არა ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა...

არა ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა...

სწორედ იმ წუთებში, როდესაც საინფორმაციო სააგენტოებმა შემზარავი ინფორმაცია გაავრცელეს ქუთაისის ახლად მშენებარე პარლამენტში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, პრეზიდენტი სააკაშვილი მასწავლებელთა სახლში განათლების მუშაკებს ხვდებოდა და რვა წლის წინ დაწყებული დაბოლება- ფსიქოთერაპიის სეანსს განაგრძობდა.

ჩემი თქმა რად გინდათ- ყველამ საკუთარი თვალებით იხილეთ, როგორ შესციცინებდნენ სახეში ჩვენი შვილების ნეტარების ნირვანაში მყოფი აღმზრდელები მსოფლიოს შვიდი წამყვანი ფსიქიატრიული კლინიკის საპატიო დასკვნის კავალერს. მე რა შუაში ვარ, მაგრამ ამ კადრების შემხდვარეს საკუთარი თავი შემზიზღდა. ზუსტად ამგვარი გრძნობა ამ ათიოდე დღის წინათაც დამეუფლა, როცა შალვა რამიშვილის გადაცემაში ("აკრედიტაციის გარეშე") მინისტრ შაშკინის მიერ სახრით მირეკილი, ღირსებისა და თავმოყვარეობისგან განძარცვული დედაქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებისა და "რჩეული" მასწავლებლების პანოპტიკუმი ვიხილე.

გნებავთ პათეტიკაში ჩამომართვით, გნებავთ- პანიკიორობაში, მაგრამ სრულიად გულწრფელად ვამბობ - ქვეყანა უფსკრულის პირას დგას და თუ უახლოეს პერიოდში სიტუაციის გამოსწორება ვერ მოვახერხეთ, მალე ხრამში გადავიჩეხებით.

არა იმის გამო, რომ უმგვანი პრეზიდენტი და საკუთარი ხალხის სისხლის მწოველი მთავრობა გვყავს... ამას მალე მოევლება!

არც იმის გამო, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში  ხაბაზი-წიკლაურის ჯუფთი პრიმიტივები და არამზადები სხედან... მათი შეცვლაც არაა რთული ამოცანა!

მთავარი მიზესი ისაა, რომ განათლების სისტემა სულს ღაფავს, მასწავლებლებში მებრძოლი სული ჩაკვდა და ღირსების გრძნობა დაიკარგა. მონები კი, მოგეხსენებათ, ღირსეულ მომავალ თაობას ვერ აღზრდიან. მონური სულისკვეთებით ნაკვები ჩვენი შვილები ვერც თავისუფალ საზოგადოებას შექმნიან და ვერც სრულფასოვანი მოქალაქეები იქნებიან.

მომავალი გვეღუპება, თვალსა და ხელს შუა გვეკარგება.

არ მინდა, უტრირებაში ჩამომართვათ. მე კარგად ვიცნობ ამ სფეროს და ისიც ვიცი, რომ განათლების დარგის უამრავი მუშაკი მტკივნეულად განიცდის არსებულ მდგომარეობას. მათ შორის არაერთი წესიერი და კვალიფიციური ადამიანია (პირადად ვიცნობ ბევრს ასეთს), რომლებიც პროფესიული თვალსაზრისით ბოლომდე იხარჯებიან მოზარდების სამსახურში. ჰოდა, ახლა, როცა ასეთ სუსხიან სტრიქონებს ვწერ, გულში ვფიქრობ- რას იფიქრებენ ისინი? ხომ არ გამინაწყენდებიან ყველას ერთ ტაფაში მოხრაკვისთვის? ხომ არ მიკიჟინებენ მორალისტობას და დამძრახავენ- გარედან შეძახილი იოლია, თუ რამე შეგიძლია, მოდი და შენ თვითონ იტვირთეო!

