„თარიღს გამოკერებული შენობები ყოველთვის ჩამოინგრევა“

„თარიღს გამოკერებული შენობები ყოველთვის ჩამოინგრევა“

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საზეიმოდ გახსნილი პარლამენტის შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები, არის მსხვერპლიც. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს და რამდენიმე დღის განმავლობაში ინფორმაცია არ არსებობდა, ხარაჩო ჩამოინგრა თუ შენობა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა რომ ეს იყო მიმდებარე შენობის ხარაჩო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სწორედ ის შენობა ჩამოინგრა, სადაც პარლამენტის აპარატი იქნება განთავსებული და სადაც დეპუტატები იმუშავებენ.

ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა 2010 წლის აპრილში იმ ადგილას დაიწყო, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილ გმირთა მემორიალი იდგა. მშენებლობის დაწყებამდე მემორიალი ააფეთქეს. აფეთქებას დედა-შვილი 42 წლის ეკა ცუცხვაშვილი და 11 წლის ნინო ჯინჭარაძე ემსხვერპლნენ.

2012 წლის 4 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის შენობა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საზეიმოდ უნდა გახსნილიყო.

„ქუთაისში პარლამენტი რომ არ დაამთავრონ, მერე შეიძლება რამაზ ნიკოლაიშვილს ან ინფარქტი დაემართოს, ან რომელიმე და ბევრმა ადამიანმა თანამდებობით აგოს პასუხი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მანამდე, პრეზიდენტმა რუსთავში ვიზიტის დროს ისიც თქვა, რომ თვითონაც არ იცის როგორ უნდა დაამთავრონ მშენებლობა 26 მაისამდე, თუმცა ის ზუსტად იცის, რომ შეუძლებელია არ დაამთავრონ.

7 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო კი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა და განაცხადა: „არაფერი არ ღირს ისე, როგორც ადამიანის სიცოცხლე. მე ვარ ამ თემაზე ძალიან გაბრაზებული, თან იციან ჩემი პოზიცია ამ საკითხებზე. გულთან ახლოს მიმაქვს. მეორეს მხრივ, ეს არის ის, რომ ჩვენ ბევრად უფრო კარგად უნდა გადავამზადოთ ჩვენი სპეციალისტები“.

For.ge დაჩქარებულ მშენებლობებზე, სპეციალისტებზე, სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებზე სამშენებლო საკითხებში ექსპერტს, ნიკო კახეთელიძეს ესაუბრა.

ბატონო ნიკო, მართალია, შენობის ჩამონგრევის ოფიციალური ვერსია ცნობილი არ არის, მაგრამ თუ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

- ძალიან რთულია ითქვას, იქ რა მოხდა. მთავარი ის არის, რომ მშენებლობის პროცესები ასე ჩქარდება და დროის ფაქტორის გამო პრობლემები იქმნება. მშენებლობას აქვს თავისი ციკლი და ეს ციკლი უნდა ჩამთავრდეს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ეს მშენებლობა დაჩქარდა, რადგან საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველთვის რაღაც თარიღს გამოკერებულია. მაგალითად, ბეტონი თავის დროზე უნდა გაშრეს, შემდეგ სხვა ციკლი და სხვა ეტაპი შემოდის და ამ ყველაფერს თავისი დრო გააჩნია. ეს დრო თუ არ იქნება დაცული, ყოველთვის ვიქნებით ასეთი საშიშროების წინაშე.

მინდა გითხრათ, რომ ეს პირველი ტრაგიკული შემთხვევა არ არის და ბევრი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ, იგივე გმირთა მოედნის თემა, ვაკე-საბურთალოს გზა, სადაც კლდე დღემდე იშლება, გახსნის დღიდან ეს გზა სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს და ცალი მხრიდან მუდმივად ჩაკეტილია. ეს ყველაფერი იმ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების გამო ხდება რასაც ჩვენი ხელისუფლება იღებს.

ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ პირველ რიგში შესასწავლია გეოლოგიური მდგომარეობა და ა.შ. უამრავი რამ არის შესასწავლი და გასათვალისწინებელი როდესაც ასეთი მასშტაბის პროექტებზეა საუბარი.

