ზვიადაური და რაზიკაშვილები VS ხელისუფლება და”საქართველოს ბანკი”

ზვიადაური და რაზიკაშვილები VS ხელისუფლება და”საქართველოს ბანკი”

ზვიადაური და სვავები

 

მას შემდეგ, რაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ოფიციალური განცხადება გააკეთა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანების შესახებ, ოციოდე დღე გავიდა, საზოგადოება კი, ლამის ყოველ დღე, ახალ-ახალ სკანდალურ ინფორმაციას იგებს, რომლებიც უშუალოდ მას, მის ახლობლებს ანაც, ზვიადაურის პარტნიორ ბიზნეს კომპანიას უკავშირდება.

5 ივნისს ოლიმპიურმა ჩემპიონმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო ხანს ჩემი და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები ხელისუფლების მხრიდან შეტევას დაემსგავსა. ჩემს მეგობრებს იბარებენ ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში, ცდილობენ მათ მოსყიდვას და გარკვეული ანაზრაურების სანაცვლოდ, ”ქართული ოცნების” მხარდაჭერაზე უარის თქმას აიძულებენ. სპორტსმენებზე ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობს ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი. მან დაუფარავად განუცხადა ევროპის ჩემპიონს, ნოდარ მეტრეველს, რომ ზურაბ ზვიადაურს დენზე შევაერთებდით, ამერიკელი დამკვირვებლების რომ არ გვეშინოდესო. ამ სიტყვებით ნათელია, თუ რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა და ტერორი. ჩვენ ვერც შეგვაშინებენ და ვერც მოგვისყიდიან. ჩვენ ჩავერთეთ საკუთარი ქვეყნის ყოფნა-არყოფნისათვის ბრძოლაში და მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე. რაც შეეხება ჩემს დენზე შეერთების სურვილს – ვურჩევ, არ ეცადონ! დღეს სხვა საქართველოა, ხალხის დაშინების დრო წავიდა! ქართველი ხალხი, ძალიან მალე, საქართველოს ხელისუფლებას, მათივე დამკვიდრებული “წესით”, როგორც ნაგავს, ისე მიაბამს დენზე და წარსულს გააყოლებს“.

Presage.tv ზვიადაურს კომპანია “ოლიმპიურ ვარსკვლავში” შევხვდა. იგი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა“ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებამდე საკუთარი წილი კომპანიის პრეზიდენტ ზაზა რაზიკაშვილს გადასცა. ზვიადაურისა და კომპანიის პრეზიდენტის აზრით, სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა იმ მოვლენების მიზეზი, რაც ბოლო დღეებში კომპანიაში განვითარდა და არა ხელისუფლების გულისტკივილი, დაეხმაროს მენაშენეებს. ხელისუფლების მხრიდან ასეთი სურვილის შემთხვევაში, დიდი ხანია კომპლექსი “ოლიმპიური ვარსკვლავი” დასრულდებოდა, არც ზვიადაური იქნებოდა უბინაოდ, არც რაზიკაშვილი და არც ის 200 მენაშენე, რომლებიც მათთან ერთად უკვე მეოთხე წელია მშენებლობის დასრულებას ელიან – ამბობენ “ოლიმპიურ ვარსკვლავში”.

ზურაბ ზვიადაურის თქმით, “ქართულ ოცნებაში” მისი წასვლა სწორედ ხელისუფლების მხრიდან გატარებულმა პოლიტიკამ განაპირობა:

– მე ეს ნაბიჯი რატომაც გადავდგი, ყველამ იცის: სვავებმა გადამადგმევინეს! ჩემს გარშემო რაც ხდებოდა, ვხედავდი, თუმცა, სანამ ყველაფერს საკუთარ თავზე არ გამოცდი, მანამდე ვერ მიხვდები.

ამ ყველაფერს პოლიტიკაში წასვლით გამოასწორებ?

– მე ვხედავ ამ ალიანსში ძალას, რომელიც ამას გამოასწორებს, მეორეც: ხალხი შეშინებულია და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი, რათა ხალხს დაენახა, რომ გაბედულებაა საჭირო, რომ ტყუილის საქართველოში აღარ უნდა ვიცხოვროთ!

