დღეს ტყიბულში საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ს გადამღები ჯგუფის მძღოლი ელგუჯა ობოლაძე სცემეს. როგორც „ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტატი კანდიდატი ელისო ჩაფიძე აცხადებს, ობოლაძეს ტყიბულის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კახა ვახტანგაძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
მომხდარის დეტალებში უკედ გასარკვევად for.ge ელისო ჩაფიძესა და „ინფო9“-ს გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელს, ნანა რაზმაძეს ესაუბრა.
ნანა რაზმაძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გუშინ ელისო ჩაფიძის მოსახლეობასთან შევხედრებს აშუქებდა. რაზმაძის თქმით, ტყიბულის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კახა ვახტანგაძე გუშინდელ შეხვედრაზე მივიდა და ცდილობდა, რომ იქ არეულობა შეეტანა. ამაზე „ინფო9“-ს გადამღები ჯგუფის მძღოლმა, ელგუჯა ობოლაძემ კახა ვახტანგაძეს წესრიგისაკენ მოუწოდა, რაზეც ეს უკანასკნელი დაემუქრა.
„დღეს დილით, დაახლოებით ცხრა საათზე, როდესაც ელგუჯა ობოლაძეს ჩემი ოპერატორი სახლიდან სამსახურებობრივი მოვალეობის შესასრულებლად მოჰყავდა, მასთან კახა ვახტანგაძე მიიჭრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენჯერმე სახეშიც გაარტყა. ამის შემდეგ ჩვენ მივედით მერიაში, სადაც ვახტანგაძე მოვიკითხეთ. ვახტანგაძემ მომხდარი კატეგორიულად უარჰყო, შემდეგ კი გვერდზე გაიხმო ზაზა კოლელიშვილი (რომელიც ტყიბულში „ქართულ ოცნებას“ ახლავს) და უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა.
მოგვიანებით ჩვენ გავარკვიეთ, რომ ეს სიცრუე იყო. ამის შემდეგ მივედით მის კაბინეტში, რადგან მისი ჩაწერა გვინდოდა, მაგრამ მისი კაბინეტი ცარიელი დაგვხვდა“, - ამბობს ნანა რაზმაძე for.ge-სთან საუბარში.
„ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარი კანდიდატი ელისო ჩაფიძე კი ყვება იმ ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ, რაც მას ადგილზე მოსახლეობასთან შეხვედრებისას ხვდება. ჩაფიძე უკვე ერთი კვირაა ცნობილ სახეებთან ერთად ტყიბულში მოსახლეობასთან შევხედრებს მართავს და „ქართული ოცნების“ მიერ 10 ივნისს ქუთაისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.
ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ მოსახლეობას ხელისუფლების წარმომადგენლები აფრთხილებენ, ჩაფიძესთან შევხედრაზე არ მივიდნენ და, ასევე ქალაქში გაკრულ „ქართული ოცნების“ პლაკატებს ხევენ. ამასთანავე, ჩაფიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებს მომავალი აქციის შესახებ სხვადასხვა თარიღებს ეუბნებიან, კერძოდ, თითქოს, აქცია 11-დან 15 ივნისამდე ჩატარდება და ხალხი ამის გამო დაბნეულია. ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ ხვდება მოსახლეობას, ეუბნება, რომ აქცია 10 ივნისს 18.00 საათზე ჩატარდება და ასევე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას აცნობს. გუშინდელ ინცინდენტს ჩაფიძე პროვოკაციას უწოდებს.
„გუშინ მივედით ტყიბულის მეორე საარჩევნო უბანზე, სადაც მოსახლეობა იყო შეკრებილი. ადგილზე დაგვხვდა ორი აგრესიული მამაკაცი და როდესაც მათი ვინაობით დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ქალაქ ტყიბულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, კახა ვახტანგაძე იყო. ეს ადამიანი პარლამენტან დიმიტრი ლორთქიფანიძეს (რომელიც ამ შეხვედრაზე გვახლდა) აგრესიულად ელაპარაკებოდა, რის გამოც მას „ინფო9“-ს გადამღები ჯგუფის მძღოლმა, ელგუჯა ობოლაძემ შენიშვნა მისცა. ამაზე ვახტანგაძე მას დაემუქრა სიტყვებით, - „შენ ტყიბულელი არ ხარ, მე შენ გნახავ და დაგელაპარაკებიო“ და ა.შ.
ვახტანგაძემ თავისი ეს მუქარა დღეს დილით აასრულა, დილით ელგუჯა ობოლაძეს თავს დაესხა, სახეში რამდენჯერმე გაარტყა და გაიქცა. ამის შემდეგ ჩვენ მივედით გამგეობაში, სადაც გამგებელი არ დაგვხვდა, რადგან ადგილზე ჩამოსულები იყვნენ ქალბატონი სანდრა რულოვსი და ბატონი დავით ბაქრაძე. მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მათ ჩვენი ამ არგუმენტების გასაბათილებლად უშოვიათ ერთი პაციენტი და მის დასახმარებლად იყვნენ მისულები“, -ელისო ჩაფიძე for.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, ტყიბულის გამგეობას კახა ვახტანგაძის თანაბდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა, რადგან ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოქალაქეს ემუქრება, შემდეგ კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდეს.
ჩაფიძის თქმით, მან მომხდართან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორიც საქმის კურსში ჩააყენა, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობე-საქართველოს“ რეგიონალური ოფისი და ისინი წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით „NDI”-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლუის ნავაროს ჩააყენებენ საქმის კურსში.
გარდა „ინფო9“-ს გადამღები ჯგუფის მძღოლის ცემისა, ელისო ჩაფიძე კიდევ სხვა დარღვევებზეც საუბრობს.
„მოგეხსენებათ, დიმიტრი შაშკინმე გამოსცა ბრძანება, რომლითაც პედაგოგები ვალდებულები არიან დღის ოთხ საათამდე სკოლაში იყვნენ. მიხედავად ამისა, გუშინდელ შეხვედრაზე რამდენიმე პედაგოგი დაფიქსირდა, მათ შორის მაია ლობჟანიძე. ისინი „ქართული ოცნების“ მოსახლეობასთან შევხედრებს ესწრებიან არა იმიტომ, რომ მხარს გვიჭერენ, არამედ ძირითადად აკვირდებიან, ვინ მოდის ამ შეხვედრაზე, იღებენ ფოტოებს და ა.შ.“, - ამბობს ელისო ჩაფიძე.