იქნებ, ამ სიტყვებშიც არის გარკვეული ლოგიკა, მაგრამ,  კოლეგებო, დიდი პატივისცემის მიუხედავად, საყვედურისთვის ბოდიშს ვერ მოგიხდით. ის, რაც სისტემას სჭირს, ერთის და ორი უმგვანი დიპლომგახუნებული ხოლოპის ბრალი არაა. ეს კოლექტიური უმოქმედობის, ინდიფერენტულობისა და საღათას ძილის შედეგია. ამაში ყველანი ვართ დამნაშავე, მაგრამ სხვაზე მეტად- თქვენ, დარგის მუშაკები, ვისაც ამ უმძიმეს პერიოდში მოგიხდათ პროფესიული ტვირთის ზიდვა. თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ უმძიმესი წლები გამოიარეთ, რომ ფაქტობრივად უხელფასოდ მუშაობდით და ბავშვებისთვის არ გიღალატიათ (ეს  სიტყვების უკვე უნუგეშოდ გაცვეთილი არსენალია თქვენი დაბოლების მოსურნე პოლიტიკანების ხელში). ფაქტი ჯიუტია- იმ მძიმე წლებშიც კი განათლების სისტემას არ დაუკარგავს ღირსების გრძნობა, პატრიოტიზმი და თავმოყვარეობა. ის იბრძოდა, როგორც შეეძლო, ითხოვდა კუთვნილს და მწვავედ რეაგირებდა ძალადობაზე. მაშინ ჰო, მაგრამ დღეს? ახლა? სად გაქრა თქვენი მებრძოლი სული? რატომ ხართ ბუჩქებში შეყუჟულები? რატომ უკრავთ ტაშს, როდესაც ნაძირალები თქვენი სახელით სპეკულირებენ, ან რატომ დუმხართ იმ დროს, როდესაც თქვენი გრგვინვით კავკასიონი უნდა დგანდგარებდეს?!

დღეს თქვენ დუმხართ, როცა პოლიციელი მინისტრი სალდაფონურად ძალადობს განათლების ადმინისტრატორთა საშუალო რგოლის კორპუსზე.

დუმხართ, როცა თანამდებობის დაკარგვის ცხოველური შიშით შეპყროვილი თქვენი დირექტორები განსხვავებული აზრის მქონე მასწავლებლებს დაუნდობლად ერეკებიან ქუჩაში.

დუმხართ, როდესაც ხედავთ, რომ სკოლა საგანგებოდ დაგეშილი მანდატურების სათარეშო ყაზარმად გადაიქცა.

სინდისის ქენჯნის გარეშე აკანტურებთ თავს ყოველგვარ უმსგავსობაზე, მონაწილეობთ მმართველი რეჟიმის სასარგებლო აგიტაციაში, ყვითელ ავტობუსებში გამწესებულნი ცხვრებივით მიელალებით პარანოიდული ლაქლაქ-ლაზღანდარობის მოსასმენად და არჩევნებს "უპრავებთ" თქვენივე დაჩმორება-გაცუცურაკებაში დახელოვნებულ ხელისუფლებას.

და ყოველივე ამის შემდეგ, საღამოს მარტო დარჩენილები ერთხელ მაინც თუ ჰკითხავთ საკუთარ თავს- რა უნდა ისწავლოს ასეთი მასწავლებლებისგან ჩვენი ქვეყნის ხვალინდელმა თაობამ?

+ + +   

გაჭირვების ჟამს სახელოვან წინაპართა მაგალითი სულის მალამოსავითაა. ჰოდა, თქვენთან შესახმიანებლად მეც ამ მრავალნაცად ხერხს მივმართე.

ისტორია, რომლის შესახებაც ქვემოთ გიამბობთ, ზუსტად ერთი საუკუნის წინ მოხდა და საქართველოს განათლების მუშაკთა ისტორიის ერთ-ერთ, ყველაზე სახელოვან ფურცელს წარმოადგენს.