თქვენი ეს გაბედულება საკმაოდ ძვირად უჯდებათ თქვენს ახლობლებსთუმცა ”ფეისბუქზე” უკვე გამოაქვეყნეთრომ დათმობას არაპირებთრამდენადაც ჩემთვის ცნობილიაიმ მუქარის გარდა - დენზე შეერთებას ვგულისხმობრომელზეც თქვენს პოსტში წერდით -იყო თქვენი მოსყიდვის მცდელობებიც.

– ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე კვირის წინ ”ფეისბუქზე” დავპოსტე ”გაუმარჯოს ქართულ ოცნებას, საქართველოს ხვალინდელ დღეს!”. მაშინ პოლიტიკში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ მქონდა, თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ზევიდან რეკვები დაწყებულიყო: რეკავდნენ როგორც სპორტის სამინისტროდან და ოლიმპიური კომიტეტიდან, ისე – შსს-დან და იუსტიციის სამინისტროდან. მაფრთხილებდნენ, არ გადამედგა ეს ნაბიჯი. სანაცვლოდ ბინას, მანქანას და რასაც მოვისურვებდი, ყველაფერს მპირდებოდნენ. ამის შემდეგ ვეტერან სპორტსმენებთან ერთად ბიძინა ივანიშვილს შევხვდი, იმავე საღამოს გამოვიდა სააკაშვილი და ”ოლიმპიურ ვარსკვლავს” გადააბრალა ყველა ის უბედურება, რაც 13 მაისის წყალდიდობისას ორთაჭალაში დატრიალდა. არ ვიცი, იცოდა თუ არა სააკაშვილმა, რომ ის მშენებლობა უკვე დიდი ხანია ”ოლიმპიურ ვარსკვლავს” არ ეკუთვნის, მაგრამ ფაქტია, რომ მან კომპანიის დაჯარიმება მოითხოვა.

გამოდისპრეზიდენტმაც გაგაფრთხილა?

– ასე გამოვიდა. პრეზიდენტის ამ გამოსვლიდან მეორე დღესვე ოფიციალურად გამოვაცხადე ”ქართულ ოცნებაში” ჩემი გაწევრიანების შესახებ. ამის შემდეგ მე აღარ მეკონტაქტებოდნენ, სამაგიეროდ, ჩემს ახლობლებზე გადავიდნენ: ზოგთან რეკავენ და აფრთხილებენ, ზოგს სამსახურიდან ათავისუფლებენ, ზოგსაც ემუქრებიან.

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თქვენი მოსყიდვის მცდელობის შესახებ განცხადება ტელევიზიით გააკეთეთთუდაინტერესდა ამ ფაქტით კონტროლის პალატა?

– არა, ჯერ-ჯერობით არანაირი დაინტერესებს არ ყოფილა.

შეტევა ”ოლიმპიურ ვარსკვლავზე

ზვიადაურთან ინტერვიუ ”ოლიმპიური ვარსკვლავის” ოფისში, საკმაოდ საინტერესო ფონზე მიმდინარეობდა. კომპანიაში უკვე რამდენიმე დღეა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და დოკუმენტაციას რევიზიას უტარებენ. ისინი აქ სწორედ იმ დღეს შემოვიდნენ, როდესაც ”ცენტრ პოინტის” დაზარალებულები იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავდნენ ”ცენტრ პოინტის” და ”დექსუსის” წინააღმდეგ. "ოლიმპიური ვარსკვლავის” წარმომადგენლების თქმით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა თავდაპირველად საკონტროლო შესყიდვის იმიტაცია სცადეს, თან ქვევით მანქანებში ე.წ. ”ზონდერები” ელოდებოდნენ. თუმცა, უარი მიიღეს, რადგან კომპანიას ”საქართველოს ბანკის” გარეშე ფართების გაყიდვის უფლება არ აქვს და, ამდენად, ამ ფანდით მორიგი ხმაურიანი სპეცოპერაციის მოწყობის მცდელობა არ გამოვიდა. ამის შემდეგ იგივე ხალხი შემოწმებაზე შემოვიდა.

კომპანიის ოფისში ჩვენი ყოფნისას მენაშენეებთან შეხვედრაც გაიმართა.

