კონტროლის პალატის ახალი არითმეტიკა, ანუ 216 ტოლია 25-ის?!

კონტროლის პალატის ახალი არითმეტიკა, ანუ 216 ტოლია 25-ის?!

"Global TV-ის ამერიკელი მოწილე ამერიკის ელჩთან შეხვედრას გეგმავს"


შეტევა ყველა მიმართულებით?!

საქართველოს ხელისუფლების მთავარ ოპონენტს, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს,  72 მილიონ 500 ათასი ლარით  (დაახლოებით 44 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი) დაჯარიმება ემუქრება. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 7 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, "საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი."

განცხადებაში ნათქვამია: "ფინანსური მონიტორინგის სამსახური აწარმოებდა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ კომპანიების "ბურჯის", "ელიტა ბურჯისა" და "გლობალ კონსალტინგ გრუპის" ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხის შესწავლას. საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულათასობით სატელიტური ანტენების დარიგებისა და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს. მონიტორინგის პროცესში მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს, რაც განაპირობებს პოლიტიკური სუბიექტის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას, და რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემადგენლობას ქმნის.

საუბარია დაახლოებით 14,5 მილიონი ლარის ოდენობით დახარჯულ თანხაზე. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის თანახმად, ამგვარი დარღვევისთვის ჯარიმა, დახარჯული თანხის ხუთმაგი ოდენობით განისაზღვრება."

ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულათასობით სატელიტური ანტენის დარიგებაში, კონტროლის პალატა, სავარაუდოდ, გულისხმობდა რეგიონებში საკაბელო კომპანია Global TV-ის ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას. მოსახლეობას ანტენები და რესივერები, ციფრული სიგნალის მიღების მიზნით, შეღავათიან, ზოგან - სიმბოლურ ფასებში, მრავალწლიანი განვადების პირობით ეძლეოდა. ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრება კომპანია Global TV ერთადერთი პროვაიდერია საქართველოში, რომელმაც ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი ტელეკომპანია "მე-9 არხი" პაკეტში ჩასვა. სხვა პროვაიდერებმა ტელეკომპანიის გადაცემების გავრცელებაზე უარი თქვეს, "მე-9 არხს", კი მხოლოდ თანამგზავრული და საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია გააჩნია.

საინტერესოა ივანიშვილის ჯარიმის გამოთვლის წესი. კონტროლის პალატამ დაადგინა, რომ (ციტატა): "ამ კომპანიამ მოსახლეობაში სატელიტური ანტენების უფასოდ ინსტალაცია და შეღავათიანი პირობებით შეთავაზება დაიწყო, რაც ერთი წლის განმავლობაში აბონენტების უფასო მომსახურებას, ხოლო მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თვიური გადასახადის - ოთხი ლარის გადახდას გულისხმობს. გამოკვლევამ ცხადყო, რომ "გლობალ კონსალტინგის" ეს ნაბიჯი მოგებაზე ორიენტირებული არ არის, რადგან გამოთვლებით დადგინდა, რომ იმ პროდუქციის საბაზრო ფასი, რომელსაც აღნიშნული კომპანია ყიდის, ერთ ერთეულზე 115 ლარია, ხოლო კონტრაქტის მიხედვით კომპანიის მისაღები თანხის დღევანდელი ღირებულება - მხოლოდ 25 ლარი. "გლობალს" შემოტანილი აქვს 107 ათასი რესივერი და ანტენა. მოსახლეობას და "გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" შორის დადებული კონტრაქტი, როგორც უკვე ვთქვით, ითვალისწინებს ერთწლიან საშეღავათო პერიოდს და შემდგომი ცხრა წლის მანძილზე (108 თვე) ყოველთვიური ოთხი ლარის გადახდას, რაც სულ არის 432 ლარი, თუმცა რადგან ეს თანხა კომპანიამ უნდა მიიღოს 10 წლის განმავლობაში, მისი რეალური ღირებულება სამეწარმეო სუბიექტისთვის, ფულის დროში ღირებულების პრინციპის გათვალისწინებით, შეადგენს 25 ლარს, რაც ნიშნავს, რომ კომპანია 432 ლარის ნაცვლად დროის 10-წლიანი პერიოდის გათვალისწინებით რეალურად მიიღებს 25 ლარს, ეს კი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ბიზნესპროექტი არაკომერციული ხასიათისაა" (სტილი დაცულია). საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნაში მოყვანილია სპეციალური ფორმულა, რითაც, კონტროლის პალატის მტკიცებით, დღევანდელი ღირებულების გამოთვლა ხორციელდება. ამ ფორმულით დღევანდელი ღირებულების გამოთვლა ხდება პერიოდების რაოდენობის, ფულადი ნაკადების ოდენობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის საქართველოს ბაზარზე გრძელვადიან დეპოზიტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით.