მინდა, ყურადღებით წაიკითხოთ იგი და დარწმუნდებით, რომ ბრძოლა საუკეთესო გამოსავალია უსამართლობასთან დაპირისპირების დროს. ის, ვინც არ ნებდება, სულიერად ამაღლებულია, ზნეობრივად განწმენდილია და, რაც მთავარია, მართალია. მართალია როგორც თანამედროვეთა, ისე მომავალი თაობების წინაშე.

ეს თქვენი სახელოვანი წინაპრებისა და კოლეგების მიერ დაწერილი ისტორიაა, რომელთა ძვლები ახლა საფლავში შფოთავენ თქვენი ვე უმოქმედობისა და დუმილის გამო.

პატივი ეცით მათ ხსოვნას! ნუ გაიხდით სათრევად თქვენს სახელს!

+ + +

1881 წელს, რამდენადაც გასაოცარი  უნდა იყოს, კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ. ”ინოროდცების” (ე.ი. არარუსი ერების) სახალხო სკოლებში სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ. ამ გეგმის თანახმად, დაწყებითი სკოლების პირველ კლასში სწავლება უნდა დაწყებულიყო მშობლიურ ენაზე, რუსული სავალდებულო ხდებოდა მხოლოდ იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ბავშვები მათთვის გასაგებ ენაზე ისწავლიდნენ წერა-კითხვას და ელემენტურ არითმეტიკას- ანგარიშს ათის ფარგლებში.

ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ გამეფებული რეაქციის ხანაში ეს იყო მზის სხივის გამონათება წყვდიადში, რასაც ხავსივით ჩაეჭიდნენ მოწინავე ქართველი მასწავლებლები იაკობ გოგებაშვილის მეთაურობით.

მართალია, 1897 წელს 1881 წლის სასწავლო გეგმა გაუქმდა და იგი სამინისტროს ახალმა პროგრამებმა შეცვალა, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისის რევოლუციური მღელვარებით შეშფოთებულმა ცარიზმმა 1907 წელს ისევ დაუშვა სახალხო სკოლებში სწავლების მშობლიურ ენაზე დაწყების პრეცედენტი.

ასეთი იყო საკითხის ოფიციალური მხარე. საქმით კი... საქმით ცარიზმის რეაქციონერი პედჩინოვნიკები ყველა აკრძალული ხერხით იბრძოდნენ ქართული ენის წინააღმდეგ და ცდილობდნენ მის სრულ გამოძევებას სახალხო სკოლებიდან. სამწუხაროდ, ქართველი მასწავლებლების ერთი ნაწილი, არათუ იჩენდა სათანდო სამოქალაქო აქტივობას, პირიქით, უფროსების მაამებლობის კარიერისტული მიზნებით შეპყრობილი, თვითონაც აქტიურად მონაწილეობდა მშობლიური ენის ჩაწიხვლაში.

XX საუკუნის დასაწყისის ქართული პრესა სავსეა აღშფოთებულ პუბლიცისტთა სტატიებით, რომლებშიც ისინი გმობდნენ ამგვარ ინდიფერენტიზმს, საჯაროდ ამხელდნენ უსულგულო რუსეთუმე მასწავლებლებს და ქადაგებდნენ მშობლიურ ენაზე სწავლის დაწყების აუცილებლობას.

საბედნიეროდ, განათლების მუშაკთა შორისაც იყვნენ ბედნიერი გამონაკლისებიც, პროგრესულად  მოაზროვნე ქართველი მასწავლებლები, რომლებიც სამსახურების დაკარგვისა და რეპრესირების საფრთხის წინაშეც არ იხევდნენ უკან, არ ეპუებოდნენ ცარიზმის გათავხედებულ მოხელეებს და მამულიშვილობის ბრწყინვალე მაგალითს უჩვენებდნენ კოლაბორაციონიზმის ჭაობში ჩაფლულ კოლეგებს.

წინამდებარე წერილში ერთი ასეთი ისტორიის შესახებ გიამბობთ, რომლის მთავარ ფიგურას ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, ქუთაისის #3 პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელი და საქართველოს განათლების მუშაკთა  მოძრაობის ერთ-ერთი თაოსანი ვლადიმერ ნაცვლიშვილი (ფსევდონიმი _ ”ბზვანელი”) წარმოადგენდა.