მენაშენეები მეშვიდე თვეა ბანკსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უკვე მერამდენედ, ბანკი კომპანიისგან მენაშენეების სიებს ითხოვს, თუმცა მენაშენეები ვერ აზუსტებენ, რომელ სიებზეა საუბარი. კომპანიის პრეზიდენტი ზაზა რაზიკაშვილი კი აცხადებს, რომ ”საქართველოს ბანკმა” ორი წლის წინ წაიღო მისგან ყველა მონაცემი. მისი განცხადებით, ბანკი დროის გაყვანის პოლიტიკაზეა გადასული.

მენაშენეებთან საუბარი საკმაოდ ემოციურად მიმდინარეობდა: მათ დიდი ხანია შედეგი აინტერესებთ, კომპანიაში კი უხსნიან, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა მშენებლობა გადაარჩინონ. საბოლოოდ, მხარეები იმაზე შეთანხმდნენ, რომ დაელოდებიან, როგორ დასრულდება ახალ ბანკთან მოლაპარაკებები, რომელიც თანახმაა მშენებლობა დააფინანსოს.

ვინ არის ახალი ბანკი, რომელიც კომპანიას კრიზისის დაძლევაში დაეხმარება, ჯერ-ჯერობით არ ხმიანდება, თუმცა ზვიადაური არწმუნებს მენაშენეებს, რომ ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა და დალაგდება.

„რატომ არ ჯდებოდა საქმეში ჩართული სამი მხარე – კომპანიის პრეზიდენტი, მენაშენეები და ”საქართველოს ბანკი” – ერთ მაგიდასთან საქმის განსახილველად?“ – ჩვენს ამ შეკითხვზე კომპანიის პიარ-კონსულტანტმა, ლელა რაზიკაშვლმა გვიპასუხა, რომ ”საქართველოს ბანკთან” ასეთი შეხვედრის ორგანიზებას კომპანია უკვე ორი წელია ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. გასულ კვირას ბანკმა უარი ვერ თქვა დასწრებოდა მენაშენეების მიერ შეთავაზებულ სამმხრივ შეხვედრას, თუმცა, საბოლოოდ, შეხვედრაზე ბანკი არ გამოცხადდა.

სამაგიეროდ, ამ შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, 4 ივნისს, კომპანიის ოფისთან მენაშენეთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელთა შორის ბევრი სულაც არ იყო მათი მენაშენე. ”ოლიმპიურ ვარსკვლავში” მიაჩნიათ, რომ ეს სპეციალურად მოწყობილი პიარ-აქცია იყო, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიებს უნდა გაეშუქებინათ და რომლის მიზანიც კომპანიაზე ზეწოლა იყო. ამ აქციის შემდეგ ”ოლიმპიურმა ვარსკვლავმა” პირველად გააკეთა ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მშენებლობის გაჭიანურებაში დამნაშავე ”საქართველოს ბანკია”, რომელიც მათი სამშენებლო ობიექტის მიტაცებას ცდილობს.

„ეს ობიექტი დღემდე მომგებიანია. ფართების დიდი ნაწილი გაყიდული არ არის და სწორედ ამას უკავშირდება ის მძარცველური პოლიტიკა, რომელსაც ”საქართველოს ბანკი” კომპანიის წინააღმდეგ უკვე მეოთხე წელია ახორციელებს“ – აცხადებს ლელა რაზიკაშვილი.

როგორ ხდება ბიზნესის ახევა

”ოლიმპიური ვარსკვლავისა” და ”საქართველოს ბანკის” ურთიერთობა 2006 წელს დაიწყო, თუმცა კომპანიაში მიაჩნიათ, რომ პარტნიორულის ნაცვლად, ბანკთან ურთიერთობა ყოველთვის კაბალური იყო.

„პირველი კრედიტი, 5 მილიონი დოლარის ოდენობით, ”ოლიმპიურ ვარსკვლავს” იმ პირობით დაუმტკიცეს, რომ სანაცვლოდ ”საქართველის ბანკის” შვილობილ სადაზრვევო კომპანიასთან, ”ალდაგი ბი-სი-აი”-სთან სამშენებო რისკების დაზღვევაზე ხელშეკრულებას გააფორმებდა.

