტალიტეტში და ცნობიერებაში არ გაუჯდებათ, ბევრი ამ წესებს არ დაიცავს. საერთოდ ქვეყანაში რეზერვები არის, რადგან ის თანხა, რაც მაგალითად უცხოელი მომღერლების კონცერტების მოწყობაზე იხარჯება, სრულიად ეყოფა ინვალიდთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით სერიოზული პროექტის გაკეთებას. ერთი სიტყვით, თუ კეთილი ნება იქნება, სახელმწიფოს ამის უზრუნველყოფა შეუძლია.

თქვენს მიერ ინვალიდთა კვირეულის გამოცხადებაც ამ საკითხების დღის წესრიგში დაყენებას უკავშირდება?

- გეტყვით, რატომ გადავწყვიტეთ გააქტიურება. მე გახლავართ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვალიდთა პრობლემებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს წევრი. ეს საბჭო ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიქმნა და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი სხდომის ჩატარება ძლივს მოვახერხეთ. ახლა მიდის საუბარი, რომ ამ თვეში უნდა გაიმართოს მეორე სხდომა, მაგრამ ვერა და ვერ მოხერხდა ამის გაკეთება. საკოორდინაციო საბჭოში შვიდი უმაღლესი თანამდებობის პირი და შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შედის. ვერაფრით ვერ მივაღწიეთ, რომ ეს საბჭო ქმედითუნარიანი გამხდარიყო. აქვე გეტყვით, რომ უკვე ორი წელია ინვალიდების საკითხებზე შექმნილია სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ ისიც არ მოქმედებს.

დასაქმების თვალსაზრისითაც ვიღაცის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულები. სახელმწიფო სტრუქტურებში 50-იოდე კაცი თუ იქნება დასაქმებული. რაც შეეხება კერძო სტრუქტურას, „ჯეოსელმა“ გამოიჩინა კეთილი ნება და თავის კომპანიაში რამდენიმე ინვალიდი დაასაქმა, მაგრამ ეს ყველაფერი არის კამპანიური და ზღვაში წვეთი.

აუცილებლად მინდა შევეხო ბანკის მევალეთა საკითხს, რადგან ეს ქართველი ერისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. მე მგონი ნახევარი საქართველო ბანკების მევალეა, ამ ხალხს ბინებს უყიდიან და ამაზე ძალიან სერიოზული დაფიქრება არის საჭირო. მაგალითად 2008 წლის ომის დროს ბევრ ადამიანმა ვეღარ შეძლო კრედიტების გადახდა, რადგან მათ უმეტესობას თავისი მცირე ბიზნესები ჰქონდა, ომმა კი ყველა დააზარალა. მოგეხსენებათ, ომი ფორს-მაჟორული სიტუაციაა. მიუხედავად ამისა, ადამიანებს, რომლებიც ამ ომის შედეგად დაზარალდნენ, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონიათ. მე მოვუწოდებ ამ ხალხს, გააქტიურდნენ, გვერდში დაგვიდგნენ და ვეცდებით ხელისუფლებასთნ ურთიერთობაში მათი ლობისტები ვიყოთ.

რასაკვირველია, ჩვენ მარტო ამით არ შემოვიფარგლებით. მეორე ჯგუფის ინვალიდის პენსია 70 ლარია, პირველი ჯგუფის ინვალიდის კი 100-110 ლარის ფარგლებში მერყეობს. ხელისუფლება ამბობს, რომ პენსიას 140 ლარამდე გაზრდის, და ამ თანხიდან 15 ლარი დაზღვევის დაიქვითება. ამასთანავე, ამბობენ, რომ 0-დან 5 წლამდე ბავშვებს დააზღვევენ, ხოლო 5-დან 18 წლამდე ახალგაზრდამ რა დააშავა?