1912 წლამდე ქუთაისის გუბერნიაში სახალხო სკოლების დირექციას (ეს იყო საგუბერნიო მართველობითი სტრუქტურა განათლების სფეროში) განაგებდა ვინმე  სემიონოვი. ძნელი სათქმელია, რამდენად გააჩნდა მას ქართული ენის მიმართ სიმპათია, მაგრამ წესიერი, კანონმორჩილი მოხელე იყო და პედანტურად ახორციელებდა სახალხო სკოლებში 1881 წლის სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

მისი გადადგომის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დირექციის ახალი ხელმძღვანელი კრუსპკი პირწავარდნილი შოვინისტი აღმოჩნდა. მან სახალხო სკოლების ინსპექტორად დანიშნა მასავით რეაქციონერი, ვინმე გროზდოვი და 1881 წლის სასწავლო გეგმის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა, პირველდაწყებით სკოლებში სექტემბრიდანვე დაეწყო რუსული ენის სწავლება. ეს გაუმართლებელი ნაბიჯი იყო, პირველ რიგში, პედაგოგიური თვალსაზრისით, მაგრამ კრუსპკი-გროზდოვის ტანდემი ამას არ დაგიდევდათ. რაკი მთელი გუბერნიის მასშტაბით ერთბაშად დანერგვა შეუძლებელი იყო, გადაწყვიტეს, ”ექსპერიმენტი” საგუბერნიო ცენტრში ჩაეტარებინათ.

1912 წლის ნოემბერში გროზდოვმა დაიბარა ქუთაისის ოთხივე პირველდაწყებითი სკოლის გამგე და მოსთხოვა, სასწარაფოდ წარედგინათ მისთვის გაკვეთილების ახალი ნუსხა (ცხრილი) დირექციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე. ეს ნიშნავდა, რომ ცხრილში რუსული ენის გაკვეთილებიც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. გამგეებმა მასწავლებლებთან ერთად ითათბრეს და საკითხის განსახილავად გაერთიანებული კრების ჩატარების თხოვნით მიმართეს როგორც ქალაქის საბჭოს (თვითმართველობის ორგანოს), ასევე ამ საბჭოსთან არსებულ სასწავლებელთა გამგე კომისიას. მკითხველისთვის ნათელი რომ იყოს, აქვე განვმარტავთ -  პირველდაწყებითი სკოლები XX საუკუნის დასაწყისში თვითმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, მაგრამ მის სასწავლო-მეთოდურ მართვას მეფის ხელისუფლება ახორციელებდა რთული, იერარქიული მექანიზმის მეშვეობით (კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი, გუბერნიის სახალხო სკოლების დირექცია, ინსპექტორების სამაზრო ქსელი). როდესაც გროზდოვმა ამის შესახებ შეიტყო, ”ურჩობა” იუკადრისა, გამგეებს ვადა დაუნიშნა და არაორაზროვნად დაემუქრა, თუ ბრძანებას არ შეასრულებთ, სამსახურიდან გაგათავისუფლებთო.

გროზდოვის განკარგულება იმდენად კანონსაწინააღმდეგო იყო, რომ 6-7 დეკემბერს გამართული გაერთიანებული კრების მონაწილეებმა (ქალაქის მოურავი, სკოლების გამგე კომისია, სასწავლებელთა გამგეები და მასწავლებლები) გადაწყვიტეს, დეპეშით მიემართათ კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ რუდოლფისთვის. სასწავლებელთა გამგეებს  ურჩიეს, საკითხის გარკვევამდე გროზდოვისთვის არ წარედგინათ მის მიერ მოთხოვნილი ცხრილები. მართალია, ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნად იქნა მიღებული, მაგრამ ინსპექტორის მიერ დანიშნული ვადის მოახლოებით შეშფოთებულმა გამგეებმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, სულმოკლეობა გამოიჩინეს. სამმა მათგანმა, მასწავლებლებისგან მალულად, გროზდოვს წარუდგინა ახალი ცხრილი, რომელშიც ქართული ენის გაკვეთილების შევიწროების ხარჯზე ჩასმული იყო რუსულის გაკვეთილები. ინფორმაცია მალე გამომჟღავნდა, რასაც უმძაფრესი რეაქცია მოჰყვა ქალაქის საზოგადოებაში.