თუმცა სპეციალისტებმა კონტროლის პალატის გამოთვლებში შეცდომა აღმოაჩინეს. როგორც მათ განმარტეს, 
შეგნებულად თუ შეუგნებლად, კონტროლის პალატამ ფორმულაში წლიური და თვიური პარამეტრები აურია, 
თანაც ფორმულა, რომლითაც ამ შემთხვევაში ისარგებლა, საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას არ გამოიყენება. ეს არის ე.წ. ანუიტეტის (სესხის დაფარვის პრინციპი) დასათვლელი ფორმულა და ასეთ პროექტებს არსად მსოფლიოში ამ ფორმულით არ აფასებენ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამ ფორმულაში შეცდომა დაუშვეს. ფინანსურ ლიტერატურაში ფორმულის გამოყენების ერთი მთავარი წესი არსებობს: ფორმულაში მითითებული ყველა პარამეტრი ერთგვაროვანი უნდა იყოს, ანუ თუ ვითვლით წლიურ მოგებას, მაშინ ყველაფერი - პერიოდები, ფულადი ნაკადების ოდენობა და საპროცენტო განაკვეთები, წლიური უნდა იყოს; თუ ვითვლით თვიურ მოგებას, მაშინ ყველა ეს პარამეტრი უნდა იყოს თვიური, ხოლო დღიური მოგების დათვლისას - დღიური.
კონკრეტულ საკითხზე სპეციალური დასკვნა უკვე მოამზადა ყველაზე ავტორიტეტული (CFA – CFA I) ინსტიტუტების სერტიფიკატის მქონე ფინანსურმა ანალიტიკოსმა დავით აბაშიძემ

- საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" საქმიანობის შესახებ დაშვებულია უხეში შეცდომა. კერძოდ, არასწორად არის გამოთვლილი შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ კლიენტებისათვის შეთავაზებული რესივერისა და სატელიტური ანტენის დღევანდელი ღირებულება. 

მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთწლიან საშეღავათო პერიოდს და შემდგომ ცხრა წლის მანძილზე (108 თვე) ყოველთვიურად ოთხი ლარის გადახდას, რაც შეადგენს 432 ლარს, რადგან ამ თანხის მიღება ხდება 10-წლიანი პერიოდის გათვალისწინებით, მისი დღევანდელი ღირებულება 216 ლარია და არა - 25 ლარი, როგორც კონტროლის პალატის დასკვნაშია ნათქვამი. ფორმულის სწორად გამოყენებისა და დათვლის შემთხვევაში მიღეული შედეგი 216 ლარს შეადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება კონტროლის პალატის დასკვნაში მოცემულ ღირებულებას.

იმისათვის, რომ ფულადი ნაკადების გათვალისწინებით რესივერის და ანტენის ღირებულება გამოდიოდეს 25 ლარი, 2012 წლის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი გრძელვადიან დეპოზიტზე ლარში უნდა უდრიდეს 84.40%-ს, რაც, რა თქმა უნდა, ბუნებაში არ არსებობს. 

