სააკაშვილი

სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის დირექტორის დასჯას ითხოვს?

გუშინ, ქუთაისის ახალაშენებული პარლამენტის ხარაჩო ჩამოინგრა თუ შენობის ფლიგელი, დღემდე გაურკვეველია. ფაქტია, რომ ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებულმა სამძიმარმა და ღრმა მწუხარებამ არ დააყოვნა, ისევე როგორც წყალდიდობის და სხვა უამრავი ტრაგიკული ფაქტის შემთხვევაში.

ყველაფერი ან სტიქიის ბრალია, ან უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის, ან რაიმე ზებუნებრივი, პარანორმალური მოვლენის _ კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენის კულტურა და ტრადიცია საქართველოში არ არსებობს. ხარაჩოებისა და სანიაღვრე ქსელების დაპატიმრებას რომ აზრი არ აქვს, როგორღაც ყველას გვესმის.

"საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ამხელა მასშტაბის მშენებლობა, რაც ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარეობს, თან ეს ხდება ამდენი წლის არაფრის კეთების, უმუშევრობის ფონზე, მაგრამ მეორეს მხრივ, მე ყოველდღე ვურეკავდი რამაზ ნიკოლაიშვილს და ვეუბნებოდი, რამაზ, შეხედე უსაფრთხოების წესებს!

ყველას ვეუბნებოდი, რომ გაეთვალისწინებინათ უსაფრთხოების წესები. გუშინ არამიანცის საავადმყოფოც ჩამოინგრა და იქაც მსხვერპლი იყო. ყველა მშენებლობის ხელმძღვანელებზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, სადაც კი ასეთი ფაქტი მოხდება," _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რამაზ ნიკოლაიშვილი რატომ ახსენა პრეზიდენტმა უსაფრთხოების წესებთან ერთად, ამას, ალბათ, მალე შეიტყობს საზოგადოება. რაც შეეხება "მშენებლობის ხელმძღვანელებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას," რომელსაც პრეზიდენტი ასე დაჟინებით ითხოვს, აქ უკვე რამაზ ნიკოლაიშვილზე არანაკლები გავლენის მქონე პერსონებზე შეიძლება მსჯელობა.

რომელია ის კომპანია, რომელსაც ხელისუფლებამ ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ჩააბარა?

მთავრობის 2011 წლის დადგენილებით, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის დაფინანსება შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს მეშვეობით მოხდა, რომლის 100 პროცენტიანი მეპატრონე თავად სახელმწიფოა. უშუალოდ მშენებლობას კი კომპანია "მაგი სტილი" ახორციელებდა, რომელმაც მშენებლობის უფლება ყოველგვარი ტენდერის გარეშე მიიღო.

ქუთაისის პარლამენტის მშენებლობას არმატურით კომპანია "ჯეოსთილი" ამარაგებდა. ამ ინფორმაციას სწორედ მის ოფიციალურ ვებგვერდზე geosteel.com.ge ვკითხულობთ:

"ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა "ჯეოსთილის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც იგი არმატურით ამარაგებს. პარლამენტს ”მაგი სტილის” ქვეკონტრაქტორი კომპანია Meno Internationla-ი აშენებს, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი დეველოპერია საქართველოში. მისი დაარსებიდან _ 1995 წლიდან, იგი გაიზარდა და ბაზარზე კარგად დამკვიდრდა. პარლამენტის მშენებლობა კომპანიის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია. მისი დასრულება 2012 წელს იგეგმება."

რაც შეეხება კომპანია "ჯეოსთილს", საჯარო რეესტრის 2012 წლის 7 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, მისი მეწილეები "ჯორჯიან სთილ გრუპ ჰოლდინგ ლიმიტედი, (ჟენევა, პალასი) 51% და "ჯეი ეს დაბლიუ სთილ ლიმიტედი" 49% (ამსტერდამი, კლოდ დებასსილან 24) არიან. ამ კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ 7 პირს შორის, ერთადერთი ქართველია _ სავაჭრო პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი. დანარჩენები კი ინდოეთის მოქალაქეები არიან.

რაც შეეხება კომპანია "მაგი სტილს", მისი მეპატრონეები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, ტელეკომპანია "რუსთავი "2-ის დირექტორი და მეწილე გოგი გეგეშიძე და ბიზნესმენი გიორგი კურცხალია არიან.

ჩიქოვანი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ 2009 წლის ივნისში აირჩიეს. მანამდე ის ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი და აქციათა 30%-ის მფლობელი იყო. ამავე დროს თავის ორ ბიზნესპარტნიორთან _ გიორგი კურცხალიასთან და გიორგი გეგეშიძესთან ერთად ფლობდა და, რაც მთავარია, დღესაც ფლობს ყველასთვის კარგად ცნობილ სარეკლამო კომპანიას _ "მაგი სტილი".

"მაგი სტილის", "გლობალ-მედია ჯგუფის" და თავად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფისები ერთ შენობაში გახლდათ განთავსებული, რომელიც სხვათა შორის, "მაგი სტილის" მიერ არის აშენებული.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ჩიქოვანმა "რუსთავი-2"-ის გენდირექტორის პოსტი დატოვა, მისი ადგილი მისმა ერთგულმა და მუდმივმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი გეგეშიძემ დაიკავა. გიორგი გეგეშიძე არა მხოლოდ "რუსთავი-2"-ის, არამედ ტელეკომპანია "მზის" აქციების ათ პროცენტსაც ფლობს.

გიორგი გეგეშიძე და ირაკლი ჩიქოვანი საჯარო რეესტრის 2012 წლის 13 მარტის მონაცემით, კვლავ ერთობლივად ფლობენ "მაგი სტილს", რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო, როგორც მხოლოდ სარეკლამო და დიზაინერული კომპანია, დღეს კი დეველოპერულ საქმიანობაშიც არის ჩართული.

ქუთაისში დატრიალებულ ტრაგედიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც ეხმაურება და მომხდარის დეტალურად გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს:

"როგორც მოგეხსენებათ, მოხდა ტრაგიკული ფაქტი. ქუთაისში მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ და ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილნი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს," _ აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელ “Facebook”-ში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

საინტერესოა, ვისგან ითხოვენ ქვეყნის პირველი პირები დამნაშავის დასჯას

ან რომელიმე მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით დასჯილი დამნაშავის შესახებ რამე სმენიათ?

შეუძლიათ თუ არა საჯაროდ დაასახელონ ის კომპანიები, რომლებიც ქუთაისის პარლამენტის მშენებლობაში მონაწილეობდნენ?

და ბოლოს, კიდევ მერამდენე მსხვერპლზე უნდა მოვისმინოთ: "საქართველოს ხელისუფლება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ..."