ეს იყო 16%-იანი კრედიტი, ფართების ღირებულებას კი დაზღვევის ფასიც ემატებოდა. იმ წლებში გაყიდვები კარგად მიდიოდა, რის გამოც ”ოლიმპიურ ვარსკვლავს” 5-მილიონიანი კრედიტიდან მხოლოდ 2 მილიონის ათვისება დასჭირდა. ამას გარდა, კომპანიამ 2006-2008 წლებში დაზღვევას 400 ათასი დოლარი გადაუხადა. – ამბობს ”ოლიმპიური ვარსკვლავის” პიარ-კონსულტანტი ლელა რაზიკაშვილი.

სადაზღვევო კომპანია აცხადებსრომ თქვენ სადაზღვევო პრემიის გადახდა დააგვიანეთ და ”ალდაგი ბი-სი-აი”-სთან ურთიერთობაცამიტომ შეწყდამათი განცხადებითთქვენ დაარღვიეთ ხელშეკრულება და თანხები არ გადარიცხეთ.

- აბა ის 400 ათასი რა იყო?! რაც შეეხება ხელშეკრულების დარღვევას, ამას წინ უძღოდა 2008 წლის ივნისში, კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე, ”საქართველოს ბანკის” მხრიდან პირობის შეცვალა და უკვე დამტკიცებულ და ნაწილობრივ ათვისებულ სესხზე 16%-ის ნაცვლად 18% მოითხოვნა. რაზეც თავიდან უარი მიიღო. თუმცა, ეკონომიკური კრიზისისა და ომის ფონზე გაყიდვები შემცირდა და კომპანია იძულებული გახდა ამ კაბალურ პირობებს დათანხმებოდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ კრედიტის დარჩენილი ნაწილის ათვისება ვერ შეძლო, რადგან ბანკი სხვადასხვა მიზეზით თანხების გადმორიცხვას აჭიანურებდა. სხვათა შორის, ეს მაშინ, როდესაც საბანკო ვალდებულებებს კომპანია წუთი-წუთზე ისტუმრებდა.

სწორედ ამ კრიზისის ფონზე, ”ოლიმპიურმა ვარსკვლავმა” სადაზღვევო კომპანიას მიმართა და იმ ვალდებულების შესრულება მოითხოვა, რომელსაც სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებდა, თუმცა დახმარებაზე უარი მიიღო. მოლაპარაკების პროცესის პერიოდში სადაზღვევო თანხა ”ალდაგი ბი-სი-აის” არ გადარიცხვია, რაც იმის წინაპირობად ჩაითვალა, რომ სადაზღვევო კომპანიას ხელშეკრულება შეეწყვიტა და ვალდებულებებზე უარი ეთქვა.

ამის შემდეგ, 2009 წელს, ”ოლიმიურმა ვარსკვლავმა” მერიის პროგრამაში “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” გაიმარჯვარაც იმასნიშნავდარომ სოლიდური თანხა მიიღორომელიც მშენებლობის დასრულებას უნდა მოხმარებოდა?

- ”ოლიმპიურმა ვარსკვლავმა” ამ პროგრამაში გასამარჯვებლად საკმაოდ დიდი შრომა გასწია. ეს იყო კომპანიის მიერ მოგებული თანხა. სწორედ ამ მიზეზით ”საქართველოს ბანკისგან” 2009 წელს მიიღო 3 მილიონის კრედიტი. ამ თანხის ათვისება აბსოლუტურად გამჭვირვალედ, მთლიანად ბანკის მეშვეობით მოხდა: მშენებლებსაც ბანკი ისტუმრებდა, მომწოდებლებსაც ბანკი ირჩევდა და ხელფასებსაც ბანკი იხდიდა. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას საკუთარი გაყიდვების სამსახური ჰქონდა, ”საქართველოს ბანკმა” დამატებით, კატეგორიულად მოითხოვა, მისი საშუამავლო კომპანია ”პრესტო” გაყიდვების წილში ჩამჯდარიყო. ”პრესტო” არაფერში იღებდა 2 პროცენტს გაყიდული ბინებიდან და 25 პროცენტს - კომერციული ფართიდან.