მშენებლობის ხარისხზე დიდი ხანია, საუბრობენ, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით. იტყვის პრეზიდენტი და შენობა ზუსტად იმ დღეს უნდა დასრულდეს, რა თარიღსაც სააკაშვილი დაასახელებს. როგორ ფიქრობთ ხელისუფლებას არ ჰყავს იმ დონის სპეციალისტები, ვინც დაარწმუნებდა პრეზიდენტს, რომ მაგალითად, ბეტონს აუცილებლად გაშრობა სჭირდება და თუ არ გაშრა, შენობა ვერ აშენდება?

- ასეთი სპეციალისტები არ  ჰყავთ, შეუძლიათ, ჰყავდეთ, მაგრამ არ ჰყავთ. არა მხოლოდ ამ საქმეში, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ყველაფრის მიმართ და არც ერთ დარგში სპეციალისტი არ ჰყავთ, მართავენ იმ ადამიანების მეშვეობით, ვისაც ამ თემებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ყველა მიმართულებით ასეა და იმიტომაც ხდება ის, რაც ხდება.

მშენებლობა და არქიტექტურა ისეთი სფეროებია, როდესაც ნაკლის გამოვლინება მოგვიანებით ხდება ხოლმე. ეს ის შემთხვევაა (ქუთაისის პარლამენტი), როდესაც ნაკლი უცებ გამოვლინდა, სხვა შემთხვევებში ეს უფრო გვიან ჩნდება ხოლმე.

არ შეიძლება, ადამიანი მუდმივად ასეთი საშიშროების რეჟიმში ცხოვრობდეს, ეს წარმოუდგენელია. ძალიან ძნელია ასე უაპელაციოდ ილაპარაკო თუნდაც დარღვევებით მიმდინარე მშენებლობაზე და ვიხრები იქით, რომ პარლამენტის შენობის ჩამონგრევა დაჩქარებული ვადების ბრალია. ასეთი ეჭვები ჩნდება თუნდაც იმიტომ, რომ ამ შენობასთან ახლოს არავის უშვებენ.

სხვათა შორის, შენობის გახსნისას თვითონ სააკაშვილმაც იწინასწარმეტყველა, შეიძლება სახურავიდან წყალი ჩამოვიდეს ან ქარმა მოგლიჯოს სახურავი, მაგრამ ვინც საქმეს არ აკეთებს იმას მსგავსი რამ არ ემართებაო. თუმცა ნაჩქარევი მშენებლობა იმაზე სავალალო შედეგით დასრულდა, ვიდრე სააკაშვილი ვარაუდობდა, მისივე კომენტარებიდან ირკვევა, რომ მან იცოდა, შესაძლებელი იყო, მშენებლობის ასეთი ტემპების გამო, რაღაც საფრთხე შექმნილიყო ...

- მაინც მგონია, რომ სააკაშვილი იმ ტიპის მმართველია, რომელთანაც ცოტა ძნელია კამათი და ალბათ, შეძლებისდაგვარად ცდილობენ ხოლმე ეს უსიამოვნო მომენტები აიცილონ. კი ეტყოდნენ სააკაშვილს, რომ რაღაც საფრთხე არსებობდა, მაგრამ ბოლომდე ვერ აუხსნიდნენ.

ეს მოხდა არა აშენებულ, არამედ დაუმთავრებელ შენობაში. პარლამენტის გახსნაც ყოვლად წარმოუდგენელი იყო, რადგან მაშინაც შეიძლებოდა მომხდარიყო ის, რაც ახლა მოხდა. რეალურად რა მოხდა,  ჩვენ კიდევ არ ვიცით, ამიტომ წინასწარ პროგნოზირება გამიჭირდება.

ასეთ შემთხვევაში რამდენად გამართლებულია, რომ ჩამონგრეულ შენობასთან ახლოს არავის უშვებენ?

- როდესაც უცხოეთში ხდება მსგავსი რამ, მხედველობაში მაქვს მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობები, იმიტომ არ უშვებენ ახლოს ადამიანებს, რომ საშიშროება არ არის ბოლომდე მოხსნილი. ახლა არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა ხდება.

რამდენადაც ცნობილია, ასეთ უპასუხისმგებლო მშენებლობებს თავად კანონმდებლობა აძლევს სტიმულს, კი თქვა სააკშვილმა დროა მშენებლების კვალიფიკაციას მივხედოთო, მაგრამ თავად კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული რა ნორმის დარღვევაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი...

