რატომ გაიქცა საქართველოდან „ქართული ოცნების“ აქტივისტი (VIDEO)

რატომ გაიქცა საქართველოდან „ქართული ოცნების“ აქტივისტი (VIDEO)

„ქართული ოცნების“ აქტივისტი ზვიად ხვედელიძე საქართველოდან უკვე 5 თვეა გაქცეულია. მისი თქმით, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელები წინასაარჩევნოდ აგენტობას აიძულებდნენ. სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოდან გაქცევის შემდეგ, ხვედელიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

2011 წლის ნოემბერში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი ზვიად ხვედელიძე აქტიურად ჩაება ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნების“ საქმიანობაში. ნოემბერში ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაშიც აქტიურად მონაწილეობდა და ლაგოდეხში, „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი გახდა. პოლიციამ ის 2011 წლის 7 დეკემბერს დააკავა. ეს ფაქტი არ გახმაურებულა.

რა მოხდა 7 დეკემბერს

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ზვიად ხვედელიძემ 2011 წლის ნოემბერში ტელეფონით გაიცნო ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ი. ბ, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა სატელეფონო საუბრებით. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ქალბატონის ვინაობას ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე არ ამჟღავნებს.

„იგი ი. ბ-ს პირველად შეხვდა 2011 წლის 7 დეკემბერს და შესთავაზა ქალაქ გურჯაანში მდებარე რესტორან „რებიში“ გამასპინძლება, რაზედაც ი. ბ. დასთანხმდა და საღამოს შევიდნენ აღნიშნულ რესტორანში. იმის გამო, რომ ისინი პირველად იყვნენ შეხვედრილები, ი. ბ-მ ზვიად ხვედელიძეს უთხრა, რომ საერთო დარბაზში დამსხდარიყვნენ, მაგრამ ზვიად ხვედელიძემ შეიყვანა კუპეში, სადაც ისინი განმარტოებით იმყოფებოდნენ. გამასპინძლებისას ზვიად ხვედელიძე სვამდა კონიაკს, რასაც ი. ბ-საც ასმევდა. როდესაც იგი შეთვრა, განიზრახა ი. ბ-ს გაუპატიურება. ამ მიზნით მის მიმართ იხმარა ძალადობა, ცდილობდა ძალის გამოყენებით ტანსაცმლის გახდას, რა დროსაც ი. ბ. უწევდა წინააღმდეგობას, ამასთან ეუბნებოდა დაენებებინა თავი და ხელების და ფეხების გამოყენებით ცდილობდა მის მოცილებას. მიუხედავად ამისა, ზვიად ხვედელიძე განაგრძობდა ძალადობით ი. ბ-სთვის ტანსაცმლის გახდას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რა დროსაც მან დაახია ქვედა კაბა, „კოლგოტი“ და მიაყენა სხეულის დაზიანებები. ამ ძალადობისას დაიმტვრა ჭურჭელი. ი. ბ-მ, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობდა, დაიწყო ყვირილი და შველას ითხოვდა, რა დროსაც მან შეძლო დასხლტომა, გახსნა კარები და ყვირილით გაიქცა კუპიდან, რითაც თავი დააღწია ზვიად ხვედელიძეს“, - აღნიშნულია საბრალდებო დასკვნაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ძებნაში მყოფ ზვიად ხვედელიძეს სკაიპით ესაუბრა: „ი. ბ. ტელეფონით გავიცანი. მე მისთვის არასოდეს დამირეკავს, ყოველთვის თვითონ მირეკავდა. პირველად ნოემბერში დამირეკა და გიორგი იკითხა. ვუთხარი გიორგი არ ვარ მეთქი. მერე კიდევ დარეკა, შენი ახლობელი ხომ არ არის, სადაური ხარო. ვუთხარი, ლაგოდეხში ვცხოვრობ მეთქი. რა დამთხვევაა, მეც ლაგოდეხელი ვარო. მერე კიდევ დამირეკა, რამდენიმე დღის შემდეგ, შენ რა პოპულარული კაცი ყოფილხარ, ყველა გიცნობს სადაც ვიკითხეო. 23 ნოემბერს გიორგობაც მომილოცა. 7 დეკემბერს დამირეკა და მთხოვა, ჩემი ძმაა ბაქოში, რაღაც გამომიგზავნა, ერთ კაცს გამოატანა და გთხოვ, შენ არ გექნება მაგის პრობლემა, რომ გურჯაანში გამიყვანოო. ვუთხარი, თუ მოვახერხე, გაგიყვან მეთქი. წავედი, მეგობარს მანქანა ვეთხოვე და ი. ბ. გურჯაანში გავიყვანე. პირველად მაშინ ვნახე. კოტეხში, მარცხენა მხარეს რომ კორპუსია, მანდ გამაჩერებინა მანქანა, შევიდა კორპუსში, გამოვიდა 10 წუთში და ეს ქალი გამაგიჟებსო, ვიღაც ქალზე ლაპარაკობდა. სანამ ლაგოდეხიდან გამოვიდოდი, დავურეკე და ახლა მეზობელმა მითხრა თავის გოგოსთან იქნება წასულიო. მოდი, რესტორანში გეპატიჟები, ცოტა ხნის წინ დამპატიჟეს და კარგ ხაჭაპურს აცხობენო. მე ვუთხარი, კაცი ვარ, ოჯახში ვარ გაზრდილი, შენ რატომ დამპატიჟებ, მე დაგპატიჟებ მეთქი. მივედით რესტორანში, ქვემოთ ჩავედით. იქ ერთი ქალია გამხდარი, ყვითელთმიანი, სახელი არ ვიცი, ხშირად მინახავს. გვიმასპინძლებთ მეთქი? - ვკითხე. კი, მარტო თქვენ ორნი ხართო? კი მეთქი - ვუპასუხე. თქვენ ხართ რომ შეუკვეთეთო? მე არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. დავსხედით. პირველად ვხვდებით და არაფერი დავლიოთო? - მკითხა ი. ბ-მ. საჭესთან ვარ მეთქი, შევახსენე. კარგი რა, არ მითხრა რომ გეშინია, მთელ კახეთს იცნობ, რა პრობლემა გაქვსო. მიმტანს პატარა, 200 გრამიანი კონიაკი მოვატანინე, სამ-სამი პატარა ჭიქა გამოგვივიდა, დავლიეთ.

