„რეგიონებში ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და დაშინების შემთხვევები განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში გახშირდა. ეს არის მოვლენა, რომელიც შესაძლოა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება. ასეთი ტენდენცია დიდ შეშფოთებას იწვევს და არჩევნების წინ თავისუფალი მედიის გარემოს უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა სუბიექტებმა ზომები ახლავე უნდა მიიღონ“, - ნათქვამია ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ანგარიშში, რომელიც დღეს ორგანიზაციის წევრმა მათიას ჰუთერმა წარმოადგინა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმაც. გიორგი ტუღუშის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად ცდილობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს სათანადო ყურადღება დაუთმოს. ტუღუშის თქმით, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს, ასევე სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც დიდი ადგილი სწორედ რეგიონული მედიის მუშაობაში არსებულ პრობლემებს ეთმობა.
„ბოლო ფაქტი, როდესაც დიდ ქალაქებში (კერძოდ, თბილისში) ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევას შევეხეთ, იყო 2008 წლის აქციების დროს, როდესაც პრობლემები ე.წ. ცენტრალურ მედიას შეეხო. ძირითადად კი პრობლემები რეგიონულ მედიას აქვს ხოლმე. რამდენიმე ფაქტი, რომელიც ამ ანგარიშში არის მოყვანილი, სახალხო დამცველის ანგარიშშიც არის ასახული და ძირითადად პრობლემა არის ხოლმე ამგვარი ფაქტების გაჭიანურებული და არაეფექტური გამოძიება“, - აღნიშნავს გიორგი ტუღუში.
რეგიონული მედიის წარმომადგენლებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტები უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის ობიექტი გახდა. რამდენიმე შუალედური ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში მედიაზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით უკვე წარმოდგენილია. ამჯერად კი საუბარი ძირითადად რეგიონებში ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს შეეხო. ანგარიშში მოყვანილია თიანეთში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის დაკავების ფაქტი, რომლის შესახებაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკავების თვითმხილველებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია.
თვითმხილველების თქმით, მთივლიშვილს კამერა ჩამოართვეს და პოლიციის შენობაში ძალით შეიყვანეს. გარდა ამისა, ანგარიშში ასახულია რეგიონული ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის რამდენიმე შემთხვევა, რომელთა შესახებაც for.ge ადრეც წერდა. ამიტომ, ახლა ამაზე აღარ შევჩერდებით.
რაც შეეხება თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს ანგარიშს, მასში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი ფიზიკური შეურაცხყოფის ყოველი შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდება სამართალდამცავ უწყებებს, მაგრამ ასეთ ფაქტებზე რეაგირება არასოდეს ხდება და ჟურნალისტებზე ზეწოლაში დადანაშაულებული არც ერთი პირი დასჯილი არ არის. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში გამოძიება საერთოდ არაფერს აკეთებს, დაზარალებულ ჟურნალისტებსაც კი არ ჰკითხავს, რათა გამოძიებას მსვლელობა მიეცეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ში აცხადებენ, რომ რეგიონულ მედიას პრობლემები იმ კუთხითაც აქვს, რომ როგორც წესი, ადგილობრივები მასთან საუბარს გაურბიან. ორგანიზაციამ კახეთში და მცხეთა-მთიანეთში მიაკვლია შემთხვევებს, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობაზე მოხდა ზეწოლა მას შემდეგ, რაც მათ ითანამშრომლეს კრიტიკულად განწყობილ მედია-საშუალებებთან, ან გააკეთეს განცხადებები პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით.
ანგარიშში კონკრეტული მაგალითებიც არის მოყვანილი. აპრილში კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ახმეტის მცხოვრებლები ჩაწერა. ჟურნალისტი მათ ეკითხებოდა, უნდა აღუდგეს თუ არა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა. რამდენიმე რესპონდენტს, რომლებმაც კითხვაზე დადებითი პასუხი გასცეს, სავარაუდოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა მოგვიანებით ურჩიეს, საჯაროდ პოლიტიკაზე კომენტარებისგან თავი შეიკავონ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ში აცხადებენ, რომ რამდენიმე ასეთი ადამიანისგან მიიღეს დასტური, რომ მათზე ზეწოლა მართლაც განხორციელდა.