იმდროინდელი ქუთაისი სამართლიანად ითვლებოდა ქართული ინტელიგენციის მექად. ლიხთიმერეთის სატახტოში არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე ცხოვრობდა და საქმიანობდა, მათ შორის- განათლების მუშაკები: იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, სიმონ ქვარიანი, დიმიტრი უზნაძე, მარიამ ყაუხჩიშვილი, ვლადიმერ ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ჯანელიძე, თომა მთავრიშვილი, დომენტი ოყრეშიძე (თომაშვილი) პარმენ თვალჭრელიძე (ფსევდონიმი "ცახელი"), გერასიმე ცაგარეიშვილი (დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის პირველი თავმჯდომარე), იაკობ ცინცაძე (ფსევდონიმი "ია ეკალაძე"), ლაზარე ხმალაძე, პეტრე მირიანაშვილი, ჯაჯუ ჯორჯიკია, ტრიფონ ჯაფარიძე, მელტონ ჩოგოვაძე, თეოფილე ხუსკივაძე, მელიტონ კელენჯერიძე, ალექსანდრე მიქაბერიძე და სხვები. სწორედ ქუთაისი იყო ქართულისა და ქართველობის ყველაზე მგრძნობიარე ძარღვი, რომელიც საქართველოს სხვა რეგიონებზე ადრე და მწვავედ რეაგირებდა ეროვნული ჩაგვრისა და ნიჰილიზმის ყოველგვარ გამოვლენაზე. აღწერილი ამბებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაისის გუბერნიის ამომრჩევლებმა მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს (დუმას) არჩევნებში სამარცხვინოდ გააშავეს წინა მოწვევის სათათბიროს დეპუტატი, ამიერკავკასიის კომისარიატის მომავალი თავმჯდომარე და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი, მენშევიკი ევგენი გეგეჭკორი და მის ნაცვლად საქართველოს ავტონომიის მომხრე, ფედერალისტი ვარლამ გელოვანი აირჩიეს.

საქმის გახმაურების შემდეგ პირველდაწყებითი სკოლების სამმა შერცხვენილმა გამგემ პრესაში თავი იმართლა-  ეს ნაბიჯი მხოლოდ დროის მოგების მიზნით გადავდგით, პრაქტიკულად განხორციელება არც გვიფიქრიაო. ამან საზოგადოების მწვავე რეაქცია ვერ ჩააცხრო. პირიქით, ლადო ბზვანელმა გაზეთ "იმერეთში" (16 დეკემბერი, 1912) გამოაქვეყნა სტატია _ "სამი გამგის საქციელის გამო" და დაუნდობლად ამხილა ისინი, განსაკუთრებით ერთი მათგანი, რომელმაც, როგორც გამოირკვა, დანარჩენი ორი დაიყოლია, გროზდოვისთვის წარედგინათ მოთხოვნილი ცხრილები. ეს შტრიხი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ბზვანელის პრინციპულობას და უკომპრომისობას.

პრესაში ხმაურის ატეხვით გაღიზიანებულმა გროზდოვმა ბზვანელს კატეგორიულად მოსთხოვა, 7 იანვრამდე წარედგინა წერილობითი ახსნა-განმარტება მისი საქციელის თაობაზე. იგი არ დააკმაყოფილა მასწავლებლის სიტყვიერმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ "იმერეთში" გამოქვეყნებულ სტატიაში ნახსენები არ იყო არც კრუპსკი, არც გროზდოვი, გაკრიტიკებული იყვნენ სასწავლებელთა გამგეები და ავტორი მზად იყო, სასამართლოს წინაშე დაეცვა საკუთარი პოზიცია.

