„ინტერპრესნიუსის“ და „მაესტროს“ შიდა ქართლის რეგიონული კორესპონდენტის, ია თინიკაშვილის ავტომანქანას გუშინ საღამოს ცეცხლი გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორში მეგობარ გოგონასთან ერთად ბრუნდებოდა, როდესაც მის ავტომანქანას რამდენიმე ტყვია ესროლეს. მისი ინფორმაციით, ჩამსხვრეულია ავტომანქანის უკანა შუშები, თავად ია თინიკაშვილი და მისი თანმხლები პირი კი არ დაშავებულან.
For.ge მომხდართან დაკავშირებით ია თინიკაშვილს ესაუბრა.
ია თინიკაშვილი: „გუშინ საღამოს, დაბინდებისას გორი-მეჯვრისხევის გზაზე სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ვმოძრაობდი. მანქანაში ჩემთან ერთად ახლობელი გოგონა, ნათია ხორბალაძე იმყოფებოდა, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა. სოფელ ხელთუბანთან არმისული, მანქანის წინა საქარე მინას რაღაც საგანი მოხვდა. მანქანა შევაჩერე, მაგრამ გარეთ არ გადმოვსულვართ, რადგან ვნახეთ, რომ მინა დაზიანებული არ იყო. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ წინ მიმავალმა მანქანამ კენჭი აისხლიტა და ამის ხმა იყო და მოძრაობა განვაგრძეთ. სოფელ ხელთუბანს რომ გავცდით, საშინელი ხმა გავიგეთ. მეც და ჩემს თანმხლებ პირსაც ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ეს ხმა მარცხენა, ანუ მძღოლის მხრიდან უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ექსპერტები წინასწარი ვარაუდით ახლა ამბობენ, სროლა მარჯვენა მხრიდან უნდა ყოფილიყო.
იმ მომენტში უცებ ვერ მივხვდი, რომ ეს იყო სროლა და (არა თავდაცვის მიზნით, უბრალოდ ინსტიქტურად) მანქანის მოძრაობის სიჩქარეს მოვუმატე. ამ დროს ნათიამ იყვირა, რომ უკანა შუშა ჩამსხვრეული იყო. გარკვეული მონაკვეთის გავლის შემდეგ მანქანა გავაჩერე. გამვლელი მანქანებიც შეჩერდნენ და როდესაც მანქანიდან გადმოვედით, ვნახეთ, რომ იყო გამჭოლი ნასროლი, ანუ მანქანის უკანა ვერდითი მინიდან ტყვია მანქანაში შემოვარდა და მეორე გვერდით მინაში გაიარა.
მომხდართან დაკავშირებით რაიმე ვერსია თუ გაქვთ?
- რაიმე ვარაუდებზე და ვერსიებზე საუბარი ამჟამად ძალიან ძნელია, მით უმეტეს გუშინ მთელი ღამე შემთხვევის ადგილზე და პოლიციაში დაკითხვაზე გავატარე. ამიტომ, სწორი ანალიზის გაკეთება ძალიან მიჭირს. გეტყვით იმას, რომ ბუნებრივია გარკვეული ეჭვები გამაჩნია. ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად ვის ან რის სახელს შეიძლება ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არიან ადამიანები, ვისთანაც გარკვეული დაპირისპირება მაქვს და გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ. ჩემზე ადრეც არაერთხელ განხორციელდა გარკვეული მუქარა და სამართალდამცველებს მაშინაც მივმართე. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ მაქვს საფუძველი, რომ გამოძიება არაობიექტურობაში დავადანაშაულო. პირველ ეტაპზე რაც უნდა გაკეთდეს, ყველაფერი გაკეთებულია - ექსპერტიზა ჩატარებულია, როგორც ვიცი ყველა მოწმე, ვინც სავარაუდოდ გუშინდელ ფაქტს შეესწრო, უკვე დაკითხულია და იმედი მაქვს, რომ სიმართლე გაირკვევა.
თქვენ მუქარაზე საუბრობთ და ვისი მხრიდან იყო თქვენზე მუქარა განხორციელებული?
- ეს არის გარკვეულ პირთა ჯგუფი და მათ სახელიც მოვუძებნე, - ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც ჩემს ყოფილ მეუღლესთან გარკვეული დაპირისპირება ჰქონდა. საქმე ეხება ფინანსურ დავას. ეს იყო ჩვეულებრივი კერძო ქონებრივი დავა.
თუ არ ვცდები, ამ დავის გამო თქვენი ქონებაც იყო დაყადაღებული ხომ?
- მოგახსენებთ, რომ ჩემთვის ეს იყო მეორე ქორწინება და ჩემს მეორე მეუღლეს ერქვა ირაკლი მჭედლიძე. მასთან სულ 8-9 თვის განმავლობაში ვიყავი ქორწინებაში, მაგრამ ეს იყო არარეგისტრირებული ქორწინება, ანუ ჩვენ ხელი არ გვქონდა მოწერილი. იმ ადამიანებს, ვისთანაც ჩემს ყოფილ მეუღლეს აქვს დავა, საერთოდ არ ვიცნობდი და არანაირი შეხება მათთან არ მქონია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ადამიანები ჩემს ყოფილ მეუღლეზე ახდენდნენ ზეწოლას, რომ მე რამენაირად საქმეში ჩავერთე, ანუ ჩემი სახელი ეხსენებინა, რადგან პირველი ქორწინებიდან მე გარკვეულ ქონებას ვფლობდი და მათ სურდათ სწორედ ამ ქონებით მოეხდინათ ირაკლი მჭედლიძის ვალების უზრუნველყოფა.
ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი გამომძალველები. მათ შორის რამდენიმე სამართალდამცველიც არის. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ეს ადამიანები თვეების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ (მათ შორის - ზეწოლას ირაკლი მჭედლიძეზე) იმისთვის, რომ მათი საქმიანობის შესახებ მე არ გამეგო და შემთხვევით ეს ამბავი მინისტრის ყურამდე არ მისულიყო. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის თანამშრომლებს სამსახურის პარალელურად ბიზნესსაქმიანობის წარმოებას კატეგორიულად უკრძალავს. ამიტომ ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას მალავდნენ და მჭედლიძესაც ეუბნებოდნენ, რომ ჩემთვის არაფერი ეთქვა, რადგან ჟურნალისტი ვარ და შეიძლებოდა ეს ამბავი გამეხმაურებინა. როდესაც ეს ყველაფერი ჩემთვის ცნობილი გახდა, უკვე გვიანი იყო, ანუ მათ შორის ყველანაირი გარიგება უკვე მომხდარი იყო. თუმცა ამ ჯგუფში არა მხოლოდ პოლიციელები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც არიან.
ამ ადამიანებმა ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს იმისა, რომ მე ამ საქმესთან რამე მაკავშირებდა. სარჩელში მათ ორი ცრუმოწმეც ჰყავდათ მითითებული, მაგრამ სასამართლოზე ეს ადამიანებიც კი ვერ მოიყვანეს, რადგან ცრუმოწმეობა არც ისე ადვილია. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მთელი ჩემი უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ირაკლი მჭედლიძესთან მე შვილი არ მყავს. შვილი მყავს პირველი ქორწინებიდან და მოსამართლემ მისი ქონებაც დააყადაღა. ბუნებრივია, მე ეს ფაქტი გავაპროტესტე, მაგრამ ჩემი პოზიცია მოსამართლეს არ გაუთვალისწინებია. იგი მუდმივად არღვევდა შეჯიბრებითობის პრინციპს და ვინაიდან მოსამართლე ტენდენციური იყო, მისი აცილება მოვითხოვე, მაგრამ მან ეს შუამდგომლობაც არ დამიკმაყოფილა. პროცესზე ის მტკიცებულებებიც წარვადგინე, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, მაგრამ მოსამართლემ ისინიც არ მიიღო.
როგორ ფიქრობთ, ეს საქმე გუშინ მომხდართან რაიმე კავშირშია?
- მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ ორ საქმეს შორის კავშირი არსებობდეს. დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან ვინმესთვის რამის დაბრალება (ვინც შეიძლება სრულიად უდანაშაულო იყოს) სამართლებრივადაც ისჯება და უდანაშაულობის პრეზუმპციასაც არღვევს. გარდა ამისა, ღვთის წინაშეც არ ვიქნები მართალი, რომ ვინმეს რამე დავაბრალო. აქედან გამომდინარე, კონკრეტული გვარების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. მე თვითონაც (ბუნებრივია, ინფორმაციის მოძიების საკუთარი წყაროები მაქვს, რადგან ჟურნალისტი ვარ) პოლიციის გვერდის ავლითაც ბევრი რამის გადამოწმებას ვცდილობ და მინდა, რომ სიმართლე დადგინდეს, თუმცა ფაქტია, რომ ეს არ იყო შემთხვევითი გასროლა და არც ვიღაც გზააბნეული მონადირის იარაღიდან გასროლილი ტყვია.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნათია ხორბალაძის გარდა მანქანაში ჩემი კიდევ ერთი მეგობარი, მარიამ გიგაშვილი უნდა მჯდარიყო. უბრალოდ როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი ინტერვიუს იწერდა და ამიტომ ტელეფონს არ უპასუხა, როდესაც მას ვურეკავდი. სწორედ ამ გარემოების გამო მასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა და გამოვიდა ისე, რომ გორისკენ წავედით მხოლოდ მე და ნათია ხორბალაძე. თორემ მანქანაში რომ მარიამ გიგაშვილიც მჯდარიყო, ეს შემთხვევა უმსხვერპლოდ არ დასრულდებოდა, რადგან ტყვიამ ზუსტად იმ ადგილას გაიარა, სადაც უკანა სავარძელზე ადამიანი ზის და სწორედ ადამიანის თავის სიმაღლეზე.
გამოძიებას ეჭვმიტანილები თუ ჰყავს?
- გამოძიებას ჯერ-ჯერობით არ დაუკონკრეტებია, რამე თუ აქვს ხელჩასაჭიდი. როგორც ვიცი, ჯერ ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. სულ ცოტა ხნის წინ ველაპარაკე გამომძიებელს და როგორც ისინი ვარაუდობენ, ექსპერტიზის პასუხების მიღების შემდეგ გამოძიების შედეგიანად წარმართვის უფრო მეტი შანსი იქნება. აქვე აღვნიშნავ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ შემთხვევებს ბევრს შევსწრებივარ და შეიძლება ითქვას, ამ მხრივ საკმაოდ სერიოზული გამოცდილებაც მაქვს, მაინც გუშინდელი შემთხვევა ჩემთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა, მით უმეტეს, როდესაც გავიაზრე, რა შედეგები შეიძლებოდა მას მოჰყოლოდა“.