ორგანიზაციის ანგარიშში მოყვანილია აგრეთვე დუშეთში ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ჟურნალისტების შევიწროების ფაქტები. ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ოფისის მიმქირავებელი ქალბატონიც ზეწოლის მსხვერპლი გახდა, რადგან ოფისის იჯარის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მისი ოჯახის წევრებზე მუქარა განხორციელდა. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ დაქირავებულმა ადამიანებმაც ცენტრში მუშაობა ცენტრის გახსნიდან რამდენიმე დღეში შეწყვიტეს, რადგან მათი ოჯახის წევრებიც დააშინეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს განცხადებით მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს მტრულ გარემოში უხდებათ მუშაობა, რადგან ადგილობრივებს მათთან საუბარი და მათთან ერთად გამოჩენაც კი არ სურთ და ეს ხდება მას შემდეგ, რაც თითქოს ხელისუფლების ორ ადგილობრივ ჩინოვნიკს ჟურნალისტებთან საუბრის გამო თანამდებობები დაატოვებინეს.
კახეთის რეგიონში დაფუძნებული რადიო „ჰერეთის“ წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქეებისგან მოკლე ინტერვიუების აღებაშიც კი სირთულეებს აწყდებიან, რადგან ადგილობრივებს ეშინიათ, რომ ინტერვიუს მიცემის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები მათ დევნას განახორციელებენ და რომ მათ სოციალური დახმარება შეუჩერდებოდათ, ან საჯარო სამსახურში დასაქმებული მათი ნათესავები სამსახურს დაკარგავდნენ.
ანგარიშში აგრეთვე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ადგილობრივი საჯარო მოხელეების ქმედებებზეც არის საუბარი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ მარტიდან რამდენიმე ადგილობრივმა სამთავრობო ორგანომ შემოიღო წესები, რომლითაც სამთავრობო დაწესებულებებში შემსვლელი ყველა მოქალაქე, ჟურნალისტის ჩათვლით, ვალდებულია მოითხოვოს საშვი. ეს სიახლე შემოიღეს მუნიციპალიტეტებში, სადაც ადგილობრივი მედია განსაკუთრებით ძლიერია (გურიის და ხარაგაულის ჩათვლით) და ინტენსიურად აშუქებს ადგილობრივ მოვლენებს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ახალმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად გაართულა მათთვის ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან წვდომა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო სხდომებზე დასწრება, რადგან საშვის მოპოვება დროის მცირე მონაკვეთში პრობლემატურია.
იმდენად, რამდენადაც ადგილობრივი თვითმმართველობები თავს იკავებენ მედიისთვის მონაცემებისა და კომენტარების არაფორმალურად მიწოდებისაგან, როგორც უკანასკნელ იმედს, ჟურნალისტები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას მიმართავენ, რათა მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხის დროულად მიუღებლობის შემთხვევაში ჟურნალისტები ხშირად ვეღარ ასრულებენ თემაზე მუშაობას - ან შედეგად ვიღებთ სპეკულაციურ ისტორიებს, რადგან ვერ ხერხდება ადგილობრივ ადმინისტრაციებთან ინფორმაციის გადამოწმება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-სთან ადგილობრივი მედია-საშუალებების ჟურნალისტების მიერ აღნიშნული გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის უმრავლესობა ადგილობრივი ხელისუფლების აქტებს, საჯარო მოხელეთა ხელფასებს და პრემიებს, ადგილობრივ ბიუჯეტებსა და ადგილობრივი პროექტების განმახორციელებელ დაქირავებულ კომპანიებს, მათ შორის პროექტებისა, რომლებიც საერთაშორისო დონორების დახმარებით ან მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით ხორციელდება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ უმეტეს შემთხვევებში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები რეაგირებენ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე. თუმცა, ისინი ამას ხშირად მხოლოდ ხანგრძლივი დაყოვნებისა და ჟურნალისტების დაჟინებული განმეორებითი თხოვნების მიღების შემდეგ აკეთებენ. ოფიციალური პასუხები მეტწილად მოთხოვნილი ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს მოიცავს და ამიტომ ჟურნალისტები იძულებულები ხდებიან, ფორმალური გზით დამატებით გამოითხოვონ საჭირო ინფორმაცია.
„საერთაშორიო გამჭვირვალობა-საქართველო“-ში აცხადებენ, რომ ბევრი ადგილობრივი და რეგიონული სახელისუფლებო ორგანოები საკუთარი ბიუჯეტებიდან გამოყოფენ მნიშვნელოვან ფინანსებს მედიის საქმიანობისთვის, მათ შორის ადგილობრივი ტელევიზიების, ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ან კერძო მფლობელობაში მყოფი გაზეთების მხარდასაჭერად. სამთავრობო მედიასაშუალებები კი დამოუკიდებელ მედიას კონკურენციას უწევენ და მათ მდგრადობას საფრთხეს უქმნიან.