150 მილიონის გადახდა-არგადახდის საკითხი ივანიშვილმა ერთი დღით გადაავადა

150 მილიონის გადახდა-არგადახდის საკითხი ივანიშვილმა ერთი დღით გადაავადა

"ოცნების" შტაბში მეგა-ჯარიმის საპასუხო სტრატეგიაზე მუშაობენ

ხელისუფლება უკვე ივანიშვილის იმ მილიონებს ითვლის, რომელიც მან ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს. საუბარია დაახლოებით 150 მილიონ ლარზე, რაც ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო თანხაა. თუმცა, გადაიხდის თუ არა ივანიშვილი ამ თანხას, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ივანიშვილს ამაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გუშინ უნდა მიეღო. ყოველ შემთხვევაში, ორშაბათს, როდესაც სასამართლომ ივანიშვილი ორ საქმესთან დაკავშირებით საერთო ჯამში 149 მილიონი ლარით დააჯარიმა, "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ "რეზონანსთან" საუბრისას თქვა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილება მეორე დღეს, ანუ გუშინ გახდებოდა ცნობილი.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა. დღის ბოლოს კი "რეზონანსთან" საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სტრატეგია ჯერ კიდევ მუშავდება და, წესით, დღეისთვის უკვე უნდა გაცხადდეს.

ამასთან, გუშინ საღამოს "ფეისბუკით" გავრცელდა კოალიციის წარმომადგენლის, "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, თეა წულუკიანის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ "ქართულ ოცნებაში" ვმუშაობთ სტრატეგიაზე, რომელიც იქნება ხელისუფლების საპასუხოდ შემუშავებული.

"სტრატეგიის ზოგიერთი ნაწილი იქნება თავდაცვითი, რომელშიც იგულისხმება ადამიანების ციხეში არჩასმის მიზნით გატარებული ღონისძიებები და კონტრშეტევაზე გადასვლის ღონისძიებები. ეს იმისთვის, რომ სააკაშვილი თვითონ გახდეს საკუთარი აბსურდულობის მსხვერპლი," - ამბობს წულუკიანი.

ცხადია, რომ ეს სტრატეგია ჯარიმის გადახდა-არგადახდის გარდა სხვა საკითხებსაც მოიცავს, რადგან ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ ივანიშვილმა ეს ჯარიმა რომც გადაიხადოს, ამით არ დამთავრდება ეს ყველაფერი.

ამიტომაც ორივე შემთხვევაში საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი და ამის შემდეგ პროცესები როგორ განვითარდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებით, "ქართული ოცნების" ლიდერი მთლიანობაში 148 მილიონ 650 ათას 131 ლარით დაჯარიმდა. საქალაქო სასამართლომ ამ თანხით ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების გადაწყვეტილება კონტროლის პალატის მიერ მომზადებული ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე მიიღო.

პირველი ოქმის თანახმად, კონტროლის პალატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე კომპანია "გლობალ კონსალტინგის" გამოყენებით, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცა ათობით ათასი სატელიტური ანტენა, რისთვისაც 12 622 019 ლარის შემოწირულობა განახორციელა. შესაბამისად, წინა ჯარიმების გადაუხდელობის გამო, ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

კონტროლის პალატის მეორე ოქმის მიხედვით კი, ბიძინა ივანიშვილმა კუთვნილი კომპანიების შპს "ბურჯისა" და შპს "ელიტა ბურჯის" სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს". კონტროლის პალატის მტკიცებით, ამ ქმედებისთვის ივანიშვილმა 2 242 994 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა და ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

პირველი საკითხი ის არის, რომ ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით არის მიღებული.

"არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს, რომ კონტროლის პალატის დასკვნა სიმართლეს შეესაბამება. ანტენებთან დაკავშირებულ საქმეში საუბარია იმაზე, რომ, თითქოს, ივანიშვილმა თავის ძმას მისცა სესხი, რომელსაც "გლობალ ტვ"-ში აქვს წილი, ამ ფულით კი ამ კომპანიამ შეიძინა ანტენები და ამონტაჟებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ანუ, დასკვნა იყო ის, რომ ამ გზით ივანიშვილი პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" უწევს უკანონო მომსახურებას.