ამ 3 მილიონით მშენებლობის დიდი ნაწილი დასრულდა, მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ იყო მშენებლობის ბოლომდე მისაყვანად. “ოლიმპიური ვარსკვლავი” შეეცადა ახალი კრედიტორი ბანკი მოენახა, თუმცა, “საქართველოს ბანკი” თვითონ წამოვიდა ახალი კრედიტის გაცემაზე, რამდენადაც ობიექტი, მასზე გაწეული დანახარჯების მიუხედავად, მომგებიანი იყო და მისი ხელიდან გაშვება არ უნდოდა. 2010 წელს ბანკთან ახალი 5 მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ხელშეკრულება კი არა, ხაფანგი იყო, რომლის საშუალებითაც “საქართველოს ბანკი” ობიექტის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. ბანკს მაშინ დადებული ხელშეკრულება რომ შეესრულებინდა, დღეს მენაშენეები საკუთარ ბინებში იცხოვრებდნენ. ამ ხელშეკრულებით დამტკიცებული 5 მილიონი დოლარიდან კომპანიას დღემდე ერთი თეთრიც არ მიუღია, რადგან კრედიტზე წვდომა არ აქვს. მშენებლობას არაფერი ხმარდება, სამაგიეროდ ამ აუთვისებელი კრედიტიდან იფარება საბანკო პროცენტები, რომლის გადახდასაც ბანკი თვითონვე აგვიანებს და ამიტომ, კომპანიას ჯარიმებსაც კი აკისრებს. ამ მაქინაციით ბანკი შეგნებულად ახდენს კომპანიის ვალებით დატვირთვას. ამას “საქართველოს ბანკი” იმის საბაბად გამოიყენებს, რომ კრედიტის გარანტიად ჩადებული კომპანიის ქონება მიითვისოს.

საქართველოს ბანკმა” გაავრცელა განცხადებარომელშიც თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ”ოლიმპიურ ვარსკვლავს” ადანაშაულებს.ცოტა უცნაურიაასეთი გართულებული ურთიერთობების შემთხვევაში ან ბანკიან კომპანია რატომ არ მიმართავთ სასამართლოს?

- ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სასამართლოში საქმის ობიექტურად გადაწყვეტის იმედი ნაკლებია. 2010-2011 წლები იყო ბანკთან გაუთავებელი ჭიდაობის წლები. ბანკის პოლიტიკა გასაგები იყო, დრო გაყავდა, რათა მენაშენეები მოთმინებიდან გამოეყვანა და კომპანიის პრეზიდენტისთვის დაეპირისპირებინა. ეს იყო იძულების მექანიზმი საიმისოდ, რომ ზაზა რაზიკაშვილს საკუთარი ნებით დაეთმო წილი. ვერ მოხერხდა ინვესტორის ან ახალი ბანკის შემოყვანა - “საქართველოს ბანკი” არ მალავდა, რომ კომპანიის ობიექტი მისი ინტერესის სფერო იყო. მასთან დაპირისპირებას კი ყველა ერიდებოდა.

ფაქტიურად, “საქართველოს ბანკმა” ხაფანგში მოამწყვდია კომპანია, შემდეგ კი ახალი ულტიმატუმი წამოაყენა: მოითხოვა ”დექსუსის” შემოყვანა კომპანიაში. “დექსუსთან” შეხვედრაზე გაირკვა, რომ მშენებლობის დასასრულებლად ”დექსუსი” საცხოვრებელი ფართის ყოველ გაყიდულ კვადრატულ მეტრზე მენაშენეებისაგან 350 დოლარის დამატებას ითხოვდა. ზაზა რაზიკაშვილი მოსახლეობიდან თანხების “ამოქაჩვის” წინააღმდეგი წავიდა, რადგან მიაჩნდა და დღემდე მიაჩნია, რომ მშენებლობა მომგებიანია. სწორედ ამ წინააღმდეგობის გამო რაზიკაშვილს პირდაპირ ემუქრებოდნენ დაჭერით.

2011 წლის შემოდგომაზე ”დექსუსი” ყოველგვარი ნებართვის გარეშე მაინც შევიდა მშენებლობაზე. კომპანიაში კი პიარ გეგმა გადმოიგზავნა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გამართულიყო 15 ოქტომბერს პრესკონფერენცია ”საქართველოს ბანკთან” და ”დექსუსთან” ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეთანხმება არ არსებობდა, “დექსუსს” “ოლიმპიური ვარსკვლავის” ობიექტები უკვე საკუთარი გასაყიდი ობიექტების სიაში ჰქონდა შეტანილი. ზაზა რაზიკაშვილი “დექსუსის” მიერ მომზადებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ აპირებდა და უკვე შეგუებული იყო აზრს, რომ აუცილებლად დაიჭერდნენ. ამ დროს, 4 ოქტომბერს, ვრცელდება ბიძინა ივანიშვილის პირველი განცხადება, ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ამის შემდეგ “დექსუსი” საერთოდ გაქრა და კომპანიასთან კავშირი გაწყვიტა, ”საქართველოს ბანკი” კი მთელი თვენახევარი დუმდა.