მოგეხსენებათ, დაზღვევის სფეროშიც სერიოზული პრობლემებია. მაპატიეთ და თუ მომაკვდავი არ ხარ, ვერც მედიკამენტებს იყიდი და ვერც ვერაფერს გააკეთებ. ადამიანს ძალიან დიდი დაბრკოლებების გადალახვა სჭირდება იმისთვის, რომ მაგალითად ოპერაციისთვის საჭირო თანხა მოიპოვოს. ყველაფერი ეს ვიღაცის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და არა კანონმდებლობაზე. ხოლო იმ კონვენციის რატიფიცირებას თუ მოვახდენთ, კეთილი ნება აღარ იქნება საჭირო.

ზოგადად მოსახლეობის პრობლემებზე საუბრობთ თუ ინვალიდების?

- პრინციპში რამ გაყო ეს პრობლემები? კონვენციის რატიფიცირება ამისთვის გვინდა, რომ კონკრეტულად ინვალიდების ინტერესბი იყოს დაცული, მაგრამ თუ პენსიები და დახმარებები საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება, მაშინ მთლიანად მოსახლეობის პრობლემები გადაწყდება. არ მინდა ვინმემ გაიგოს ისე, რომ ჩვენ ჩვენი ვიწრო ინტერესებისთვის ვიბრძვით. მოგეხსენებათ ადრეც ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე „ღვთისშვილთა კავშირი“ სოციალური ფრონტის ლიდერი იყო. მერე ვიფიქრეთ, რომ გვეშველა, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაგრამ სამწუხაროდ, საქმეს ამან ვერ უშველა. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ინვალიდი კმაყოფილია, რადგან პენსია დროზე მიუვიდა. მართალია პენსია დროზე მოგვდის, მაგრამ როდესაც ის 14 ლარი იყო, მაშინ მისი მსყიდველობითუნარიანობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამ ასი ლარის.

ამ პენსიის გარდა ინვალიდებს რაიმე შეღავათებით თუ სარგებლობენ?

- ფაქტობრივად ყველა შეღავათი გაუქმდა, რადგან სახელმწიფო რომ პენსიას გიზრდის, გეუბნება, რომ ამით უზრუნველგყოფს. ყველაფერი პრეზიდენტის კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მაგალითად მან გამოაცხადა, რომ სტუდენტებს ფასდაკლების ბარათებს ურიგებენ. რატომ უნდა იყოს ასე? სტუდენტს იმხელა სტიპენდია უნდა ჰქონდეს, რომ თავის თავს ინახავდეს. მე ღირსეული ცხოვრება მინდა და არ მინდა ხელი მქონდეს გაწვდილი. მე რომ ინვალიდი ვარ, სულ არ მინდა ვინმეს სამოწყალო ვიყო, რასაკვირველია გარდა ღმერთისა. სახელმწიფოს კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს ჩემი დახმარება, არამედ სახელმწიფო ვალდებულია მე ყველა პირობით უზრუნველმყოს.

ამბობენ, რომ საბაზრო ეკონომიკაა, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმე გათელო. ასეთი რამ არსად ხდება. მთელს მსოფლიოში ინვალიდებისთვის უფასო მკურნალობაც არის, ხოლო თუ უფასო არ არის, ამ სფეროს სპეციალური ფონდები აფინანსებენ. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი პიარისთვის კეთდება. ორ კილოგრამ მაკარონს მიუტანენ და ცხრა ტელევიზია მიჰყვება. ესეც ღვთის საწინააღმდეგო საქციელია, შენ თუ სიკეთეს აკეთებ, კეთილი ინებე, და ისე გააკეთე, რად გინდა ტელევიზია?  

სწორედ ამიტომ არ უნდათ იმ კონვენციის რატიფირიცება, რომ ამის შემდეგ უკვე მათი კეთილ ნებაზე კი აღარ იქნება ეს ყველაფერ დამოკიდებული, არამედ სახელმწიფო ვალდებული იქნება ინვალიდებს ღირსეული ცხოვრება შეუქმნას.