არჩილ კბილაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი
- კონტროლის პალატის ეს განცხადება ეყრდნობა არა იურიდიულ საფუძვლებს, არამედ პოლიტიკურ მოსაზრებებს. თუკი ზემოთ ხსენებული კომპანიები "ქართული ოცნების" სასარგებლოდ რაიმე მომსახურებას შეღავათიან ფასად ახორციელებდნენ, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სამართალდამრღვევს, ანუ ამ სამ საწარმოსა და კოალიციაში შემავალ იმ სუბიექტებს, ვინც ასეთი კანონდარღვევით სარგებლობდა. მიაქციეთ ყურადღება, კონტროლის პალატის ამ განცხადებაში როგორ გადააქვთ ყურადღება ბიძინა ივანიშვილზე. იქ ნათქვამია, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით გამოიკვეთა ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი. სწორედ ეს ადგილია კონტროლის პალატის განცხადებაში ყველაზე საინტერესო. წესით, ეს უნდა იყოს იურიდიული განცხადება, რადგან კონტროლის პალატას არ აქვს უფლება, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. თუკი ეს იურიდიული განცხადებაა, მაშინ ყველაზე მეტად სწორედ ის მაინტერესებს, როგორ ჩართეს ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილი? კონტროლის პალატამ მისი სახით X ცვლადი შემოიყვანა. სწორედ ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, რომ მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ვალდებულია, იურიდიული განცხადება გააკეთოს, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ეს არის ჩვეულებრივი კომერციული პროექტი, რომელიც Global TV-ის მიერ მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების განვადებით დაყენებას ითვალისწინებს და აქ "ქართული ოცნების" სასარგებლო შეღავათებზე საუბარი აბსურდია. კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად მიიჩნია.

რატომ ჩათვალა ასე, გაუგებარია. ახლა სასამართლოს უფლება აქვს, ან დაადასტუროს კონტროლის პალატის ეს მოსაზრება, ან უარყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, სასამართლო ამას დაადასტურებს, რადგან იგი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ცხადია, სასამართლო ბიძინა ივანიშვილს დააჯარიმებს და ეს იქნება ამოცანის ამოხსნაც. ალბათ, აქაც გარკვეული კონტექსტის ამოკითხვა შეიძლება. კერძოდ, ალბათ, თვლიან, რომ 27 მაისის მღელვარე ტალღა დაცხრა და ყველა მიმართულებით კონტრიერიშისათვის შესაფერისი დროა. სხვა აზრად არაფერი მომდის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ამ ნაბიჯს საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება.

ზურაბ ბაზლიძე, Global TV-ის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი
- საერთოდ ვერ გავიგე, რა ჯარიმაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ეს არის ბიზნესპროექტი, რომელიც გაწერილია 10 წელიწადზე. მისი დანიშნულებაა, კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს აბონენტებს. სასამართლოში წარმოდგენილი იყო კონტროლის პალატის გაანგარიშებები, რომლებშიც საკმაოდ ბევრი და უხეში შეცდომაა დაშვებული. საკითხავია, შემთხვევით თუ შეგნებულად. კონტროლის პალატის განცხადება, რომ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ვემსახურებით ჩვენს აბონენტებს, არასწორია. ჩვენ ბიძინა ივანიშვილისაგან დაფინანსება არ მიგვიღია. ამ პროექტს ჩვენი ფინანსებით, ჩვენი ძალებით ვახორციელებთ და ვერც ის გავარკვიეთ, რატომ უნდა დაჯარიმდეს ბიძინა ივანიშვილი.

- Global TVბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებაა და ალბათ ამიტომ.
- Global TV-ს ბიძინა ივანიშვილის ძმის გარდა კიდევ ოთხი მოწილე ჰყავს, მათ შორის არის ამერიკელი ალექსანდრ როზნჰესი, რომელიც ჩვენ ფინანსურად გვეხმარება. ის უკვე ჩამოფრინდა ამერიკიდან და გაოგნებულია იმ პრობლემებით, რომლებიც შეგვექმნა. ალექსანდრ როზნჰესი უახლოეს დღეებში ამერიკის ელჩთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ პოზიციას ოფიციალურად გამოხატავს.