ივანიშვილმა თვითონაც არ იცის, რამდენი კომპანია და ადამიანი გადაარჩინა პოლიტიკურ არენაზე გამოსვლით.

ზეწოლის ახალი ტალღა

“დექსუსი” გაქრა, მაგრამ “საქართველოს ბანკმა” კვლავ გააგრძელა ზეწოლა, რომლის მიზანიც რაზიკაშვილის მხრიდან კომპანიის ქონების ბანკისთვის გადაცემაა.

რამდენიმე თვის წინ ”საქართველოს ბანკმა” ახალი ულტიმატუმი წამოაყენა: დაჭერის მუქარით ზაზა რაზიკაშვილის გაყიდულ ფართებზე მენაშენეებისთვის 350 დოლარის ნაცვლად 175 დოლარის დამატება უნდა მოეთხოვა. რაზიკაშვილმა კვლავ კატეგორიული უარი განაცხადა. თუმცა, რადგან მასზე პირდაპირ ხორციელდებოდა ზეწოლა, მენაშენეებს ბანკთან ურთიერთობის ახალი სქემა შესთავაზა: იგი ბანკთან მოლაპარაკებებიდან გადიოდა და ამ პროცესს მენაშენეთა საინიციატივო ჯგუფი უნდა გაძღოლოდა. მოსახლეობის ამ მოთხოვნას ბანკმა უარი ვერ უთხრა. მოსახლეობასთან პირისპირ დარჩენილმა კი 175 დოლარის დამატებაზეც შეწყვიტა საუბარი. სამაგიეროდ, უკვე მეშვიდე თვეა ბანკი მენაშენეებთანაც იგივე დროის გაყვანის პოლიტიკას ახორციელებს, რომელსაც მანამადე კომპანიასთან ურთიერთობისას იყენებდა.

“ოლიმპიურ ვარსკვლავში” ამბობენ, რომ უკვე დაიწყეს მუშაობა ალტერნატიულ ბანკთან. რაც შეეხაბა ”საქართველოს ბანკს”, რომელიც მენაშენეებს არწმუნებს, რომ ვალდებულებებს შეასრულებს, კომპანიაში მისი აღარ სჯერათ.

„მას შემდეგ, რაც მშენებლობა განახლდება, ”ოლიმიური ვარსკვლავი” მონახავს სამართლებრივ გზებს ”საქართველოს ბანკთან” პრობლემების გასარკვევად და ხელოვნურად წარმოქმნილი დავალიანების ჩამოსაწერად“ – აცხადებს ჩვენთან საუბრისას ლელა რაზიკაშვილი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილიაამ ბოლო დროს თქვენც შეგექმნათ სერიოზული პრობლემები?

- ამაზე ჯერ-ჯერობით შეგნებულად არ ვლაპარაკობ, თუმცა ის, რაც პირადად ჩემს ოჯახთან დაკავშირებით მოხდა, გაცილებით დიდი და სკანდალური საქმეა. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემს ქმარს, რომელიც ამ ოთხი თვის წინ ძალიან უცნაურ გარემოებებში დააკავეს, 28 მაისს 0.25 გრამი ნარკოტიკის შენახვისათვის მაქსიმალური სასჯელი 15 წელი შეუფარდეს, ამას ჩემი მანქანაც მიაყოლეს, რომლის ჩამორთმევაც აბსოლუტურად უკანონოდ და დაუსაბუთებლად მოხდა, იმდენად, რამდენადაც მე ამ საქმესთან კავშირი ფორმალურადაც კი არ მქონია. არც კი ვიცი, სასამართლომ რისთვის ჩამომართვა მანქანა, რომელიც საბანკო კრედიტით არის შეძენილი და ბანკის ყადაღის ქვეშ იმყოფებოდა, რომლის კრედიტი ჯერაც დასაფარი მაქვს, ამასთან დაკავშირებით საჩივარს ვამზადებ. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და საზოგადოება ჩვენს სიმართლეში დარწმუნდება.