განრისხებულმა გროზდოვმა მოხსენებითი ბარათი მიართვა კრუპსკის და ურჩი მასწავლებლის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც ეს უკანასკნელი სიამოვნებით დაეთანხმა. ლადო ბზვანელთან ერთად გაათავისუფლეს ერთ-ერთი სკოლის გამგე ანტონ ოდიშარიაც, რომელმაც სახალხო სკოლების ინსპექტორს დათქმულ ვადაში არ წარუდგინა ცხრილი.

მომხდარის მიუხედავად, ლადო ბზვანელი მაინც განაგრძობდა მუშაობას, რადგან ქუთაისის თვითმართველობისა და სკოლების გამგე კომისიის წევრები  მისი გათავისუფლების წინააღმდეგი იყვნენ. მეტიც, ქალაქის მოურავი, ცნობილი პუბლიცისტი ილია ჩიქოვანი ("პონტელი") ყოველმხრივ ამხნევებდა და მხარში ედგა შერისხულ პედაგოგს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისი თვითმართველობა ძალზე აქტიურობდა სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მისი დავალებით სასკოლო კომისიამ საგანგებოდ შეისწავლა საკითხი და დასახა ღონისძიებათა კომპლექსური გეგმა, რომელიც ექვის პუნქტისაგან შედგებოდა. გეგმა ითვალისიწნებდა თვითმართველობის როლის გაზრდას, მშობლიურ ენაზე თავისუფალი სწავლების დაწესებას, კერძო ინიციატივის ხელშეწყობას. მეტიც, სასკოლო კომისია მოითხოვდა, რომ თვითმართველობას მისცემოდა სკოლების გახსნისა და სასწავლო პროგრამების შედგენის უფლება.

ამ ნიადაგზე დიდი დავა იყო გუბერნიის სახალხო სკოლების დირექციასა და თვითმართველობის სასწავლო კომისიას შორის. პრობლემას ისიც ართულებდა, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ ორი სტრუქტურის ფუნქციები მკაფიოდ არ იყო გამიჯნული. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაოცარი აღარაა, რატომ მოინდომა კრუპსკიმ რუსული ენის სწავლების სექტემბრიდანვე დაწყება მაინცდამაინც ქუთაისში.

თვითმართველობამ გადაწყვიტა, ბოლომდე დაეცვა უსამართლობის მსხვერპლნი. ილია პონტელმა ჯერ კავკასიის სასწავლო ოქლის მზრუნველს გაუგზავნა დეპეშა და საქმის კურსში ჩააყენა კრუპსკი-გროზდოვის თვითნებობის შესახებ, შემდეგ პირადადაც ეახლა თბილისში დეტალური ინფორმაციისთვის. პარალელურად, სასკოლო კომისიის წევრს, ცნობილ პუბლიცისტ გრიგოლ გველესიანს დაავალეს მოხსენების დაწერა  მეფისნაცვლის სახელზე. მეტიც, რუსეთის დუმას  დეპუტატის ვარლამ გელოვანის შეკითხვის საფუძველზე 6 თებერვალს პეტერბურგში, დუმის შესაბამის კომიტეტში  საგანგებო მოსმენაც დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექციისა და ინსპექტორის უკანონო ქმედების თაობაზე. ჩანს, ამგვარმა რეზონანსმა დააფრთხო ხელისუფლება. რუდოლფმა პირობა მისცა ქუთაისი მოურავს- ზედმეტი ხმაური საჭირო არაა, ყველაფერს მოვაგვარებ და გათავისუფლებულ მასწავლებლებს უკან დავაბრუნებო. გახარებულმა ილია პონტელმა მიღწეული შედეგის შესახებ დეპეშით თბილისიდანვე ამცნო თანამოაზრეებს. მთელი ქუთაისი ზეიმობდა გამარჯვებას.

