შსს-ს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ არევაძე მალევე დააკავეს...

შსს-ს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ არევაძე მალევე დააკავეს...

გუშინ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მე-10 კლასელი სალომეს ცრემლებმა გულგრილი ვერავინ დატოვა. მოზარდის დამშვიდება ვერც ბებიამ და ვერც მეგობრებმა შეძლეს. ცრემლიანი, ჩაწითლებული თავლებით სალომე ბადრაგის ალყაში მყოფ მამას შორიდან უყურებდა.

„სახალხო კრების“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თორნიკე არევაძე 8 მაისს დააკავეს. გუშინ რუსთავის საქალაქო სასამართლოში არევაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურორი, მირზა სუბელიანი არევაძის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

„8 აპრილს თორნიკე ორ გოგონასთან ერთად ქეიფობდა რუსთავში, რესტორან „ქალაქურში“. მას სუფრაზე მოგვიანებით მისი ნაცნობი, კუდის თანამშრომელი ვახტანგ დანელია შეუერთდა. გვერდითა სუფრაზე აზერბაიჯანელი ეროვნების სამი მამაკაცი ქეიფობდა. თურმე, ძალიან ნასვამები იყვნენ და დანელიასთან შელაპარაკება მოუვიდათ. შემდეგ მათ დანელია გარეთ გაიხმეს და იქ, მათ შორის კონფლიქტი მოხდა. მე, თორნიკეს თანმხლებმა გოგონამ მიამბო ეს დეტალები.

მისი თქმით, როცა გარედან ხმური შემოვიდა თორნიკეც გავიდა. ის გარეთ სულ ორი წუთიც არ იყო. როგორც ეს გოგო მიყვება, როცა გავედით, ჩხუბი უკვე დასრულებული იყოო. ერთი აზერბაჯანელი ეროვნების მამაკაცი საერთოდ გაქცეულა.

10 წუთში პოლიცია მისულა. დაუკითხავთ დანელია და შემდეგ გაუჩხრეკავთ მისი სახლიც. მეორე დღეს დანელიას თხვნით პოლიციაში თორნიკე და მისი რესტორანში თანმხლები გოგონაც მივიდნენ. განყოფილებაში თორნიკესთვის უთქვამთ, შენ არ ხარო-ო საჭირო.

მოგეხსენებათ, თორნიკე პოლიტიკურად აქტიური პიროვნება იყო. აკრიტიკებდა არსებულ ხელისუფლებას და კარგად ხვდებოდა, რომ მას დასდევდნენ.

27 აპრილს ის „ობიექტივის“ ეთერში გამოვიდა და ისაუბრა რუსთავში სამთავრობო გუნდის მოწყობილ ფარულ შეხვედრებზე. ზუსტად ამავე დღეს გამოიცა ე.წ დაზარალებული აზერბაიჯანლების სამედიცინო შემოწმების ბრძანება. რესტორანში მომხდარი ინციდენტიდან ერთ თვეში დაიჭირეს თორნიკე.

მე ვამაყობ ჩემი შვილით, მაგრამ სამწუხაროდ მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ისეთია, რომ ის ციხეს ვერ გადაიტანს. მას ღვიძლის ცეროზის ნიშნები აქვს...“ - საუბრობს არევაძის დედა, ლოლა ჭიპაშვილი.

ის არევაძის, ჯამრთელობის მდგომარეობაზე კონკრეტულ ინფორმაციას გვაწვდის, თუმცა თავად არევაძის ნებართვის გარეშე ამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე თავს შევიკავებთ.

დღესდღეობით, არევაძესთან ერთად ასევე დაკავებულია ვახტანგ დანელია. ეს უკანასკნელი დანაშაულს აღიარებს.

კონკრეტულად თუ რას ყვებიან თავიანთ ჩვენებებში დაზარალებულებად მოხსენიებული პირები - უცნობია ჩვენთვისაც და არევაძის ადვოკატისთვისაც. მან საქმე გუშინ ჩაიბარა და გუშინ მოსამართლე, მაია გიგაურს უშედეგოდ თხოვდა პროცესის გადადებას. „რატომ აიღეთ საქმე, თუ არ იცოდით საქმის მასალები?!“ - ნიშნისმოგებით ეკითხებოდა მოსამართლე არევაძის ადვოკატ ნონა ფილაურს.

ადვოკატისგან ორი საპასუხო სიტყვის მოსმენის შემდეგ მოსამართლემ გაფრთხილება გამოაცხო და ფილაურს დაჯარიმებითაც დაემუქრა.

„რადგან არ მქონდა საქმის მასალების შესწავლის დრო, მე ზეპირად ვერ წარვადგინე ვერც ერთი შუამდგომლობა. დაირღვა დაცვის უფლება. უფრო მეტიც - მოსამართლემ პირდაპირ მითხრა, რატომ აიღე ეს საქმეო. ეს არის ჩარევა ჩემი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ურთიერთობაში. მან ასევე დისკრედიტაცია მოახდინა ჩემი იმიჯის. მოგეხსენებათ თორნიკე ადვოკატებმა შუა გზაში მიატოვეს და ამიტომ ჩავერთე მე საქმეში. შესაბამისად, ფიზიკურად ვერ შევძლებდი შუამდგომლობების წარდგენას.

არევაძეს პირადად ვიცნობ, ვიცი მისი პოლიტიკური საქმიანობა. დიდი ხანია მიმდინარეობს მისი დევნა. აღნიშნულ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებს. ადამიანი, რომელსაც დაზარალებულს უწოდებენ, იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, როგორც შემთხვევის დროს, ასევე - ჩვენების მიცემისას. რაც შეეხება დანელიას, მისი აღიარება არევაძესთან კავშირში არ არის. ის, რომ მან აღიარა დანაშაული არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ამ საქმეში მონაწილე არევაძეცაა“ - ამბობს არევაძის ადვოკატი, ნონა ფილაური.

თორნიკე არევაძის დაკავება პოლიტიკური ნიშნით დევნად მიაჩნია ,,სახალხო კრების“ რუსთავის კომიტეტის თავმჯდომარე, ნუგზარ გველესიანს.

„თორნიკემ მითხრა, რომ დაკავების შემდეგ დიდი ზეწოლის ქვეშ მოხვდა. მისი თქმით, მთავარ სამმართველოში პოლიციის მაღალჩინოსნებმა წამოაძახეს - ,, ბიჭო, შენ პატარებს შეეშვი და დიდებზე გადახვედი“-ო. მხედველობაში ჰქონდათ შსს მინისტრთან დაკავშირებით არევაძის გაკეთებული განცხადება. 27 აპრილს თორნიკემ „ობიექტივის“ ეთერით რუსთავში მერაბიშვილის მიერ გამართულ ფარულ შეხვედრებზე ისაუბრა. სწორედ, ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება“ - საუბრობს გველესიანი.