- როდესაც ქვეყანაში მშენებლობის ნორმა და სტანდარტი არ არსებობს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს სტანდარტი თავის თავში უსაფრთხოების სტანდარტსაც მოიცავს. უბრალოდ, ეს შემთხვევა პარლამენტის მშენებლობისას მოხდა და ამიტომ გახმაურდა, თორემ მშენებლობებზე მცირე რაოდენობის ხალხი არ იღუპება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით 50 ადამიანია მშენებლობაზე გარდაცვლილი. შარშან თუ შარშანწინ „რაკიინის“ შენობის (სადაც ახლა არის განთავსებული), მთლიანი ერთი სართული ჩამოიშალა. ასეთი რამ ყოველთვის მოხდება, როდესაც ასეთი ტემპით აშენებინებ. წარმოუდგენელია, მშენებელი, მუშა, სამუშაოთა მწარმოებელი, არქიტექტორი,  ყველა გულის ხეთქვით აკეთებდეს ყველაფერს. ასეთ შემთხვევაში რისკიც დიდია, რომ შეცდომა დაუშვა. ეს სფერო ასეთ ჩარევებს ვერ იტანს.

როდესაც ასხამ ბეტონის ფილას, მას ერთი თვე ხელი არ უნდა ახლო და ის უნდა გაშრეს. ეს წერია ამ ნორმებში.

როდესაც ევროკავშირისკენ სწრაფვაზეა ლაპარაკი, რამდენადაც ცნობილია, სამშენებლო სფეროში არსებული სტანდარტების შესაბამისობაზეც არის საუბარი და ეს ყველაფერი რამდენად აისახება კანონმდებლობაში, ალბათ, ამაზე საუბარიც ზედმეტია...

- ევროკავშირი გლობალური თემაა და ამას თავი დავანებოთ. ავიღოთ, უფრო მარტივი, თავისუფალი ვაჭრობის თემა აშშ-სთან და ევროპასთან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ გარკვეული კეთილგანწყობის გამოხატვაა. როდესაც ასეთი ურთიერთობები ყალიბდება, ნებისმიერი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გაითვალისწინოს ის ნორმები, რაც საყოველთაოდ აღიარებული და მისაღებია. იმასაც კი აქვს მნიშვნელობა, ქარხანაში საპირფარეშო რამდენი მეტრით უნდა იყოს დაშორებული სამუშაო ადგილთან, მუშები დღეში რამდენჯერ იკვებებიან და რითი იკვებებიან. ეს არის გაწერილი კანონმდებლობაში თავიდან ბოლომდე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი სწრაფვა გაუგებრად მეჩვენება ხოლმე. მართალია, ჩვენს პროდუქციაზე დაბეგვრის შედარებით მარტივი სისტემები ამოქმედდება, მაგრამ მეორე თემაა, რომ ვალდებულებებიც არსებობს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ვალდებულებების შემსრულებლები არ ვართ.

ასევეა ევრონორმები მშენებლობაში. დღეს საქართველოში ევრონორმებზე ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან ჯერ ქალაქის მერიას უნდა ჰქონდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი ევრონორმებით გაკეთებული, რომ შემდეგ მშენებელს მოსთხოვოს ევრონორმებით შენობების აშენება.

საქართველოსთვის წარმოუდგენელი რამ არის, რომ მშენებლობის ევრონორმები შემოიღო. საბჭოთა კავშირის მოტრფიალე არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ  ნორმების არარსებობას, სჯობდა, საბჭოთა ნორმები მაინც დაეტოვებინათ, იმიტომ, რომ სჯობს, ცუდი ნორმა გქონდეს, ვიდრე საერთოდ არ გაგაჩნდეს მშენებლობის ნორმები.

სამშენებლო სექტორში არსებული პრობლემების მიუხედავად, სააკაშვილის საამაყო თემა არის მშენებლობა და ის ტემპები, რასაც ქვეყანამ ამ სფეროში მიაღწია. თუ ეს ყველაფერი უნორმოდ და უსტანდარტოდ კეთდება, საბოლოო შედეგი რა შეიძლება იყოს?

- დიახ, მახსოვს რომ თქვა ჩინეთზე უფრო სწრაფად ვაშენებთო. საბოლოო შედეგი იქნება ის, რა შედეგიც ახლა მივიღეთ, მუდმივად ვიდგებთ ასეთი პრობლემების, ჩამოშლისა და ტრაგედიების წინაშე.