თითქოს, ამით ინცინდენტი ამოიწურა, მაგრამ, როგორც გამოირკვა, კრუპსკი და გროზდოვი შურის საძიებლად ხელსაყრელ მომენტს უცდიდნენ. ასეთი შესაძლებლობა მათ მალე მიეცათ.

1913 წლის მაისის ბოლოს ქალაქის პირველდაწყებით სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაინიშნა, რომელსაც ინსპექტორთან ერთად ქალაქის მოურავი და მიწვეული საპატიო მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. გროზდოვი უკმაყოფილო დარჩა მოსწავლეთა მომზადების დონით პირველ და მესამე სკოლებში, სადაც ანტონ ოდიშარია და ლადო ბზვანელი მუშაობდნენ. გამოცდების დამთავრებისთანავე, მან ახალი მოხსენებითი ბარათი მიართვა კრუპსკის და მეამბოხე მასწავლებლების გათავისუფლება მოითხოვა. ამჯერად, მიზეზად მოსწავლეთა სუსტი ცოდნა დაასახელა, იმის მიუხედავად, რომ მესამე სკოლაში გამოსაცდელ ჯგუფს ბზვანელი კი არა, მეორე პედაგოგი მარიამ ღამბაშიძე ასწავლიდა.

კრუპსკის ახალი მცდელობა წარმატებით დასრულდა. სამოსწავლო ოლქის მზრუნველი რუდოლფი დაეთანხმა მის შუამდგომლობას და 27 ივნისს ქუთაისი თვითმართველობას შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა _ იმის მიუხედავად, რომ ცნობილი ინცინდენტის შემდეგ საკმაო დრო გავიდა, ნაცვლიშვილმა და ოდიშარიამ ბოდიში არ მოიხადეს და არაფერი გააკეთეს სახალხო სკოლების დირექციასთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. პირიქით, მათ დანაშაულს დანაშაული დაუმატეს, რაც გამოცდების შედეგებში აისახა. მე ქალაქის მოურავს თავის დროზე დავპირდი ამ მასწავლებლების წლის ბოლომდე დატოვებას, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მათი გათავისუფლების შესახებ დირექციის 1913 წლის 16 იანვრის განკარგულების შეცვლა ნაადრევად მიმაჩნიაო.

ასე წაიღო უკან საიმპერიო მოხელემ ქალაქის მოურავისთვის მიცემული სიტყვა.

ლადო ბზვანელმა უკან არ დაიხია და გაზეთ "სახალხო საქმის" 1913 წლის ## 942-ე და 944-ე ნომრებში გამოაქვეყნა ვრცელი სტატია _ "რა დავაშავე" (ჩემი აღსარება). იმავე წლის 23 ივლისს ეს წერილი მთლიანად გადაბეჭდა გაზეთმა "თემმაც", როგორც კანონის დარღვევისა და ქართული ენის დევნის თვალსაჩინო ნიმუში.

წერილის  ავტორმა მტკიცედ დაიცვა საკუთარი პოზიცია და კატეგორიული უარი განაცხადა ბოდიშის მოხდაზე. ბოდიშს ისინი იხდიან, ვინც რაიმე დააშავა, ჩემი "დანაშაული" კი მხოლოდ ისაა, რომ უმაღლესი მთავრობის მიერ დამტკიცებული 1881 წლის სასწავლო გეგმა დავიცავიო _ წერდა იგი.

"სამსახურიდან ჩემი გადაყენება დიდი ამბავი არ არის, ხოლო სამწუხაროა ის, რომ თუ დირექციამ ქუთაისელი მასწავლებლები დაამარცხა, სექტემბრიდან მთელი გუბერნიის სოფლის მასწავლებლებს მასვე მოსთხოვსო", _ წუხდა პუბლიცისტი.