- დარბაზში რატომ არ დასხედით?

- სადაც რესტორნის მიმტანმა შეგვიყვანა, იქ დავსხედით. იმ დროს არ დავეჭვდი.

- ქალბატონს ტელეფონი თან ჰქონდა?

- კი, ტელეფონი თან ჰქონდა.

- როცა ვახშმობდით, ტელეფონით კონტაქტი არ ჰქონია არავისთან?

- კი, მესიჯებს იღებდა და სადღაც რეკავდა. მეგონა, იმ ქალს ურეკავდა. გამოვედით ტუალეტში. ის ქალების ტუალეტში შევიდა, მე კაცების ტუალეტში. ტუალეტიდან რომ გამოვედი, ისევ კუპეში დავბრუნდი. 7 დეკემბერი იყო, შემცივდა და გამათბობელს მივუახლოვდი. ის ჩემს მერე შემოვიდა. კარი მოიხურა, მაგიდასთან მივიდა, მიტრიალდა ისევ, გააღო კარი, გაიხედა ეზოში, შემობრუნდა თუ არა, მაგიდაზე ლიმონათის ჭიქა იდგა, აიღო ეს ჭიქა და გულზე მიისხა, დაარტყა მაგიდაზე და შე ნაძირალაო, ეს მოასწრო ეთქვა. ამ დროს კიდეც გაიღო კარები და შემოვიდნენ ორნი. ეგრევე მოწმობები ამოიღეს, პოლიციაო. პოლიციელებმა ტელეფონი და მანქანის გასაღები გამომართვეს, ჩამსვეს თავის მანქანაში. სახელი არ უთქვამთ.

- სად წაგიყვანეს?

- გურჯაანის პოლიციაში მიმიყვანეს, მაგრამ წინა შესასვლელიდან არ შემიყვანეს (ვიდეოთვალია დამონტაჟებული. ავტ), სხვა შესასვლელიდან შემიყვანეს. ერთ-ერთ ოთახში დამსვეს 5 წუთი, მერე გამიყვანეს იმ ოთახიდან, ჩემი პალტო შემომაფარეს და სწრაფად, სირბილით, მარცხენა მხარეს, კიბეებზეო და ამიყვანეს მეორე სართულზე კიბის მარცხნივ მდებარე ოთახში, მაგიდაზე აბრა იდო, კერატიშვილი ეწერა.

