კომუნიკაციების ეროვნული კომისია კვლავ აგრძელებს „ცენზორის“ ფუნქციის შესრულებას

კომუნიკაციების ეროვნული კომისია კვლავ აგრძელებს „ცენზორის“ ფუნქციის შესრულებას

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კვლავ აგრძელებს ხელისუფლების ერთგული „ცენზორის“ ფუნქციის შესრულებას

„სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ცდება რა მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს, სამართლებრივი ნორმების თვითნებური და მიკერძოებული ინტერპრეტაციის საფუძველზე, განაგრძობს ხელისუფლებისათვის მიუღებელი (არაკონტროლირებადი) მედია საშუალებების მიმართ რეპრესიების განხორციელებასს.

ამჯერად მისი სამიზნე ტელეკომპანიები „მეცხრე არხი“ და შ.პ.ს „სტერეო +“ აღმოჩნდნენ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2012 წლის 2 ივნისს, მოქმედებდნენ რა როგორც კერძო სამართლის ორი დამოუკიდებელი სუბიექტი, შპს „სტერო +“-მა შპს „მეცხრე არხთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ვალდებულება აიღო, მისი კუთვნილი F13 ლიცენზიით შპს „მეცხრე არხი“ -სათვის გაეწია სიხშირული სპექტრით მომსახურება. აღნიშნული ლიცენზიის საფუძველზე მას შეეძლო სიგნალის მოძრავი და უძრავი ობიექტებისათვის რადიოსიხშირული ხაზებით მიწოდება. შპს „სტერეო +“-ს ამგვარი ქმედების განხორციელების უფლება გააჩნდა და იგი ამ უფლებამოსილებას 2012 წლის 2 ივნისს ხელშეკრულების გაფორმებამდეც იყენებდა.

2012 წლის 4 ივნისს შპს „სტერეო +“-მა დაიწყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება, რის შედეგადაც, 2012 წლის 5 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიიღო წერილი, რომლითაც მისი წარმომადგენელი დაიბარეს კომისიაში ლიცენზიისა და ავტორიზაციის პირობების შესრულების საკითხის შესწავლის თაობაზე. შპს „სტერეო +“-ს სხვა ტელეკომპანიებთან ერთად დაევალა შპს „მეცხრე არხთან“ გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა. ნახსენები ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „სტერეო +“ მოქმედებდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მას უშუალოდ კომისიამ ლიცენზიის სახით მიანიჭა.

შპს „სტერეო +“ F13 ლიცენზია გულისხმობდა სიგნალის გავრცელებას და აღნიშნული ლიცენზიის საფუძველზე მას შეეძლო სიგნალის მოძრავი (რადიო) და უძრავი (ტელევიზორი) ობიექტებისათვის რადიოსიხშირული ხაზებით მიწოდება, რაც აბსოლუტურად განსხვავებული სახის ქმედებაა, ვიდრე ღია ეთერით სიგნალის გადაცემა. ეს ორი საკითხი განსხვავებული სახით რეგულირდება. F13 ლიცენზია არ ითვალისწინებს კონკრეტულ, უკვე განსაზღვრულ დანიშნულების პუნქტამდე შესაბამისი სიხშირის მიწოდებას. შპს „სტერეო +“ ქმედებაც სწორედ აღნიშნულს ითვალისწინებდა.

F13 ლიცენზიის საფუძველზე გავრცელებული სიგნალის შედეგად, მისი დაჭერა მოახერხა მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა. გავრცელებული სიგნალის მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის შეზღუდვის რეგულირება შეუძლებელია საკანონმდებლო ნორმებით, რადგან იგი (სიგნალის გავრცელება) ბუნებაში არსებული ფიზიკური კანონების დაშვებულობით ხდება და მისი აკრძალვის შესაძლებლობა არავის გააჩნია.

 

შედეგად, კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ შპს „სტერეო +“ აკრძალვის დაწესება მოახდინა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოსახლეობას არ მიეღო სიგნალი, რომლითაც მოახერხებდა შპს „მეცხრე არხის“ ხილვას. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება იმ საკითხზე, რომელიც არ არის რეგულირებადი და ამის გამოსწორება დაავალა შპს „სტერეო +“-ს, რაც აბსოლუტურად შეუძლებელი ხასიათისაა.

აუცილებელია განიმარტოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ45“ ქვეპუნქტით დეფინირებული - „მაუწყებლობის ტრანზიტი“. აღნიშნული ტერმინი მოიცავს მაუწყებლისგან ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. შპს „სტერეო +“ არ ახდენდა შპს „მეცხრე არხის“ სიგნალის გადაცემას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. აღნიშნული საკითხი განსხვავებულია F13 ლიცენზიით სარგებლობის უფლებისგან.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2012 წლის 7 ივნისს შპს „სტერეო +“-ს აუკრძალა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განხორციელებული ქმედება არის საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა და მიზნად ისახავს შპს „მეცხრე არხის“ მაუწყებლობის არეალის შეზღუდვას.

მედია-გაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ კატეგორიულად გმობს კომისიის ამ გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ კომისია არის ტენდეციური, ხელისუფლებიდან მართული და რეპრესიული. კომისიის ცალკეული პირების ქმედება დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს და ადრე თუ გვიან მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.

„სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ მოითხოვს ხელისუფლებისა და მის მართვაში მყოფ ყველა სტრუქტურისა და თანამდებობის პირისაგან, შეწყდეს როგორც ტელეკომპანია „მეცხრე არხის“, ისე ზოგადად სხვა მედია-საშუალებების დევნა-შევიწროვება.