შაშკინის გამო ჩაშლილი კონფერენცია

შაშკინის გამო ჩაშლილი კონფერენცია

მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან მოხსნის გამო შავი ზღვის მე-3 საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია ჩაიშალა. კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განათლების სფეროში  საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა საორგანიზაციო კომიტეტმა  სწორედ  მიმინოშვილის მოხსნის გამო თქვეს, რადგან ამას „ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას“ უკავშირებენ. ხელისუფლებას კი ამ თემაზე არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურს.

მიმინოშვილის მოხსნამ და ამის შემდეგ გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ ეროვნული გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, ცხადი გახადა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება გავლენების თავიდან გადანაწილების თვალსაზრისით. სხვა საკითხია თავად ის, თუ რა მოყვება მხოლოდ სკოლის გამოცდების იმედად დარჩენას.

ამ შემთხვევაში საინტერესო  არის ის, რომ ამ გადაწყვეტილების არგუმენტად ხელისუფლება ახალი რეფორების საჭიროებას ასახელებს. ახალ რეფორმებს კი საერთაშორისო საგანმანათლებლო წრეები არათუ არ აღიარებენ, არამედ  მთლიანად პოლიტიკური მოტივაციით ხსნიან და იმდენად არასწორად მიიჩნევენ, რომ ამის გამო კონფერენციაც კი ჩაშალეს. 

შავი ზღვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია საქართველოში მესამედ უნდა ჩატარებულიყო საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის ორგანიზებით. უკვე შედგენილი იყო დღის წესრიგი, დაბეჭდილი იყო სათანადო ბროშურა და სხვა მასალები, გაგზავნილი იყო მოსაწვევები.

შავი ზღვის კონფერენციების ორგანიზება გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2006 წლიდან დაიწყო. განათლების სფეროს მკვლევარები, პრაქტიკოსი ექსპერტები და განათლების პოლიტიკის სპეციალისტები მსოფლიოს 40–ზე მეტი ქვეყნიდან 3 წელიწადში ერთხელ საქართველოში იკრიბებოდნენ და საგანმანთლებლო სფეროში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს, პრობლემებსა და სიახლეებს განიხილავდნენ.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შავი ზღვის პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „თანასწორობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისათვის“ 2006 წლის სექტემბერში ჩაატარა. მეორე კონფრენცია 2009 წელს გაიმართა და მისი თემა „ საერთაშორისო კვლევები და საგანმანათლებლო სტანდარტები“ იყო.

შავი ზღვის საერთაშორისო კონფერენცია საგანმანათლებლო დარგის ყველაზე კვალიფიციური ფორუმი იყო საქართველოში.

შავი ზღვის მესამე საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციას, რომლის თემაც „ახალი ტექნოლოგიები შეფასების სფეროში“ იყო, მსოფლიოს 12 ქვეყნის მაღალი რანგის ექსპერტისთვის უნდა ემასპინძლა. კონფერენცია 8-9 ივნისს, ბათუმში უნდა გამართულიყო.

კონფერენციაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ სპეციალურად მოწვეულ, განათლების სფეროში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტებს, რომლებმაც ასევე უარი განაცხადეს საქართველოში ჩამოსვლაზე.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ევროპის საგანმანათლებლო ასოციაციის ხელმძღვანელმა სტივენ ბაკერმა თავის წერილში, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გადაყენება საქართველოში არსებულ „მძიმე პოლიტიკურ ვითარებას დაუკავშირა“ და განაცხადა, რომ გამოცდების ქართული მოდელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში.

„საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრი უკვე რამდენიმე წელია ევროპის საგანმანათლებლო ასოციაციის წევრია და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ ორგანიზაციამ საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირებისთვის უდიდესი საქმე გააკეთა. როგორც ევროპის საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტი გამოვხატავ ჩემს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ მაია მიმინოშვილთან ერთად ცენტრის დატოვება 60-მდე პროფესიონალს მოუხდა. ვშიშობ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული საგამოცდო სისტემის ბედი ახლა გაურკვევლია“, - ნათქვამია სტივენ ბაკერის განცხადებაში.

კონფერენციის კიდევ ერთმა მონაწილემ, მსოფლიო საგანმანათლებლო სფეროს კლასიკოსად აღიარებულმა კონექტიკუტის უნივერსიტეტის განათლების ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სვამინათან ჰარიჰარანმა კი განაცხადა, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრში 28 მაისს მომხდარი მოვლენების დაჯერება უჭირს.

„ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ მთელი იმ დაუღალავი შრომის მერე, რომელიც თქვენ გასწიეთ საქართველოში საგამოცდო სისტემის ჩამოსაყალიბებლად დღეს ქაოსშია. მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით ეს სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, რომელიც შარშან სკოლის გამოსაშვები უნიკალური საგამოცდო სისტემის შექმნით დაგვირგვინდა“, - ამბობს სვამინათან ჰარიჰარანი.

ხელისუფლებას კი ამ თემაზე არც კომენტარის გაკეთება სურს და, ცხადია, არც იმაზე უთქვამს ვინმეს რამე, თუ ამ კონფერენციის ჩაშლასა და საქართველოსთვის იმიჯის შელახვაზე პასუხს ვინ აგებს. ცხადია, ასევე არაფერი თქმულა იმაზე, რომ ასეთი კონფერენცია საერთოდ უნდა გამართულიყო.