- გიორგი კერატიშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსია. ოთახში რამდენი იყვნენ და ვინ?

- ერთი ფეხზე იდგა ფანჯარასთან, ერთი მაგიდასთან სავარძელში იჯდა და ერთიც კედელთან მდგარ სავარძელში. სახელი გვარი მკითხეს, ვუპასუხე. ფეხზე ვინც იდგა, იმან თქვა, მე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ვარო (ზურაბ ლალიაშვილი. ავტ). შენთვის ხომ „იასნია“ რა დონეზეც არის საუბარიო. დაახლოებით, მაგრამ არ ვიცი რაზეა საუბარი მეთქი. ეხლა შენ სხვა გამოსავალი თუ გქონდეს, ჩემი დედა ვატირეო. ეხლა ის დაბლა ჩვენებას წერსო, იმ ქალზე მეუბნება, ან მინიმუმ 6 წელი გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით და აქედან პირდაპირ გლდანში, ან ჩვენ შენთან სერიოზული თანამშრომლობა გვინდაო. არც დრო გაქვს გადაწყვეტილების მისაღებადო. ჯერ მკითხა გამეზარდაშვილს იცნობო? ვიცნობ მეთქი, რომან კუსიანსო? ახლოს არა, მაგრამ რამდენჯერმე შევხვდი მეთქი. (ზურაბ გამეზარდაშვილი ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და იმ დროისთვის „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. რომან კუსიანი კი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობაში რეგიონებს კურირებს. ავტ).

- რა პირობის შესრულება მოგთხოვათ?

- ყველანაირად მოგეხმარებით, ფულით, ყველაფრით და შენ გახდები ლაგოდეხში პირველი კაცი, ალასანიას დასაყრდენი იქნები მინიმუმ ლაგოდეხში და შეიძლება უფრო მაღალ დონეზეცო. იქ გამეზარდაშვილია, მაგრამ მას არ ენდობიან იმდენად, შენ უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს და თუ საჭირო გახდება, გამეზარდაშვილს მოგაშორებთო. ეგ როგორ მეთქი? შეტევაზე გადმოვიდა, შენთვის ყველაფერი გასაგებია და აღარ გავიმეორებ, შეგიძლია ადვოკატი მოითხოვო, მაგრამ კარგად იცი, რომ ადვოკატი მკვდარზე გვირგვინიაო. თუ გინდა შენს ცოლ-შვილთან დაიძინო, თანამშრომლობაზე დაგვთანხმდიო. მე ვუთხარი, ორი მცირეწლოვანი შვილი და ცოლი მყავს, არც მაქვს ალასანიასთან ურთიერთობა, არც ვიცნობ, უბრალოდ ერთი ორჯერ რომანს შევხვდი მეთქი. ჩემი ყველა სატელეფონო საუბარი მოსმენილი ჰქონდათ. კიდევ ერთხელ გამიმეორა, „იმენა“ ალასანიასთან იქნები იმიტომ, რომ საფუძველი ჩაყრილია ამისთვის, გიცნობენ, შენზე გარკვეული ინფორმაციები მოგროვილი აქვთო. დაწერ ხელწერილს, რომ ჩვენთან თანამშრომლობო. ამასობაში იმ ქალის დაწერილი ჩვენებაც ამოიტანეს. ეს არის ჩვენი გარანტია, რომ არ გადაბრუნდე, რა დროსაც პოზიციას შეიცვლი და არ ითანამშრომლებ, ჩათვალე, რომ ციხეში ხარო, მითხრა კუდ-ის უფროსმა. იმ მდგომარეობაში ვიყავი, რომ არ დავთანხმებოდი, მაშინვე ციხეზე გადამიყვანდნენ. დრო რომ მომეგო, თანამშრომლობაზე დავთანხმდი“.

