დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ქუთაისში პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის ადგილს მოინახულებენ. ამჟამად სააკაშვილი უკვე ქუთაისშია და როგორც ადგილობრივებმა presage.tv–ს აცნობეს, ქუთაისის ქუჩებში დასეირნობს. მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი ქალაქში ძალიან ბევრი პოლიციელია მობილიზებული.
„ამჟამად ქუთაისის ცენტრში, თეატრთან უამრავი პოლიციელია მობილიზებული. აქ არიან სახელმწიფო დაცვის სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა უწყებების თანამშრომლებიც. იმდენი პოლიციელია, რომ ომი იწყება, თუ რა ხდება ვერ გავიგეთ“, – აღნიშნავს ერთ–ერთი ადგილობრივი მკვიდრი presage.tv–სთან საუბარში. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უზარმაზარი ამალით გადაადგილდება ქუთაისის ქუჩებში და ამის გამო მთელი ქალაქი პარალიზებულია.
გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ლამის მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო ზრუნავს. როგორც ჩანს, ნაცმოძრაობის ადგილობრივმა მესვეურებმა სააკაშვილის სულიერ სიმშვიდეზეც იზრუნეს. კერძოდ, როგორც presage.tv –ს ქუთაისიდან აცნობებენ, გუშინ საღამოს მთელ ქუთაისში ჩამოიარეს და „ქართული ოცნების“ პლაკატები ჩამოხიეს.
„წუხელ ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურმა დაიარა მთელი ქალაქი და თუკი სადმე, ხეზე ან კედელზე „ქართული ოცნების“ პლაკატები იყო გაკრული, ყველა ჩამოხიეს და ის ადგილებიც ისე გაასუფთავეს, რომ არც ეტყობა, თუკი აქ პლაკატები იყო გაკრული. საინტერესოა ისიც, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს თან დაჰყვებოდნენ პოლიციის ოპერმუშაკები და როგორც ჩანს პლაკატების ჩამოხევის პროცესს ზედამხედველობდნენ“, – ატყობინებენ presage.tv–ს ქუთაისიდან.
შეგასენებთ, რომ ორი დღეა ქუთაისი პრაქტიკულად პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრად არის ქცეული. გუშინ იქ „ქართული ოცნების“ აქტივისტები დააკავეს, საღამოს კი ქუთაისის პარლამენტის ახალაშენებული შენობის დამხმარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.
10 ივნისს ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქციის ჩატარება იგეგმება და კოალიციის პლაკატებიც ქალაქის ქუჩებში სწორედ ამის გამო იყო გაკრული, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, წუხელ ისინი სულ ჩამოხიეს.