საგულისხმო და შთაბმეჭდავია სტატიის ფინალი: "ერთგულ" მასწავლებლებს (ამ სიტყვებით ბზვანელი ხელისუფლების ლაქია კოლეგებს მოიხსენიებს) უხაროდეს, რომ ჩვენს ჯერ-ჯერობით დავმარცხდით, მაგრამ პრინციპიალურად გამარჯვებული ვართ; ჩვენ შიმშილით არ მოვკვდებით, კიდევ მოვახერხებთ შეგნებულ საზოგადოების დახმარებით ლუკმა ვიშოვოთ, ხოლო ისინი კი შერცხვენილი დარჩებიან და შესაფერის მსჯავრსაც დასდებს საზოგადოება მათ მელურ საქციელს"-ო.

აღწერილ ისტორიაში საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ქუთაისის თვითმართველობის თავგამოდებული მცდელობა, არ დაეშვა პატრიოტი მასწავლებლების გაძევება სკოლიდან. ამ მხრივ, სხვებისთვის მაგალითის მიმცემი თვითონ ქალაქის მოურავი იყო. 1913 წლის 5 ივლისს მან სასკოლო კომისიასთან ერთად სხდომა გამართა და გადაწყვიტა, მეფისნაცვალთან გაესაჩივრებინათ  საქმე (წინა საჩივარი, დაწერილი გრიგოლ გველესიანის მიერ, თვითმართველობამ უკანვე გამოითხოვა რუდოლფის მიერ მიცემული სიტყვის შესრულების იმედით). მეტიც, ქალაქისთავმა და სასკოლო კომისიამ გაითვალისწინეს მეფისნაცვლის მოსალოდნელი თანხმობა ბზვანელ-ოდიშარიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით და გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ მათ როგორც ნივთიერად, ასევე ახალი სამუშაოს შოვნით. ქალაქის მოურავი იმაზეც თანახმა იყო, რომ ქალაქის სკოლები სხვა უწყებას გადასცემოდა, ხოლო იმ ვაიპედაგოგებს, ვინც საკუთარ ნიჟარაში ჩაიკეტა და არ გამოესარჩლა საქვეყნო საქმისთვის შერისხულ კოლეგებს, თვითონვე უნდა მოეძებნათ სამსახური სასწავლებლების შესაძლო დახურვის შემთხვევაში.

როგორც იტყვიან, არა თუ კომენტარი, "კომენტარი ზედმეტია"-ს თქმაც კი ზედმეტია.

მოცემულ ისტორიაში სამართლიანობამ იზეიმა. ფართო საზოგადოებრივმა რეზონანსმა ხელისუფლება აიძულა, დათმობაზე წასულიყო. კრუპსკი სამუშაოდ თბილისის გუბერნიაში გადაიყვანეს, ლადო ბზვანელი და ანტონ ოდიშარია სამსახურში აღადგინეს. მათ კიდევ არაერთი წელი იღვაწეს ქართული სკოლის სამსახურში. ისინი იყვნენ აქტივისტები და დამფუძნებლები დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირისა, რომელიც გზის გამკვალავ ორგანიზაციას წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის განათლების მუშაკთა პროფესიული მოძრაობის ისტორიაში.

+ + + 

მკითხველს, ალბათ, ძალდაუტანებლად შეუძლია გაავლოს პარალელები და ანტიპარალელები საუკუნის წინანდელ რეალობასა და თანამედროვეობას შორის.

ეს იმდენად საჩინოა, ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ.

მთავარი განსხვავება ისაა, რომ მაშინ წინა პლანზე იყო წამოწეული მამულიშვილობა, ბრძოლის ჟინი და პროფესიული ღირსების გრძნობა.

სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა გარეგნულად უთანასწორო ჭიდილში ხელისუფლების უკან დახევა და მასწავლებლების გამარჯვება.

მას მერე ზუსტად ერთი საუკუნე გავიდა და პრობლემა, რომელიც ესოდენ აქტუალური იყო ასი წლის წინ, აქტუალურადვე რჩება დღესაც.

საქართველოს განათლების სისტემა მოუთმენლად ელის ახალ ლადო ბზვანელებს და ანტონ ოდიშარიებს.

და ეს მოლოდინი სულაც არაა უსაზღვრო, ვეჟო!