შსს-ს კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსმა ზურაბ ლალიაშვილმა ხვედელიძეს კუდ-ის ლაგოდეხის ჯგუფის უფროსი თამაზ ჯავახიშვილი მიამაგრა, რომელიც გურჯაანის პოლიციის უფროსის ოთახში ამ საუბარს ესწრებოდა. იმავე საღამოს, ზვიად ხვედელიძეს, გამოცხადების ვალდებულებაზე ხელწერილი დააწერინეს. „გამომძიებელმა თვითონ ამობეჭდა ჩვენებაც, რომელიც არ წამაკითხეს და ხელი ისე მომაწერინეს“, - აღნიშნავს ზვიად ხვედელიძე.

„რომ გამომიშვეს, მანქანა დამახვედრეს გურჯაანი - აფენის გზაზე. ჯავახიშვილმა მითხრა, არ ინერვიულო, აზრზე არ ხარ რა მაგარ „პონტში“ ხარო. თავის კონფიდენციალური ტელეფონის ნომერი მომცა 598 24 24 ... შევხვდებით კონფიდეციალურადო და მართლა მოსვენებას არ მაძლევდა. ყოველ ღამე, 3 საათზე მირეკავდა. ვეუბნებოდი, ხომ ხედავ ჯერ არაფერი მოძრაობა არ არის მეთქი. მე ჩემსას ვფიქრობდი, რომ დრო მომეგო, არც პასპორტი მქონდა, არც ფული, თან ვფიქრობდი საზღვარი დაკეტილი ექნებათ ჩემთვის, გაწითლებული ვიქნები მეთქი. წვალებით პასპორტი გავაკეთე, დაჩქარებული წესით. გამეზარდაშვილისთვისაც კი არ მითქვამს ეს, მარტო ორ უახლოეს ადამიანს ვუთხარი, რამე რომ მომხდარიყო, ვინმეს სიმართლე სცოდნოდა. პასპორტი რომ ავიღე, დილით იყო ფრენა და წავედი. მესაზღვრემ ბეჭედი რომ ჩამირტყა, ამოვისუნთქე. ბელორუსიაში რომ ჩავფრინდი, იმ ქალს დავურეკე, ეს რა გააკეთე მეთქი? ზუსტად ნახევარ საათში ჯავახიშვილი მირეკავს იმ ნომერზე, რითაც მე ი. ბ-ს დავურეკე და მეუბნება, ეს რა გააკეთე, სად წახვედიო. დაბრუნდი, გზის ფულს მე გადავიხდი და ყველაფერს მოგიგვარებო. ვუთხარი, 2 დღის შემდეგ დაგირეკავ მეთქი. ბელორუსია დავტოვე და სხვა ქვეყანაში გადავედი“, - ამბობს ზვიად ხვედელიძე.

- ვიდრე წახვიდოდი, ერთი თვის განმავლობაში ჯავახიშვილს რომ ხვდებოდი, რაზე საუბრობდით, რა აინტერესებდა?

- დაკავებიდან 4-ჯერ შევხვდით კონსპირაციულად. ბლოკნოტს დაიდებდა და ყველა სატელეფონო საუბარზე, ვისთანაც მქონდა კონტაქტი, მეკითხებოდა, ამან ის რატომ გითხრა, იმან ის რატომ გითხრაო. ზურა გამეზარდაშვილი მეუბნებოდა, კიდევ მეტი ხელმოწერა გავაკეთოთ ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნითო. მე 1 000-მდე ხელმოწერა უკვე გაკეთებული მქონდა. ჯავახიშვილმა მითხრა, გააკეთე ბიჭო, რა გინდა, მე მოგეხმარებიო. ერთ ღამეს დამსვა, თავის 2 თანამშრომელი შემოიყვანა, კუდ-ის სიები გადმოიღო, ყველას საპასპორტო მონაცემები ჰქონდათ. თავის თანამშრომლებს შეავსებინა 400 ხელმოწერა. ერთი სატელეფონო საუბარიც გაშიფრეს. ზურამ მითხრა, რომ ჩამოვალ, ბელადს შევხვდებითო.

- ბელადი ვინ არის?

- ჩვენი საერთო მეგობარი ისაკო ცქიფურიშვილია. ამათ ეგრევე გაშიფრეს. ჯავახიშვილმა, ჩემი დედა ვატირე, ყველა შემთხვევაში ეს საუბარი უნდა ჩავწეროთ ისინი რას ისაუბრებენო, მაგრამ შეხვედრა აღარ შედგა“.