სიძე, შე ძველო...

სიძე, შე ძველო...

”რა გითხრათ, რით გაგახაროთ!.....” – ი.ჭ.

წინასაარჩევნოდ ყველა და ყველაფერი მყარიდან აქროლად მდგომარეობაში გადადის, ძველი თვისებებიდან მხოლოდ რამდენიმე ინარჩუნებს უცვლელობას, რომელთა მეშვეობითაც ისევ გვახსენდება, რომ კვლავ ადამიანები ვართ, მხოლოდ ამომრჩევლებად და ასარჩევებად ქცეული ადამიანები.

ნორმალური და დემოკრატიული ქვეყნების ასარჩევები, იგივე პოლიტიკოსები, ამ დროს ზუსტად ისე იქცევიან, როგორც დარისპანის გასათხოვარი ქალიშვილები მათ გასასაღებლად მოსულ სასიძოსთან... ამომრჩეველი კი იმ სასიძოს გავს, ერთი იღბლიანი ქორწინებით რომ აპირებს მთელი ცხოვრების მოწყობას: სასიძო ჭკვიანია და შორს იხედება – ქალი უნდა, და ისეთი, რომ ხალხშიც გამოესვლებოდეს, ლამაზი, უპრეტენზიო და ჯანმრთელიც იყოს, შვილებიც გაუჩინოს და გაუზარდოს, ქონებაც შემოუმატოს და მოუაროს კიდეც.

სამოქალაქო ენაზე ეს ყველაფერი ასე ითარგმნება: ”მინდა ხელისუფლება, რომელიც საერთო საქმეში პარტნიორი იქნება ნებისმიერი უცხო ხელისუფლებისათვის და არა მათი კეთილგანწყობის მათხოვარი; მინდა ხელისუფლება, რომელიც შეძლებს აწმყო ისე მომიწყოს, რომ თავი უზრუნველად ვიგრძნო და ნაკლები ვიფიქრო პრობლემებზე; მინდა ხელისუფლება, რომელიც მომემსახურება, თან ისე, რომ ჩემი შვილების მომავალიც უზრუნველყოს.

მორჩა და ბასტა: სხვანაირ ქალს არ ვითხოვ!

ჰოდა, ქალებიც კორსეტებიდან ხტებიან, ცეკვავენ, გიტარას აჟღარუნებენ, თვალებს აჟუჟუნებენ, თავს მევლებიან, რომ რამენაირად დამაინტერესონ! არადა, დარჩებიან გაუთხოვრები და დარისპანმა იკითხოს მერე!

ჩვენთან კი, რა ხდება!

კლდიაშვილი რომ გაცოცხლდებოდეს, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გვასიამოვნებდა და დიდებულ ტრაგი-კომედიას გამოაცხობდა ჩვენებური სასიძო-საპატარძლოს პროვინციულ ყოფაზე.

წარმოიდგინეთ სასიძო, რომელსაც სახლის კარებთან შუშებჩამუქებულ ავტომანქანაში ჩაფრები ელიან, ან კიდევ უკეთესი – არც ელიან, პირდაპირ ”ზევით”, რომელიმე დირექტორის ან გამგებლის კაბინეტში იბარებენ და ეუბნებიან: გინდა მუშაობა, გინდა სიცოცხლე, გინდა თავისუფლება? - მაშინ გააკეთე არჩევანი, ძმაო!

რა დარჩენია სასიძოს, ირჩევს! ჯვარსაც იწერს იმაზე, ვინც არც უყვარს, არც მოსწონს, მეტიც, ვისიც ეშინია და თან ზუსტად იცის, ამ ქორწინებიდან უბედურების მეტს ვერაფერს მიიღებს, მაგრამ რა ქნას – გამოსავალი არ დაუტოვეს!

სოფლის მოძღვარი კი, რომელიც ამ შემთხვევაში უზენაესის მსახური, იგივე რომელიმე მიუკერძოებელი დამკვირვებელი და საერთაშორისო თვალია, უდრტვინველად ეკითხება საბრალო სასიძოს: „თანახმა ხარ?“ ისიც მხოლოდ ერთი სიტყვით ადასტურებს საკუთარ თანხმობას, რადგან ზურგს უკან იმ კუნთმაგარი ტიპების მზერას გრძნობს და ხან ციხის გისოსები ელანდება, ხან უმუშევრობა და ბანკის კრედიტები და ხანაც დედაშვილიანად ატირებული შინაურები.

დიახ, ჩვენი ნებითა და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე თანახმა ვართ, ჩვენ – მასწავლებლები, ექიმები, პენსიონრები, პატიმრებისა და პრობაციონერების ოჯახის წევრები და მეზობლები, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სახელმწიფო თუ ვითომ კერძო, მაგრამ მაინც სახელმწიფოსთან გაიგივებულ დაწესებულებებში მომუშავეთა ნათესავები, ჯვარი დავიწეროთ და სამუდამოდ ვუერთგულოთ ჩვენს შეუხედავ, გაღლეტილ, ბერწ და ავ მეორე ნახევარს!

მთავარია, ქორწინებამ წესების დაცვით ჩაიაროს – პატარძალიც კმაყოფილია, მისი მამაც, ჩაფარიც, დარისპანს ხელის ქირას რომ გამორჩა და მღვდელიც. ყურებჩამოყრილ სასიძოს კი წინ ერთი დაუსრულებელი, გრძელი ღამე ელის და იმაზე დარდობს, როგორმე საკუთარი მამაკაცური მოვალეობა მოიხადოს, რამენაირად სოფლის დასაცინად რომ არ აქციოს ძალით აკიდებულმა მეორე ნახევარმა და საკუთარი სიბერწე მის იმპოტენციას არ გადააბრალოს.

ამის შემდეგ, დარისპანის კი არა, ლურასაბისა და დარეჯანის ამბავი უნდა განვაგრძოთ - მოტყუებული და ძმისაგან გაყიდული სასიძოს ეზო-კარის, ადგილ-მამულების, ძველ თავადთა საამაყო სახელის გაბითურებისა და გაპარტახების ამბავი, რომელიც დამპალი თევზის ჭამისგან გამოწვეული ინტოქსიკაციითა და გადაშენებით დასრულდა და ზედ დიდი მამულიშვილის მინაწერიც დავურთოთ:

„აბა, რით გიშველო, ჩემო ლუარსაბ?! მე შენზე ნაკლებ დღეში კი არ ჩამაგდეს საყოველთაო კომპიუტერიზაციისა და ინფორმატიზაციის ეპოქაში! თურმე, მხოლოდ იმიტომ ვრჯიდი კალამს, რომ ჩემი გადიდებული ფოტო ყველგან ეფრიალებინათ, ნაწერი კი არც გადაეფურცლათ! ვეღარაფერს გიშველი და ისიც კი აღარ ვიცი: ვიტირო, თუ ვიცინო, ამ წყევლა - კრულვით საკითხავ წუთისოფელში! – მარად თქვენი, ილია ჭავჭავაძე“.