"აქ არც ერთი ე.წ. ფაქტი არ არის სწორი და არაფრით არ დასტურდება. არ არსებობს არანაირი საბუთი, რომ ივანიშვილმა თავის ძმას მისცა რაიმე სესხი. არაფრით არ დასტურდება, რომ ალეკო ივანიშვილმა (ბიძინა ივანიშვილის ძმა) ამ ვითომ აღებული სესხის საფუძველზე დაიწყო ამის განხორციელება. ამასთან, ეს რომც ასე ყოფილიყო, რა არის იმაში კანონდარღვევა, რომ ადამიანი თავის კომპანიაში დებს რაიმე ინვესტიციას? ასევე ძალიან გაურკვეველია, თუ რატომ არის ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, როდესაც კომპანია "გლობალ-ტვ" მარკეტინგულ გადაწყვეტილებას იღებს და კლიენტების მოსაზიდად მათ უმონტაჟებს ანტენებს," - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე "რეზონანსთან" საუბრისას და დასძენს, რომ "ეს ყველაფერი არის უბრალოდ ვარაუდები, რომელსაც აბსოლუტურად არ გააჩნია რაიმე მტკიცებულების საფუძველი".

სწორედ ამიტომ ივანიშვილის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ყველა ინსტანციაში, მათ შორის ევროსასამართლოშიც აპირებენ. თუმცა, როგორც ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, მას არა აქვს იმედი, რომ სასამართლოს ზედა ინსტანციაში სამართალს იპოვიან.

"ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში წასვლა შევძლოთ," - ამბობს ბარამიძე და აღნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ, მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენონ საერთაშორისო საზოგადოება.

პრობლემა კი ის არის, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება ჯარიმის გადახდის აღსრულებას არ აჩერებს და ივანიშვილმა, დაახლოებით, 149 მილიონი ლარი შვიდი დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

როგორც საია-ის წარმომადგენელი, ლელა ტალიაური ამბობს, აღნიშნული საკითხი აღსრულებათა შესახებ კანონით რეგულირდება და ივანიშვილს შეუძლია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს. თუმცა, მან დავის მიმდინარეობის დასრულებამდე ჯარიმის თანხა უნდა გადაიხადოს, იმის მიუხედავად, თუ რა დროის განმავლობაში გაგრძელდება დავა.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი ერთადერთი გამონაკლისია, როცა გასაჩივრება აღსრულებას არ აჩერებს," - აღნიშნა ლელა ტალიაურმა.

თუკი ივანიშვილი ჯარიმის გადახდის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მას კოლოსალურად დიდი თანხის გადახდა მოუწევს.

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლო აღსრულების ღონისძიების სახით ყადაღის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან, მას დაერიცხება ჯარიმის გადაუხდელობის საურავებიც.

ყადაღის საკითხი კი გაცილებით რთულია, რადგან ივანიშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და ამიტომ საინტერესო ის არის, რა მექანიზმებით შეიძლება მოხდეს ამ ფულის ამოღება.

საია-ის წარმომადგენელმა ბექა დოჭვირმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, რომ აღმასრულებლებს ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ არსებული ქონების დაყადაღებაც შეუძლიათ.

მისი განმარტებით, თუ საქართველოში არსებული ქონება არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ამოღებული იყოს თანხა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი დაჯარიმდა, ქართულ მხარეს შეუძლია მიმართოს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც ივანიშვილს ქონება გააჩნია და ამ ქვეყანამ თავად მოიყვანოს სისრულეში საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

"თუ ბიძინა ივანიშვილის საქართველოში არსებული ქონება არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ამოიღონ ეს თანხა, შესაძლებელია, რომ სხვა ქვეყანაში, სადაც მას ქონება ექნება, მიმართონ იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც შეიძლება ცნოს საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავის ტერიტორიაზე და უკვე არა საქართველომ აღასრულოს, არამედ იმ ქვეყნის აღმასრულებელმა ან შესაბამისმა ორგანომ აღასრულოს თავის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, კრედიტორს ანუ საქართველოს სახელმწიფოს, გადმოუგზავნოს ეს თანხები," - განმარტა ბექა დოჭვირმა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ვერაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ საქართველოში არსებული ივანიშვილის ქონება, რომელიც მის სახელზე არის გაფორმებული, რა რაოდენობისაა. მისი ოჯახის წევრებზე გაფორმებულ ქონებას კი ხელისუფლება ვერ შეეხება, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის უფლება არა აქვთ.