“ქართული ოცნების“ მაისურის ტარებისთვის დასჯილი ახალგაზრდების რიცხვი იზრდება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამავე მიზეზით რუსთავის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სამაგალითოდ დაისაჯა.
“სამწუხაროდ, ამ ბავშვს თავად არ სურს მედიასთან ურთიერთობა. შეშინებულია და ფიქრობს, რომ სკოლიდან გააგდებენ. საქმე იმაშია, რომ სკოლაში ,,ქართული ოცნების“ მაისურით მივიდა. ამის გამო მანდატურმა სკოლის დირექტორთან, ქეთევან ხვადაგიანთან შეიყვანა, მისი ბრძანებით კი ბავშვს მაისური გახადეს და დემონსტრაციულად სანაგვე ურნაში გადაუგდეს. რამდენადაც ვიცი, მოსწავლე წელზევით შიშველი არ დარჩენილა, მას მოსაცმელი ეცვა და ის მოიხურა.
გასაგებია, რომ სკოლა პოლიტიკური შეხედულებების დემონსტრირების ადგილი არ არის, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს “მიშა, მიშა“-ს საძახებლად ჩაშლილი სასწავლო პროცესები და პრეზიდენტის დასახვედრას სკოლიდან წაყვანილი ბავშვები.
აქ, ასევე ერთ-ერთი მთავარი მომენტი მოსწავლისთვის წართმეული პირადი ქონება - მაისურია. რა უფლება ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციას ბავშვის საკუთრება სანაგვეზე გადაეგდო?! არ შეიძლებოდა, რომ ეს მაისური ბავშვს ჩანთაში ჩაედო?!
ამ შემთხვევაში ჩანს, რომ სკოლის დირექტორს სურდა მოზარდის სამაგალითოდ დასჯა და შერცხვენა. ამით ალბათ, ერთგულება ნაციონალურ მოძრაობას დაუდასტურა“ - ამბობს ჩვენი წყარო.
რუსთავის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორს, ქეთევან ხვადაგიანს, ნაციონალური-მოძრაობისთვის დასამტკიცებელი არაფერი აქვს. მისი და ადგილობრივი ნაციონალების ახლო და მეგობრული ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია. ხვადაგიანი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, „ქრისტიან-დემოკრატი“ ფიქრია ავალიანის მეგობარია.
მაისურებთან დაკავშირებული შემთხვევის გადასამოწმებლად, რუსთავის მე-8 საჯარო სკოლას ვესტუმრეთ. სკოლის თანამშრომელი დირექტორს ტელეფონით დაუკავშირდა და ჩვენ შესახებ შეატყობინა.
„დირექტორი თათბირს მართავს და ვერ შეგხვდებათ. მითხრა, გააბრუნეთო“ - ტელეფონის გათიშვის შემდეგ, მოგვმართა ხვადაგიანის თანამშრომელმა.
მე-8 სკოლის მამაკაცმა მანდატურმა სკოლის ფოიეს დატოვება გვიბრძანა. შემდეგ კი სკოლის გარეთაც ჩვენი მუშაობა მისი შენიშნვების გარეშე ვერ წარიმართა.
„თქვენ არ გაქვს სკოლის გადაღების უფლება. გათიშეთ აპარატი!“ - გვიბრძანა მან. მოგვიანებით კი, ზემდგომთან სატელეფონო საუბრით გაარკვია, რომ სკოლის გადაღების უფლება გვქონდა და ტყუილად ირჯებოდა.
მე-8 სკოლის საკითხზე კომენტარის მისაღებად, რუსთავის რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან, მარინა უგულავასთან ვცადეთ დაკავშირება. უგულავამ ჩვენს სატელეფონი ზარს არ უპასუხა.
„ქართული ოცნების“ მაისურებთან დაკავშირებით საჯარო სკოლებში ინციდენტებს სხვა ქალაქებშიც ჰქონდა ადგილი. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაისურის ტარების გამო, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები დირექტორმა გაკვეთილებიდან გამოიყვანა. „როგორც მოსწავლეები აცხადებენ, დირექტორმა გენადი მარგველაშვილმა მუქარნარევი ტონით მათ მოახლოებული გამოცდებიც შეახსენა“ - ინფორმაციას „ინფო 9“ ავრცელებს.